Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: Doctor Strange

რეცენზია: Doctor Strange

ავტორი: ფორვე

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბენედიქტ კამბერბაჩი კეთილთვისებიანი სიმსივნის მსგავსად პოპ-კულტურისა და მეინსტრიმის ყველა კუთხეს მოედო, დაწყებული თამბლერის გოგონების საყვარელი გმირით – შერლოკით, დასრულებული ნერდების მეორე საყვარელი კოსმოსური ოპერით – ”სტარ ტრეკი”. შესაბამისად, ”მარველში” პორტირება მხოლოდ დროის საკითხი იყო. მისი კოლეგისგან, მარტინ ფრიმენისგან განსხვავებით, მას ხელში ბევრად უფრო მსუყე და ფრენჩაიზისთვის მნიშვნელოვანი როლი ჩაუვარდა ხელში, ასე რომ, არ გაგიკვირდეთ თუ ”შერლოკის” შემდეგ სეზონში ჩვეულერივზე უფრო აღრენილ უოთსონს იხილავთ.

სთრეინჯის მთელი პიარ კამპანია იმაზე იყო აგებული, რომ ფილმი სრულიად განსხვავებული იქნებოდა ყველაფერისგან, რაც მანამდე მარველის კინოსამყაროს შემოუთავაზებია. სხვაგვარად ვერც იქნებოდა, რადგან სუპერადამიანების, უცხოპლანეტელების, სკანდინავიელი ღმერთების, 98 წლის ვაჟიშვილების  და ელიზაბეტ ოლსენით დასახლებულ სამყაროში პირველად გამოჩნდებოდა მაგია. ”გალაქტიკის მცველების” მსგავსად, რომელმაც ერთ ფილმში ”მარველის” კინოსამყაროს საზღვრები და სამომავლო განვითარების პერსპექტივა უზომოდ გააფართოვა, ”სთრეინჯმა” ამ ყველაფერს ახალი განზომილებები დაამატა, რამაც ”მარველის” კინოქარხანა კიდევ მრავალი წელი, თანოსის ტრაკის სკამიდან აწევის შემდეგაც კი, წარმატებით უნდა ამუშაოს. ამ მხრივ ფილმი ნამდვილად წარმატებულია. მარველის კინოსამყაროში კი ინდივიდუალური ფილმის ავკარგობაზე უფრო მნიშვნელოვანი უკვე დიდი ხანია საერთო სამყაროს სქემაში მისი ინტეგრაციის საკითხია. ამის საუკეთესო მაგალითებია ”კაპიტანი ამერიკის” პირველი ნაწილი, ან თუნდაც ”თორის” ორივე ფილმი. ყველაზე ლმობიერი შეფასებებითაც კი ეს ორი საშუალო დონის ფილმი, ბოქს ოფისში მცირე წარმატებით სარგებლობდა, მაგრამ ამავე დროს მათ გარეშე „ევენჯერები“ ვერ განხორციელდებოდა.

თავის დაპირებას, იყოს ყველაზე განსხვავებული მარველის ფილმი, ”სთრეინჯი” ნაწილობრივ ასრულებს. ვიზუალური ეფექტების წყალობით მსგავსი თავბრუდამხვევი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ექშენი ”მარველის” სამყაროში აქამდე არ გვინახავს. ფილმის ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო სცენაა სთრეინჯის შეჯახება ახალ რეალობასთან, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში, ის და მაყურებელი ვიზუალურ ორგაზმს განიცდიან, რომელიც ლსდ-ზე გამოზრდილ ტიბეტელ ბერზეც კი მოახდენს შთაბეჭდილებას. თუმცა ქალაქში მიმდინარე ბრძოლების დროს თავს არ განებებს ის გრძნობა, თითქოს რეჟისორს ერთადერთი მოტივაცია ჰქონდა – „ხომ გახსოვს ის სცენა ინსეფშენიდან? ეგაა, უბრალოდ ათასზე გამრავლებული“, რის გამოცავ მუდამ ცვალებადი არქიტექრურა დროზე ადრე ხდება მოსაბეზრებელი.

რამდენადაც განსხვავებულია ”სთრეინჯი” ვიზუალურად, იმდენადვე სტანდარტული და მარველის ფორმულის მიმდევარია მისი ისტორია. ვიზუალური მხარის გარდა, აქ თითქმის ყველაფერია, რასაც სტუდიის ფილმებისგან მოელი: მსუბუქი ტონი, ფერთა უხვი პალიტრა, ბანძი ვილანი (რაც ორმაგად საწყენია, როდესაც ისეთი კალიბრის მსახიობი გყავს განკარგულებში, როგორიც მედს მიკელსენდია), პოპ კულტურული მინიშნებები და ხუმრობები. ახალი პერსონაჟების და მაგიის ელემენტების გარეშე ეს ფილმი უკვე არაერთხელ გვაქვს ნანახი. თუმცა როგორც ფინანსური წარმატება გვიჩვენებს, მაყურებელს ეს ფორმულა ჯერ კიდევ არ მობეზრებია.

რაც შეეხება მსახიობებს, ბენედიქტ კამბერბაჩი თავის როლს ჩინებულად ირგებს. მისი ტრანსფორმაცია პატივმოყვარე, ფლეიბოი, სარკაზმისა და ეგოიზმის განსახიერებიდან, ცოტა უფრო ნაკლებად პატივმოყვარე, ფლეიბოის, სარკაზმისა და ეგოიზმის განსახიერებამდე ძალიან წააგავს ტონი სტარკის მიერ გამოვლილ გზას. როგორც ჩანს, ეს მახასიათებლები ორივე შემთხვევაში ბლანჟეს ქონაში გამოისახება. ჩიუეტელ ეჯიოფორი (ბარონ მუნდო) სთრეინჯის მეგობრის და მაგიურ სამყაროში გიდის როლს დამაჯერებლად კისრულობს და ფილმის ბოლოსკენ მის სამომავლო ვილანად ტრანსფორმირდება. ტილდა სუინტონის პერსონაჟი კი იმდენად ეგზოტიკური და უცნაურია, რომ არათუ მისი ისტორია, არამედ ექშენ სცენებიც კი ხშირ შემთხვევაში ჩრდილავს სთრეინჯს.

zfnd5yd

ფილმი ამჟამად საქართველოს ყველა კინოთეატრში გადის. ფილმის ფანტასტიკური ვიზუალური მხარის გათვალისწინებით, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც აიმაქსისთვის ზედმეტი ფულის დახარჯვა მიზანშეწონილია.

x

Check Also

რეცენზია: Dunkirk

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ”დიუნკერკის” პირველივე კადრში ექვსი ახალგაზრდა ჯარისკაცის ფიგურას ვხედავთ, რომლებიც ძირს დაყრილ პამფლეტებს ...