Breaking
Home » მთავარი » ლიტერატურა » აზიმოვის “მარადისობის აღსასრული”

აზიმოვის “მარადისობის აღსასრული”

ავტორი: დათო სამნიაშვილი

1952 წელი. მეორე მსოფლიო ომი დასრულებულია და სამყარო შედარებით უკეთ იცნობს საკუთარ თავს. დედამიწას ატომური აფეთქება და მისგან გამოწვეული სოკოს მაგვარი ღრუბელიც საკუთარი თვალით აქვს ნანახი. სწორედ ამ დროს, რობოტიკის სამი კანონის, პოზიტრონული ტვინის, რობოფსიქოლოგიის და უამრვი სამეცნიერო ფანტასტიკის შემქნელ აიზეკ აზიმოვს შემთხვევით ხელში უვარდება 1932 წლის მარტში გამოცემული ჟურნალი „თაიმსი“.  მან მალევე შენიშნა, რომ ჟურნალში ერთ-ერთი ილუსტრაცია ძალიან წააგავდა ზემოთ ხსენებულ სოკოს მაგვარ ღრუბელს. სხვა ბევრი ალბათ ვერც შენიშნავდა მსგავსებას, ან შეამჩნევდა და უბრალოდ ღიმილით დაკმაყოფილდებოდა, მაგრამ აზიმოვის მანიაკალურ ფანტაზიას ასე არ შეეძლო. მას გაუჩნდა იდეა; რა მოხდებოდა, თუ 1932 წელს მართლა გამოვიდოდა ჟურნალი მსგავსი ილუსტრაციით. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელი იყო, ამ დროს კაცობრიობა ჯერ კიდევ არ იცნობდა ატომურ აფეთქებას, მაგრამ ხომ შეიძლება ეს ყველაფერი დროში მოგზაურს გაეკეთებინა, რომელიც შორეული მომავლიდან დაბრუნდებოდა და ადამიანების გაფრთხილებას შეეცდებდა, რათა მათთვის მოსალოდნელი ხიფათი თავიდან აერიდებინა.

ასე ნელ-ნელა აზიმოვის გონებაში ისახებოდა და იბადებოდა „მარადისობის აღსასრული“. აზიმოვმა 1952 წლის დაიწყო რომანზე მუშაობა და საბოლოო სახე მას 1955 წელს მისცა. დროში მოგზაურობის წარმოდგენა მარტივია, მაგრამ მისი ფართო მასშტაბებში გადატანა, უამრავი პარადოქსის ქსელში გაბმის და შიგ საბოლოოდ გადახლართვის თავიდან აცილება კი, მეტად რთულია. მწერალი ხვდებოდა, რომ მომავლიდან მოვლენილი სამყაროს მხსნელი ჰაერში გამოკიდებული სუბსტანცია ვერ იქნებოდა, ამისთვის მთელი სისტემა იყო საჭირო. სწორედ აქ დაიკაპიწა ხელი და ჩაერთო ჯაფაში მწერლის მთელი ფანტაზია. აზიმოვმა შექმნა ახალი, აქამდე არ არსებული სამყარო და ის ორად დაყო. ერთში „დროელები“ არიან, მათთვის დრო ჩვეულ რითმში გადის, ხოლო მეორეში მარადიულები. მიუხედავად სიტყვის დეფინიციისა, მარადიულებისთვისაც გადის დრო, ისინიც ბერდებიან და იხოცებიან, მაგრამ ერთი ფუნდამენტური განსხვავებით, ისინი ცხოვრობენ მარადისობაში და ამ აბსტრაქტული სამყაროდან მათ დროელების რეალობის შეცვლა და კონტროლი შეუძლიათ.

ტექნიკოსი ენდრიუ ჰარლანი რომანის მთავარი გმირია. ერთი შეხედვით ის ამ მარადიული სისტემის ჩვეულებრივი ჭანჭიკია. ჰარლანი, სხვა თავის კოლეგებთან ერთად, დროელების რეალობას ცვლის. წიგნის დასაწყისში ის და მისი კოლეგა მარადიულები კაცობრიობის დამცველებლად გვევლინებიანი, მათი მოვალეობაა იხსნან ადამიანი ყველანაირი საფრთხისგან. და მართლაც, ოცდამეშვიდე საუკუნიდან, მას შემდეგ რაც მარადისობა არსებობს, კაცობრიობამ თითქმის აღარ იცის ომი, შიმშლი, სოციალური ჩაგვრა და სხვა მრავალი, რაც აქამდე ასე აწუხებდა.

თითქოს ყველაფერი წესრიგშია, სწორად მუშაობს როგორც მარადისობა, ასევე თავად წიგნის კონცეპტიც, მაგრამ ნელ-ნელა კითხვის პროცესი საშინლად მოსაბეზრებელი ხდება. გრჩება შთაბეჭდილება, რომ ავტორი თავადაა მეოცე საუკუნეში ჩარჩენილი და თავისი ფანტაზიის და გაუთავებელი დროში მოგზაურობების მიუხედავად არაფერი იცვლება. ჰარლანთან ერთად საუკუნეებში მოგზაურობის პროცესში ხვდები, რომ ყველაფერი ერთფეროვანია, ადამაინი სრულებითაც არ იცვლება. მენტალობის სტატიკურ და გამყინვარების პროცესს კიდევ აიტანდა ადამიანი, მაგრამ სულ მთლად აუტანელი ხდება, (ალბათ განსაკუთრებით  ფანტასტიკის მოყვარულთათვის) როდესაც მკითხველი აწყდება თეზისებს, სადაც სამყაროს შემეცნება, კოსმოსური ხომალდები და კოსმოსში მოგზაურობა სრულ იდიოტობად, იგივე დროის ფუჭ კარგავად არის მიჩნეული.

პროგრესის გაყინვის და მენტალობის სტატიკურობის კარგი მაგალითია 492-ე საუკუნე, სადაც მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს პატრიარქალური კულტურის მარწუხებისგან გამოთავსიუფლება ახალი დაწყებული აქვთ და ეს ყველაფერი თავად მთავარი პერსონაჟსთის, ჰარლანისთვისაც, ახალი ხილია.

და აი ის არის დასასრულს უახლოვდები, წასაკითხი ფურცლების რაოდენობა თხელდება, იმედგაცრუება უფრო და უფრო მატულობს, რომ სწორედ აქ აღმოაჩენ, როგორც იტყვიან ხოლმე, დამარხული ძაღლის თავს. თუმცა ეს ალბათ უფრო ადამიანის თავის აღმოჩენაა. მთლად ზუსტად კი, ჰომო საპიენსის ფუნდამენტური და ეგზისტენციური ბუნების, რომელსაც ის აგერ უკვე მერამდენე საუკუნეა გენეტიკის სახით სრულიად უანგაროდ გადასცემს თავის შთამომავალს.

წიგნის დასრულებისთანავე გავიფიქრე; „როგორ არ მომწონდა და ბოლოში როგორ მომეწონა“. მცირე სპოილერს მოგართმევთ და გეტყვით, რომ რეალურად დასასრულმა ამიხსნა, თუ რატომ არ მომწონდა წიგნი ასე. დასასრულმავე მიმახვედრა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო, ბოლო ბოლო მეც ხომ ერთი ჩვეულებრივი ჰომო საპიენსი ვარ, დაავადებული ვირუსით, რომელსაც სიაახლეების ძიება და დაბრკოლებების გადალახვის უსასრულო წყურვილი ჰქვია.

ერთი სიტყვით, წიგნის წაკითხვას ყველა ჰომო საპიენსს ვურჩევ. ესაა სამეცნიერო ფანტასტიკა, რომლის ჩარჩო დროში მოგზაურობა და მის მიერ გამოწვეული უსასრულო პარადოქსებია, მაგრამ თავად ბირთვი სულ სხვაა. ეს არის ადამიანის, ჰომო საპიენსის, ეგზისტენცია.

x

Check Also

რეცენზია: ნისლქმნილი

ავტორი: ფორვე ტოლკინი, მარტინი, როულინგი, გეიმანი. ყოველ მათგანზე გაუთავებლად შეიძლება წერა. მათმა სახელებმა არა მხოლოდ ...