Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: ROOM

რეცენზია: ROOM

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

ბევრი ფილმი მინახავს, მაგრამ მცირედისგან მიმიღია ისეთივე ემოციური გამოცდილება, როგორიც ლენი აბრაჰამსონის “ოთახის” ყურებისას მივიღე. ფილმის პირველი ნახევარი იმდენად ტრამვატულ შეგრძნებებს განგაცდევინებს, გირჩევნია “ჯიგსოს” ტყვეობაში იყო, ნებისმიერ ადგილას, ოღონდ არა აქ. არ გინდა იმ რეალობის თანაზიარი გახდე, სადაც 7 წლის მანძილზე ერთ ოთახში გამოკეტილ ახალგაზრდა ქალს ყოველ ღამე აუპატიურებს გამტაცებელი. ამ ტრაგიკულ მოცემულობას კი 5 წლის ბავშვი ემატება, რომელსაც ოთახის მიღმა სამყაროზე არანაირი ცოდნა არ გააჩნია, ხოლო ღამით დედის გასაუპატიურებლად მოსული კაცისგან თავის ასარიდებლად, კარადაში დაძინება უწევს. სამაგიეროდ ფილმის მეორე ნახევარში სხვაგან არსად მოგინდება ყოფნა, რადგან ემოციური მიჯაჭვულობა დედა-შვილის ბედისადმი აღარ მოგცემს უფლებას, რომ ისინი მიატოვო.

“ოთახში” ყველაფერს მსგავსი დუალისტური სარჩული აქვს. თემებს, რომელზეც ის გვესაუბრება, ურთიერთობებს, რომელსაც სხვადასხვა პერსპექტივიდან გვიჩვენებს, ნარატივს, რომელიც ცვალებადია და ჟანრულ კლასიფიკაციასაც კი, რომელიც საოცრად ლიკვიდურია. დავიწყოთ იქიდან, რომ ჯეკისთვის (ბავშვი) ოთახი ბუნებრივი გარემოა, სადაც დაიბადა და 5 წელი იცხოვრა, ჯოისთვის (დედა) ეს ციხეა, სადაც 7 წლის წინ დაატყვევეს. ტრაგედია მხოლოდ ჯოისთვის მნიშვნელობს, რადგან ჯეკმა არც იცის, რომ რაიმე ტრაგიკული ხდება. ჯოიმ იზრუნა იმისთვის, რომ შვილისთვის შეძლებისდაგვარად ჯანსაღი გარემო შეექმნა. დილას ისინი გიმნასტიკით იწყებენ, ჯოი კვერცხის ნაჭუჭების და ტუალეტის ქაღალდის როლისგან ჯეკს სათამაშოებს უმზადებს, დაბადების დღეზე ტორტს უცხობს და წიგნებს უკითხავს. ჯეკის ცოდნა სამყაროს შესახებ იმ ლიტერატურით შემოიფარგლება, რომელსაც მას დედა აცნობს.

როდესაც პირველად 5 წლის ასაკში ჯეკს დედა ეტყვის, რომ ოთახს გარეთ გიგანტური სამყაროა, რომ იქ ბებია და ბაბუა ელოდებიან და ოთახი მათი სახლი არაა, ჯეკის მხრიდან მიუღებლობა და აგრესია მოდის. მისთვის გარე სამყარო მხოლოდ ფანტომებია, რომელიც სახურავის ფანჯრიდან შემომავალი მზის სხივის ფონზე აქვს ნანახი. პლატონი “რესპუბლიკაში” აღწერს “გამოქვაბულის ალეგორიას”, სადაც დაბადებიდან გამოქვაბულში დატყვევებული ადამიანები სამყაროს მხოლოდ მათ ზურგსუკან ჩავლილი ფიგურების აჩრდილების მეშვეობით ხედავენ. ისინი არქმევენ ამ ჩრდილებს სახელებს ისე, რომ არ გააჩნიათ რეალური ცოდნა თუ რას უყურებენ, არ იციან რა შინაარსს ატარებენ ეს ჩრდილები, მაგრამ მათთვის მხოლოდ ისინია ხილული და შესაბამისად რეალურიც. როდესაც ერთ-ერთი მათგანი ტყვეობას თავს დააღწევს და რეალობას იხილავს, სადაც საგნები და ადამიანები კედელზე მოთამაშე აჩრდილები არ არიან და ყველაფერს საკუთარი ფუნქცია აქვს, უკან დაბრუნებულს, მეგობრებთან გაკეთებული აღმოჩენის გაზიარების დროს, პასუხად აგრესია ხვდება. დარჩენილთათვის მხოლოდ გამოქვაბულში არსებული რეალობაა ნამდვილი, მისი შეცვლის მსურველ მეგობარს კი მტრად დაინახავენ და მოკვლას დაუპირებენ.

მართალია პლატონის ალეგორია სულ სხვა კონტექსტსაა მორგებული და სხვა საკითხებზე საუბრობს, მაგრამ რთულია გვერდი ავუაროთ მასსა და “ოთახის” თავდაპირველ მოცემულობას შორის არსებულ მსგავსებას. ჯეკი, რომლისთვისაც მხოლოდ ერთი რეალობა არსებობს, ვერ იღებს ცოდნას, რომ ოთახის მიღმა სულ სხვა რეალიებია. მას მხოლოდ რწმენა გააჩნია, ჯოის ფაქტობრივი ცოდნა. ამ კონფლიქტის გადაჭრა შესაძლებელი ხდება მხოლოდ ჯეკის ასაკის გამო, რადგან ის ჯერ მხოლოდ 5 წლისაა და მყარი შეხედულებები არ აქვს ჩამოყალიბებული. სიმბოლურია, რომ მისი ოთახიდან გაღწევა სიკვდილის სიმულაციით ხდება და პირველად მზეს ხალიჩაში გახვეული, მატერიის მიღმა, გაურკვევლად ხედავს. საბარგულიდან გადმოსვლის ჟამს ის ხელახლა იბადება. როდესაც პირველად დგამს მიწაზე ფეხს, ძირს ეცემა, რადგან ეს მისი პირველი ნაბიჯია რეალურ სამყაროში.

აქედან იწყება მისი რეალობის მატერიალიზებული რღვევა და შემეცნების პროცესი. როგორც პლატონის გამოქვაბულიდან გამოსული ადამიანი, ის იგებს, რომ “სამყაროში გაცილებით მეტი ადგილია”. ფილმს ორმაგად საინტერესოს და ემოციურს ხდის ის ფაქტი, რომ თხრობა უმანკო, ნაივური, ბავშვური ენით მიმდინარეობს. რეალობასთან აკლიმატიზაცია გაცილებით მარტივად ხდება, რადგან როგორც ზევით აღვნიშნე, ჯეკი მხოლოდ ხუთი წლისაა და მისთვის პრობლემურ საკითხებს ჯერ მხოლოდ ის წარმოადგენს თუ როგორ გამოიყენოს პირველად აიპადი და ითამაშოს ფეხბურთი. ჯოის შემთხვევაში კი ოთახიდან დაღწევა არ ნიშნავს გათავისუფლებას. ის ახალი პრობლემების წინაშე დგება: მომხდარში დამნაშავის ძიება, მამის მხრიდან მოძალადისგან ჩასახული ბავშვის მიუღებლობა, მედიასთან უხერხულ პირად საკითხებზე საუბარი, ზედმეტი ყურადღების ცენტრში ყოფნა და ა.შ.

ოთახში ყოფნისას რეალურად მათთვის დროის ცნება არ არსებობდა. ჯოისთვის დრო აღიქმებოდა მხოლოდ ცივილიზაციისგან მოწყვეტით გატარებული დღეების ხანგრძლივობად, ჯეკისთვის კი დროს არანაირი ადამიანური მნიშვნელობა არ ჰქონდა. ამიტომ თავისუფლებაზე აღმოჩენილი პირველ დაკვირვებას როდესაც აკეთებს ამბობს, ”რომ აქ ყველას ეჩქარება”.  ამიტომ, მათი ურთიერთობის დროზე გაყოფის პერსპექტივა ორივესთვის შიშისმომგვრელია. ოთახში მყოფი ჯოისთვის ჯეკი არა მხოლოდ შვილი, არამედ სასუნთქი აპარატი იყო, რომელიც სიცოცხლეს უხანგრძლივებდა. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ჩააბარებინა მან გამტაცებელს ახალდაბადებული ბავშვი თავშესაფარში, ჯოის მორალური ცენტრი ირღვევა. მისთვის შვილთან განშორება დანებების ექვივალენტი იქნებოდა, მასთან ერთად კი ბრძოლის მიზანი გააჩნდა. თუმცა ამის მიუხედავად დანაშაულის გრძნობა მაინც მოდის, იქნებ მას შეეძლო შვილისთვის უკეთესი ბავშვობა შეექმნა? და აქ შემოდის დედაშვილური ურთიერთობის ის სუბორდინაცია, რომელიც ძალიან ნაცნობია ჩვენს კულტურაშიც.

სახლში “გამოკეტილი” დიასახლისი ან მარტოხელა დედა, რომელიც მთლიანად შვილზე ხდება ორიენტირებული და საკუთარის ნაცვლად, მისი ცხოვრებით იწყებს არსებობას. აქ ქვეითდება სამყაროს ინდივიდუალური აღქმა და ცხოვრება ექსკლუზიურად შვილის პრიზმიდან გრძელდება. პოსტ ტრამვატულ სტრესში მყოფი ჯოისთვის გაცილებით რთული ხდება იმის გაანალიზება, რომ ის მხოლოდ ჯეკის დედა არ არის და ოთახს გარეთ სხვა სოციალური სტატუსი და ფუნქციები ეკისრება. ანალოგიურია ჯეკის პრობლემის ფუძეც, რადგან 24 სათის მანძილზე დედასთან ყოფნის ნაცვლად, მას სხვა აქტივობები უჩნდება, დედას კი სხვა ადამიანები ართმევენ მასთან გასატარებელ დროს. შესაბამისად მისთვის ოთახში დაბრუნების იდეა უკეთეს პერსპექტივად აღიქმება.

თუმცა ჯეკი ბავშვია და ბოლომდე ვერ იაზრებს ოთახის რეალურ შინაარსს, ამიტომ გაცილებით რთულია ამ სურვლიში გამოტყდომა ჯოისთვის, რომელსაც რასაკვრველია გააჩნია სენტიმენტები ოთახში ჯეკთან ერთად გატარბული დროისადმი, სადაც ისინი მხოლოდ ერთმანეთისთვის არსებობდნენ. ამიტომ ნიშანდობლივია ბოლო სცენა, როდესაც ოთახთან გამოსამშვიდობებლად დაბუნებულებს ის რადიკალურად სახეცვლილი ხვდებათ. და როდესაც წამოსვლის დრო დგება, ოთახს ჯეკი უფრო მარტივად ტოვებს და სწორედ ის მოუწოდებს დედას, რომ ოთახს “ნახვამდის” უთხრას. ჯოიმ იცის, რომ დროთა განმავლობაში ჯეკთან სულ უფრო ნაკლები დროის გატარება შეეძლება და მალე მისთვისაც მოუწევს ნახვამდის თქმა, როდესაც ის კოლეჯის ასაკში მარტო გადასვლას გადაწყვეტს. ამიტომ ჯოის პროტექციის სენსორები განგაშის რეჟიმზე გადადიან.

რეჟისორი ოსტატურად ახერხებს ერთი რეალისტური ისტორიისთვის მრავალსაფეხურიანი განვითარების მოძებნას. ის კარგად აბალანსებს ფილმის პირველი ნახევრის კლაუსტროფობიულობას, მეორე ნახევრის სივრცულობასთან. მისი ოპერატორი ძალიან ჭკვიანურად იღებს პატარა ოთახს ფართო ხედებით და ექვს კვადრატულ მეტრ ფართს მთელ სამყაროდ წარმოაჩენს. აბრაჰამსონი დეტალებსაც არ ივიწყებს და უკანა ისტორიას ირგვლივ მიმობნეული საგნებით გვიყვება: უნიტაზის ჩასარეცხს თავსახური არ აქვს, ოთახში დანა-ჩანგალი და არანაირი მძიმე ან ბასრი ნივთი არ მოიძებნება, რაც ცხადყოფს იმას, რომ ერთხელ ჯოის მიერ გამტაცებელზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ამ უკანასკნელმა ყველა ზომა მიიღო რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორებულიყო. აბრაჰამსონი ბრწყინვალედ ბრწყინვალედ ახერხებს ეკონომიური სივრცის დიდი ისტორიის მოსაყოლად გამოყენებას.

ჯეიკობ ტრემბლი ნამდვილი აღმოჩენაა და ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვი მსახიობია ვინც ბოლო წლებში გამოჩენილა. მას უთანაგრძნობ, ნერვებს გიშლის, განერვიულებს, მაგრამ საბოლოოდ ხვდები, რომ ფილმის მანძილზე ძალიან დიდი მზრუნველობით ხარ ავსებული ეკრანს მიღმა მყოფი პერსონაჟისადმი. ბრი ლარსონი თანაბრად წამროაჩენს დედობრივ სინაზეს და ძლიერ სიყვარულს, რომელსაც მტაცებელი ცხოველის მსგავსად შვილის დაცვისას ამჟღავნებს. შვიდწლიანი ემოციური დევალვაციის შედეგად დაგროვილ ბრაზს ზოგჯერ ჯოი ვერ იკავებს და შვილს უყვირის ან ტუქსავს, მაგრამ ყველაზე სასოწარკვეთილ მომენტებშიც კი, ლარსონის პერფორმანსი არასოდეს გამოხატავს სხვა რამეს, გარდა დედობრივი სიყვარულისა. იმდენად რადიაციულია მისი არსებობა ეკრანზე, რომ ლარსონის ყოფნა მაშინაც იგრძნობა, როდესაც ის კადრს გარეთაა.

ზოგი ფილმი, იმის მაგივრად, რომ მანამდე არსბეული ფილოსოფიური იდეების ან არგუმენტების მარტივი სატრანსპორტო საშუალება იყოს, შესაძლოა თავად ქმნიდეს ფილოსოფიას. ამ ბინარობაში ჩვენ შეგვიძლია ვიკვლიოთ ისეთი რეჟისორების ფილმები, როგორებიც იყვნენ კუბრიკი, ბერგმანი, კასავეტესი – როგორც დამოუკიდებელი ფილოსოფიური ტრაქტატები და ისევე, როგორც პლატონის გამოქვაბულში, ჩვენს თვალწინ მოძრავი კინემატოგრაფული აჩრდილების მიხედვით, შევიქმნათ ირგვლივ არსებულ სამყაროზე წარმოდგენა. პლატონის ტყვეებისგან განსხვავებით, რომლებიც მოტყუებით აღიქვამენ ჩრდილებს რეალობად, ჩვენ, მაყურებელი, ვიყენებთ ფილმებს იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ცოდნა კინოს მიღმა არსებულ სამყაროზე. ”ოთახში” გატარებული დროის მანძილზე, ადამიანურ სისასტიკეს და სიყვარულს საყურადღებო რაკურსებიდან დაინახავთ.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...