Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: Jurassic World

რეცენზია: Jurassic World

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

დინოზავრების კლონირება მხოლოდ გენეტიკოსებს არ უყვართ, ამ საქმით მსხვილი სტუდიებიც დიდი ენთუზიაზმით არიან დაკავებული. 2015 წელს კინოთეატრები საბოლოოდ გადაიქცა გასული საუკუნის მუზეუმად. შორიდან ”გიჟმაჟი მაქსი” გაყვირის, რომელიც დიდი ხნის გადაშენებული სახეობა ეგონა ყველას. პოსტერებიდან ტერმინატორი იყურება დაბერებული და კოროზია შეპარული. წლის ბოლოს ”ვარსკვლავური ომებიც” დესანტირდება კინოთეატრებში. ამჟამად კი ”იურული პერიოდის პარკის” რებრენდინგის შედეგად ხელახლა იღება გიგანტური კარიბჭე და ბავშვობაში დაბრუნებას მაცდურად გვთავაზობს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშოვობის მოგონებები კარგად გაყიდვადი პროდუქტია, რა თქმა უნდა ყველანი ფორესტ გამპივით რეალური მოტივის არ ცოდნის გარეშე გავრბივართ უახლოეს სეანსზე. შინაგანი ბავშვი აღელვებულია, მაგრამ დაგვხვდება ის ნოსტალგიური ბედნიერება, რომელიც 90-ან წლებში განვიცადეთ ფრენჩაიზის პირველი იდეალური ინსტალაციისგან? თუ პარკში მისული აღმოვაჩენთ რომ ახალი ჰიბრიდული დინოზავრები პედოფილ მტაცებლებად არიან ქცეულნი, რომლებიც ჩვენი ბავშვობის შერყვნას ცდილობენ? ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით.

მთელი ბავშვობა ღრმად მწამდა, რომ ნებისმიერი სახის ხელოვნების ნიმუში უკეთესი ხდება თუ მასში დინოზავრები ჩნდებიან. როგორც ჩანს ჩემზე ადრე ამ ჭეშმარიტებას სტივენ სპილბერგი ჩაწვდა და 1993 წელს კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმიც გადაიღო (”შინდლერი” არა, მეორე), რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია პოპ კულტურაზე. დღეს კი სტუდია “უნივერსალმა” მისი გენეტიკური კოდით სცადა შეექმნა წარსულის ნოსტალგიის და თანამედროვე ბლოკბასტერების სტანდარტების დამაკმაყოფილებელი ჰიბრიდი, რამაც არც თუ ისე სახარბელო შედეგი გამოიღო. რეალურად ფილმის მეოთხე სერია გვერდს უვლის წინა სიქველებს და პირველი ფილმის მიხედვით აგრძელებს თხრობას.

პრინციპში ძნელია ამას ისტორიის გაგრძელება უწოდო, რადგან თითქმის ყველა სიუჟეტური ასპექტი მეორდება. იმ განსხვავებით, რომ აქ პერსონაჟების ფსიქოპორტრეტი საკმაოდ ზედაპირული და კლიშეებით გატენილია. აქ ორი მთავარი პერსონაჟი ბავშვისადმი  მაყურებლის თანაგრძნობის გაჩენას სცენარისტები ცდილობენ იმით, რომ უმცროსს დედ-მამის განქორწინებაზე განცდების შესახებ ანერვიულებენ, უფროსს კი შეყვარებულთან დაშორების ფაქტზე. მორჩა. ვინსენტ დონოფრიოს პერსონაჟი სერიოზულად მსჯელობს იმ საკითხზე, რომ ახალი ჯიშის რაპტორები, რომლებიც ასე თუ ისე გახედვნას ექვემდებარებიან ამერიკის საჯარო ნაწილებში უნდა გაწევრიანდნენ და ერაყში იბრძოლონ. სერიოზულად, მართლა ამ იდეას ანვითარებს.

რაც თვალს ახარებს ფილმში, ეს არის რეალისტური ვიზუალური ეფექტები, მონატრებული დინოზავრები (თუმცა მათი 90% ტრეილერში უკვე გვიჩვენეს) და კრის პრატი. ამ უკანასკნელის პერსონაჟი ერთადერთია ფილმში, ვისაც რაციონალური აზროვნება შეუძლია და რეალურად აკეთებს საქმეს. ცალკეული კადრები საშინელებათა ფილმის კალიბრის შემზარავ სცენებს შეიცავს, ხოლო დანარჩენი ყველაფერი სტაბილურად, როგორც სიქველიზაციის კანონებს მოეთხოვება ისე მიმდინარეობს: უფრო მეტი, უფრო დიდი და უფრო ხმაურიანი – მთავარი პოსტულატი დაცულია. შესაბამისად ეს არის სერია, რომლის ყურების დროსაც უნდა გამორთო გონება და გაახარო თვალი, არადა თავის დროზე სტივენ სპილბერგმა იზრუნა, რომ ეს ორივე მედიუმი თანაბრად, სიმბიოუზურად მიეწოდებინა აუდიტორიისთვის.

როდესაც პირველი “იურული პერიოდის პარკი” გამოვიდა (1993 წ.) ეს იყო ინფორმაციულობის ხანა, როდესაც მთელი მსოფლიო ერთბაშად დაინტერესდა კომპიუტერებით. შესაბამისად წამოჭრილი საკითხი თუ რა შედეგების მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაფრის კომპიუტერიზაცია დროული და სწორი აღმოჩნდა. ის საფრთხეები რაც შეიძლება კომპიუტერულ სისტემებზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ გამოიღოს სრული სიცხადით წარმოაჩინა სპილბერგმა. ეს იყო გაფრთხილება საზოგადოებისადმი, რომელიც ზედმეტად დამოკიდებული ხდებოდა ტექნოლოგიებზე.

ისეთი კომპლექსური სისტემები როგორიც ამ შემთხვევაში არის იურული პერიოდის პარკი შეუძლებელია მივიღოთ როგორც წინასწარ განსაზღვრული მოცემულობა. რაიმე მოულოდნელი აუცილებლად მოხდება, რასაც ვერცერთი კომპიუტერული პროგრამა ვერ აღმოფხვირს. შეუძლებელია კომპიუტერულმა გათვლებმა ჩაანაცვლოს ადამიანის მოქნილი აზროვნება. გარემოებები იცვლება და ყველაზე რთული კომპიუტერული პროგრამაც კი ვერ აუბამს ამ ცვლილებებს ფეხს.

მეორე მნიშვნელოვანი აქცენტი სპილბერგის “პარკში” და პრინციპში “იურულ სამყაროშიც” ისმევა მეცნიერების კომერციალიზაციასთან დაკავშირებით. ნათლად ვხედავთ თუ რამდენად არაეთიკურია სამეცნიერო მიღწევების ძალაუფლების და კაპიტალის მოსახვეჭად გამოყენება. მსხვილი კორპორაციები, რომლებიც მეცნიერების დაფინანსებით ცდილობენ არა საზოგადოებისთვის საჭირო სარგებელი, არამედ ფულადი მოგება ნახონ, პირდაპირ ექსპლუატაციას უწევენ მეცნიერებას. ისინი ისაკუთრებენ სხვის შრომას და აქცევენ კერძო ინტერესის საგნად. როგორც პირველ, ისე მეოთხე სერიაში პარკის ხელმძღვანელობის ღირსება და მორალი ხურდავდება ფულზე. მათ ხელთ აქვთ გენური და ბიო ინჟინერიის რევოლუციური მიღწევები და მას მხოლოდ კაპიტალის გაზრდისთვის იყენებენ. შესაბამისად მეცნიერება არ ხმარდება ხალხს, რასაც საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე მივყავართ.

მესამე მნიშვნელოვანი საკითხი რაც მთელ ფრენჩაიზს გასდევს, არის ადამიანის და ბუნების ურთიერთკავშირი. ძალაუფლების მქონე ადამიანები ცდილობენ ბუნება მართონ, რაც აპრიორშივე განწირული იდეაა. ბუნება ქაოტურია, უკონტროლო და სახიფათოა. მეცნიერება კი წესრიგია. ადამიანს არ შეუძლია ბუნების დამორჩილება, შესაბამისად მასში წესრიგის დამყარება. ამიტომ ბუნება ყოველთვის იმარჯვებს. და ალბათ “იურული პერიოდის პარკი” ამის საუკეთესო მაგალითია “ფრანკენშტეინის” შემდეგ. რეალურად მთავარი ანტაგონისტი ფილმში დინოზავრები სულაც არ არიან, ისინი ბუნების უკონტროლო ძალას წარმოადგენენ, მთავარი ბოროტმოქმედი მსხვილი კორპორაციებია, რომელიც ემსახურება არა მეცნიერებას, არა ადამიანს, არამედ ვალუტას.

ყველაფერი ზემოთთქმული რეალურად სტივენ სპილბერგის ორიგინალის და არა ”იურული პერიოდის სამყაროს” დამსახურებაა. სიუჟეტურად ახალი სერია არაფერს ახალს არ ამბობს, ის უბრალოდ სავსეა თავის წინაპრის სიყვარულით და სწორად შერჩეული ტაქტიკით ეთამაშება აუდიტორიის ნოსტალგიურ გრძნობებს. ერთადეთი რასაც მეოთხე სერია დამოუკიდებლად გვთავაზობს არის კონსუმერული საზოგადოების კრიტიკა. პარკის მარკეტოლოგები წუხან იმის თაობაზე, რომ პუბლიკას მალე მობეზრდება კარგად ნაცნობი დინოზავრები და შესაბამისად შემცირდება შემოსავლები.

არც ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი ტირანოზავრი, არც მოზაზავრიანი ატრაქციონი, სადაც ის გიგანტურ თავს დელფინივით ჰყოფს წყლიდან და ჰაერში დაკიდებულ ზვიგენს ერთ ლუკმად ყლაპავს ხალხს უკვე აღარ აღაფრთოვანებს. ამიტომ დინოზავრები უნდა გახდნენ უფრი გიგანტურები, საშიშები, მოდერნიზებულები და სწრაფები. ამ ყალბი მოთხოვნების გამო ხდება მეცნიერების სამომხმაებლო ტყვეობაში მოქცევა და მისი ერთადერთი ღირებულება მეტი ფულადი შემოსავალი ხდება. და თუ ამ აბზაცს თავად ფილმთან მიმართებაში გადათარგნით, ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახდება.

მოკლედ სულ ესაა. პარკი გაიხსნა და კიდევ დიდი ხანი არ დაიხურება, რადგან საზოგადოებას უყვარს საჭიროებისაგან დაცლილი მედიუმის მოხმარება. და იმას საერთოდ აღარ აქვს მნიშვნელობა თუ საითკენ წაგვიყვანს სიუჟეტი, დასასრულს მაინც ვიცით, რომ პარკი იქამდე იქნება ღია, სანამ ფული შემოდინებას არ შეწყვეტს, დინოზავრები კი მუდამ გაიქცევიან ტყვეობიდან. იმიტომ, რომ როგორც ენგელსი ამბობდა, ”ბუნება აუცილებლად იძიებს შურს მასზე ყოველი გამარჯვებისთვის”.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...