Breaking
Home » მთავარი » რეცენზია: ეკო და ვინდა ფოლიო – შენ ანათებ EP

რეცენზია: ეკო და ვინდა ფოლიო – შენ ანათებ EP

ავტორი: ჯაბა შავიშვილი

ეკო და ვინდა ფოლიო. ორი განსხვავებული პერსონაჟი ქართულ ალტერნატიულ მუსიკაში. სხვადასხვა წარსულით.

ვინდა ფოლიო, იგივე თემურ ეზუგბაია – აფხაზეთიდან დევნილი მუსიკოსია, არამუსიკალური წარსულით. ვინდას პირველი გამოჩენა მუსიკალურ წრეებში ბენდ Kung Fu Junkie-ს უკავშირდება, როდესაც არჩილ „ფარჩილა“ ქელბაქიანმა ჯგუფი დატოვა და წევრებმა გადაწყვიტეს გიტარის პარტიები თემოს შეესრულებინა. ეს იყო 2011 წელს.  მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, Vinda Folio-მ კი თავისი ძალები მარტომ, ელექტრონიკაშიც სცადა – ჩემი აზრით საკმაოდ წარმატებულადაც.

ერეკლე დეისაძის მუსიკალური წარსული ბევრედ ადრე იწყება. პირველი ბენდის „პარალელური თაობა“, ჩანაწერები ინტერნეტში ჯერ კიდევ 2008 წელს ჩნდება. შემდეგ მის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კი ყველამ იცის. თუმცა მიუხედავად წარმატებული სინგლებისა მას ყოველთვის უჭირდა რაიმე კონცეპტუალური მნიშვნელობა მიენიჭებინა ნამუშევრებისათვის და ალბომის ან EP-ს სახე მიეცა ამ ყველაფრისთვის. ეს იყო 2015 წლამდე, სანამ “Iare” EP არ გამოვიდოდა, რაც მისი ცნობილი საპროტესტო თუ სოციალური თემატიკიდან განსხვავებული, მშვიდი ბალადების თავშესაფარი გახდა.

რაც შეეხება თავად პროექტს „Eko & Vinda Folio“, პირველი მათი ერთობილივი ნამუშევარი ცნობილი სიმღერის „სისტემა უნდა დაინგრეს“ ალტერნატიული ვერსია იყო. როგორც ჩანს მათთვის ამ ექსპერიმენტმა გაამართლა და პოპულარობას პოპულარობა დაემატა. „აგურით ხელში“ თინეიჯერებში უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა, ხოლო „რაც მამას უნდა“-მ კიდევ უფრო დიდი რეზონანსი გამოიწვია მთლიანად საზოგადოებაში. ამის შემდეგ კი როგორც ჩანს ორივე სერიოზულად დაფიქრდა დუეტის მომავალზე.

ფრანულ ლეიბლზე „Talitres“, რომელიც სახლია ისეთი ბენდებისთვის, როგორიცაა Destroyer, The National, Emily Jane White და სხვები, 2016 წლისთვის დარელიზდა ჯგუფის პირველი ორმაგი სინგლი, რომელშიც ორი სიმღერაა შესული.

„შენ ანათებ“, რომლის ვიდეო კლიპიც ვინდა ფოლიოს ეკუთვნის და ვინტაჟურ ნარატივს ატარებს, პოსტ პანკ ტრეკია. იდეურად პირდაპირ ესადაგება რუსულ „მოტორამას“ და ვლად პარშინის სხვა პროექტებს, სადაც წამყვანი ფუნქცია გიტარის მშვიდ რიფებზეა აწყობილი. ლირიკა ისევ სასიყვარულო ურთიერთობას ეხება, რომელიც გადარჩენას მოითხოვს.

რაც შეეხება სინგლის მეორე მხარეს არსებულ ტრეკს, „აგურით ხელში“, ის ჩაწერის შემდეგ მალევე განთავსდა ინტერნეტში და პოპულარობაც არ აკლია. აქ ბევრად უფრო პირქუში ატმოსფერო დომინირებს, უფროJoy Division-ისეული პოსტ პანკ ჟღერადობა. თემაც ბევრად უფრო რთულია: რევოლუცია, სოციალური პროტესტი, მოკლედ, ყველაფერი ის, რაც ეკო დეისაძის შემოქმედებას გასდევს.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, „შენ ანათებ“ EP საინტერესო ნამუშევარია, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური იდეების მხრივ ახალი შესაძლოა ვერაფერი მოისმინოთ, ეს არის ქართული თანამედროვე ალტერნატიული მუსიკისთვის ერთგვარი გარღვევა – ქართული სიმღერა დიდი ხნის შემდეგ ისევ გამოვიდა ფირფიტაზე და მისი შეძენა და მოსმენა უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...