Breaking
Home » მთავარი » თამაშები » Deus Ex: M∧nkind Divided რეცენზია

Deus Ex: M∧nkind Divided რეცენზია

რთულია ხარისხიანი თამაშის გამოშვების შემდეგ მისი სიქველიც იგივე თაროზე შემოდების ღირსი გახადო. იშვიათად არის გამონაკლისები, რომლებიც იგივე თაროზე კი არა, ცოტა ზემოთაც მოთავსდება,  მაგრამ ამ შემთხვევაში სტატისტიკა დაუნდობელია. Ubisoft-მა სახელი გაიკეთა ამ სისტემაზე, როდესაც ორიგინალური თამაში ,,ისე-რა’’ გამოდის, ხოლო სიქველი ბევრად დახვეწილი პროექტია. ბევრი ამ პოლიტიკას არ იზიარებს, გაგრძელება როგორც წესი ორიგინალური თამაშის კონტენტურად გაორმაგებული ვარიანტია. ცუდია თუ კარგი, ეს სხვა თემაა, მაგრამ დასანანი ამ ყველაფერში ისაა, რომ Deus Ex: Mankind Divided, სწორედ ამ ბილიკს მიუყვება.

Hum∧n Revolution-ის შემდეგ თამაშის სამყაროში ორი წელი გავიდა. Sarif Industries ბანკროტად გამოცხადდა, მაგრამ მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ადამ ჯენსონი მიუხედავად იმისა, რომ თავისი სამსახური სრუალიად ჩააგდო, ჩაირიცხა ინტერპოლის სპეციალურ ჯგუფში, რომელიც აუგმენტირებულ ტეორირსტებს დასდევს.

აუგმენტირებული ტერორიზმის ჩამოყალიბებას პანჰეას ინციდენტმა შეუწყო ხელი, როდესაც ბიომექანიკური იმპლანტების მამამ, ჰიუ დეროუმ, სპეციალური ტროიანის დახმარებით ყველა აუგმენტირებულში rage-mode ჩართო (დაახლოებით ის, რაც Kingsman-ში, ეკლესიის სცენაში მოხდა). ასეთი მძაფრი აგრესიის გამოვლენის შემდეგ, ,,სუფთა’’ ხალხს უკვე ეშინია კონსერვის ქილების და იწყება მექანიკური აპარტეიდი, რომლის ცენტრიც ჩეხეთის დედაქალაქი, პრაღა გახდა. რატომღაც სწორედ ამ ქალაქმა ყველაზე მწარედ განიცადა პანჰეას ინციდენტი.

ადამ ჯენსონის თავგადასავალი ამჯერად უდაბნოში აღმართული ქალაქიდან იწყება, მაგრამ საკმაოდ მალე პრაღის რკინიგზის სადგურზე გადადის. სწორედ აქ არის სიუჟეტის სასტარტო წერტილი. ჯენსონის პირველი კონტაქტი აუგმენტირებულ ტერორიზმთან სადგურზე განხორციელებული აფეთქებით მოხდება. ამ ტერაქტის გამოძიებას ეთმობა მთელი თამაში, რაც, სიმართლე გითხრათ, არც ისე კარგია. თავად ისტორია ღირსეულად არის დაწერილი და განვითარებისას რამოდენიმე ტვისტსაც შემოგთავაზებთ, მაგრამ კონფლიქტის არსი იმდენად მასშტაბურად არ გამოიყურება, როგორც ეს Deus Ex-ს შეეფერება. ამ მიმართებაში M∧nkind Divided კლასიკური სიქველია, რომელიც ორიგინალსა და ტრიკველს შორის გარდამავალის როლს თამაშობს. ის აუცილებელი ”კლიფჰენგერითაც” კი მთავრდება.

ძირითადი სიუჟეტური ხაზის ნაკლებად აქტუალურობას აკომპენსირებს დამატებითი დავალებები. მათი შესრულება აუცილებელი არა არის, მაგრამ კარგად ავსებს სამყაროს ისტორიას. მათი შესრულებაც, ტექნიკურად და კონტენტის მიმართებაში, ჟანრის საუკეთესო წარმომადგენლებს დაუდგება გვერდით. აშკარაა რომ Eidos Montreal-ის დასასვნებელ ოთახში Wild Hunt-ის დისკისათვისაც მოიძებნა ადგილი.

გეიმფლეი ახალ Deus Ex-ში შესანიშნავია. მართალია, ახალი ელემენტები და აუგმენტაციები ძირითადად მოიერიშე სტილისთვის, მეტოქეზე ლეტალურ ზემოქმედებას მოიაზრებს, მაგრამ კლასიკური ”სტელსიც” ადგილზეა. მექანიკურად ბევრი რამ არ შეცვლილა, მაგრამ მცირე შესწორებებით, წინა თამაშის გეიმფლეი კიდევ უფრო საინტერესო გახდა. გაუმჯობესდა არქიტექტურა და საერთოდ სათამაშო სივრცის მოწყობაც, სასურველ ლოკაციამდე მიდგომის ვარიაციულობა პრაქტიკულად უპრეცენდენტოა. თანაც, თამაში ითვალისწინებს პროტაგონისტის განვითარების დრონესაც. მიზანთან მისასვლელად, როგორც წესი სამზე მეტი გზა არსებობს, მაგრამ ისინი მხოლოდ რამოდენიმე სპეციფიკური შესაძლებლობების საკმარისად განვითარების შემთხვევაში გაიხსნება.

იერიშის გეიმფლეი უკეთესი გახდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ Deus Ex როგორც ”შუთერ”ი კომფორტულად ითამაშება. მიუხედავად იმისა, რომ ჟანრობრივად ის action-rpg გახლავთ, პირველი ნაწილი არც ისე დამაჯარებელია. მეორეს შესახებაც ბევრს ვერ ვილაპრაკებ. მართალია, ჩვენ ადამ ჯენსონის როლს ვირგებთ, მაგრამ რატომღაც ჯენსონი ამ ნაწილში ზედმეტად უემოციოა. შეგვიძლია ეს მის დაკარგულ ადამიანობას დავაბრალოთ, მაგრამ პროტაგონისტის ემოციური დიაპაზონი ტყეში მარტოდ მყოფი ქვის ტოლია. რთულია საკუთარი თავის ასოცირება ასეთ პერსონაჟთან, მითუმეტეს მის როლში შესვლა.

სხვა RPG ელემენტებიც ადგილზეა. განვითარების სისტემა ამჯერად უფრო მეტ შეზღუდვას ქმნის, რაც სულაც არ არის ცუდი. პირიქით, უფრო მეტ სტრატეგიული სელექციონირების  მომენტს გვაძლევს. ჯენსონი რკინიგზის სადგურზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ პრაქტიკულად ქარხნულ პარამეტრებს უბრუნდება, ამიტომ თავიდან უწევს აუგმენტაციების პოტენციალის გახსნა. ამასობაში მეტალის დანამატებს ფარული შესაძლებლობები აღმოაჩნდება, თუმცა ყველაფრის ერთდროულად ჩართვა არ გამოვა. ჯენსონის გაგრილების სისტემა ვერ გაუძლებს ასეთ დატვირთვას და პროტაგონისტი უბრალოდ გადაიწვება.

თამაშში ასევე წარმოდგენილი არის რეჟიმი Breach. ვირტუალურ რეალობაში აგებული დავალებათა კრებული, სადაც მოთამაშის შესაძლებლობები შემოწმდება გამოწვევის დაძლევის სიჩქარეზე და ეფექტურობაზე. მიუხედავად რამოდენიმე ათეული დახარჯული საათისა M∧nkind Divided-ში, ადეკვატური მიზეზი ამ რეჟიმის თამაშისა ნაპოვნი არ იყო. ერთადერთი, რითაც რეჟიმი საგრძნობლად გამოიკვეთება, ეს ვიზუალური შესრულებაა, თავისი აბსტრაქტული ფორმებითა და არეული ფერების პალიტრით.

ვიზუალურად თამაში კარგად გამოიყურება, ზოგჯერ საერთოდ ფოტორეალისტურადაც, თუმცა ეტყობა, რომ Hum∧n Revolution-ის ძრავაა გამოყენებული (სინამდვილეში ეს Crystal Engine არის, რომელმაც Tomb Raider-ის ახალ თამაშებში გამოიჩინა თავი. თუმცა მისი ორიგინალი ვერსია Eidos Montreal-ს არ მოეწონა, რადგან Deus Ex-ის მექანიკას ვერ ერგებოდა, ამიტომ ბევრი შესწორება შეიტანა საწყის კოდში). ძველი ძრავის ნაკლოვანებების დამალვას ბევრი პოლიგონით და ხარისხიანი ტექსტურებით ცდილობენ, მაგრამ ყოველთვის მიზანს ვერ აღწევენ. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, ფილაქანის გზა ასე კარგად სხვაგან არსად არის გაკეთებული.

ვიზუალურ ესთეტიკას თამაშს არა მისი ტექნოლოგიური მიღწევები აძლევს, არამედ მხატვრული. ნებისმიერი ლოკაცია სავსეა დეტალებით, მჭიდროდ შემუშავებული და ინტუიციურად განლაგებული ელემენტებით. საკვანძო ლოკაცია პრაღა, სადაც მოთამაშე დროის ძირითად ნაწილს გაატარებს, ქალაქის რეალურ პროტოტიპს ნაკლებად გავს, მაგრამ ჩეხური კოლორიტი და თვითონ მისი დედაქალაქის არქიტექტურული სტილი კარგად მოუხდა გამომწვევ ფუტურისტულ კონსტრუქციებთან შეხამებას. მიუხედავად ამ აზრობრივი კონფლიქტისა, ეკრანზე ეს ყველაფერი ჰარმონიულად და შთამბეჭდავად გამოიყურება. ასევე უნდა ითქვას, რომ პოპულარული ოქროსფერი ფილტრი ამჯერად გამოყენებული არ იყო. თუ ვერ იტანდით Hum∧n Revolution-ის პალიტრას, ახალი თამაში გაცილებით უფრო რეალისტური ფერებით შეგეგებებათ.

თუ თქვენ მოგეწონათ Hum∧n Revolution, ახალი თამაში პრაქტიკულად იგივეს გთავაზობთ, ოღონდ ახალ ფერებში (პირდაპირი მნიშვნელობითაც). სიუჟეტი ამჯერად იმდენად მასშტაბური არ არის, მაგრამ ძლიერი გეიმფლეი, ლოგიკური და შთამბეჭდავი არქიტექტურა სასიამოვნო ვიზუალთან ერთად, M∧nkind Divided-ს ღირსეულ დროის გასაყვან საშუალებად აქცევს. მართალია, მთელი ზოგადსაკაცობრიო დილემა აუგმენტაციებთან, მექანიკური აპარტეიდი და სხვა სოციალური პრობლემები ტრეილერების ფარგლებს არ გაცდენია, მაგრამ თამაში მაინც ახერხებს საინტერესო თემებზე საუბარს. Eidos Montreal-ს ღირსეული სიქველი გამოუვიდა, შეიძლება ზუსტად ამას არ ვითხოვდით, მაგრამ რაც მივიღეთ, საკმარისია სასიამოვნო თამაშისათვის.

რთულია ხარისხიანი თამაშის გამოშვების შემდეგ მისი სიქველიც იგივე თაროზე შემოდების ღირსი გახადო. იშვიათად არის გამონაკლისები, რომლებიც იგივე თაროზე კი არა, ცოტა ზემოთაც მოთავსდება,  მაგრამ ამ შემთხვევაში სტატისტიკა დაუნდობელია. Ubisoft-მა სახელი გაიკეთა ამ სისტემაზე, როდესაც ორიგინალური თამაში ,,ისე-რა’’ გამოდის, ხოლო სიქველი ბევრად დახვეწილი პროექტია. ბევრი ამ პოლიტიკას არ იზიარებს, გაგრძელება როგორც წესი ორიგინალური თამაშის კონტენტურად გაორმაგებული ვარიანტია. ცუდია თუ კარგი, ეს სხვა თემაა, მაგრამ დასანანი ამ ყველაფერში ისაა, რომ Deus Ex: Mankind Divided, სწორედ ამ ბილიკს მიუყვება. Hum∧n Revolution-ის შემდეგ თამაშის სამყაროში ორი წელი გავიდა. Sarif Industries ბანკროტად გამოცხადდა, მაგრამ მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ადამ ჯენსონი მიუხედავად იმისა, რომ თავისი სამსახური სრუალიად ჩააგდო, ჩაირიცხა ინტერპოლის…

Review Overview

10 - 9

9

შესანიშნავი

Summary : Deus Ex: M∧nkind Divided, Action-RPG, Eidos Montreal, Square Enix, 2016; Windows 7.1 SP1, Intel Core i3-2100, 8 GB RAM, AMD Radeon HD 7870 (2GB) / NVIDIA GeForce GTX 660 (2GB), 45 GB HDD;

User Rating: Be the first one !
x

Check Also

სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სტივენ სპილბერგის ”მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში” მეცნიერების ჯგუფი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო ხელმძღვანელობს, ცდილობს უცხო ცივილიზაციასთან ...