Breaking
Home » მთავარი » ლიტერატურა » რეცენზია: ბერნარ ვერბერის “ჭიანჭველები”

რეცენზია: ბერნარ ვერბერის “ჭიანჭველები”

 ავტორი: დათო სამნიაშვილი

 

„ადამიანი სოციალური ცხოველია“ არისტოტელეს ეს ონტოლოგია 16 წლის ბერნარ ვერბერისთვის უკვე ცნობილი იყო. „ჭიანჭველა უძველესი სოციალური ცხოველია“, ამ არგუმენტით ახალბედა მწერალმა მდინარეში შეცურა. მართლაც, თუ ფაქტია, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია, რატომ არ შეიძლება დაიწეროს მხატვრული ნაწარმოები ჭიანჭველებზე, „პირველ სოციალურ ცხოველებზე“, ისინი ხომ ჯერ კიდევ მარქსამდე ასობით მილიონი წლის წინ აშენებდნენ თავიანთ სოციალიზმს.

16 წლის ბერნარმა დღის რეჟიმი შეიმუშავა; „ყოველდღე, ნებისმიერ პირობებში, დილის რვიდან პირველის ნახევრამდე, ოთხსაათნახევარის განმავლობაში წიგნზე მუშაობა.“ ნავი დაიძრა, მაგრამ ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა, როგორც ეს დილეტანტს ეგონა, ნავი „ფეხმრუდე“ გამოდგა, ხოლო მდინარე ოკეანე. ერთ წლიანი დაუზარელი შრომის მიუხედავად, ბერნარის ჭიანჭველებს მისი უახლოესი მეგობრებიც არ კითხულობდნენ. ბერნარი არ დანებდა, დაიწყო საკუთარი წერის სტილზე მუშაობა, წერდა პატარ-პატარა ისტორიებს და შემდეგ ამ ყველაფრის „ჭიანჭველებში“ გაერთიანებას ცდილობდა. 6 წლის შემდეგ 900 გვერდი და სამი ერთი შეხედვით ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორია მზად იყო. ავტორმა „ჭიანჭველები“ გამომცემლებს დაუგზავნა. გამომცემლობებისგან უარი მოვიდა. მიუხედავად ამისა არანაირი კაპიტულაცია, და აი ისიც, 12 წლის შემდეგ, მას მერე რაც დამწყებმა მწერალმა „ჭიანჭველების“ წერა დაიწყო, სტაჟიანმა მწერალმა 1991 წელს დაასრულა. პირველივე გამომცემლის რეპლიკა, რომელმაც ნაწარმოები წაიკითხა იყო შემდეგი, „თქვენ რაღაცა ახალი შექმენით.“

ვერბერმა „ჭიანჭველებს“ სულ მალე მოაყოლა „ჭიანჭველების დღე“ და ბოლოს „ჭიანჭველების რევოლუცია“. თანმიმდევრობას დავიცვავ, სპოილერებსაც ავიცელ და ამჯერად რეცენზიაში შევეხები მხოლოდ „ჭიანჭველებს“, ტრილოგიის პირველ ნაწილს, რომელსაც ტრილოგიის მასშტაბებით „კონტაქტთან“ აიგივებენ.

წიგნში მოვლენები სამ პარალელურ რეალობაში ვითარდება. ჭიანჭველები, ადამიანები და მისტიური წიგნი. ესაა ნაწარმოების ჩონჩხი, რომელზეც 12 წლის განმავლობაში ავტორი ხორცის სახით ხანაც ადამიანისას უსვამდა, ხანაც ჭიანჭველისას.

პარალელური რეალობები ვახსენე და მინდა აღვნიშნო; დღეს ბევრ თანამედროვე მეცნიერს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ არსებობს პარალელური სამყაროები, იარსებებს მათ შორის პარალელის, მეტიც, დაკავშირებების საშუალებები. სამწუხაროდ ეს ჯერ მხოლოდ მეტაფიზიკური ცნებებია, მაგრამ მეტაფიზიკა იქით იყოს და, ვერბერი თავისი ნაწარმოების მასშტაბებით სწორედ ამას ცდილობს. ის ცდილობს სამყაროებს შორის, თავიდან პარალელების აღმოჩენას, საბოლოოდ კი მათ გადაბმას.

„ჭიანჭველების დიდ თანამედროვე ქალაქებში სამუშაოთა განაწილებამ, რაც მილიონობით წელი გრძელდებოდა, გენეტიკური მუტაციები გამოიწვია.

ზოგიერთი ჭიანჭველა უზარმაზარი მჭრელი ყბით იბადება, რომ ჯარისკაცი გახდეს, სხვებს ისეთი ყბები აქვთ, რომლითაც მარცვლეულის დაფქვაა შესაძლებელი, არიან ისეთებიც, ზედმეტად განვითარებული სანერწყვე ჯირკვლის მეშვეობით ლავრების დასველება და დეზინფექცია რომ შეუძლიათ. ეს იგივეა, ჩვენი ჯარისკაცები რომ დანის ფორმის თითებით იბადებოდნენ, გლეხები მარწუხების მსგავსი ფეხებით, ხეებზე აძრომა და ხილის ჩამოკრეფა რომ შეძლონ, ხოლო ძიძები ათობით წყვილი ძუძუთი.“

რამე ხომ არ გახსენდებათ? არ ვიცი პლატონს ჭიანჭველების სამყარო რამდენად ჰქონდა შესწავლილი, მაგრამ თუ ჰქონდა ამ ერთი ციცქნა არსებების მიმართ შურს მას საკუთარი სახელმწიფო წყობის შექმნისკენ უბიძგებია, სადაც ადამიანები შტამბისებრ ფენებად არიან დაყოფილნი; მხოლოდ ჯარისკაცები, მხოლოდ მუშები, მხოლოდ ძიძები და სხვა მრავალი მხოლოდ. ალბათ ბებერ პლატონს ჯერ კიდევ დარვინამდე სწამდა ჭარმაგი ევოლუციის, იმედოვნებდა ბუნება მომავალში ევოლუციის წახმარებით ჩვენც ჭიანჭველების მსგავს მუშებს, მეომრებს და ძიძებს გამოგვიყვანდა.

პლატონის სახელმწიფო იქით იყოს და, პარალელების მიუხედავად, კითხვისას აშკარად ხვდები, რომ ავტორს ამ სამი ერთი შეხედვით სხვადასხვა ისტორიიდან ფავორიტი ჰყავს და ეს ჭიანჭველების თავგადასავალია. მთავარი გმირი სამი პატარა ჭიანჭველაა. ავტორი მაქსიმალურად ცდილობს უაზრო ფანტაზიაში არ გადავარდეს და ზემოთ ხსნებული სამი პატარა პერსონაჟის გარშემო რეალურ ჩონჩხს აგებს. ვერბერი არის ადამიანი, რომელიც ბავშვობიდან გულდასმით სწავლობდა ჭიანჭველებს, მათ ევოლუციას, ცხოვრებას, სისტემას, აქადეან გამომდინარე ჭიანჭველების თავგადასავალი ნამდვილად ინფორმატიულია და არა ინფანტილური, რიგ შემთხვევებში დოკუმენტურიც კი. თუმცა ვერბერი ადამიანია და არა ჭიანჭველა, ის არც სტანისლავ ლემია, რომელიც მეტაფიზიკურ ოკეანეს გვისახავს, სადაც ფანტაზიაში სრულიად თავისუფალია, ვერბერი შეზღუდულია. ვერბერმა ლემისგან განსხვავებით ინტელექტი არა აბსტრაქტულ ოკეანეს დააკისრა, არამედ ჭიანჭველებს, რომლებიც მართლაც, „სოციალურობით“ რაღაც დონეზე ნამდვილად გვგვანან. სწორედ აქედან გამომდინარე ავტორი ვერ გაექცა ადამიანის დაღს, სიზიფეს ლოდს და პერსონაჟები (ჭიანჭველები) მაინც ადამიანებად დაგვისახა. განსხვავებულ, შეიძლება უკეთეს, მაგრამ მაინც ადამიანებად! ალბათ უმჯობესი იქნებოდა სამი ჭიანჭველა, რომლებიც წიგნის მთავარი პერსონაჟები არიან, უფრო არაადამიანურები ყოფილიყვნენ და მათი ემპათია ჩვენსას ასე არ გვანებოდა.

თუმცა ავტორს ხელოვნურობას ვერ დასწამებ, ის არც ფონოგრამაზე მღერის და არც სილიკონიან ტრაკს იქნევს. ვერბერი ცდილობს დაგვანახოს ის უპირატესობები რაც ჭიანჭველებს გააჩნიათ, შესაძლებლობები, რაც ერთი შეხედვით ყოვლის შემძლე არსებებს არც კი დაგვესიზმრება.

ადამიანს დიდი დრო დასჭირდა არაცნობიერიდან ცნობიერამდე, რათა თავისი ველური ვნებები დაემორჩილებინა, არ მოეკლა საკუთარი ძმა. ჭიანჭველა კი ამის საპირისპიროდ, არამარტო მოძმეს არ ერჩის, მისთვის კვდება კიდევაც. კვდება უანგაროდ, მას სხვანაირად არც შეუძლია. ის ნეირონია, ნეირონთა უსასრულო ქსელში.

„ადამიანის თავის ტვინის ჭიანჭველას თავის ტვინთან მსგავსება გამოსახულებით სიმბოლურად შეიძლება გამოჩნდეს. ჩვენი ტვინის თითოეული ნეირონი, ჭიანჭველების ბუდის თითოეული ინდივიდი, მთელ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ კოლექტიურობა აუცილებელია, რათა ჩამოყალიბდეს შეგნება, მოცულობითი ფიქრი“.

არტურ კლარკის სიტყვების არ იყოს – ევოლუციურ ჯაჭვში, მომავალი გლობალური გონის არის და არა მოქიშპე ინდივიდების.

გავეშვათ ცოტა ხნით ჭიანჭველებს, წიგნი მართლაც ძალიან კარგად იკითხება. რაღაც გაგებით ის არის როგორც ფანტასტიკა, ასევე სამეცნიერო ნაშრომი, ფილოსფიური თეზისები და რაც მთავარია ლამაზი ნარატივი, თავისი საუცხოო ბლოკბასტერით, მშვენივრად დახვეწილი დეტექტიური ელემენტებით. ბერნარ ვერბერს მართლაც კარგი ენა აქვს, თუ ხელი, როგორც გირჩევნიათ ისე დაარქვით.

ავტორმა, როგორც თავად თქვა – წიგნის დამთავრებით კვერცხი დადო. მე კი ეს ლამის უკვე საუკუნის მეოთხედის წინ დადებული კვერცხი ახლა გავსინჯე, ნაჭუჭი გემრიელი იყო, წინ კიდევ ტრილოგიის ორი ნაწილი „ჭიანჭველების დღე“ და „ჭიანჭველების რევოლუცია“ მელის. შედეგებს აუცილებლად მოგახსენებთ.

x

Check Also

რეცენზია: ნისლქმნილი

ავტორი: ფორვე ტოლკინი, მარტინი, როულინგი, გეიმანი. ყოველ მათგანზე გაუთავებლად შეიძლება წერა. მათმა სახელებმა არა მხოლოდ ...