Breaking
Home » მთავარი » სერიალები » რეცენზია: Preacher

რეცენზია: Preacher

ავტორი: ფორვე

You gotta be one of the good guys, son. Cause there’s way too many of the bad.

ენვილი ერთ-ერთია იმ ათასობით პატარა ამერიკული ქალაქიდან, რომლის შესახებაც არასოდეს გსმენიათ. აქ ვერ ნახავთ ვერაფერს, რაც ჩვეულებრივობას აცდენილია: ქალაქის მერი უხერხემლო არსებაა, რომელიც ბანძი სექსის გამო მზადაა პარტნიორის შვილები დილაობით სკოლაში ატაროს. სკოლის ავტობუსით სახლიდან და სახლამდე ბავშვებს პატარა გოგონებზე მნძრეველი პედოფილი დაატარებს. ქარხნის მუშაკები გასართობად ბორდელის მუშაკებზე აწყობენ ნადირობას, მათ კი მიწა ისე ყლაპავს, რომ ზედმეტი კითხვა არავის უჩნდება. სპორტული გუნდების მამრი მასკოტები ერთმანეთს თავპირს ალეწავენ, რადგან „კარადიდან“ გამოსვლის ეშინიათ. მიწისქვეშ განთავსებული მეთანის ქარხანა ოცდაოთხსაათიანი მეთვალყურებობის გარეშე ჰაერზე აწევს მთელ ქალაქს და მის ნარჩენებს საქონლის ნაწლავებით და განავალით დაფარავს. ქალაქის ყველაზე კალორიტული მცხოვრები, ოდინ ქუინქენონი კი მხოლოდ ერთ ღმერთს, ხორცს ეთაყვანება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ენვილის ყველა მცხოვრები ჭეშმარიტი გზას აცდენილი  ცხვრის ფარაა, რომელთაც მწყემსი დაეკარგათ. ჯესი კასტერი კი მღვდლის ანაფორას ამოფარებული ნაბიჭვარია, რომელსაც შუა ასაკის კრიზისმა აიძულა მამამისისთვის მიცემული პირობა აღესრულებინა: ფეტიშისტურ სექსზე, კით რიჩარდსის შესაშურ ნარკოტიკების რაოდენობაზე და ალკოჰოლის აბაზანის მიღებაზე დროებით უარი ეთქვა და ენვილის მრევლისთვის შეეხსენებინა თუ რა არის ღვთის რისხვა.

მაყურებელმა, რომელმაც წინასწარ არაფერი იცის ფრიჩერის სამყაროს შესახებ შესაძლოა თავდაპირველად დაბნეულობა იგრძნოს, ვერ მიხვდეს რას უყურებს ან საით მიდის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი სეზონი რადიკალურად განსხვავდება კომიქსებისგან, მათთან გაცნობა ბევრად უფრო ნათლად დაგანახებთ ზოგად მონახაზს. ამავე დროს თავდაპირველ წყაროსთან გაცნობაზე თუ უარს იტყვით, შოუ გაცილებით მარტივად შეძლებს თქვენს გაკვირვებს და შთაბეჭდილების მოხდენას. აქ განვითარებული მოვლენები ხშირად იმდენად აბსურდულია, რომ ცივი გონებით მიდგომა და განსჯა თუ რა და როგორ მოხდა, მეორეხარისხოვანი ხდება. ის, რომ პატარა, ყველასგან მივიწყებულ ქალაქში, გარე სამყაროსგან სრულიად უხილავად, ბიბლიური მნიშვნელობის მოვლენა ხდება (რომ არაფერი ვთქვათ ვამპირებზე; ბიჭზე, რომელსაც სახის ნაცვლად პროჭი აქვს; ბიზნესმენზე, რომელიც თავის კოლეგებს გენოციდს უწყობს და ა.შ.), მომხიბვლელ კონტრასტულობას და ინტერესს წარმოქმნის. ინტერესს არა კონკრეტულ კითხვაზე პასუხის მოპოვების კუთხით, არამედ იმის ცნობისმოყვარეობით თუ კიდევ რამდენად აბსურდული გახდება ეს ყველაფერი, სანამ საბოლოოდ სერიალი საკუთარი თავის პაროდიად გადაიქცევა.

დამხმარე პერსონაჟების სიჭარბის მიუხედავად, შოუს მთავრი ტრიუმვირატი შემდეგადნაირ გამოიყურება: ჯესი კასტერი (ტიტულოვანი პერსონაჟი), მისი ვამპირი ძმაკაცი კესიდი (რომელიც ჯესის წარსული ცხოვრების ყველაზე უარყოფით მახასიათებლებს ინარჩუნებს და ამავე დროს ბევრად უფრო დიდ სიმპათიას იწვევს) და ტულიპი, რომელიც ერთდროულად სატელევიზიო სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე თავზეხელაღებული და ამავე დროს გამაღიზიანებელი  ქალი პერსონაჟია (ეს უკანასკნელი ჯესიზე არსებული ფიქსაციით არის გამოწვეული). ამ სამს შორის ყველაზე სუსტი რგოლი  ჯგუფის დე ფაქტო ლიდერი ჯესი კასტერია, რომლის გარშემოც ვითარდება მთელი ისტორია. ხშირად მისი მოტივაციები ან სუსტად არის წარმოჩენილი, ან მსახიობი ვერ ართმევს თავს პერსონაჟის კომპლექსურობას. ეს იმდენად შესამჩნევი არ იქნებოდა, მის გვერდზე გამუდმებით კესიდის როლის შემსრულებელი, ჯოსეფ გილგანი რომ არ იყოს, რომელიც არაადამიანური სიმარტივით ახერხებს ისეთი პერსონაჟის შექმნას, რომელიც ერთდროულად ქაოტური მანიაკია, რომელიც ვამპირებზე მონადირეების სისხლში ბანაობს და დილას ”კრაკადილის” ინექციით იწყებს და ამავე დროს ჯესის მორალური კომპასის ფუნქციასაც ითავსებს.

შოუს მთავარი დამსახურება მნიშვნელოვან კითხვებზე აბსურდული და ამავე დროს სიმართლის მარცვალის შემცველი პასუხების გაცემაა. რატომ ემართებათ ცუდი შემთხვევები კარგ ადამიანებს? ყველანი რაიმე ღვთაებრივი გეგმის ნაწილი ვართ თუ კოსმოსში გამოკიდებულ ქვაზე მოხეტიალე მაიმუნები? ფენციკლიდინის შეყნოსვის და 8 რედ ბულის დალევის შემდეგ ჯასტინ ბიბერის მოსმენა მართლა ასწორებს? პასუხის გაგება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ საკმარისად დიდი ყვერები გაქვს კითხვების დასასმელად, ისეთი, თავად უფალსაც რომ შეშურდება.

x

Check Also

მიმოხილვა: Game of Thrones 7.2

ავტორი: ფორვე მიუხედავად იმისა, რომ გასული სეზონის დასასრულის მთავარი გამონათება სერსეი იყო, მის მიერ ტახტის ...