Breaking
Home » მთავარი » თამაშები » ABZU – რეცენზია

ABZU – რეცენზია

ავტორი: მევლუდ საბაშვილი

ABZU ისეთ თამაშებს მიეკუთვნება, რომლებზეც ამბობენ ეს არა მხოლოდ თამაშია, არამედ მხატვრული ინსტალაცია, თანამედროვე ხელოვნების ღირსეული ნიმუშიო. რაც არ უნდა ბანალური იყოს ასეთი კლასიფიცირება ხატოვანი პროექტისა, რომელიც ძირითადად სწორედ მომხმარებლის ვიზუალურ და აუდიალურ სენსორებზე მოქმედებს რეფლექსური უნარების ავლით, ABZU ის სასიამოვნო გამონაკლისია ასეთი კატეგორიისგან, რომელსაც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეგვიძლია თამაში ვუწოდოთ.

ის, რომ ABZU თამაშია, უჩვეულოდ ლოგიკურიცაა და პარადოქსულიც. პირველი მდგომარეობა იმით მიიღწევა, რომ ეს, საბოლოოდ, ვიდეოთამაშია. მეორე კი იმით, რომ პროექტის ავტორი Flowers და Journey-ს მხატვრული დიზაინერია – მეტ ნავა. ასეთ ვითარებაში შეიძლება წარმოგვედგინა, რომ ABZU უფრო ნაკლებად იქნებოდა გეიმფლეიზე ორიენტირებული, ვიდრე ჯენოვა ჩენის თამაშები, მაგრამ პირიქით აღმოჩნდა.

პირველი ორი აბზაცი იმ აზრის ჩამოყალიბებაში დავხარჯეთ, რომ ABZU თამაშია. უცნაურია, არა?! მაგრამ მთავარი კითხვა მაინც უპასუხოდ რჩება: როგორი თამაშია ის? აქ კი, ვეცდები დეტალურად ავხსნა. დეველოპერებს განზრახვა ჰქონდათ შეექმნათ ისეთი გამოცდილება, სადაც ხატოვანი გამოსახულება ჰარმონიაში იქნებოდა მუსიკალურ მხარდაჭერასთან და გეიმფლეის დახმარებით, მოთამაშე ერთდროულად პალიტრულ და ჰანგურ ნამუშევარს შექმნიდა. სეტინგად ოკეანის სიღრმეები აირჩიეს, ხოლო მუსიკალურად ამ ყველაფერს ცოცხალი ორკესტრი აფორმებს.

დეველოპერების განზრახვა მაქსიმალურად შესრულდა. ABZU-ს თამაშისას მართლაც იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ ერთ ხელში ფუნჯი გიჭირავს, მეორეთი კი პიანინოს კლავიშებზე უკრავ. მარტივმა გრაფიკულმა სტილმა, ძრავას საშუალება მისცა გარემო დეტალებით აევსოთ და მაქსიმალურად ინტერაქციული გაეხადა. ასობით თევზისგან შემდგარი კოლონები, წყალმცენარეთა დიდი ჯგუფები, მინერალები, კლდოვანი წარმონაქმნები, ყველაფერი ეს შესანიშნავად გამოიყურება და ხედთა ვარიაციულობა თამაშის ბოლომდე არ სრულდება.

დეველოპერებს ერთი სტანდარტული ხრიკი აქვთ. პროტაგონისტს ვიწრო, მცირედ განათებულ გვირაბში მოაქცევენ, რომლის ბოლოსაც სინათლის ფარდა მოჩანს. ფარდის გაქრობის შემდეგ იშლება დეტალებით სავსე, ვიზუალურად შთამბეჭდავი ხედი. მოთამაშეც პროტაგონისტის მსგავსად ცოტა ხნით შეჩერდება და პირდაღებული ცდილობს აღიქვას დანახული. თამაში ძირითადად სწორხაზოვანია, ის დიდ სექციებად არის დაყოფილი, მაგრამ მაინც იქმნება მასიურ სივრცეში ყოფნის შთაბეჭდილება, თითქოს რაღაც გრანდიოზულის მონაწილედ იქცევი. ზოგჯერ, ეს იმაზე უფრო მძაფრად იგრძნობა, ვიდრე სხვა, ღია სამყაროს მქონე თამაშებში.

გეიმფლეი სირთულით არ გამოირჩევა, მაგრამ გეიმპადით მუშაობა მაინც მოგიწევთ. ცურვის მექანიკა ინტუიციური და ადვილად აღსაქმელია, მის გარდა კი არც ისე ბევრი ელემენტია სამართავად, თუმცა გარკვეული გეიმფლეური თვისთიც შეგხვდებათ დროთა განმავლობაში. ძირითადად რაც მოთამაშეს მოეთხოვება ეს სექციიდან გამოსასვლელის პოვნაა, რომელიც თითქმის ყოველთვის შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ხოლო ზოგჯერ, მის გასახსნელად მარტივი გამოცანების ამოხსნა არის საჭირო. კონსტრუქციულად ეს ყველაფერი ძალიან უბრალოდ ჟღერს და მოსაწყენად, მაგრამ თამაშის პროგრესირებისას ამ კონსტრუქციას დამატებითი ელემენტები უჩნდება, ერთგვარი ტოტები ღერძული მექანიკის ხეზე, რაც მრავალფეროვნების შთაბეჭდილებას და მზარდი სათავგადასავლო გამოცდილების გრძნობას ქმნის. გეიმფლეური ცვლილებები თავად გარემოს ვარიაციით გამოიწვევა. მალევე ოკეანე საკმაოდ უცხო ფერებს მიიღებს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ამ მეტამორფოზების აღწერით სპოილერებში გადავვარდებით, რაც ძალზედ გაგიფუჭებთ სათამაშო გამოცდილებას.

1234

დიახ, სწორად წაიკითხეთ, სპოილერები. პირველი შეხედვისას დიდი ალბათობით შეგექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ ABZU-ს სიუჟეტი მის მარტივ გეიმფლეიში მდგომარეობს, მაგრამ ეს დიდი შეცდომაა. თამაშს აქვს საკმაოდ საინტერესო ისტორია, რომელიც მომხმარებლისგან ყურადღებას და ფანტაზიას მოითხოვს. ვიზუალური ხატებით გადმოიცემა მრავალხაზოვანი ლირიკული ელემენტები, რომლებიც გარშემო არსებულ სამყაროს კოლორიტს და ლამაზ სურათს აზრობრივ დატვირთვას აძლევს. საკმაოდ მალე ნათელი ხდება, რომ ოკეანის სიღრმეები უცნობი ჯიშის თევზებზე გაცილებით უფრო მეტ საიდუმლოს ინახავს და ამ ყველაფერს, დიდი მითოლოგია უდევს საფუძვლად.

ვიზუალურად თამაში შესანიშნავად გამოიყურება. ABZU ნებისმიერ დროს, თუნდაც ათი წლის შემდეგაც, პრეზენტაბელურად დარჩება, რადგან ტექნიკური მონაცემები აქ არანაირ როლს არ თამაშობს, თუმცა ამ მხრივაც ყველაფერი წარმატებით გამოსდით დეველოპერებს. უამრავი დეტალი ეკრანზე სკრუპულოზურად ანიმირებულია, და თამაშის ძრავა უპრეცენდენტო ობიექტების რაოდენობის გენერირებას ახერხებს. პალიტრა განსჭვალულია ხასხასა ფერებით, ხოლო სინათლის სხივები ათინათებით ჭრიან სცენას, როგორც ჭერიდან ძირამდე გამყარებული კოლონები. ABZU-ს მართლაც თვალწარმტაცი გრაფიკული გაფორმება აქვს, რომელიც ტექნოლოგიური და მხატვრული ელემენტების ჰარმონიული შერწყმით მიიღება.

მუსიკალურ გაფორმებაზე ლაპარაკი ზედმეტია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამას უნდა მოუსმინოთ. ცოცხალი ორკესტრის დახმარებით ოკეანის ყრუ გარემო ნოტების ნაკადულად იქცევა, რომელიც საჭირო მომენტში უმატებს დინებას, საჭირო დროს კი უკლებს. გარკვეულ მომენტებში, შეიძლება სულაც დაგავიწყდეთ, რომ თამაშისას მუსიკა ისმის, იმდენად კარგად ერწყმება ის თითოეულ სცენას. ამის გამო ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ეკრანზე მიმდინარე მოვლენები ქორეოგრაფიულ ცეკვას ასახავს.

ABZU შესანიშნავი თამაშია. ყოველგვარი ზედმეტი სიტყვების გარეშე. მედიტაციური, სუნთქვის შემკვრელი, ლამაზი, ემოციური, თამაში ჩუქნის მომხმარებელს პირვანდელი აღმოჩენის გრძნობას, აკავებს თავისი ჩამთრევი ატმოსფეროთი და ამ ზაფხულის მდუღარე დღეებში, საშუალებას გვაძლევს უკიდეგანო, მომაკვდინებლად ლამაზი ოკეანის ცივ მკლავებში ჩავვარდეთ.

ავტორი: მევლუდ საბაშვილი ABZU ისეთ თამაშებს მიეკუთვნება, რომლებზეც ამბობენ ეს არა მხოლოდ თამაშია, არამედ მხატვრული ინსტალაცია, თანამედროვე ხელოვნების ღირსეული ნიმუშიო. რაც არ უნდა ბანალური იყოს ასეთი კლასიფიცირება ხატოვანი პროექტისა, რომელიც ძირითადად სწორედ მომხმარებლის ვიზუალურ და აუდიალურ სენსორებზე მოქმედებს რეფლექსური უნარების ავლით, ABZU ის სასიამოვნო გამონაკლისია ასეთი კატეგორიისგან, რომელსაც ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეგვიძლია თამაში ვუწოდოთ. ის, რომ ABZU თამაშია, უჩვეულოდ ლოგიკურიცაა და პარადოქსულიც. პირველი მდგომარეობა იმით მიიღწევა, რომ ეს, საბოლოოდ, ვიდეოთამაშია. მეორე კი იმით, რომ პროექტის ავტორი Flowers და Journey-ს მხატვრული დიზაინერია - მეტ ნავა. ასეთ ვითარებაში შეიძლება წარმოგვედგინა, რომ ABZU უფრო ნაკლებად იქნებოდა გეიმფლეიზე ორიენტირებული, ვიდრე ჯენოვა ჩენის თამაშები,…

Review Overview

10 - 10

10

შედევრი

Summary : ABZU, Adventure, Giant Squid, 505 Games, 2016; PS4, PC: Windows 7, 64-bit, 3.0GHz CPU Dual Core, 4 GB RAM, Geforce GTX 750 / Radeon R7 260X, DX11, 6 GB HDD;

User Rating: Be the first one !
x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...