Breaking
Home » მთავარი » სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სტივენ სპილბერგის ”მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში” მეცნიერების ჯგუფი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო ხელმძღვანელობს, ცდილობს უცხო ცივილიზაციასთან კომუნიკაციის ფორმა გამოძებნოს და ამისთვის საუკეთეოს მედიუმად მუსიკას შეარჩევს. ვინ იცის რამდენად სურდა იგივე ეფექტის მიღება რობერტ ჰენკეს, როდესაც თავის აუდიო-ვიზუალურ წარმოდგენას, ”ლუმიერ III”-ს ქმნიდა, მაგრამ სანახაობა სხვა არაფერია თუ არა უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტის მცდელობა. თუ ცივილიზაციასთან არა, გონების იმ შრეებთან მაინც, რომელიც აქამდე ცნობიერის ველში არ ფიქსირდებოდა.

”ლუმიერ III”-ს კონცეპტი იმაში მდგომარეობს, რომ ლაზერული სხივებისგან შექმნილი ფიგურები მუსიკასთან უნისონში მოძრაობდნენ და ქმნიდნენ ახალ სონიკურ სინტაქსს. თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართული კონსტელაცია ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და მაცოცხლებელი ხასიათის ივენთი იყო რასაც წელს დავსწრებივართ. არტისტი არა სცენაზე, არამედ აუდიტორიის შუაგულში, მაყურებელთა ეპიცენტრში იდგა, საიდანაც კურირებდა ეკრანზე მიმდინარე მოვლენებს და დინამიკებიდან გადმოღვრილ სიხშირეებს. ეკრანზე კი ყველაზე გრანდიოზული რორშაჰის ტესტი ისახებოდა, რომელიც ერთი მხრივ კონკრეტულ ფიგურებს, სიმბოლოებს, პიქტოგრამებს წარმოადგენდს, მეორე მხრივ კი მათზე შინაარსობრივი დატვირთვა მხოლოდ ინდივიდუალური თვალდახედვის ამბავია. ტექნო ბიტები მრავალფეროვანი რითმის სექციით, ძლიერი დრამ მეშინის დარტყმებით, ბუნების ხმებით, რომლებიც სინქრონულად გამოისახება მაყურებლის/მსმენელის წინ აღმართულ ეკრანზე გაომეტრიული ლაზერული ფიგურებით, საბოლოოდ წარმოადგენს ფსიქოდელური მოქმედების აპარატს, რომლის ინექციასას ხედვითი და სმენითი ორგანოებით იღებ და ეს აუდიოვიზუალური ამპულა ემოციურ სისტემაზე პირდაპირ და მაქსიმალურ რეზონანსს გაძლევს.

შოუში მუსიკალურ თხრობას ემატება ვიზუალური კომპლექსურობა, რაც ინსტალაციის სტრუქტურას ამდიდრებს და ეს ყველაფერი აღქმის რეცეპტორებისთვის მაამებლურად მოქმედებს. დანახული ფორმები მრავალი შინაარსით და სიმბოლური დატვირთვით შეიძლება წაიკითხო, რაც ონტოლოგიური აღქმის დიაპაზონის და წარმოსახვის უნარის მოქნილობის მიეხდვით განისაზღვრება, რადგან მთლიანად ინტერპრეტირებად ველზეა აშენებული. ჰენკეს ”ლუმიერ III” თითქოს კონტაქტია სამყაროს ახალ ფორმებთან და მეტაფიზიკურ საგნებთან, რომლებსაც აქამდე ვერ ვხედავდით, ვერ ვუსმენდით და ვერ ვკითხულობდით, რადგან ამისთვის საჭირო ენის ცოდნა არ გაგვაჩნდა. ჰენკე ის დესპანი გამოდგა, რომელმაც ახალ რეალიებთან დააკავშირა ”სოუ ფესტივალზე” მოსული აუდიტორია და გაორმაგებული სასიცოცხლო ენერგიით დატენა კოლექტიური ცნობიერი.

Last night at Sou Festival was outstanding #roberthenke #lumiere #audiovisual

Публикация от Digital Culture (@digital_culture)

საპირისპიროდ, სიცოცხლეზე მეტად სიკვდილით დაინტერესებული აღმოჩნდა კეიჩირო შიბუია, რომლის ვოკალოიდურმა ოპერამ ”დასასრული” საფინალო აკორდი დასვა ”სოუ ფესტივალის” საზაფხულო მუსიკალურ აქტივობებზე. საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრში სცენაზე რამდენიმე ეკრანი კვეთდა ერთმანეთს, არსად ჩანდა ოპერისთვის დამახასიათებელი დეკორაციები, კოსტუმირებული ბანები თუ ტენორები, საქმე იმაში მდგომარეობდა, რომ ციფრულ წარმოდგენაზე ვიმყოფებოდით, სადაც ერთადერთი ცოცხალი ადამიანი ეკრანებს მიღმა, ჰოლოგრამასაით მოჩანდა მუსიკალური კუბის მიღმა.

ფარდის აწევის შემდეგ სცენაზე არსბეული სივრცე იაპონური ანიმაციის სტილში შექმნილმა სამგანზომილებიანმა პერსონაჟმა, 16 წლის გოგონამ, ჰაცუნე მიკუმ დაიკავა თავის გიგანტურ კურდღლის მაგვარ მეგობართან ერთად. შემდეგ საათნახევრის მანძილზე აუდიტორია მიკუს გრძნობით თუ ფიზიკურ შრეებში მოგზაურობს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. მთავარი თემა, რის ირგვლივაც ნარატივია აგებული, სიკვდლი გახლავთ, რომლის ბუნების შეცნობასაც ცდილობს მიკუ. ამ მოცემულობას ორმხრივი დატვირთვა აქვს, რადგან ეს ნახევრად არის არტისტ შიბუიას მცდელობა ხელოვნებად გარდაქმნას რეალურ ცხოვრებაში საკუთარი ცოლის თვითმკვლელობის ფაქტი და მისი პერსპექტივა ჯერ თავად დაინახოს და შემდეგ გააცნოს მსმენელსაც, ნახევრად კი ეს არის არაფიზიკური, ვირტუალური, კომპიუტერული კოდის მიერ სიცოცხლის და სიკვდილის ასპექტებზე ეგზისტენციალური მსჯელობის მცდელობა.

ოპერა ტექსტუალურად ნაკლებ იძლევა ფართო განხილვის საგანს. სიკვდილთან დაკავშირებული კითხვები არც ძლიერი ფილოსოფიის შენებას ცდილობს და არც აქამდე უცნობი რაკურსით წარმოაჩენს რიტორიკას, სამაგიეროდ თემატურად ძლიერ გამოძახილს პოულობს მუსიკაში, რომელიც მომენტებში არის გრანდიოზული ჟღერადობის, პომპეზური, გრაციოზულობით და დრამატიზმით სავსე და სიკვდილის მისტიციზმს და მასთან დაახლოების მღელვარებას იდეალურად გადმოცემს. სინთეტიკური საოპერო წარმოდგენა საკმაოდ რეალურ ემოციებს აღძრავს და ვიზუალურადაც ძალიან მომხიბლავია, რადგან ეს არ არის, როგორც მაგალითად, კინოთეატრის ეკრანზე, ერთ სიბრტყეზე მოძრავი გამოსახულება, მოქმედება მუდამ პრევალირებს ერთმანეთის პარალელურად გადაწყობილ ეკრანებზე და მაქსიმალურად ახდენს მაყურებელის ჩატვირთვას მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში.

”სოუ ფესტივალმა” უკვე მეორე წელია დაამტკიცა, რომ ქვეყნის მოწინავე მუსიკალური ფესტივალია როგორც მრავალფეროვანი, მრავალმხრივი და რელევანტური არტისტების ჩამოყვანით, ისე ნოვატორული, საინტერესო და ამაღელვებელი საღამოების გამართვით. მართალია ტექნიკური დეტალები აქაც ხშირად ტოვებს უკეთესის სურვილს, მაგრამ საბოლოო სურათი მაინც ცალსახად პოზიტიურია. ამიტომ შემდეგი წლის ”სოუს” გაიცლებით დიდი ენთუზიაზმით დაველოდებით.

ფოტო: გიორგი დადიანი, მარიამ ჯანაშია

x

Check Also

რა ხდებოდა Tbilisi Open Air 2017-ზე

ტექსტში აღბეჭდილია რედაქციის წევრების შთაბეჭდილებები სადღაც ნუცუბიძის მესამე პლატოს ვიყავით ახალი გამოცდენილები, ლისისკენ მიმავალ ავტობუსში, ...