Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: The Light Between Oceans

რეცენზია: The Light Between Oceans

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

ცრემლსადენი გაზი, ხახვის დაჭრა, ძალიან ცხარე მდოგვი, ღამით შენახული ნამცხვრის ნაჭერი, რომელიც დილით მაცივარში აღარ არის, ხელფასის მთლიანად ვალებში დარიგება – ეს გახლავთ იმ მოცემულობების მცირე ჩამონათვალი, რომელიც აპრიორი იწვევს თვალების აწყლიანებას. ამ ნუსხას უკვე თავისუფლად შეგვიძლია მივაწეროთ დერეკ სიანფრენსის ფილმები. ის უკვე ზედიზედ მესამედ, ემოციების ღიად გამოხატვის ლობისტივით აიძულებს მაყურებელს, რომ მის ფილმებზე იტირონ. რეჟისორი ივიწყებს ყოველგვარ ემოციურ ემბარგოს და ეკრანიდან ძლიერი სენტიმენტების მეტასტაზებს ავრცელებს, იქნება ეს რომანტიკული ურთიერთობების წარმოშობა და სიკვდილი თუ ეპოსი მამა-შვილური კავშირის შესახებ. მის ახალ ფილმში ”სხივი ოკეანეებს შორის” სიანფრენსი ყველა შესაძლო ბერკეტს აწვება მეტადრამატული ისტორიის აღსაწერად, რაც თითქმის მაზოხისტურ გამოცდილებად გარდაიქმნება.

არადა თავიდან ყველაფერი ჰამრონიულად იწყება. პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებული ტომ შერბურნი (მაიკლ ფასბენდერი) ისეთ სამსახურს ეძებს, სადაც განმარტოებას შეძლებს და ომის აგონიურ მოგონებებს მშვიდ გარემოში შეეჭიდება. პერსონაჟის წარსულზე ბევრს არაფერს გვიყვებიან, არ ვიცით კონკრეტულად რა გადახდა ფრონტზე, მაგრამ მის თვალებში დაფუძნებული უსულო გამოხედვა გაცილებით მეტს გვატყობინებს ტომის გამოცდილებებზე, ვიდრე ლინგვისტურად გადმოცემული ისტორია. იდეალური სამუშაო, რომელიც განმარტოებულ კუნძულზე, შუქურის მეთვალყურედ ყოფნაში მდგომარეობს, ტომს ცივილიზებულ წესრიგში დააბრუნებს. მარტოობა სიმშვიდის გამომწვევად იმოქმედებს და ტომის შუბლიდან ტალღები ნელ-ნელა გადაიწმინდება. ის ყოველ საღამოს სამხედრო დისციპლინით მიემართება შუქურაზე, ანთებს მას და გზააბნეულ გემებს ნაპირზე დაბრუნების შანსს აძლევს, თუმცა, მის თვალებში სიცოცხლის სხივი მაინც არ აღწევს.

იზაბელი (ალისია ვიკანდერი) აღმოჩნდება ტომის მეთვალყურე, რომელიც სულს ჩაბერავს და შუქურის მსგავსად მასაც გაანათებს. ტომი – შუქურას, იზაბელი – ტომს, წრე რომ შეიკრას საჭიროა იზაბელზეც იზრუნოს ვინმემ, რადგან ამ მოცემულობაში ტომს გაცილებით ჭირდება ის, ვიდრე პირიქით. ფილმის პირველი საათი ლამაზი რომანტიკაა, რომელიც მარტოობის და ადამიანური კავშირის მნიშვნელობაზე მედიტირებს საოცრად პოეტური კადრებით. ოპერატორი ავსტრალიის ოკეანისპირა ნაპირებს, კლდოვან ლანდშაფტებს, მზის და ტალღების გარდამავალ ხასიათს ახლო თუ სივრცული კადრებით ამეტყველებს მის წიაღში მყოფი წყვილის განწყობასა და მოლოდინებზე. მაგალითად იზაბელის პირველ მუცლის მოშლას გამაყრუებელი ქარიშხალი ახლავს თან, აქ ბუნება მთავარი გმირების განცდების სინქრონულად მოქმედებს.

თუმცა შემდეგ, როდესაც ორჯერ დაორსულებულ იზაბელს ორჯერვე მოეშლება მუცელი, იდილიიის ადგილს ტრაგედია იკავებს. ტომი რომელიც მომაკვდავი სხეულების გმინვას და სანგარში განჩინებული სიკვდილის ლანდებს გაურბოდა, კვლავ სიკვდილთან დადგა პირისპირ და ისევ საფლავების გათხრა მოუწია. მეორედ მუცლის მოშლის აგონიურ სცენაში როდესაც იზაბელი სასოწარკვეთილი უყვირის ტომს რამე იღონე, ჩვენი შვილი გადაარჩინეო, ტომი კვლავ ფრონტზე დესანტირდება, ისევ უყურებს მიმავალ სიცოცხლეს და აცნობიერებს საკუთარ უმწეობას, იძენს დანაშაულის გრძნობას, რომ კრიტიკულ სიტუაციაში სრულიად უსუსური აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, როდესაც ოკეანის ნაპირებზე ნავით მამაკაცის გვამი და ახალშობილი გამოირიყება, იზაბელის თხოვნაზე, რომ დაიტოვონ ბავშვი და თავად გაზარდონ, ტომი ვერ ახერხებს გადაჭრით უარის თქმას, რადგან ეს მისი შანსია სიკვდილზე ერთხელ მაინც გაიმარჯვოს, ცოლს შვილი გადაურჩინოს. ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი მაშინ დგება, როდესაც ტომი მეორე შვილის საფლავიდან ჯვარს აძრობს და მისი არსებობის კვალს შლის. მართალია მას არასოდეს უნახავს ის, არ ჭერია ხელში, მაგრამ მას სიყვარულით ელოდა, ახლა კი საერთოდ უნდა გააქროს სამყაროდან მისი მოგონება, სევდა, რომელიც მეორე არდაბადებულ შვილს უკავშირდება უნდა დამალოს, რადგან მას ლეგიტიმაცია აღარ გააჩნია.

ამ ყველაფერს კი რეალურად ის ფაქტი განაპირობებს, რომ იზაბელს ექიმთან ვიზიტი არ სურს, რადგან იმ შემთხვევაში თუ მას რეპროდუქციის უნარი არ შესწევს, დამცირებული და შერცხვენილი დარჩება. საზოგადოების მიერ ქალზე დამყარებული მოლოდინები (მითუმეტეს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, რა დროსაც ფილმის სიუჟეტი ვითარდება) სრულფასოვანი ქალის როლს იმ ჩარჩოში აქცევს, სადაც აუცილებელია მან ქმარს მემკვიდრე გაუჩინოს. ამ მოცემულობის გარეშე იზაბელი სრულფასოვნების დანაკლისს განიცდის, რაც ორმაგ სარჩულს აკრავს არსებულ დრამატიზმს.

რეჟისორი დერეკ სიანფრენსი ამ სურათში საბოლოოდ გადაიქცა იმ ოსტატად, რომელიც თითქოს უჩინარი ხელით ეპოტინება მაყურებლის გულს და ცდილობს ის უცერემონიოდ ამოგლიჯოს. იმდენად ინტიმურად აღწერს თანაცხოვრების დეტალებს, რომ მომენტებში უხერხული ხდება ეკრანზე მიმდინარე მოვლენების ყურება, რადგან სხვის პირად სივრცეში დაუკითხავად შეჭრის ილუზია ყალიბდება. ნერვული აფეთქება კულმინაციურ ფაზაში მაშინ გადადის, როდესაც ტომის და იზაბელის მიერ საიდუმლოდ აყვანილი ბავშვის ბიოლოგიური დედა ჰანა (რეიჩლ უაისი) გამოჩნდება. შავებში გამოწყობილი ჰანა, რომელიც ქმრის სიკვდილთან ერთად ცოცხალი შვილის გარდაცვალებასაც გლოვობს ტომის დანაშულის გრძნობის განსხეულება ხდება. აქედან მოყოლებული ფილმი ფსიქოლოგიურ ტესტს ემსგავსება, სადაც ორ მხარეს არსებული მსხვერპლის არჩევისაკენ ისევე მოგიწოდებს, როგორც ის მორალური ამოცანა, როდესაც უნდა აირჩიო მატარებლის ბაქანი გადართო და ერთი ადამიანი მოკლა თუ არაფერი გააკეთო და ოთხი ადამიანის სიცოცხლე გაწირო.

როგორც ზემოთხსენებული ამოცანა, სამწუხაროდ, ფილმი წამოჭრილ მნიშვნელოვან მორალურ კითხვებზე პასუხებს არ იძლევა და მთლიანად მაყურებელს ანდობს არჩევანის გაკეთებას. კითხვები კი ძალიან მძიმე და რთული ხასიათისაა: რა განსაზღვრავს მშობლის უფლებას? რა სავალალო შედეგები შეიძლება მოყვეს ქმედებებს, რომელიც კეთილი განზრახვითაა ნაწარმოები? ფილმის ორსახოვანება შუქურის სახელის სიმბოლურად, რომელსაც იანუსი ქვია, ყოველი ახალი მოქმედებისას იზრდება. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ პერსონაჟებმა, ვიღაცისთვის ის აუცილებლად იქონიებს დამანგრეველ შედეგს. რომელ მხარესაც არ უნდა მიემხროს მაყურებელი, აუცილებლად ექნება მორალური გასამართლებელი და ამავდროულად გასაკიცხიც. ერთის მხრივ ამაში მდგომარეობს ფილმის ანატომია, რომელიც ერთდროულად არის საოცრად ჯანსაღიც და ამავდროულად დასნებოვნებულიც, იმიტომ, რომ როგორი სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ვიღაცის ცხოვრება აუცილებლად დაინგრევა.

დერეკ სიანფრენსმა ააგო რთულად გამოსაანგარიშებელი განტოლება, რომელიც საშუალებას იძლევა სხვადასხვა ხერხით გამოთვალო, მაგრამ მაინც სწორ პასუხამდე მიხვიდე. სეანსის დასასრულს ძალიან ფართო ველი რჩება მსჯელობისათვის, სადაც ყველაზე მეტად გაჭირდება ფილმის ანალიზისას ანტაგონისტის გამოკვეთილი სახის დადგენა. ამაში კი რეჟისორს საუკეთესოდ ეხმარებიან მაიკლ ფასბენდერი და ალისია ვიკანდერი, რომელთაც სატრფიალო რომანის მსგავსად, ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი და ერთ კადრშიც კი არ იგრძნობა მათგან დეფაქტო ურთიერთობა, რადგან გადასაღებ მოედანზე მსახიობებს რეალურად შეუყვარდათ ერთმანეთი. ფასბენდერი სტოიკური გამომეტყველებით უდიდეს სევდას ატარებს საკუთარ თავში და ძალიან იშვიათად ყოფილა იმ დოზით ქარიზმა და მიმზიდველობა ტრაგიკულ გამოხედვაში, როგორც ეს ფასბენდერის თვალებში დაგხვდებათ. ვიკანდერი ბალერინასავით სხეულის ყველა კუნთით იბრძვის თავისი პერსონაჟის გასაცოცხლებლად, მისი ემოციები ქარიშხლის დროს აღელვებული ოკეანის ტალღასავით მოედინება ეკრანიდან. მათ ფონზე შედარებით იჩრდილება რეიჩელ უაისი, რომლის გმირიც უფრო სიუჟეტური მექანიზმის მოქმედებაში მოსაყვანად გამოიყენება, ვიდრე დამოუკიდებელ ფიგურად, არ გააჩნია საფუძვლიანი ისტორია და შესაბამისად ფართო ემოციური სპექტრი არ ეძლევა საასპარეზოდ. თუმცა უაისი საკმარისად რადიაციულია მგლოვიარე დედის და ცოლის აღწერისას, ამიტომ ემოციურ ჩართულობას უპრობლემოდ უზრუნველყოფს.

”სხივი ოკეანეებს შორის” მელოდრამის და საპნის ოპერის საუკეთესო მოტივებზე აღმოცენებული პროდუქტია, რომლის დაგემოვნებაც საოცრად ამაღლვებელ და ძლიერ სენტიმენტალურ გრძნობებს მოგგვრით, მორალურ დილემებს გაგიჩენთ და სამყაროს ორსახოვან ბუნებას შეგახსენებთ, რომელიც იანუსის მსგავსად იყურება და არ ნებდება წარსულს და გაჰყურებს და მიიწევს მომავლისაკენ. ბოლო კადრში, როდესაც ტომი ეკრანის დაბნელებამდე უკანასკნელად გახედავს ტალღებში ჩამავალ მზეს, მიხვდებით, რომ მას ბოლო შანსი რჩება იმისათვის, რომ ბედნიერების სხივი შეუშვას ცხოვრებაში და მიუხედავად იმისა, რომ სურპრიზები არასოდეს ახარებდა, უკანასკნელად დატკბეს ადამიანური კავშირებით. შუქურას უკვე სხვა ვიღაც ანთებს, იმედია ამჯერად მისი შუქი ტომს გაიყვანს იმ სანაპიროზე, სადაც საბოლოოდ დაიმკვიდრებს სიმშვიდეს.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...