Breaking
Home » მთავარი » ლიტერატურა » რეცენზია: Ready Player One

რეცენზია: Ready Player One

ავტორი: Berckley

Ready Player One ერნესტ კლაინის პირველი რომანია. ავტორი თვითაღიარებული ნერდია, შესაბამისად, წიგნიც ამ სუბკულტურის დიდი გავლენითაა დაწერილი. ვიდეო თამაშებზე და სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმეზე გაზრდილმა კლაინმა ყველა ნერდის ოცნება აიხდინა და პირველივე წიგნით ამ ჟანრში თავი სამუდამოდ დაიმკვიდრა.

წიგნის მოქმედება დისტოპიურ მომავალში ვითარდება. თუმცა, აქ არ შევხვდებით არც ცივილიზაციის ნანგრევებს და არც ავტორიტარულ რეჟიმს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის დიდი ნაწილი გაჭირვებაში ცხოვრობს. მიზეზი კი მარტივია, კაცობრიობის მამოძრავებელი მთავარი რესურსი, ნავთობი, ამოიწურა, პლანეტის მოსახლეობამ კი ზრდა განაგრძო. დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები, რომლებიც მოსახლეობის თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას შეადგენენ, ტრაილერის ბლოკებისგან აშენებულ მრავალსართულიან „შენობებში“ ცხოვრობენ და საკუთარი თავის გატანას თავისი უკანასკნელი მატერიალური საკუთრების გაყიდვით ცდილობენ. გასართობი ინდუსტრია მკვდარია, რაც არა მხოლოდ მოსახლეობის ფსიქიკურ მხარეზე, არამედ უმუშევრობის ზრდაზეც აისახება. ერთადერთი შემორჩენილი ენერგიის წყარო მზის ენერგიაზე მომუშავე ბატარეებია, რომელსაც მხოლოდ ერთი მიზნისთვის იყენებენ.

მეტად უსახური სურათი გამოვიდა, თუმცა, მკითხველის სასიხარულოდ, წიგნის მოქმედება დიდწილად აქ არ ვითარდება. 2012 წელს შექმნილი ვიდეო თამაში, „ოაზისი“ – რომელიც ამავე დროს სოციალურ ქსელსაც წარმოადგენს – კაცობრიობის უკანასკნელი გასართობია. რეალობისგან გაქცევის მიზნით, ადამიანები მთელ თავის ცხოვრებას ვირტუალურ რეალობაში ატარებენ, რის გამოც მთავრობამ ხელი ჩაიქნია რეალობის გამოსწორების ბუტაფორიულ მცდელობებზეც კი და სკოლებსაც კი ვირტუალურ სამყაროში აშენებს. ადამიანებს დაავიწყდათ თუ რა არის რეალური ურთიერთობა, სამუშაო ადგილებმაც კი ვირტუალურ სამყაროში გადაინაცვლეს. ვიდეო თამაშების წყალობით ავტორი ახერხებს დისტოპოურ მომავალში მკითხველს უტოპიური საზოგადოება აჩვენოს. წიგნის მოქმედება ზუსტად ამ უტოპიაში, „ოაზისში“ ვითარდება. ამ სამყაროში, რომელიც ათასობით სხვა და სხვა პლანეტისგან შედგება, კაცობრიობის მოძიებული მთელი ცოდნაა მოქცეული. „ოაზისი“ მოიცავს ყველაფერს რაც ადამიანს ოდესმე შეუქმნია და უფრო მეტს.

ფილმის ყურების, ან წიგნის წაკითხვის ნაცვლად ადამიანს შეუძლია თავად გახდეს ყველაზე ფანტასტიკური თავგადასავლის მთავარი მოქმედი პირი. მის განკარგულებაშია საუკეთესო ტრანსპორტის საშუალებები, რომელიც წიგნის გვერდზე ან ფილმის ფირზე ოდესმე აღბეჭდილა. მოთამაშეს შეუძლია Wedonverse-ზე დასახლდეს, გამოიკვლიოს Firefly-ს სამყარო ან Blade Runner-ის მთლიანი ფილმი მთავარი პერსონაჟის როლში გაიაროს. მოქმედება კოსმოსურ ხომალდებზე და გიგანტურ რობოტებში, Dungeons & Dragons-ში და ვირტუალურ ჩათის ოთახებში ვითარდება.

წიგნების ან ფილმების ყველაზე დაძაბულ და ემოციურ მომენტებში, რთულია წარმოიდგინო, რომ მთავარი პერსონაჟის უკან ვიღაც შუახნის კაცი  ჩაკია, რომელიც დედამისთან ერთად ცხოვრობს. რეალური და ვირტუალური სამყაროების გარჩევა – როგორც პერსონაჟებისთვის, ისე მკითხველისთვის – სულ უფრო რთული, ბოლოს კი სრულიად შეუძლებელი ხდება. წიგნშიც ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტების ნაწილი, ვირტუალურიდან რეალურ სამყაროში დაბრუნების და მათ შორის არსებული კონტრასტის შეგრძნებაა.

სოციალური უთანასწორობა ვირტუალურ სამყაროშიც ინაცვლებს. მას შემდეგ რაც მთავრობამ ოფიციალურად აითვისა „ოაზისი“ და მისი შესაძლებლობები სრულად გაიაზრა, რეალური და თამაშის ეკონომიკა ერთიანი გახდა. ერთადერთი ვალუტა, რომელსაც რაიმე ფასი აქვს „ოაზისის ქოინებია“. თამაშში, ისევე როგორც რეალურ სამყაროში ყველაფერი ფასიანია, გარდა თავად თამაშისა.

წიგნის მოქმედება 2044 წელს იწყება, როდესაც ოაზისის შემქმნელი – ჯეიმს ჰალიდეი სიკვდილის წინ გადაწყვეტს, ბოლოჯერ დატროლოს სამყარო და თავისი მილიარდები და ოაზისის სამართავი წილი იმ ადამიანს დაუტოვოს, ვინც თამაშში მის შექმნილ Easter-egg-ს აღმოაჩენს. ჰალიდეის ანდერძის გასაჯაროების შემდეგ, მთელი მსოფლიო ჭკუას კარგავს. მილიონობით ადამიანი მთელ ცხოვრებას ფენტეზი და სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმების, სერიალების და თამაშების შესწავლას უძღვნის, რაც წესით მათ ჰალიდეის მიერ დატოვებული საგანძურის აღმოჩენაში უნდა დაეხმაროს.

წიგნის მთავარი გმირიც, პარზივალი ამ საგანძურზე ერთ-ერთი მონადირეა და ამავე დროს ისტორიის ნარატორის ფუნქციასაც ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ თხრობა პირველ პირში მიმდინარეობს, პერსონაჟი ქრონოლოგიურად მიყვება ამბავს და არასდროს არ ურთავს თუ როგორი გავლენა იქონია კონკრეტულმა ეპიზოდმა მასზე მომავალში ან რა მოხდა ამბის დასრულების შემდეგ.

წიგნი სავსეა მინიშნებებით 80-იანი წლების ამერიკულ და იაპონურ პოპ-კულტურაზე, რაც წიგნს არამარტო თანამედროვე თინეიჯერებისთვის, არამედ 30 წელს გადაცილებული მკითხველებისთვისაც ხდის საინტერესოს. ამავე დროს მოქმედი პირები თავისი თვისებებით, ლაპარაკის სტილით და მოქმედებით ჩვენი დროის ტიპიურ თინეიჯერებს ასახავენ. რაღაც მომენტში, ონლაინ ფლირტის და გარეგნობაზე წუწუნის ეპიზოდები შეიძლება კლიშედ მოგეჩვენოთ, თუმცა ეს არა ავტორის არაორიგინალურობის, არამედ არსებული რეალობის ბრალია.

წიგნის კითხვის პროცეში სიამაყის გრძნობა დაგეუფლებათ როცა პერსონაჟებთან ერთად ამოხსნით მინიშნებებს Pac-Man-ის და Ultraman-ის შესახებ და ლექსიკონის დახმარების შესახებ გაიგებთ ყველა გეიმინგისთვის დამახასიათებელი ტერმინის მნიშვნელობას. ავტორი სპეციალურად იგვიანებს გარემოს აღწერის სცენებს, რადგან გაგაოცოთ თუ როგორ ემთხვევა ის თქვენს წარმოდგენილს. ამის საიდუმლო იმაშია, რომ ყველა, ვისაც გამოცდილება აქვს ვიდეო თამაშებში, ერთნაირად წარმოიდგენს ვირტუალურ სკოლას ან გამოქვაბულს. წიგნი გაფიქრებინებს, რომ ასობით თითქოს უაზრო ფილმზე და თამაშზე დრო ტყუილად არ დაგიკარგავთ და სინამდვილეში სწორედ ამის წასაკითხად ემზადებოდით.

 

x

Check Also

რეცენზია: ნისლქმნილი

ავტორი: ფორვე ტოლკინი, მარტინი, როულინგი, გეიმანი. ყოველ მათგანზე გაუთავებლად შეიძლება წერა. მათმა სახელებმა არა მხოლოდ ...