Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: The Shape of Water

რეცენზია: The Shape of Water

ტექსტი  შეიცავს სპოილერებს

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

დასავლური კულტურების ფოლკლორში, „უცხოს“ („სხვა“) შეყვარება ადამიანის მხრიდან თითქმის ერთ კონცეფციაზე დაიყვანება ხოლმე – მოგვითხრობენ ისტორიას ყველა სოციალური ნორმის დამაკმაოფილებელ გმირებზე, რომელთაგან ზოგს მაღალი სოციალური სტატუსი აქვს, ზოგს არა. რომელიმე მათგანი მოლაპარაკე ბაყაყს შეხვდება, შეუყვარდება და რომანტიკული კოცნის შემდეგ ბაყაყიც ლამაზ პრინცად გადაიქცევა ან უბრალოდ ლამაზ ბიჭად, სამეფო ტიტულის გარეშე. მაგალითად „ლამაზმანი და ურჩხული“ იმ მოცემულობას გვთავაზობს, სადაც სიყვარული მანამდე ჩნდება, სანამ ქალს ურჩხულთან აქვს ურთიერთობა, იღებს მას როგორც „უცხოს“ და ურთიერთობასა და კომუნიკაციაში ხვდება, რომ მისდამი გრძნობის გასაჩენად აღიარებული ვიზუალური სტანდარტები საჭირო არ ყოფილა. თუმცა ბოლოს ისევ ვიზუალურ ტრანსფორმაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც იმიჯი, რომელთანაც გრძნობა გაჩნდა ქრება და მის ადგილს იკავებს ისევ ლამაზი და ზღაპრული პრინცი. რეალურად ეს ტრაგედიად უნდა მივიღოთ, რადგან სიყვარულის გაჩენის შემდეგ ფუნდამენტური ტრანსფორმაცია ხდება, რომელიც სრულად უარყოფს იმ გამოსახულებას, რომელიც გონებას შენახული აქვს როგორც ტრფობის ობიექტი. თუმცა ასეთი ფინალები ყოველთვის ბედნიერ დასასრულად მოგვეწოდება და აღიქმება.

პოსტ მოდერნული ნარატივის შემოტანა ცადეს შემქმნელებმა ანიმაციურ ფილმში „შრეკი“, სადაც „უცხოს“ ნორმატივთან ადაპტირების ნაცვლად, პირიქით მოხდა და პრინცესა გადაიქცა კაციჭამიად. მიუხედავად იმისა, რომ გაიცვალა როლური პოზიციები, საფუძველი იგივე დარჩა: „უცხოს“ მისაღებად ან თავად უნდა დაემსგავსო მას, ან ის უნდა დაგემსგავსოს შენ – შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ შეცვლილა. ამ გაბატონებულ კულტურულ მოცემულობას უპირისპირდება გილერმო დელ ტორო თავის ფილმში „წყლის ფორმა“ და მაგიური ზღაპრის ახლებურ ვერსიას გვთავაზობს, სადაც სიყვარულის გაჩენისა და შენარჩუნებისათვის არავის უწევს ინდივიდუალურად ფუნდამენტური ცვლილებების გამოვლა. ის, რაც ცვლილებას საჭიროებს,  მხოლოდ ირგვლივ არსებული გარემოა.

“წყლის ფორმა“ სტანდარტული ზღაპარივით იწყება, წყლის სამყაროში ლამაზი ნივთები მშვიდად ლევტირებენ, კომპოზიტორი ალექსანდრ დეპლა საოცარი სინაზის და მგრძნობელობის მუსიკას გვაწვდის, კამერა აუღელვებლად დაცურავს კომპრესირებულ სივრცეში, თითქოს ჯადოსნური შელოცვა გაუკეთეს (ვინგარდიუმ ლევიოსა?), მთხრობელის ხმა კი გვაცნობს ისტორიას, სადაც პირობითი პრინცი, პრინცესა და მონსტრი უნდა შეგხვდეს. ის რომ ყველაზე დიდი მონსტრები სამყაროში ადამიანები არიან, სტივენ კინგის წყალობით უკვე კარგა ხანია პოპ კულტურაში დანერგილი დებულებაა, თუმცა დელ ტორო ამ მოცემულობას მაქსიმალურად აკონკრეტებს და ნაციონალიზმის, მილიტარიზმის და პატრიარქალური პრივილეგიების მახასიათებლებს უმატებს.

ანტაგონისტური სახეები აქ მკაცრად გამოკვეთილი და მრავალფუნქციურია. პოლკოვნიკი რიჩარდ სტრიკლენდი (მაიკლ შენონი) და მისი ზემდგომი გენერალი სრულად დაცლილი არიან ემპათიისაგან, არ გააჩნიათ მიმღებლობა არც „უცხოს“ და არც „სხვის“ მიმართ. „უცხოს“ ეტიმოლოგიაში ვგულისხმობ ნებისმიერი სახის ხილული განმასხვავებელი ნიშნის მქონე ინდივიდს, „სხვა“ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ როგორც მსგავსი, მაგრამ კერძოდან განცალკევებული, ინდივიდი, რომელიც თუ არ იზიარებს პირად ინტერესებს და არ გამოხატავს მორჩილებას, მხოლოდ ჩაგვრის ობიექტად აღიქმება. სტრიკლენდი და მისი გენერალი, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი სუბიექტები, არიან პოლიტიკურად მავნებლები და სოციალურად მჩაგვრელი ადამიანები. ცივი ომის პარანოიაში მყოფი ამერიკა სამეცნიერო რესურსებს ხარჯავს იმაზე, რომ საბჭოთა კავშირზე უპირატესობა წარმოაჩინოს, შესაბამისად მათ მიერ შეპყრობილი ანთროპომორფული ამფიბია მხოლოდ იარაღის ფუნქციას ატარებს, რომელიც საბრძოლო თუ ტექნოლოგიური უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარებათ. შესაბამისად ფაქტები, რომ მას გააჩნია ინტელექტი, შეუძლია კომუნიკაცია, გააჩნია გრძნობები და ა.შ უგულვებელყოფილია, რადგან ის არის „უცხო“, რომელიც თუ არ იძლევა პირად სარგებელს, არ იმსახურებს არსებობას.

თუმცა რეჟისორი გარდა „მონსტრის“ კულტურული ფენომენისა, ანალოგიურ მიუღებლობას აჩვენებს უმცირესობის სხვა ჯგუფებზეც: ეთნიკურზე (რუსები), რასობრივზე (შავკანიანები), სექსუალურზე (კაცი გეი პერსონაჟი) და შეზღუდულ შესაძლებლობებზე (მეტყველების განვითარების დარღვევა). დელ ტორო არ შემოიფარგლება საკითხისადმი ზედაპირული მიდგომით და მიუღებლობის ფენომენოლოგიას წარმოგვიდგენს, რომელსაც სოციოპოლიტიკურ და ეკონომიკურ განზომილებას აძლევს. კირკლენდი, რომელიც საკმაოდ ერუდირებული ადამიანია, ნებისმიერი ფორმით მასზე დაბალ საფეხურზე მდგომ პირებს მოხმარების საგნებივით ეპყრობა. მისთვის მთავარია წესრიგი, რომელშიც ბატონობს, ამიტომ სექსის დროსაც კი ცოლს ხმის ამოღებას უკრძალავს, რომ საკუთარი დომინაცია ბოლომდე შეიგრძნოს. მის აღქმაში ადამიანი ამფიბია პოლიტიკურ და ეკონომიკურ ერთეულად ითარგმნება, რომლისგან რესურსების მიღების შემდეგაც ამერიკა უპირატესობას მოიპოვებს ცივი ომის ნარატივში, ხოლო თავად კირკლენდს დააწინაურებენ. ანალოგიური მიდგომებით ჯაილსის (რიჩარდ ჯენკინსი) სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მისი სექსუალური ორიენტაცია ხდება. მის ყოფილ დამსაქმებელს კომპანიის რეპუტაციის შელახვის ეშინია და საქმიან შეხვედრაზე შენობის გარეთ ხვდება. ბარმენი ბიჭი, რომელიც თავაზიანად ემსახურება მას, სანამ მასში მხოლოდ სტანდარტულ კლიენტს ხედავს, სიძულვილით ჩაანაცვლებს დამოკიდებულებას, როდესაც გაიგებს მისი ორიენტაციის შესახებ, რაც ნაწარმოებია იმ შიშით, რომ საოჯახო კაფეში ტრადიციული წყვილები აღარ ივლიან და ა.შ.

იქიდან გამომდინარე, რომ გილერმო დელ ტორო თავად მექსიკელი ემიგრანტია ამერიკაში, სავარაუდოდ ხშირად აღოჩნდებოდა როგორც „უცხოს“, ისე „სხვის“ პოზიციაში. შესაბამისად მისთვის ფილმი საკმაოდ პერსონალური ისტორიაა. სწორედ ამიტომ, ანტაგონიზმთან და ჩაგვრასთან საბრძოლველად მარგინალურ და უმცირესობების წარმომადგენელ ადამიანებს აერთიანებს, ერთმანეთისადმი თანაგრძნობის და ზრუნვის უნარს ანიჭებს და მათი ერთობით უპირისპირდება არა კონკრეტულ ინდივიდებს, არამედ ძალადობრივ აპარატს. ყველა პერსონაჟს, ვინც ადამიან ამფიბიას ეხმარება, საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ის მზერა და მოპყრობა, რომელიც „უცხოს“ და „სხვის“ მიმართ არსებობს, შესაბამისად, ისინი იბრძვიან არა ერთი კონკრეტული პირის, არამედ კოლექტიური თავისუფლებისთვის.

მიუხედავად ამისა, ყველაზე დიდი მგრძნობელობა ფილმში რომანტიკულ ნაწილს გასდევს. ელაიზას ყოველდღიურობას რეჟისორი ენერგიული მონტაჟით გვაცნობს და წინასწარ უსვამს ხაზს მის წყალთან დამოკიდებულებას: ელაიზა ყოველ დილით წყალს ადუღებს, კვერცხს ხარშავს, აბაზანაში წვება, წყლის ქვეშ მასტურბირებს, მეზობელ ჯაილსზე ზრუნავს, სამსახურში ალაგებს, სახლში ბრუნდება, ჯაილსთან ერთად ფილმს უყურებს და იძინებს. მოგვიანებით ვიგებთ, რომ მცირე ასაკში წყალში იპოვეს კისერზე ნაიარევებით, რასაც უკავშირებენ მისი მეტყველების უნარის წართმევას. წყალი, როგორც სიცოცხლის და სისუფთავის სიმბოლო, რომელსაც არ გააჩნია სტატიკური ფორმა და მღელვარების დროს შეუჩერებელ ძალად გარდაიქმნება, საუკეთესოდ ესადაგება მის ფსიქოტიპს. ელაიზაც არის სიცოცხლით სავსე, შეურყვნელი, არ დგება სტატიკურ პოზიციაში და სხვის გადასარჩენად დაუზოგავ ენერგიას იჩენს. ფილმის სათაურში გამოტანილი „წყლის ფორმა“ არის ელაიზა და მისი სიყვარული, რომელიც უხანგრძილივებს სიცოცხლეს ამფიბიას.

დასასრულის სცენა, სადაც სასიკვდილოდ დაჭრილ ელაიზას ადამიანი ამფიბია იარებს ლაყუჩებად გარდაუქმნის და წყლის ქვეშ ცხოვრების შესაძლებლობას და შესაძლოა მეტყველების უნარსაც მიანიჭებს, არ გახლავთ ფაქტობრივი მოცემულობა, ეს მხოლოდ მთხრობელის, ჯაილსის  ინტერპრეტაციაა, რომელსაც რასაკვირველია ბედნიერ ნოტაზე სურს მათი სასიყვარულო ისტორიის დასრულება. ჩემთვის მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, რომ ელაიზამ წყლის ქვეშ განაგრძო ცხოვრება, არამედ ის, რომ მას და ადამიან ამფიბიას არ დაჭირდათ ერთმანეთის იმიჯების გარდაქმნა იმისთვის, რომ „ეცხოვრათ დიდხანს და ბედნიერად“. ერთადერთი, რაც საჭიროებს ტრანსფორმაციას, პოლიტიკური წესრიგი და საზოგადოებრივი ცრურწმენებია, რომ „უცხო“ და „სხვა“ არ რჩებოდეს სტატიკად და ჩნდებოდეს მისდამი მიმღებლობა. ფილმის დასასრული ჩემთვის ცალსახად ტრაგიკულია, რადგან ჩვენ სამყაროში მთავარი გმირების სიყვარულს ხანგრძლივი სიცოცხლის საშუალება არ ეძლევა და მისი ლიკვიდაცია ხდება.

ფილმის ჯადოსნური ეპიზოდი, როდესაც მოულოდნელად ვიზუალური მეტაფორით მაყურებელს ეხსნება ელაიზას პერსპექტივა და მისი და ადამიანი ამფიბიას ურთიერთობას კლასიკური ამერიკული მიუზიკლის სტილში ვხედავთ, არის კეთილშობილური მოწოდება იმისკენ, რომ სანამ რაიმე მოცემულობაზე რეაგირებას მოვახდენთ, საკუთარი მზერა იმ ადამიანის პრიზმაშიც გავატაროთ, რომლის შეფასებას თუ განსჯასაც ვაპირებთ. ამ სცენაში წყვილის ურთიერთობას დელ ტორო გვიჩვენებს ისე, როგორც მასში გრძნობს თავს მთავარი პერსონაჟი – სრულყოფილ ადამიანად. ჟან პოლ სარტრის პიესაში, „დახურულ კარს მიღმა“, ჯოჯოხეთში აღმოჩენილი ადამიანები ხედავენ, რომ კულტურაში მისი აღწერა, როგორც მუდმივი წამების ადგილი, სადაც ინფერნალური არსებები კუპრში ხარშავენ ცოდვილებს და ა.შ. რეალობას არ შეესაბამება. ჯოჯოხეთი უბრალო სასტუმრო ოთახია, სადაც მოხვედრილი სამი პერსონაჟი გააანალიზებს, რომ მთავარი სასჯელი მათი ერთმანეთის აღქმა, განწყობები და შეფასებებია. ნაწარმოები ცნობილი ფრაზით სრულდება: „ჯოჯოხეთი სხვა ადამიანებია“, რაც იმას გულისხმობს, რომ ყველა დამთრგუნველი ემოცია, იქნება ეს სირცხვილის გრძნობა რაიმე ფიზიკური შეზღუდულობის გამო, საკუთარი სურვილების შიში თუ სხვა, გამოწვეულია იმით, რომ ადამიანების მზერა გაქცევს საგნად, რომელიც მხოლოდ ზედაპირულად აღგიქვამს და გარდაგქმნის „უცხოდ“, გაკრავს იმ მახასიათებლებს, რომელიც არ გეკუთვნის. შესაბამისად უმაღლესი სასჯელი არა ჯოჯოხეთური ცეცხლი, არამედ სხვების შენს მიმართ მომართული მზერაა, რომელიც დამახინჯებულ ეგზისტენციალურ თარგმანს ეწევა. „წყლის ფორმა“ ცდილობს ეს მზერა, რომელიც თავისუფლებას ზღუდავს, ემპათიით ჩაანაცვლოს, თუმცა იმის ნაცვლად, რომ სიყვარული წყალქვეშ გადარჩეს, საჭიროა ის ზედაპირზე ამოვიდეს. ამისათვის კი პირველ რიგში აუცილებელია „სხვისთვის“ ბრძოლა ჩამოყალიბდეს ისეთივე ინსტინქტურ მდგომარეობად, როგორიც საკუთარი თავისთვის ბრძოლაა.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...