Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: X-Men: Apocalypse

რეცენზია: X-Men: Apocalypse

ავტორი: ფორვე

”იქს ადამიანების” სამყარო ყოველთვის უმცირესობების დევნაზე და მათი გადარჩენისთვის ბრძოლის შესახებ გვიყვებოდა. მათთან იდენტიფიცირება შეეძლო ჩაგრულთა ნებისმიერ კატეგორიას, იქნებოდა ეს რასობრივი, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობა. თუმცა სუპერგმირების ფერადი და არაპრაქტიკული კოსტუმებიდან გამომდინარე, მათი ასოცირება ყველაზე მარტივად ამ უკანასკნელ ჯგუფთან ხდებოდა. ამიტომაც, ამ საკითხის უკანა პლანზე გადაწევა და ისეთ კლიშე ვილანზე აქცენტის გაკეთება, რომელსაც სამყაროს განადგურება, ყველაზე ბანალურ მიზეზთა გამო სურს (მითუმეტეს, როდესაც მსგავსი გეგმა X2-ში სტრაიკერს, შემდეგ კი მაგნიტოს გაცილებით უფრო კომპლექსურ და არა უბრალოდ სოციალური დარვინიზმის მიზეზთა გამო ჰქონდა) ფილმის ბევრ ნაკლოვანებებს შორის უმთავრესად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

ფილმი პირველივე წუთებიდან გირთულებს მისი სერიოზულად აღქმის უნარს. რა თქმა უნდა საუბარი მის ფანტასტიკურ ელემენტებზე არ არის. თავისი ლოგიკა და კანონები ყველა ლიტერატურულ ან თუნდაც სინემატიკურ სამყაროს გააჩნია, მაგრამ ცუდი სცენარის შესანიღბად ეს იშვიათად თუ გამოდგება. როდესაც ფილმის მთავარი ბოროტმოქმედი, რომელსაც სახელიდან გამომდინარე მიხვდებით რისი გაკეთებაც უნდა, ათასწლოვანი ძილისგან იმის გამო იღვიძებს, რომ CIA-ს აგენტს (მოირა მაკტაკერტს, რომელსაც „პირველი კლასის“ ბოლოს პროფესორმა ფილმში განვითარებული ყველა მოვლენის მოგონება წაუშალა და „აპოკალიფსის” ბოლოს მეხსიერება მხოლოდ სექსუალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად აღუდგინა) კარის მიხურვა ავიწყდება და ყველა ადამიანის თუ მუტანტის სიკვდილი და ტრილიონობით დოლარის ზარალი ამ ერთი მოქმედებიდან გამომდინარეობს, მანდ ხვდები, რომ ფილმის სცენარისტი სერიოზულ ეგზისტენციალურ კრიზისს განიცდის და დასალევის ფულზე ჩალიჩობს.

ახალი პერსონაჟების, უფრო სწორად კი ძველი პერსონაჟების (ჯინ გრეი, ციკლოპი, შტორმი, Night Crawler) რეინკარნაცია საინტერესოდ და პოტენციალის მქონედ გამოიყურება, თუმცა მათი განვითარება დიდწილად ან არ ხდება, ან მხოლოდ ზედაპირულად მიმდინარეობს. ყველაზე დიდი ყურადღება ამ მხრივ ჯინ გრეის დაეთმო, რომლის ისტორიაც ფრენჩაიზის სავარაუდო განვითარებაზე მიგვანიშნებს (Phoenix Saga). მაგრამ, ესეც ხომ უკვე ნანახი გვაქვს. მესამე ”იქს ადამიანებში”, მიუხედავად იმისა რომ მთავარი ფოკუსი ფენიქსზე არ ყოფილა, მისი საწყისიც და დასასრულიც უკვე ვიხილეთ (ვიზუალურად აპოკალიფსის და ჯინის დაპირისპირება, X3-დან არის კოპირებული). გასაგებია, რომ ფრენჩაიზის ერთგვარი გადატვირთვა მოხდა, მაგრამ ისევ იგივე, თუნდაც უკეთ გამოკვლეული მიმართულებით წასვლას რამდენად გაუძლებს ფრენჩაიზი, როდესაც ბრაიან სინგერის ფანტაზია იმაზე შორს ვერ მიდის, რომ თავის ძველი ფილმებიდან სცენების გამეორებით და თვითკოპირებით არ დაკავდეს ძნელი სათქმელია. მერამდენედ უნდა ვნახოთ ”იქს იარაღის” პროგრამა, მერამდენედ უნდა ვიხილოთ შემორიგებული მაგნიტო, რომელიც ბოლოს ისევ თავის გზაზე მიდის და ღმერთმა იცის, თავში როდის დაარტყამს კაცობრიობის განადგურების მორიგი შეტევა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმის ყველაზე საინტერესო მონაკვეთი ისევ ქუიქსილვერის მონაწილეობით დაფიქსირდა. აქაც იმავე ტექნიკის და ესთეტიკის გამოყენება ხდება, რომელმაც წინა ფილმში მოგვხიბლა. თავისი დიდების 5 წუთში, ქუიქსილვერი აბსოლუტურად ყველაფერს და ყველას ჩრდილავს ფილმში. ძნელი დასაჯერებელია, რომ რეჟისორი, რომელიც არც ერთი სხვა პერსონაჟის წარმოჩენაზე ასე არ ზრუნავს, იმ ადრენალინის და იუმორის შექმნელია, რომელიც მაგნიტოს შვილის გამოჩენისთანავე სუფევს ეკრანზე. არადა თითქმის ყველა იქს ადამიანს აქვს პოტენციალი, რომ თავისი „ქუიქსილვერ მომენტი” ქონდეს დიდ ეკრანებზე, თუმცა ამის მაგივრად ისევ იგივე, ვიზუალურად ოდნავ უფრო დახვეწილი სცენები გვხვდება ხელთ.

პრობლემა, რომელიც ”იქს ადამიანებს”, როგორც ფრენჩაიზს გააჩნია, ეს მიმართულების არქონაა. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ფილმების უმეტესობა აქ ბრაიან სინგერს ეკუთვნის, ვერ ვიტყვით, რომ ის იგივე პოზიციას იკავებს ”ფოქსში”, როგორც მაგალითად კევინ ფაიგი ”მარველში”. ”იქს ადამიანების” თაიმლაინი, ქრონოლოგია და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები იმდენად არეულია, რომ თავად სინგერსაც არ ახსოვს თავისი შექმნილი სამყაროს საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალები. მაგალითად, როგორ აღმოჩნდა ლოგანი სტრაიკერთან მაშინ, როდესაც წინა ფილმის ბოლოს მას სტრაიკერად შენიღბული მისტიკი გადაარჩენს – უცნობია. საით წავა ფრენჩაიზი აპოკალიფსის შემდეგ, როგორ შეძლებს საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას, შეინარჩუნებს თუ არა კონკურენტუნარიონობას ”მარველის” ან თუნდაც ”დისის” კინოსამყაროებთან? ამ კითხვებზე პასუხები ჯერ არ ვიცით, მაგრამ კარგი სტარტი უკვე გვაქვს, სინგერმა ფრენჩაიზისგან დასვენება გადაწყვიტა. ვიმედოვნებ, რომ მისი შვებულება უვადო იქნება და მის მაგივრად ფრენჩაიზს ისეთი რეჟისორი ჩაუდგება სათავეში, რომელიც ”იქს ადამიანების” სამყაროს გამრავალფეროვნებას და ახალი მიმართულებით წაყვანას შეძლებს, როგორც ეს მეთიუ ვონმა, „პირველი კლასით” შეძლო. ”იქს ადამიანები” არა მხოლოდ ჩვენს ბავშვობასთან ასოცირებული პირველი სუპერგმირული ფრენჩაიზია, არამედ თემატიკის და პერსონაჟთა დიდი არჩევანის გამო პოტენციალი აქვს პირველხარისხოვან მოთამაშედ იქცეს ბაზარზე, იმის ნაცვლად, რომ ”ფოქსის” ხელში საშუალო შედეგებს აჩვენებდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ ”იქს ადამიანებზე” გაცილებით ცუდი ფილმები გადაღებულა, ”აპოკალიფისი” ამ ფრენჩაიზში, დიდწილად დაუხვეწავი სცენარის გამო, მყარად იკავებს ცენტალურ პოზიციას, ის რა თქმა უნდა ვერც საუკეთესო სამეულში ხვდება (First Class, X2, Days of the Future Past) მაგრამ სამარცხივნო ტოპ სამისგანაც საკმაოდ შორსაა (Wolverine Origins, Wolverine, X-men 3: Last Stand).

x

Check Also

რეცენზია: Dunkirk

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ”დიუნკერკის” პირველივე კადრში ექვსი ახალგაზრდა ჯარისკაცის ფიგურას ვხედავთ, რომლებიც ძირს დაყრილ პამფლეტებს ...