Breaking
Home » მთავარი » კინო » ”პატერსონი” – ცხოვრების ფილოსოფიის ტრაქტატი ჯიმ ჯარმუშისგან

”პატერსონი” – ცხოვრების ფილოსოფიის ტრაქტატი ჯიმ ჯარმუშისგან

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

ტექსტი შეიცავს სპოილერებს

ჯიმ ჯარმუშის წინა ფილმი, “მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან”, მისი ყველაზე გროტესკული ნამუშევარი აღმოჩნდა, ვამპირებით, ხელოვნების ისტორიის რევიზიით, სამომხმარებლო კულტურის კრიტიკით და იკონური მთავარი პერსონაჟებით, რომლებშიც რეტროს და მოდერნის საერთო ბალანსი მათ ერთობას რომანტიკულის მიღმა, აუცილებელსაც კი ხდიდა. თუმცა რამდენადაც გლამურული და ელიტისტურიც კი იყო ”შეყვარებულები”, იმდენად მისი საპირისპიროა რეჟისორის ახალი სურათი, ”პატერსონი”, მიმეტიკური, მუშათა კლასის ყოველდღიურობით, ერთფეროვნებით და პოეზიით.

”პატერსონი” არის თავიდან ბოლომდე პოეტიკა, სტრუქტურით, ვიზუალით, ჟღერადობით, შეგრძნებებით. ჯარმუში იღებს საკვანძო სიტყვებს (მოქმედებებს) და მთელი ფილმი რეფრენივით იმეორებს. მთავარი გმირის ცხოვრების ერთი კვირა, რომლის ირგვლივაც იგება თხრობა, ახალი კუპლეტებია, რომელიც აგრძელებს დაწყებული ლექსის პროგრესირებას. დასაწყისში პატერსონს შეყვარებული მოუყვება სიზმრის შესახებ, სადაც მათ ტყუპები ყავდათ და ამის შემდეგ ის ყველგან ტყუპებს ამჩნევს. პატერსონს მუდამ ხვდებიან პოეტურ ქმნადობაში მყოფი ადამიანები, თავად ყოველდღე ავტობუსით ერთსა და იმავე მარშრუტს გადის, დისპეჩერთან ნაცნობ დიალოგს აწარმოებს, საღამოს ძაღლს ასეირნებს და ლუდს სვამს. მოკლედ, ყველაფერი ერთმანეთს ერითმება და ერთმანეთის იდენტურია (პერსონაჟის და ქალაქის, მსახიობის და მისი პროფესიის სახელებიც კი). ვიზუალურად კადრები ერთმანეთში ირევა, ძირითადად ლექსის ფონზე, რომელსაც მთავარი გმირი გვიკითხავს ხოლმე, რეჟისორი კი ამას ეკრანზეც გვიწერს და მის ფონზე რამდენიმე სხვადასხვა კადრი ერთმანეთში მოზაიკად იწყობა. გარდა იმისა, რომ პოეზია ფილმის მთავარი თემაა, სურათი ვიზუალურად და სტრუქტურულადაც ლექსის ფორმას ატარებს.

ფილმი, ისევე როგორც მთავარი გმირის ცხოვრება, ძალიან რუტინულია. პატერსონისთვის ეს რუტინა კომფორტული და საჭიროების შემცველიცაა, რადგან ასე მას არ უწევს ყოველდღიურ ფუჭ აქტივობებში დროის ხარჯვა: რა ჩაიცვას დღეს, სად წავიდეს საღამოს დასალევად და ა.შ. მას სმარტფონიც არ აქვს, რადგან მისი ფლობის საჭიროება არ გააჩნია. ამის გამო სოციუმში ის უცნაურად შეიძლება ჩაითვალოს, განდგომილი, ცხოვრებისეული სიამეებისგან დისტანცირებული გამოჩნდეს, თითქოს მის ცხოვრებაში არაფერი ხდება, მაგრამ რეალურად სწორედ ის ფიქსირდება ყველაზე ძლიერად ცხოვრებაში, რადგან ყველაფერი, რაც გარშემო არსებობს, მისი შთაგონების და კვლევის, დაკვირვების საგანია. ის ამ რუტინაში პოვებს და ქმნის პოეზიას. მისთვის ასანთის კოლოფიც ონტოლოგიურ მნიშვნელობას იძენს, რადგან შეუძლია საგნების ერთმანეთან დაკავშირება, მათი არსებობისთვის საჭიროების გამონახვა, რომანტიკული მნიშვნელობის დაკისრება, ეგზისტენციის საერთოობის აღქმა და ამ მშვენიერების დაფასება, მისით ტკბობა, რისი მეშვეობითაც დღის ბოლოს ის ყველაზე კმაყოფილი, სავსე და მოლოდინით აღვსილი იძინებს და შემდეგ დღეს არა როგორც მოსაწყენ მოქმედებათა ჯაჭვს, არამედ როგორც ექსპედიციას, ისე უყურებს, სადაც მუდმივად ახალს და საინტერესოს დაინახავს, მოისმენს, წაიკითხავს, იგრძნობს და მაქსიმალურად მიიღებს კმაყოფილებას, როგორც არქეოლოგი, რომელიც გამუდმებით აკეთებს მნიშვნელოვან აღმოჩენებს. პატერსონი ანტენასავითაა, რომელიც სხვადასხვა სიხშირეებს იჭერს და ამიტომ მისთვის შეუძლებელია ცხოვრება მოსაწყენად წარმოჩინდეს.

ამ ყველაფრის კიდევ უფრო უკეთ დასანახად და დასაფასებლად ჯარმუში აუდიტორიას ეთამაშება და მათი მოლოდინების წინააღმდეგ აგებს თხრობის ასპექტებს. მუდმივი ტყუპების გამოჩენა გაფიქრებინებს, რომ რაღაც სიმბოლიზმია მის უკან და რაიმე მნიშვნელოვანს მოასწავებს. მოგვიანებით სცენაზე ჩნდებიან ხულიგნური ტიპის პირები და პატერსონს ძაღლის მაღალ ფასზე უწყებენ საუბარს, რა დროსაც ფიქრობ, რომ შეიძლება ახლა ძაღლი მოტაცონ, მაგრამ არაფერი ხდება, სიტუაციები ანტიკლიმაქსით მთავრდება, სიმშვიდე არ ირღვევა. ჯარმუში ირონიულად ეკიდება ჩვენს მოლოდინებს, ცხოვრებისეულ განწყობებს და ილუზიებს, კლიშეებით ნაკვებ წარმოდგენებს ყველაფერზე. იმაზე, რომ სრულყოფილად ცხოვრება მოითხოვს უიქენდებზე ინტენსიურ გართობას, რუტინაში მოხვედრა მისგან უპირობო გათავისუფლებას, სამსახური პრესტიჟულობას, ურთიერთობა დაუცხრომელ ვნებას და სექსუალურ თავგადასავლებს. ჯარმუში ამბობს, რომ ეს ყველაფერი კლიშეა, რომ ერთფეროვნებაში შეიძლება გაცილებით მეტი მრავალფეროვნება იყოს (და პირიქით), ყველაფერი სემანტიკაზე და აღქმის უნარზეა დამოკიდებული. ვიღაცისთვის შესაძლოა პატერსონის ცხოვრება მოსაწყენი და ტრივიალური იყოს, რადგან სამომხმარებლო კულტურა წარმატების, რეალიზების და ”შემდგარი” ადამიანის ცხოვრების აღწერაში სხვა პრიორიტეტებს გვიწესებს, სადაც მატერიალისტური საგნების ფლობა, ფინანსური უპირატესობა, თავაშვებული გართობა და ა.შ. მოიაზრება. ასე იქმნება სიცოცხლესთან მაქსიმალური ფიქსაციის ილუზია, მაგრამ რეალურად ხდება ფაბრიკაცია, საჭიროება მოკლებული, ჭარბი რეალობის წარმოქმნა, ყოფიერებისგან გარიდება. ამის საპირისპიროდ კი პატერსონს, როგორც ჭეშმარიტ პოეტს და შემოქმედს, სიცოცხლის სიყვარული ამოძრავებს. მისთვის ბედნიერი ცხოვრებისთვის საჭირო ატრიბუტიკა არის ჩანჩქერის გამყინავი სილამაზე და შეუჩერებელი ხმაური, ჩამავალი მზის ხედი მწუხრის ჟამს, საყვარელი ქალის ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივებით განათებული ზურგი და რასაკვირველია ენა, რომლითაც შეუძლია ამ ყველაფრის აღწერა.

ენა არის ის, რაც თითოეულ ჩვენგანს მოგვეცემა, როგორც საერთო სიკეთე. პოეტის ხელობა კი იმაში მდგომარეობს, რომ ენას ათქმევინოს ის, რაც თავიდან ლინგვისტურად გამოუთქმელი ჩანდა. როგორც ალან ბადიუ ამბობს, ლექსი ძღვენია, რომელსაც პოეტი ენას უკეთებს. ისევე, როგორც საერთოა მშობლიური ენა, საყოველთაოა მისით შექმნილი პოეზიაც, რასაც პატერსონი ცოტათი მოგვიანებით, იაპონელ პოეტთან შეხვედრისას გააანალიზებს (და ტექსტის ბოლოს ამ შემთხვევას ჩვენც დავუბრუნდებით).

როდესაც კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმოსადეგი ძაღლი, მარვინი, პატერსონის ლექსების წიგნაკს დაანაწევრებს, პატერსონისთვის, რომელიც ირგვლივ ყველაფერს მნიშვნელობას აკისრებს და ყველაფერზე რეფლექსირებს, ეს დანახული იქნება, როგორც ბედისწერა, რომ მისი ლექსები ისედაც არ იმსახურებდა გასაჯაროებას. ”ეს მხოლოდ სიტყვებია” – უემოციოდ აღნიშნავს კიდეც, მაგრამ მეორე დღეს, ტრადიციულად ჩანჩქერთან მოსვენების დროს მას იაპონელი მამაკაცი შეხვდება (რომლისთვისაც ჯარმუშს ორი თითი აქვს პლასტირით დაბმული, თითქოს ასე აკავებს მის შემოქმედებით ქარიშხალს). მის მიერ დასმულ კითხვაზე, პოეტი ხომ არ ხარო, პატერსონი იუარებს, რადგან კვლავ მხოლოდ ავტობუსის მძღოლად არეგისტრირებს საკუთარ თავს. იაპონელი კაცის საუბარი მას შეახსენებს, რომ მისი საყვარელი პოეტი, უილიამ კარლოს უილიამსიც, პოეზიის პარალელურად, მედიცინით იყო დაკავებული, ხოლო შემდგომ, საჩუქრად მიღებული წიგნაკი, რომელის გადაცემის შემდეგაც იაპონელი პოეტი დასძენს: ”ზოგჯერ ცარიელი ფურცელი ყველაზე დიდ შესაძლებლობებს აჩენს”-ო, აღქმის ახალ დიაპაზონს გაუხსნის პატერსონს.

ამერიკელი პოეტი უოლტ უიტმენი ლექსში ”სიმღერა საკუთარ თავს” წერს: ”მე ვრცელი ვარ, მე სიმრავლეებს შევიცავ”, რაშიც გულისხმობს, რომ ადამიანში პიროვნების მრავალრიცხოვანი, საინტერესო ვერსია ბინადრობს. ჩვენ პოტენციურად ცხოვრების და მუშაობის არაერთი გზა გვაქვს, მაგრამ უმეტესობა მათგანი განუხორციელებელი გვრჩება, რადგან საჭიროა ვსპეციალიზდეთ კონკრეტულ სფეროში, რათა მოთხოვნადი და კონკურენტუნარიანი ვიყოთ დასაქმების ბაზარზე. არ გვეძლევა საშუალება განვივითაროთ სხვადასხვა უნარები და ინტერესები, მე არ შემიძლია კრიტიკა ვაწარმოო დილით, ნაოსნობით დავკავდე შუადღეს და ფიტნეს ინსტრუქტორი ვიყო საღამოს ისე, რომ არ ვსპეციალიზდე ხელოვნების ისტორიაში, შტურვალის მართვასა და ბოდიბილდინგში.

სწორედ ამ დაბრკოლების გამო, პატერსონი თავს უწოდებს მხოლოდ ავტობუსის მძღოლს. ამ მიდგომის საპირწონედ ჯარმუშს შემოყავს პატერსონის მეორე ნახევარი ლორა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით), რომელიც ერთ დღეს ინტერიერის დიზაინერია, მეორე დღეს ქანთრის მომღერალი, მესამე დღეს კონდიტერი და ა.შ. ამ ყველაფერს კი აკეთებს ისე, რომ ერთ კონკრეტულ საქმიანობას არ წირავს დანარჩენ ინტერესებს. ლორა სპონტანურია, პატერსონს წინასწარგანსაზღვრულობები უყვარს, ლორა მზადაა ყოველდღე ახალი წამოწყება და აქტივობები გაიჩინოს, პატერსონს ყველაფერი ნაცნობი ხიბლავს. შეიძლება ვთქვათ, ისინი საკუთარი განსხვავებულობით ერთმანეთს ავსებენო, მაგრამ ასე არაა. საქმე იმაშია, რომ მათ ერთმანეთისადმი პატივისცემა, ემპათია და სიყვარული ამოძრავებთ, შეუძლიათ ერთმანეთის გამო კომპრომისზე წასვლა და თანაცხოვრების პირობებშიც არ ავიწყდებათ პირადი სივრცის ერთმანეთისთვის დატოვება. სწორედ საერთო და პირადის გამიჯვნა, რომელიც მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა, აძლევთ საშუალებას, რომ კონფლიქტები გააქრონ ურთიერთობაში. წყვილი საკუთარ ყოველდღიურობაშია ინვესტირებული, პატერსონი მის ირგვლივ არსებულ სამყაროზე რეფლექსირებს პოეზიით, ლორა სხვადასხვა სახის არტს ქმნის, რომელიც ერთ დღეს კულინარულია, მეორე დღეს დეკორატიული, ისინი უფრთხილდებიან ერთმანეთის პრივატულობას და მხარდაჭერას გამოხატავენ პარტნიორის ინტერესების მიმართ. მათი ურთიერთობა დაღვინებული და თვითკმარია, შესაბამისად, მარადიული სიყვარულის ნიმუშია, რადგან ისინი აწმყოში არიან ბედნიერები.

ასეთ დიქოტომიაში არსებული სიყვარული სანიმუშო, სასურველი და თითქოს მიუწვდომელია, რადგან არ საჭიროებს წარსულის ნოსტალგირებას, ან მომავლის რომანტიზებას, მათ შეძულიათ აწმყოში იყვნენ ბენიერები ისე, რომ არ ჭირდებოდეთ დროში ცნობიერი ტრანსპორტირება, იმაზე ფიქრი, რომ მაგალითად დღეს ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე არაა, მაგრამ ხვალ იქნება, რომ გუშინ უკეთესი იყო და იმედია მალე დაბრუნდება მსგავსი შეგრძნებები. სწორედ ამიტომ, მათი ურთიერთობა ძალიან ფანტასმაგორიულად გამოიყურება, ჯარმუში კი უფრო მეტად აქეზებს მაყურებელს და სიზმრისეულ განწყობას ქმნის კამერის ჰიპნოტიკური მოძრაობებით, გარდამავალი მონტაჟით, ატმოსფერული ემბიენთ მუსიკით, თითქოს ყველაფერი რასაც ვუყურებთ რეალობა არაა და მთავარი გმირის იმანენტური მდგომარეობაა. პატერსონიც (ქალაქი და არა პერსონაჟი) ძენ ბუდისტური სიმშვიდითაა გაჟღენთილი და მხოლოდ საინტერესო ადამიანებითაა დასახლებული, სადაც თითქოს მხოლოდ გატეხილი გულით თუ იტანჯებიან (თუმცა აუცილებელია აღინიშნოს, რომ ეს ინდუსტრიული ქალაქის აღმწერი სოციალური დოკუმენტი არ გახლავთ, ჯარმუში თავის წარმოსახვაში არსებულ, რომანტიზებულ პატერსონს გვიჩვენებს). ამ ყველაფრის ფონზე, მეორე სასიყვარულო ურთიერთობა, რომლის დემონსტრირებასაც ჯარმუში ბარის კედლებში ახდენს, სასაცილო და სათამაშო პისტოლეტივით ხელოვნურია იმიტომ, რომ რომანტიკული კლიშეებითაა სავსე. მასშია თავგანწირვა, სატრფიალო ლიტერატურისთვის დამახასიათებელი თეატრალიზებული ქცევები და ამ ყველაფრის გამო, დაცლილია ნამდვილი ემოციისგან, ის არსებობს სხვების დასანახად და არა საკუთარი თავისთვის.

როდესაც ზემოთხსენებული იაპონელი პოეტი პატერსონს ეტყვის, ზოგჯერ ცარიელი ფურცელი ყველაზე დიდ შესაძლებლობებს აჩენსო, პატერსონის ახალ ფურცელზე დაწერილი პირველი ლექსი ერთი კითხვის ირგვლივ დატრიალება: ”ამჯობინებდი, რომ თევზი ყოფილიყავი?” (Would you rather be a fish?) ფილმის დასასრულს ახალი კვირის ათვლა იწყება, პატერსონი იღვიძებს, საათს დახედავს და დგება, მაგრამ მისი ცხოვრება არ შეიცვლება. ახალი ფურცლიდან დაწყება სამსახურზე უარის თქმას და დიდი არტისტის გზის დაწყებას არ გულისხმობს. პატერსონი აქამდეც პოეტი იყო, ავტობუსის მძღოლად კი იქამდე იმუშავებს, სანამ საპენსიო ასაკს არ მიაღწევს, რადგან სწორედ ამაშია მისთვის ბედნიერება: ახალ, უცნობ, სხვადასხვანაირ ადამიანებზე დაკვირვებაში, მათ შორის განმასხვავებელი ნიშნების აღმოჩენასა და შემდეგ ერთმანეთთან დაკავშირებაში, ამ ყველაფრის პოეზიით გამოხატვაში. ახალ ფურცელზე დაწერილი კითხვა – ”ამჯობინებდი, რომ თევზი ყოფილიყავი?” – ნიშნავს იმას, რომ პატერსონი მიცემს თავს უფლებას, იყოს პოეტიც და მისი პოეზია ხალხისთვის ხელმისაწვდომი გახდეს, რადგან როგორც მშობლიური ენა, ისე მისგან შექმნილი ხელოვნებაც, თანაბრადაა ყველასი.

ასე და ამგვარად, პატერსონი მიხვდა, რომ მხოლოდ მძღოლი არაა, ჯარმუში მიხვდა, რომ მხოლოდ რეჟისორი არაა, უიტმენი ბევრად ადრე მიხვდა, რომ ”ვრცელი” იყო. ჯარმუშმა გადაიღო სრულყოფილი ცხოვრების, იდილიური ურთიერთობების და სიცოცხლის სილამაზით ტკბობის გზამკვლევი, შექმნა თეორიული არტეფაქტი, რომლის პრაქტიკაში ინტერპრეტირების შესაძლებლობა მაქსიმალურად ადვილი ვექტორებით წარმოადგინა. დასასრულს ის თავის მაყურებელს უბრუნდება და ყველა ჩვენგანს გვისვამს კითხვას, რომელზე პასუხის გასაცემადაც მისმა ფილმმა უკვე საკმარისად შეგვამზადა. ალბათ მაშინ, როდესაც ასანთის კოლოფი საყოფაცხოვრებო ნივთიდან სიყვარულის გამომხატველი შინაარსის მქონე საგნად ტრანსფორმირდება და კავშირი მის ანთებასა და საყვარელი ქალისთვის სიგარეტის მოკიდებით გამოხატულ მზრუნველობას შორის ავთენტური ფიქრი გახდება, იარსებებს მზაობა, ფილმის დატოვებულ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მანამდე კი, შეგვიძლია ვიფიქროთ.

Would you rather be a fish?

x

Check Also

სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სტივენ სპილბერგის ”მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში” მეცნიერების ჯგუფი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო ხელმძღვანელობს, ცდილობს უცხო ცივილიზაციასთან ...