Breaking
Home » მთავარი » სიახლეები » “ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

“ფანტასტიკური ბიბლიოთეკა”

ავტორი: ფორვე

26 თებერვალს “ლიგამუსის” წიგნის სახლში გამომცემლობა „წიგნები ბათუმში-ს“ პრეზენტაცია გაიმართა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ღონისძიებას ვერ დავესწარი, მაგრამ ჩვენი მომხმარებლების ჟანრული ლიტერატურისადმი სიყვარულიდან გამომდინარე, თავს მოვალედ მივიჩნევ რამდენიმე სიტყვა დავწერო ამ ამბის შესახებ. ბევრმა თქვენგანმა უკვე იცით მაღაზია „წიგნები ბათუმში“, რომელმაც საქართველოს მთავარ ზღვისპირა კურორტში ერთ-ერთია “აუცილებლად სანახავ” ადგილებს შორის. განსაკუთრებით კი იმ წიგნების მოყვარულთათვის, რომლებსაც ქართული გამომცემლობებისგან ნაკლები ყურადღება ეთმობა. ფენტეზის და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის თაყვანისმცემლები აქ ყოველთვის იხილავენ თავიანთ საყვარელ წიგნებს, ავტორებს და ახალ აღმოჩენებსაც ადვილად გააკეთებდნენ. აქამდე ეს, სამწუხაროდ, მხოლოდ რუსულ ენაზე იყო შესაძლებელი. თუმცა, ამ ჟანრის მკითხველებისთვის ქართული გამომცემლობების „დამსახურებით“ არამშობლიურ ენაზე კითხვა ნორმად იქცა. რუსული წიგნების ყიდვა არასახარბიელოდ მოქმედებდა მკითხველის საფულეზეც. ამ პრობლემებს და ზოგადად ქართულ სივრცეში ჟანრული ლიტერატურის პოპულარიზაციას საშველი „წიგნები ბათუმში“ გამომცემლობის დაფუძნებით უნდა დაადგეს, ყოველ შემთხვევაში ეს კარგი დასაწყისია.

ახლა კი, მიზეზი ჩემი შემართებისა და ოპტიმიზმისა – წიგნები, რომლებიც პრეზენტაციაზე წარადგინეს:

  • ფილიპ ქ. დიკის „კაცი მაღალ კოშკში“
  • ძმები სტრუგაცკები „ძნელია ღმერთობა“
  • რეი ბრედბერი „ტანმოხატული კაცი“
  • დენიელ კიზი „ყვავილები ელჯერნონისთვის“

ეს ოთხი წიგნი ახალი სერიის „ფანტასტიკური ბიბლიოთეკის“ ნაწილია, რომელიც იმედია მალე ყველა ფანტასტიკის მოყვარულისთვის სავალდებული შესაგროვებელი გახდება.  ოღონდ ისე არა, ერთი ცნობილი სერიის წიგნების მსგავსად, სახლში სტუმრების დასანახად რომ უდევთ. ამ შემთხვევაში საქმე გემოვნებით შერჩეულ და ხარისხიანად ნათარგმნ პროდუქციასთან გვექნება.

განსაკუთრებით მოხარული ვარ ფილიპ დიკის შემოქმედების ქართულად გამოცემასთან დაკავშირებით. თავისი მნიშვნელობის მიუხედავად, ის ქართულ სივრცეში, თუნდაც ბრედბერიზე და სტრუგაცკებზე, ნაკლებად ცნობილია. არადა, ახალგაზრდა მკითხველისთვის, არ მიწყინონ კლასიკის მოყვარულებმა, ის გაცილებით უფრო საინტერესო იქნება. უკვე, ვიცით, რომ დიკის ყველაზე ცოტა კიდევ ერთი ნაწარმოები „ცრემლი მოიწმინდე, თქვა პოლიციელმა“ ასევე შევა ამ სერიაში. იმედია მას Do Androids Dream of Electric Sheep მოჰყვება, თუმცა არც Ubik და Valis-ზე ვიტყოდი უარს. აი, ხომ ხედავთ, ჯერ მხოლოდ ერთი ავტორის რამდენი წიგნია სათარგმნი, რომ არაფერი ვთქვათ მთლიანად ფანტასტიკის ჟანრზე.

კინაღამ დამავიწყდა! „წიგნები ბათუმში“ მეტრო 2033-ს გამოცემასაც აპირებს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია ამ ჟანრში და რომლის ავტორმაც ჩემი სავყარელი პოსტ-აპოკალიფსური სამყარო შექმნა.

წარმატება ვუსურვოთ „წიგნები ბათუმში“ გამომცემლობას ამ საპასუხისმგებლო საქმეში. ჩვენ, მკითხველებს, ისღა დაგვრჩენია რომ მხარი დავუჭიროთ მათ წამოწყებას და ყურადღებით ვადევნოთ თვალყური, განსაკუთრებით კი „ფანტასტიკური ბიბლიოთეკის“ სერიას. თუ ეს პროექტი საკმარის ყურადღებას მიიზიდავს, სხვა გამომცემლობებს სხვა გზა არ დარჩებათ, შეეშვან მრავალჯერ გამოცემული წიგნების თავიდან გამოშვებას და ჩვენთვის ახალი პროდუქციის შემოთავაზება დაიწყონ.

x

Check Also

მარველის პერსონაჟების მიერ მოკლულთა რაოდენობა