Breaking
Home » მთავარი » სერიალები » მიმოხილვა: Game of Thrones 7.3

მიმოხილვა: Game of Thrones 7.3

ავტორი: ფორვე

პირველ ორ სერიაში სრული სიუჟეტური უმოქმედობა შოურანერების გენიალური ჩანაფიქრი აღმოჩნდა. მაყურებელი იმდენად დაიღალა დიალოგებით და ექსპოზიციით, რომ ოლენა ტაირელის უღიმღამო სიკვდილს საოცარი აღტაცებით შეხვდა. ტაირელების (შვიდ სამეფოში ყველაზე მდიდარი) სახლის ერთადერთმა ცოცხლამა წარმომადგენელმა ისე სწრაფად წააგო აჯანყება, რომ ნებისმიერი ექიმი მას დემენციის დიაგნოზს დაუსვამდა. წავიკითხე თეორიები იმის შესახებ, რომ ოლენას ბოლო სიტყვები სერსეის შესახებ საბოლოოდ აიძულებს ჯეიმის განუდგეს თავის დას. ასეც რომ მოხდეს (და დიდი ალბათობით მოხდება), საკუთარ დაზე იმ ქალისგან მიღებული კრიტიკა, რომელიც რამდენიმე წუთში გეუბნება, რომ შვილი მოგიკლა, მაინც და მაინც ძლიერი არგუმენტი არ არის ცხოვრების გადასააზრებლად.

ეპიზოდის მთავარი ივენთი, ის რასაც რამდენიმე სეზონი ელოდებოდა მაყურებელი, ჯონის და დაენერისის შეხვედრა, არაფრით გამორჩეული არ აღმოჩნდა. დაენერისმა საკუთარი რეპრეზენტაცია თავში ავარდნილი თინეიჯერი გოგოსავით მოახდინა. მისი მიღწევების უმეტესობა ან სუფთა წყლის გამართლებით ან დეუს ექს მაქინას წყალობით მოხდა. სხვაგვარად თინეიჯერი გოგონა თანამედროვე ლიბერალური ღირებულებებით ვესტეროსის ან ესოსის კონტინენტზე პირველივე რამდენიმე წუთში მოკვდებოდა. ყველაზე დიდი ალბათობით მის ადგილზე ნებიმიერ სხვას დროგო ტყვნაში გადახევდა. იმ მომენტშიც კი, როდესაც ის და ჯონ სნოუ ერთმანეთს ყვერების სიდიდეში ეჯიბრებოდნენ, მან საკუთარი თავი გაუპატიურების მსვერპლად წარადგინა, თუმცა იმის ხსენება დაავიწყდა, რომ შემდეგ ის ადამიანი შეუყვარდა, რომელმაც მასზე იძალადა და მოკლედ, ძალიან უხერხულ მორალურ გაუგებრობაში ამოყო თავი (ბარემ ამ თემას ვეხებით და… ბრანი იმდენი ხანი იყო ცივილიზაციას მოწყვეტილი, რომ სანსასთან საკუთარი ძალების დემონსტრაცია, მისი გაუპატიურების საღამოს გახსენებით მოახდინა, რაც მისი გონებრივი შესაძლებლობებიდან გამომდინარეც კი, იდიოტიზმის ხელოვნებაში ინოვაციის ახალ საფეხურს წარმოადგენს). ჯონ სნოუ ამ ყველაფერს ისეთი თვალებით უყურებდა, თითქოს ვერ გაეგო, რა გაუგებრობაში გაეხვა, დაენერისის ანტაგონიზაცია მოეხდინა, თუ ფანების მრავალწლიანი სურვილი განეხორციელებინა და მასთან კოიტუსით დაკავების მცდელობაში დაღუპულიყო. სავარაუდოდ, უფრო ის აზრი აწუხებდა, რომ „ვაიმე, მემგონი სანსა მართალი აღმოჩნდა“-ო. მისი არ იყოს და მსგავსი გამომეტყველება მეც მივიღე, მაგრამ სერიის ბოლოს აღმოჩნდა, რომ სანსას გაფრთხილება მაინც საჭიროებას მოკლებული აღმოჩნდა და ჩრდილოეთის და ტარგარიანების ალიანსი შედგება.

რაც შეეხება ვესტეროსში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. წინა რევიუებში გამოთქმული ჰოპოტეზა იმის შესახებ, რომ ლანისტერების დამარცხება ისეთი ადვილი არ იქნებოდა, როგორც თავდაპირველად ჩანდა, სწორი აღმოჩნდა. ამ სეზონის დასასრულამდე მთავარი კონფლიქტი მათსა და ტარგარიანებს შორის შედგება. შემდეგი სეზონი კი მთლიანად ჰაი ფენტეზის თემატიკის იქნება. ცოტა უცნაურიც კი არის, რამდენად სწრაფად მოახერხა ლანისტერების ოჯახმა თავისი რეაბილიტაცია და ერთდროულად ორი ძლიერი მტერის ჩამოშორება (მარტელები და ტაირელები), ეს სავარაუდოდ სერიალის ბოლო პოლიტიკური დაპირისპირება იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ მათი დამარცხება ისეთივე მარტივი არ იქნება, როგორიც ტაირელების და მარტელების.

სერსეის ქუჩაზე როგორც იქნა გაზაფხული მოვიდა. ის რომ ლენა ჰიდეი მთავარ პერსონაჟებს შორის საუკეთესო მსახიობია, მხოლოდ იმ სცენაშიც შესამჩნევია, როდესაც შვილის მკვლელს მოუყვანენ. მისი სასტიკი შურისძიების მიუხედავად, ძნელი ხდება მისი გამტყუნება. მომენტები, როდესაც მაყურებელი არ განსჯის, ზოგჯერ კი სიმპათიითაც განეწყობა მორალურად ამაზრზენი პერსონაჟის მიმართ, ყველაზე ნათლად წამოაჩენს „სამეფო კარის თამაშების“ საუკეთესო მხარეს. ძალიან გამიკვირდება თუ მისი პერსონაჟი ამ სეზონს გადაურჩება და წინასწარ ვიწყებ მასთან გამომშვიდობებას. დასამახსოვრებელი ვილანების დიდი რაოდენობის მიუხედავად, მათი უმეტესობა გონებაშერყეულ სადისტებს წარმოადგენდნენ, მაშინ, როდესაც სერსეი ყველაზე ადამიანურ ბოროტებას ასახავს.

სხვა:
  • დაენერისი მალე აღმოაჩენს, რომ ჯორა მორმონტი შვიდ სამეფოში ყველაზე მიზანდასახული ვაჟიშვილია
  • ჯონ სნოუ ისეთ მაღაროს გახსნის, რომელშიც უსაფრთოხების ნორმები ტყიბულზე უკეთ იქნება დაცული
  • ვარისი სულ უფრო და უფრო ემსგავსება საყვარელ პანდას, განსაკუთრებით სირბილის დროს
  • აღმოჩნდა რომ ბრანს ფეხებთან ერთად ეთიკის ნორმებიც წაერთვა
  • მაიკროფტ ჰოლმსმა, შერლოკის შემდეგი სეზონის მოლოდინში, საკრედიტოში დაიწყო მუშაობა
x

Check Also

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული ...