Breaking
Home » მთავარი » კინო » 10 საუკეთესო ფილმი საახალწლო დღეებისთვის

10 საუკეთესო ფილმი საახალწლო დღეებისთვის

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

საახალწლოდ ფილმების ყურება ძირითადად განმეორებითი ხასიათისაა ხოლმე, რადგან ყველანი ერთიდაიგივე ფილმებს ვუყურებთ, ისევ ”მარტო სახლში”, ისევ ”ბედის ირონია”, ისევ ”კუჩხი ბედინერი” (თუ ტელევიზორს უყურებთ). სარეკომენდაციო სიებიც დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამიტომ ძნელი ხდება ისეთი ფილმის ყურება, რომელშიც საახალწლო განწყობაც დაგხვდება და თან ისეთი იქნება, რომელიც ყველა არხზე არ გადის წლის ამ მონაკვეთში. ამიტომ, წარმოგიდგენთ ისეთი ფილმების სიას, რომლებიც ახალი წლის სულისკვეთებას ატარებენ, მაგრამ მათი იდენტიფიცირება ”საახალწლო/საშობაო ფილმებად” არ ხდება. ე.ი. შეიძლება ითქვას, რომ თქვენ წინაშეა საუკეთესო არაორთოდოქსული საახალწლო ფილმები.

ნუმერაციას მნიშვნელობა არ აქვს.

large_all_that_heaven_allows_08_blu-ray_-1024x576

1. All That Heaven Allows

დაგლას სირკის ფილმი ”ყველაფერი რის ნებასაც ზეცა გვრთავს” ერთდროულად ბევრი რამაა: ეიზენჰაუერის პერიოდის ამერიკული საშუალო კლასის საზოგადოების კრიტიკა, სადაც სირკი, როგორც ფაშიზმის აღზევების შემსწრე საგანგაშო ნიშნებს ამჩნევს ამერიკულ სოციუმს და ჩვენც გვიზიარებს ამ მღელვარებას. ტელევიზიის როლი, როგორც ადამიანური ურთიერთობების ჩამანაცვლებელი და ემოციების ტელევიზორში დამატყვევებელი – ამის შესახებ კინოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მეტაფორულ კადრში რეჟისორი წარმოაჩენს მთავარი როლის შემსრულებელ ჯინ უაიმენს ტელევიზორის ეკრანში არეკლილი შეშფოთებული სახით. ის არის აგრეთვე ანრი დევიდ თოროს ”უოლდენის” ერთგვარი ადაპტაცია, ბუნების წიაღში გადასვლის და თვითგამორკვევის, ადამიანური პოტენციალის გაღვივების წარმოჩენით და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად აქ ძალიან ემოციური და საამური ზამთრის სეზონი და ახალი წლის პერიოდია აღწერილი, მომენტებში ტრაგიკული, მაგრამ საბოლოოდ საკმაოდ ოპტიმისტური მელოდიით.

fanny-et-alexandre-1982-02-g

2. Fanny and Alexander

ინგმარ ბერგმანის უკანასკნელი კინოფილმი მის წინა ნამუშევრებთან შედარებით ყველაზე განსხვავებულია, როგორც ვიზუალურად, ისე სიუჟეტურად და ქორნომეტრაჟითაც კი. ფილმი შობის დღესასწაულით იწყება, რომელსაც ეკდალების მდიდრულ სახლში ვხვდებით და ოჯახს ვეცნობით. ალბათ არასოდეს ყოფილა ანტიკვარული დეკორაციები ასეთი თვალისმომჭრელი და მიმზიდველი, როგორც ”ფანი და ალექსანდრეში”, საახალწლო განწყობა კი ერთბაშად ბავშვური და ნაივური და თან ზრდასრული და ეგზისტენციალური. ბერგმანი აქ შექსპირისეული ელემენტების ყველაზე ფართო გამოყენებას ახდენს და მის ყველაზე ზებუნებრივი თემებით სავსე სურათს ქმნის. საოცრად მეტყველი და მდიდრული ფერთა პალიტრა ფილმში შეგრძნებების ცალკეულ იმპულსებს იწვევს, დაწყებული კომფორტითა და უსაფრთხოებით, დამთავრებული სიმკაცრით, ძრწოლვითა თუ მაგიურობით.

asthe

3. As the Long Day Closes

ტერენს დევისის ფილმი ულამაზესი მედიტაციაა მარტოობაზე, კულტურულ თუ ოჯახურ კოროზიაზე, კინოს ჯადოსნურობასა და სხვა მრავალ მნიშვნელოვან თემაზე. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ვიზუალური ნარატივის შესაქმნელად რეჟისორი განათებას იყენებს და მაქსიმალურად ცვლის მისი დახმარებით განწყობას, კადრის სტრუქტურას თუ პერსონაჟების და გარემოს ემოციას. ”ხანგრძლივი დღის დასასრული” მოკლე საშობაო სეგმენტით წარმოგვიდგება, რომელიც ულამაზეს თეატრალურ წარმოდგენას გავს, რომელსაც ცოცხლად ათამაშებენ მაყურებლის თვალწინ. დაბალი კლასის ლივერუპლელი ოჯახის ყოველდღიურობის ტონალობა იმდენად ატმოსფერული და ემოციურად რეზონანსულია, რომ მაგალითად მარტივი სცენა, როდესაც მთავარი პერსონაჟი, 11 წლის ბადი მოყინული ფანჯრიდან თოვლიან ეზოში იყურება, ეს იმაზე ამაღელვებელი საახალწლო განწყობის მომტანია, ვიდრე როკფელერის გაკაშკაშებული ნაძვის ხე ყველა ჰოლივუდურ საშობაო ფილმში. ფილმი მიუზიკლი არაა, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი სცენა, რომელიც სიმღერის აკომპანიმენტით არ ვითარდება, რაც დამატებით ემოციურ განზომილებას მატებს სანახაობას. პლუს ამ ყველაფერს საოცრად პოეტური ოპერატორული ნამუშევარი და იდეალური მელანქოლური განწყობა, რომელიც სევდისა და სიხარულის ბალანსს ბრწყინვალედ ინარჩუნებს.

st

4. Meet Me in St. Louis

”შემხვდი სენ ლუიში” წლის ყველა სეზონია წარმოდგენილი, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც საახალწლო პერიოდია, როდესაც მთავარი გმირების ოჯახში მთავარი ვნებათაღელვა დატრიალდება და თოვლის კაცების განადგურების ყველაზე დრამატულ სცენას ჩაეყრება საფუძველი. ვინსენტ მინელის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული დარიგებები და ჯუდი გარლანდის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი, როგორც სამსახიობო, ისე მუსიკალური კუთხით. ფილმში ასევე ძალიან ამყოლი და დასამახსოვრებელი სიმღერებია, რომელთა მელოდიებიც აუცილებლად ჩაგრჩებათ გონებაში.

apartment1

5. The Apartment

არ ვიცი რამდენადაა შესაძლებელი, მაგრამ თუ მოხდა საოცრება და ”ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან” მოგბეზრდათ, ბილი უაილდერის მეორე შედევრით შეგიძლიათ ის ჩაანაცვლოთ. ”ბინა” კინგ ვიდორით ინსპირირებული, შემდეგ კი ორსონ უელსის მიერ შთაგონებული სცენით იწყება, რომელშიც მრავალი ერთფეროვანი კორპორატიული ოფისის მაგიდებს შორის სიცოცხლით სავსე ორგანიზმი, სისი ბაქსტერი გვხვდება და გვიყვება საკუთარი ყოფის შესახებ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული ფილმი, რომელიც ახალი წლის დამდეგს მიმდინარეობს, ამიტომ სადღესასწაულო განწყობაც საკმაოდ დაგხვდებათ შამპანურივით მომხიბვლელი თრობის გამომწვევი იუმორით და საჭირო სენტიმენტებით, რომელიც სიამოვნების რეცეპტორებზე ძლიერ გავლენას მოახდენს. აგრეთვე აქ იხილავთ ჯეკ ლემონის და შირლი მაკლეინის მომაჯადოებელ პერფორმანსებს და ისწავლით როგორ გადაწუროთ სპაგეტი ექსტრემალურ პირობებში.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...