Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: Suicide Squad

რეცენზია: Suicide Squad

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

დაახლოებით 12-13 წლის ვიქნებოდი, პირველად რომ მარკეტინგის გავლენით მოვტყუვდი. მაშინ ტელევიზიებში უცებ გამოჩნდა რეკლამები სასწაულმოქმედი დეოდორანტის შესახებ, რომელსაც სარეკლამო რგოლის მთავარი გმირი ბიჭი ზოროს ნიშნის სიმეტრიულად ისხავდა სხეულზე, სახლიდან გამოდიოდა და გზაში შემხვედრი ყველა ლამაზი ქალი მასთან სიახლოვეს სექსუალურ მტაცებლად იქცეოდა და მოსანადირებლად მისდევდა. სექსის არომატის მქონე დეოდორანტი იმ დღესვე შევიძინე და შემდეგ რამდენიმე სხვა სურნელის მქონე პროდუქციაც ვცადე, მაგრამ მისი სურნელის გამო მაინც არავის მოუცია. დაახლოებით ამ მასშტაბის იმედგაცრუება აღმოჩნდა „თვითმკვლელთა რაზმი“, რომელიც ტრეილერებიდან იძლეოდა დიდი მხიარულების, საინტერესო ანტაგონისტების და თავბრუდამხვევი ექშენის პირობას, თუმცა როგორც დეოდორანტის გამოყენების გამო არ მოგცემთ არავინ, ისევე არ მოგცემთ ეს ფილმი არაფერს, ტრაკის გაოფლიანების გარდა.

„თვითმკვლელთა რაზმი“ ისევე ენერგიულად იწყება, როგორც „გალაქტიკის მცველები“ – 60-ანების ჰიტის ფონზე გვაცნობენ მთავარ არასტანდარტულ პერსონაჟს, გვიჩვენებენ მის კრიმინალურ შესაძლებლობებს და ქმნიან იუმორისტულ გარემოს. თუმცა თუ სთარლორდის მოტივაციებს და ხასიათს მთელი ფილმის განმავლობაში თანმიმდევრულად ვეცნობით, დედშოთის გამოჩენიდან ბოლო კადრამდე პერსონაჟი არ იცვლება. არადა უილ სმიტის ეკრანულ სახეს ერთის მაგივრად სამ სცენას უთმობენ, რომ ორი რამ გაგვაგებინონ: ის ყოველთვის მიზანში არტყამს, იქნება ეს მსხვერპლისკენ გასროლილი ტყვია თუ კვერცხუჯრედისკენ გასროლილი სპერმატოზოიდი. პირველი ქმედების გამო, მას ასეულობით ადამიანი ყავს მოკლული და პლანეტის ყველაზე სახიფათო კილერია, მეორე ქმედების გამო კი მცირეწლოვანი შვილი ყავს, რომლითაც მისი მანიპულირებაა შესაძლებელი. როგორც მოგვიანებით ირკვევა, პერსონაჟის მთავარი მოტივაცია შვილზე ზრუნვაა, თუმცა თითო მკვლელობაში ჰონორარად მიღებული ორი მილიონი დოლარი არ აძლევს საშუალებას ფინანსურად უზრუნველყოს შვილის მომავალი. ოჰ, ეს ამერიკული ფასები.

მოკლედ, გასაგებია, რომ დედშოთს შვილის სიყვარული ამოძრავებს ხომ? საინტერესოა რას ემსახურება სხვა კოლორიტული პერსონაჟების მოტივაციები. მექსიკელი განგსტერი ელ დიაბლო, რომელსაც ქსავიეს სკოლის ბავშვების მსგავსად შეუძლია ცეცხლის გამოყოფა, გარდაცვლილი ცოლ-შვილის დარდით იტანჯება და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებაზე უარს აცხადებს. უფრო სწორად ცეცხლს მხოლოდ მაშინ აჩენს, როდესაც ცოლი ენატრება და ხელის გულზე მის მოცეკვავე სილუეტს წარმოქმნის. ალბათ ისიც მარტივი მისახვედრია, როგორ იღგზნებს თავს მასტურბაციის დროს. ერთი სიტყვით, ელ დიაბლოს დაკარგული ოჯახის სიყვარული არ აძლევს მოსვენებას. ეს უკვე მეორე ტრაგიკული სიყვარულის ისტორია, ალბათ საკმარისი უნდა იყოს. სუპერბოროტმოქმედებზე გადაღებულ ფილმს ვუყურებთ თუ ნიკოლას სპარქსის რომანის ეკრანიზაციას?

აი, გამოჩნდა ჰარლი ქუინიც, რომლის ტრაკსაც ახლო ხედით იმაზე ხშირად გვიჩვენებენ, ვიდრე ზოგიერთ მეორეხარისხოვან პერსონაჟს. რა დგას დოქტორი ქუინზელის შეშლილი გამოხედვის და ბრუტალური ქცევების მიღმა? მას ჯოკერი უყვარს. მისდამი სიყვარული კი ცდილობს ყოველი შესაძლო ხერხით დაამტკიცოს. ერთ სცენაში ქიმიური ნივთიერებით სავსე აუზში ხტება იმისთვის, რომ კირმინალი მასხარას კითხვას, ჩემს გამო თუ მოკვდებიო, პირდაპირი მოქმედებით გასცეს პასუხი. ჰარლი ქუინი სიყვარულისგან გონდაკარგული ქალია პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, რომელიც მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ წყნარი ოჯახური იდილია მოიწყოს ჯოკერთან ერთად და სამართალმემკვიდრეც გაუჩინოს მას. რეჟისორი დევიდ ეიერი ამ სცენას პირდაპირ გვიჩვენებს კიდეც – მოწესრიგებული ჯოკერი სამსახურში წასასვლელად ემზადება და სამზარეულოში დიასახლის ჰარლი ქუინს და მცირეწლოვან შვილს ემშვიდობება.

კარგი, ჯანდაბას, ჰარლი ქუინიც სიყვარულისთვის იბრძვის, ჯოკერს მაინც ხომ არ აკადრებენ ამ ბანალურად სენტიმენტალურ სურვილებს, კაცის ტვინში ქაოსია, ავთანდილ მარგიანის არაპროგნოზირებადი ქცევები და გრიშა ონიანის სასტიკი სიფიცხე მისი პიროვნების მომაკვდინებელ აურასთან შედარებით ისე დგას, როგორც სურნელგამოცლილი კუილი. მაგრამ რეჟისორმა და სცენარისტებმა მოახერხეს და შეუძლებელი შეძლეს, ჯოკერი აქციეს ბირჟაზე მდგარი ძველი ბიჭის გაქანების კრიმინალად, რომელიც შეყვარებულს სადარბაზოს წინ დიდ ცეცხლის გულს უნთებს. დესტრუქციული ქმედებების და ტაქტიკური გათვლებით ნაწარმოები ბრუტალობის ნაცვლად, ჯარედ ლეტოს ჯოკერისგან ყოველი გამოჩენისას უფრო მეტად იმის მოლოდინი ჩნდება, რომ აი, ახლა წაიკითხავს რომელიმე ნაკვეთს ნიკო გომელაურის პოეზიიდან. ამასთან ჯოკერს მთავარ სიუჟეტურ ხაზთან არანაირი კვეთა არ აქვს გარდა იმისა, რომ შეყვარებულის დაბრუნება წადია.

დევიდ ეიერი გულუხვი რეჟისორია და რა დააშავეს სხვა პერსონაჟებმა, მათაც ხომ ჭირდებათ ტრფობის ცეცხლი, ამიტომ რაზმის მეთაური რიკ ფლეგიც სიყვარულის გადასარჩენად მოქმედებს. მისი გულისსწორი ჯუნ მუნი გახლავთ, რომელშიც ათასი წლის დემონი ცოცხლობს (Enchantress), საპასუხოდ კი მუნის გულიც რიკს ეკუთვნის (სანახევროდ). კატანა მოკლული ქმრის სევდითაა შეპყრობილი და თავის იარაღში მის სულს ატარებს (პირდაპირი მნიშვნელობით), დანარჩენ პერსონაჟებს 5 წუთზე მეტი სასაუბრო დრო რომ დათმობოდათ, ისინიც აუცილებლად გაგვაცნობდნენ თავიანთი ცრემლით დასველებული სატრფიალო წერილების შესახებ. მოკლედ, თვალსა და ხელს შუა თვითმკვლელთა რაზმი გულგატეხილთა ანონიმურ კლუბად იქცევა.

რაც შეეხება ჯარედ ლეტოს პერფორმანსს, დიდი სარბიელი არც ეძლევა რაიმე მნიშვნელოვანის დემონსტრირებისათვის, რადგან სცენარულად მისი ჯოკერი მოძალადე სუტინიორია, მაგრამ მის ყოველ გამოჩენაზე გაწელილი და ხმამაღალი სიცილი კომედიურ ელფერს იძენს, დაახლოებით ისეთს, ალ პაჩინო რომ ”ნაიარევ სახეში” ზედმეტი ექსპრესიულობით, მომენტებში კომიკურს ხდის ტონი მონტანას. ცივი იარაღის ოსტატი ბუმერანგი და ადამიანი რეპტილია კროკი სიუჟეტში ყოველგვარი კონტრიბუციის გარეშე ფიქსირდებიან. სლიპკნოტი კი, რომელსაც ოცდამეათე წუთზე გადმოიყვანენ მანქანიდან, დაგვანახებენ და აქ დამთავრდება მასთან გაცნობა, 5 წუთის შემდეგ მეორე გამოჩენისას კვდება იმის დასამტკიცებლად, რომ რაზმის დამკომპლექტებელი სერიოზული განწყობითაა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ყველას საიქიოს გაისტუმრებს.

აი თავად ამ გაუგებრობის სპონსორი ამანდა უოლერი კი ერთადერთი პერსონაჟია, რომელსაც რეალური ანტაგონიზმი და სისასტიკე გააჩნია. ის უპრობლემოდ კლავს თავის დაქვემდებარებაში მყოფ უდანაშაულო საჯარო მოხელეებს, ოპერატიულ მუშაკებს და მორალური კომპასიც კარგა ხანია გზააბნეულად უტრიალებს.  გარდა იმისა, რომ დედამიწის ყველაზე დიდ ბოროტმოქმედებს მასზე ნაკლები სისასტიკე გააჩნიათ, რეალურად გეგმა, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო სამსახურში გამორჩეული კრიმინალების ჩაყენებას იმისათვის, რომ პოტენციური მტრულად განწყობილი მეტა ადამიანისგან დაიცვან ქვეყანა, სრულად უფუნქციოა. თვითმკვლელთა რაზმში შემავალ არცერთ პერსონაჟს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ სიტყვაზე ჩრდილოეთ კორეიდან მოსული სუპერმენის განზრახვებს აღუდგეს წინ. ერთადერთი, ვისაც აგნარიშგასაწევი ძალა გააჩნია დიაბლოა და მასაც რამდენიმე ლიტრი წყალით ჩაარქობ და გზიდან ჩამოიშორებ.

არცერთი რაზმის წევრი მტერთან ბრძოლისას, რომლებიც ფსორიაზის საშინლად გართულებული სიმპტომების მატარებელ ადამიანებს გვანან, არანაირი განსაკუთრებული უნარით არ ამარცხებს მათ. კარგად გაწვრთნილი ელიტური სპეცრაზმი მათ ადგილას ანალოგიურად გაუმკლავდებოდა არსებულ წინაღობას. მართალია ბოლოსკენ დიაბლოს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მაგრამ მის გარეშეც, უფრო მეტი ძალისხმევით, მაგრამ მაინც შესაძლებელი იქნებოდა მტრის დამარცხება. მოიცადეთ, დიაბლო მექსიკელი პერსონაჟია და სწორედ ის ხდება საკვანძო ფიგურა დედამიწის განადგურების აღმოფხვრაში. ანუ რეჟისორი ფარულად დონალდ ტრამპის კრიტიკას ახდენს? მექსიკელებისგან და ზოგადად ემიგრანტებისგან თავი კი არ უნდა შევიზღუდოთ, პირიქით, მათში ვეძებოთ ხსნაო? არა რა თქმა უნდა, ერთადერთი რასაც რეჟისორი ინდივიდუალურ დონეზე აფიქსირებს, გლობალური მუსიკალური ჰიტების ცოდნაა, თუმცა ”გალაქტიკის მცველებისგან” გადაღებულ პრაქტიკას თუ კონკრეტული სიმღერის სესხებასაც დაამატებდა, ამას ალბათ ჯეიმს განიც ვერ იფიქრებდა.

როდესაც ფილმი ცდილობს მთავარ პერსონაჟებად ანტაგონისტები წარმოაჩინოს, მათ წინააღმდეგ მებრძოლი ბოროტება საერთოდ უდიდესი კოლორიტით, სისასტიკით, შეუწყნარებლობითა და სამყაროს განადგურების საინტერესო გეგმით უნდა იყოს აღჭურვილი, მაგრამ აქაური ბოროტება სახელად ინკუბუსი ”ეგვიპტელი ღმერთებიდან” ან თუნდაც ”მუმიადან” შემოპარულ პერსონაჟს გავს, რომელიც არც ვიზუალურად ერგება მთლიანი ფილმის ჭუჭყიან ინდუსტრიულ ესთეტიკას, ხოლო მისი სამყაროს განადგურების მიზეზი და გეგმა იმდენად ბუნდოვანი და დაუფუძნებელია, რომ დიდი ალბათობით კონსულტაციებს ულტრონთან გადიოდა.

უკვე სამი აბზაცია დრამატული სენტიმენტები არ მიხსენებია, რეჟისორმა მხოლოდ საწყისი მოტივაციისთვის გაგვაცნო პერსონაჟთა განცდები, რომ მაყურებელს უკეთ გაეგო და ეთანაგრძნო მათთვის? არა, დევიდ ეიერი არ ივიწყებს, რომ გულის სიღრმეში რომანტიკული კომედიის გადაღება სურს, ამიტომ რამ უნდა გააერთიანოს ჩვენი გმირები თუ არა სიყვარულმა?! თან მათ შორის მეგობრება, ურთიერთპატივისცემა და როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს ”ოჯახური ერთობა” მყარდება არა ხანგრძლივი თანამებრძოლობით, ან ერთმანეთის კრიტიკულ სიტუაციებში თანადგომით, არა, ერთმანეთისთვის თავგანწირულ ოჯახად ”თვითმკვლელთა რაზმი” რამდენიმე საათიანი სროლების და ბარში 15 წუთიანი სმის და გულის გადაშლის შემდეგ ყალიბდება.

ფილმის ერთადერთი ნათელი წერტილი მარგო რობია. ჰარლი ქუინის როლში რობი არის ქარიზმატული, ასხივებს ბრუტალურ ენერგიას, შეშლილობას და რადიაციულ სექსუალურობას, რომელსაც ოპერატორი ყველაზე პერვერტული რაკურსებით გვიჩვენეს. სამწუხაროდ მარგო რობის ტრაკზე დიდი ღირებულება ფილმს არ გააჩნია. დროა სტუდია ”უორნერ ბრაზერსმა” შეწყვიტოს ”მარველის” და მილიარდ დოლარიანი შემოსავლის დევნა და რეალურად დაკავდეს საკუთარი ღირსეული პოტენციალის გაღვივებით, რომელსაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ბეტფლეკი წარმოადგენს.

x

Check Also

სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სტივენ სპილბერგის ”მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში” მეცნიერების ჯგუფი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო ხელმძღვანელობს, ცდილობს უცხო ცივილიზაციასთან ...