Breaking
Home » ფოტოგრაფია » ანტუან დ’აგატას გაცნობა

ანტუან დ’აგატას გაცნობა

ავტორი: მარიამ გაბრიჩიძე

ერთ-ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როდესაც მეგობრებთან ერთად კაფეში ზიხარ და ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ თემებს განიხილავ, შენს გვერდითა მაგიდაზე ჯდება ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც მთელ საღამოს არაჩვეულებრივს  ხდის…

ესე იწყება ჩემი და ანტუან დ’აგატას გაცნობა.

ვინც არ იცის, დ’აგატა ფრანგი ფოტოგრაფია, რომელიც მარსელში, 1961 წელს დაიბადა. New York-ში, ფოტოგრაფიის სასწავლო ცენტრში, მისი მასწავლებლები  Larry Clark და Nan Goldin იყვნენ. 2008 წელს ის მაგნუმის სრულუფლებიანი წევრი გახდა, ამ დროისთვის მას უკვე მოგებული ქონდა Niépce-ს პრიზი ახალგაზრდულ ფოტოგრაფიაში.

1998 წელს იქმნება მისი პირველი წიგნი Mala Noche, სადაც უმეტესად აქცენტი  დოკუმენტურ ფოტოებზეა გაკეთებული. ამ  შავ-თეთრმა ფოტოებმა, რომლებიც გადაღებულია მექსიკაში და ცენტრალური ამერიკის სხვა ქვეყნებში, დიდი გავლენა მოახდინა მოგზაურებზე, რომლებსაც ამ ქვეყნების მონახულება ქონდათ დაგეგმილი. ფოტოებში ნაჩვენებია  ქალაქების უარყოფითი მხარეები, საროსკიპოები, ძალადობა და ა.შ. ფოტოკოლაჟის ხილვის შენდეგ გგონია, რომ ობიექტივში მოქცეული ქალაქი იწვის პროსტიტუციის სევდიან სხივებში, რომლებიც  ღამის მიტოვებულ სახლებს, ღამის ფანტომებს და თავად სიკვდილსაც კი ათბობენ.

2001: Home Town. ის ბრუნდება საფრანგეთში. ეს ფოტოპროექტი  შეიძლება უფრო ავტობიოგრაფიულ ნამუშევრად ჩაითვალოს. აქ დარღვეულია ფოტოგრაფის და საგნის საზღვარი. ფოტოები გადაღებულია მარსელში, საფრანგეთში სადაც ანტუანი დაიბადა. ეს პროექტი თავად ფოტოგრაფზე მოგვითხრობს. მის ამ ნამუშევარში ასახულია ფოტოს, როგორც დოკუმენტის და სუბიექტური აღქმის ურთიერთობები. აქ კარგად ჩანს  თუ რა რთულია იყო ფოტოგრაფი, რომელიც ასახავს კადრში ემოციას და ეს ემოცია შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ფაქტად დარჩეს.

2003: Insomnia. ეს ჩემი საყვარელი და დ’აგატას  ერთ-ერთი ყველაზე ილუზიური ნამუშევარია. ყველაფერი იცვლება, ჩვენ უფრო რთულ და შავ ემოციებში გადავდივართ, სადაც მის სამყაროს ვეჯახებით. თითქოს მისთვის ღამე არის შემდეგი რეალური დღე, სადაც ფერები, განათება ობიექტები ფერ და ფოკუსდაკარგულები არიან. სწორედ ტექნიკური  მხარე გამოარჩევს Insomnia-ს მისი სხვა ნამუშევრებისაგან. ფოკუსდაკარგული სახეები და სხეულები, რომლებიც ერთმანეთში იკარგებიან. ამ ნამუშევრებში ანტუანმა თავისი თავი დაკარგა იმისთვის, რომ თავიდან აღმოეჩინა.

2004: Stigma. ნამუშევრებში სადაც ანტუანს თავისი განსხვავებული გადაღების სტილი საბოლოოდ უყალიბდება. თუ მის წინა ნამუშევრებში მაინც იყო მისი მასწავლებლების გავლენა, აქ ეს აღარ ჩანს. ანტუანი გაიზარდა, მას ჩამოუყალიბდა თავისი, განსხვავებული ხედვა.ფოტოებში ასახულია არა ანტუანის მიერ შექმნილ სამყარო, არამედ ანტუანი როგორც საყაროს და რეალობს ნაწილი. ის ცდილობს გვამოგზაუროს მის ქაოსურ ღამეებში, მის რეალურ სამყაროში, სადაც ადამიანები მათი გაუმაძღარი სხეულებით არიან დამახინჯებული.სასოწარკვეთილი და იმედდაკარგულნი, ისინი საზოგადოებამ დიდი ხანია დაივიწყა. ეს ადამიანები და თვითონ დ’აგატაც ამ სამყაროს ნაწილები არიან.

2005: Psychogéographie. სოციალური თემატიკის პროექტი, სადაც გადაღებულია დანგრეული და მიტოვებული შენობები. პროექტის იდეა ემსახურება ამ შენობების რეკონსტრუქციას. ნამუშევრები გაკეთებულია ციფრული მონტაჟით, სადაც  დაკავშირებულები არიან  ახალგაზრდები, მშენებლები და პოლიტიკოსები. ამ კავშირით ფოტოგრაფი თითქოს გვეუბნება, რომ ხანდახან სოციალური ძალადობა შეფარული რასიზმია და მას არა მარტო კონკრეტული სფეროს წარმომადგენლები, არამედ ყველა უნდა ვებრძოდეთ.

და მაინც რა გამოარჩევს ანტუან დ’აგატას სხვა ფოტოგრაფებისგან? ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მისი არცერთი ფოტო არ არის ყალბი. ის იღებს თავის თავს, თავის ემოციებს, ფიქრებს, თავის რეალობას და გვეხსნება თავისი კომპლექსებით, ნაიარევით, ემოციებით. დანარჩენი კი უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. მივიღებთ თუ არა რეალობას ისეთს როგორიც არის, თუ გვირჩევნია ის შეალამაზონ, გააკეთონ ფოტოშოპში, დადგან და ა.შ…

დ’აგატა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „არასდროს მომწონდა მაყურებლის პოზიცია. ყოველთვის მინდოდა, რომ სიტუაციაში ჩართული ვყოფილიყავი. არ მაინტერესებდა ხარისხი, მთავარი ემოცია იყო. მაგალითად, ბუნდოვანი, გასვრილი ფოტოები იმიტომ გამოვიდა, რომ მათ სიმთვრალეში ვიღებდი”.

ეს მათთვის ვინც დ’აგატა უკვე გაიცანით.

იმის შემდეგ რაც 3 დღე ანტუან და’გატასთან ვურთიერთობდი, მივხვდი, რომ ის არის კაცი, რომელსაც აინტერესებს თითოეული ადამიანის აზრი და მათი დამოკიდებულება. მას შეუძლია დაგაინტერესოს და ლამაზად დაგანახოს შენთვის ყველაზე შეუხედავი საგნები, ხალხი, გარემო. ის არის ჩვეულებრივი ადამიანი არაჩვეულებრივი ნიჭით, რომელიც ნერვიულობს იმაზე, რომ მის ნამუშევრებს ვერ იგებენ. თვლის რომ აგონია, როგორც სუბიექტი, ყველაზე მნიშვნელოვანია ხელოვნებაში. ის თავისი ფოტოებით სამყაროს გალამაზებას არ ცდილობს, მას უბრალოდ თავისი ხედვის გაზიარება სურს.

x

Check Also

ვიტკინი – სიკვდილის ფოტოგრაფი

ავტორი: მარიამ გაბრიჩიძე ”ეს მოხდა კვირას, როდესაც დედაჩემს მე და ჩემი ტყუპი ძმა ჩვენ ნაქირავები ...