Breaking
Home » მთავარი » მუსიკა » მიმოხილვა – The Irrepressibles

მიმოხილვა – The Irrepressibles

ავტორი: დავით ლომია

10 მარტს, პროექტ „მუზამეს“ ეგიდით თბილისს ჯეიმი მაკდერმოტი, არტ პოპ ბენდის – The Irrepressibles დამფუძნებელი/კომპოზიტორი/სოლისტი ეწვია. ისეთი არტისტის ვიზიტს, რომელიც ღიად გეია, ამავდროულად ქვიარ აქტივისტია და რომლის მუსიკაც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, არა მხოლოდ კულტურული, არამედ სოციალური მნიშვნელობაც ენიჭება, რადგან საჯარო სივრცეში ხდება ისეთი თემების მუსიკალურად გაჟღერება, რომელზეც ძირითადად ძალიან იშვიათად ვიღებთ ხმას.

კონცერტის ვენიუ – Spacehall – შესამჩნევი გაუმჯობესებაა მისი წინამორბედი ლოკაციისგან, სადაც არც სივრცე იყო სახარბიელო, არც ხმა და არც „მუზამესთვის“ შესაფერისი ესთეტიკა იყო წარმოდგენილი. ახალი სივრცე წინ გადადგმული ნაბიჯია ამ სამივე მიმართულებით. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ მოლი ნილსონის მოსმენას აქ ვერ მოვესწარით.  საბედნიეროდ, ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა შემდეგი ივენთი ამერიკული ბენდის Xiu Xiu სახით, რომელიც ამ სივრცეს ახლო მომავალში გაამდიდრებს და შეწევს პოტენციალი, ”მუზამეს” საუკეთესო ივენთად დაფიქსირდეს.

Spacehall-ის სივრცე ბევრად უფრო ადაპტირებადი გამოდგა აკუსტიკური ჟღერადობისთვის. ეს განსაკუთრებით კარგად წარმოჩნდა The Irrepressibles-ის პერფორმანსის დროს, რადგანაც ჯეიმის პიანონოს და გიტარას მხარს ვიოლინო და ჩელო უბამდნენ. ამ კლასიკური ინსტრუმენტების სცენაზე გამოჩენამ, ზოგიერთი მსნემენლი ცოტა დააბნია კიდეც, სანამ სცენაზე თავად ვოკალისტი არ გამოჩნდა. თუმცა, მსმენელის მხრიდან დაბნეულობა იმ საღამოს არაერთხელ შეიმჩნეოდა.

muz

 

ბასიანზე სიარულს შეჩვეულმა მსმენელმა, ვერ გაიაზრა, რომ ამ სივრცეში და ამ ტიპის მუსიკის მოსმენა ყაყანის ფონზე ნაკლებად სასურველი იყო, რადგანაც ახალ სივრცეში მუსიკას ნაკლებად შეეძლო აუდიტორიისგან წამოსული ხმაურის გადაფარვა, რაც ზოგიერთ ტრეკზე არასასიამოვნო დისონანს ქმნიდა. განსაკუთრებით ცუდად გამოჩნდა ეს ყველაფერი ბოლო სიმღერაზე, სადაც ჯეიმი უკვე მეორეჯერ, ამჟამად მარტო დაბრუნდა სცენაზე და საფინალო ტრეკი შეასრულა. მსმენელის ნაწილი, რომელიც უკვე კარისკენ მიდიოდა, უკან შემობრუნდა, მაგრამ სიჩუმის აღდგენის მცდელობა ჩანასახშივე ჩაკვდა. საღამოს განმავლობაში გვერდზე ეგზალტირებული ადამიანი მეჯდა, რომელიც ყოველ ტრეკს (მათ შორის საკმაოდ საშუალოებსაც) არაჯანსაღი ბედნიერებით ხვდებოდა, ალბათ ეს ფაქტი არ დამამახსოვრდებოდა, კონცერტის ბოლოს ამ ახალგაზრდას მის გვერდით მჯდომისთვის რომ არ ეკითხა, სცენაზე ვინ დგასო.

პერფორმანსის ჰაილაითი ცალსახად Two man in Love-ის და In this Shirt-ის შესრულება იყო, არტისტის ორი ყველაზე ცნობილი ტრეკის და რომლის მეშვეობითაც იცნობს მას მსმენელთა დიდი ნაწილი. პროფესონალურად დაყენებულმა განათებამ და გამართულმა ხმამ ბოლო თვეების განმავლობაში თბილისში ჩატარებულ მუსიკალურ ივენთებს შორის, ეს რამდენიმე წუთი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულად აქცია. თავად ჯეიმი, რომელმაც ივენთი ჩვეული სიმორცხვით დაიწყო, ივენთის მეორე ნახევარში, როგორც ჩანს გათამამდა და აუდიტორიასთან ინტერაქციაზე უარს არ ამბობდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სცენაზე ერთ-ერთი მისი ფანი, ან უბრალოდ მათრობელი სუბსტანციებით გაჟღენთილი პიროვნება, ავარდა და მას ჩაეხუტა.

საბოლოო ჯამში ლაივ შესრულების, აუდიტორიის თუ სივრცის მხრივ, ივენთი საკამოდ სასიამოვნოდ წარიმართა და კიდევ უფრო გააღვივა ენთუზიაზმი შემდეგი ღონისძიებებისკენ, რომლის ფარგლებშიც იმედია კიდევ უფრო მნიშვნელოვან და საინტერესო არტისტებს ვიხილავთ.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...