Breaking
Home » მთავარი » სხვა » რეცენზია: A Monster Calls

რეცენზია: A Monster Calls

ავტორი: გიორგი არეული

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად იკლო ისეთი ფილმების რაოდენობამ, რომელიც ბავშვობის დასრულების და ზრდასთულთა სამყაროში გადანაცვლების თემატიკას ეხება. რამდენადაც ხშირია ეს თემატიკა თანამედროვე ლიტერატურულ სამყაროში, იმდენადვე მწირია მისი წარმომადგენლების რაოდენობა კინოში.

მიზეზი საკმაოდ მარტივია, დღევანდელი კომერციული კინოინდუსტრია დიდწილად მაყურებლის ინფანტილურობაზე დგას და მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი პრიმიტიულობა მაყურებლის ბავშვობაში დაბრუნების მცდელობით გაამართლოს, შესაბამისად ფილმების გადაღება „ბავშვობის“ დასასრულზე (თუ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებსს მოიაზრებს ეს ფაქტი)კონტრ-ინტუიტიური იქნებოდა. მეორე მხრივ მსგავს ფილმებს მაყურებლების მოზიდვა უჭირთ, ბავშვებისთვის ასეთი ფილმები ხშირად ზედმეტად რთული გასაგებია, ზრდასრულების უმეტესობა კი კინოში წასვლით, ისევ ამ ბავშვობაში ცდილობს გადანაცვლებას.

A Monster calls-ის ორიგინალი ჩანაფიქრი საბავშვო წიგნების ბრიტანელ მწერალს, შივან დაუდს ეკუთვნოდა, თუმცა მისი კიბოსგან გარდაცვალების გამო, წიგნის დაწერა მისმა კოლეგამ, პატრიკ ნესმა აიღო თავზე. ამასთან აღანიშნია, რომ მასვე ეკუთვნის ფილმის სცენარიც. ფილმის ნახვა, ან თუნდაც ტექსტთან გაცნობა ცხადყოფს, რომ ეს ნაშრომი შივან დაუდის ერთგვარი გამომშვიდობება იყო სამყაროსთან. თავის უკანასკნელ ნაშრომში ავტორი მკითხველს პირდაპირ მიმართავდა და ეუბნებოდა, რომ ზოგიერთ მათგანს დროზე ადრე მოუწევდა ბავშვობასთან გამომშვიდობება. ამ ტრანსფორმაციის შესამსუბუქებლად, სამყაროს შეცნობისთვის და ახალი პრიზმიდან დანახვისათვის, ავტორი ბავშვებისთვის ყველაზე გასაგებ მედიუმს, ზღაპრებს იყენებს. ავტორის მაგივრად ამ ზღაპრებს ჩვენ მთავარი გმირის,  კონორ ო’მაილის ქვეცნობიერის მიერ გამოძახებული მონსტრი გვიყვება. სამი უცნაური ზღაპრის შემდეგ, ო’მაილიმ ან საკუთარი ისტორია უნდა მოყვეს ან მოკვდეს. ამ ზღაპრებიდან ორი დიდ ეკრანებზე ულამაზესად არის ანიმაციურად გადატანილი, ზუსტად ისე, როგორც ხატვის მოყვარული პატარა ბიჭის თავში იქნებოდა წარმოჩენილი. ეს ზღაპრები ბევრად უფრო ავთენტურია ვიდრე მაგალითად ”დისნეი”, რომელმაც ცხოვრებისეული გაკვეთილების ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადატანის ნაცვლად, რამდენიმე თაობას სამყაროს აღქმა შავ-თეთრ ფერებამდე შეუზღუდა. A Monster Calls კი აბსოლუტურად საწინააღმდეგო მხარეს იღებს გეზს.

ფილმის მთავარ პერსონაჟს იმდენად ტრავმატული რეალობა გააჩნია (დედას კიბო აქვს, სკოლაში ფიზიკურად ჩაგრავენ, მამა ამერიკაში ცხოვრობს სხვა  ოჯახთან ერთად, ბებია უგულო მაკლერია, რომელთანაც ცხოვრების პერსპექტივა სრულებით არ ახარებს), რომ მისი პათეთიკურ სანახაობად გადაქცევის გარდაუვალობის თავიდან არიდება მხოლოდ კარგად შერჩეულ სამსახიობო ანსამბლს და ფილმის ზღაპრულ მხარეს თუ შეძლო. განსაკუთრებით გამოსარჩევნია ლიამ ნისონი, რომელიც მონსტრს ახმოვანებს და რის გამოც ფილმის ორიგინალში ნახვა გაცილებით შთამბეჭდავია.

ფილმის მთავარი ნაკლი, მხოლოდ მაშინ წარმოაჩენს თავს, როდესაც ის წიგნს არ მიყვება. აქ საქმე არ არის სხვა მიმართულებით წასვლაზე და ცვლილებების შეტანაზე. გაუგებარი მიზეზით ფილმი უბრალოდ აიგნორებს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს. მთელი აქცენტი სახლში მიმდინარე ტრაგედიაზე კეთდება, მაშინ, როდესაც ისტორიის არანაკლებ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია მთავარი გმირის ურთიერთობა მის თანატოლებთან და ოჯახის გარეთ მყოფ ზრდასრულებთან. ერთნი მასთან დაახლოებას ერიდებიან, თითქოს დამდეგი ტრაგედიის სუნს წინასწარ გრძნობენ, ზრდასრულები კი მზად არიან მას ყველაფერი აპატიონ, არ მოთხოვონ ისევე, როგორც სხვებს და არ დასაჯონ საჭიროების შემთხვევაში. ერთადერთი ადამიანი სახლის გარეთ, რომელიც მისთვის უჩინარი არ არის, მისი მჩაგვრელია. ისტორიის ამ მონაკვეთზე ყურადღების არასათანადოდ გამახვილება, მონსტრის მესამე, ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიას (უჩინარ ადამიანზე) ემოციურობას და დატვირთვას აცლის და ადაპტაციასაც უფრო ზედაპირულს ხდის.

ნაკლების მიუხედავად, ფილმი ემოციურად დატვირთულია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დედა-შვილის ურთიერთობა იმდენად უნივერსალური თემაა, ძნელია ამ ტრაგედიის შემყურე გულგრილი დარჩე. ამავდროულად, გამართული ვიზუალური ეფექტები, და ბოლო წლების განმავლობაში შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო მონსტრი, საკმარის მიზეზებს წარმოადგენს იმისთვის, რომ ფილმი დიდ ეკრანზე იხილოთ.

x

Check Also

რეცენზია: პიკნიკი გზის პირას

ავტორი: დავით სამნიაშვილი ბევრისთვის მეოცე საუკუნე პრომეთეა, რომელმაც ადამიანებისთვის ცეცხლი მოიპოვა, თავად კი ამისთვის სასტიკად ...