Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: Southpaw

რეცენზია: Southpaw

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

ჯეიკ ჯილენჰოლმა დროა შესვენება აიღოს. წავიდეს იყიდოს საბერძნეთში რომელიმე კუნძული და პლაჟზე ზეფირი შეწვას, ან ესპანეთში გადაფრინდეს კორიდას უყუროს, ვეგასში პენტჰაუსი იქირაოს და ყველა ნარკოტიკი გასინჯოს რასაც ადგილობრივი ბარიგა შესთავაზებს, თავის ვილაზე დაჯდეს, ტეილორ სვიფტს დაურეკოს და ფლეისთეიშენზე ფეხბურთი ეთამაშოს ნიძლავზე და ყოველ გატანილ გოლზე ორალური სექსით დაკავდეს მასთან, ან ბოლო-ბოლო აბასთუმანში მაინც ჩამოვიდეს წყნარ კოტეჯში და ობსერვატორია მოინახულოს, მოკლედ, კაცს სასწრაფოდ ჭირდება ცოტა ხნით მაინც შვებულება თორემ მალე გადაიწვება. აბა როგორ გინდა სამი წელი ზედიზედ ერთი მეორეზე მსხვილკალიბრიანი პერფორმანსების დადება ისე, რომ ჯანსაღი ფსიქიკა შეინარჩუნო?!

2012 წელს ჯერ იყო და End of watch-ში ისეთი დინამიური და ადრენალინით ნაკვები პერფორმანსი დადო, ფილმის ყველა კადრში ლამის იყო სამარასავით ეკრანიდან გადმომხტარიყო, მერე Prisoners-ში ყველა კოლეგას გადააჯდა და იმდენად ქარიზმატული პერსონაჟი შექმნა, მთელი ყურადღება ფილმის სიუჟტიდან მისი გმირის პორტრეტის გაშიფვრაზე გადაიტანა, შემდეგ Enemy-ში ორი თვისობრივად განსხვავებული პერსონაჟი წარმოგვიდგინა ურთიერთგამომრიცხავი მახასიათებლებით და რეჟისორს რომც ვერ მოეხერხებინა დიდი დოზით სასპენსის და მისტიკის შექმნა, მარტო ჯილენჰოლიც მარტივად ათრევდა მთელ ფილმს თავის მიმიკებით, შარშან კიდევ Nightcrawler-ში იმდენად შემაძრწუნებელი სამსახიობო შესაძლებლობები გამოავლინა, რომ უკვე მართლა დაგაეჭვებდა კაცს რეალურ ცხოვრებაში რაიმე საიდუმლო კულტის წევრი ხომ არაა, რომელსაც ადამიანების სხვადასხვა იდენტობის პალტოსავით მორგება შეუძლია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჯილენჰოლი აღებულ ტემპს სპრინტით აგრძელებს Southpaw-შიც.  მის მიერ შექმნილი პერსონაჟი ბილი ჰოუპი საუკეთესო მოკრივის ეკრანული სახეა მას შემდეგ რაც 1999 წელს დენზელ ვაშინგტონმა ”ქარიშხალის” ხელთათმანები მოირგო. ჯილენჰოლის პეფორმანსი არის ბავშვობაში პირველად რომ პორნოს ნახავ მაგის ტოლფასი. ანუ გაოგნებულს გტოვებს, რომ თურმე ასეთებიც შეუძლიათ ადამიანებს და არა ერეგირებულს, რაც პირველად გაიფიქრეთ. თუმცა მისი მძიმე არტილერიული საბრძოლო დანადგარის სადარი კუნთების შემხედვარე, შეიძლება ფეხებს შუაც იგრძნოთ გაკვირვება. მაგრამ სამწუხაროდ ერთადერთი მნიშვნელოვანი ღირსება რაც ფილმს გააჩნია ეს ჯილენჰოლის პერფორმანსია.

Southpaw არის ყველა ამერიკული კრივზე გადაღებული ფილმის კლიშეების ნაკრები. სიუჟეტის განვითარება თითქმის იდენტურია ”როკი 3”-ს – ჩემპიონი რომელიც მოულოდნელად კარგავს ტიტულს გარდაცვლი საყვარელი ადამიანის გამო, შემდეგ უბრუნდება ღარიბულ კრივის დარბაზს, ძველმოდურ სწავლებას გადის შავკანიან მწვრთნელთან ერთად და რასაკვირველია დაძაბულ ბრძოლაში ბოლო რაუნდში იმარჯვებს. ფილმი იმდენადაა დაცლილი მოულოდნელი მანიპულაციებისგან, რომ ჯობს შენ გვერდით მჯდომი წყვილის კამათს მოუსმინო, შეიძლება ბევრად საინტერესო ფაქტები შეიტყო ცხოვრების შესახებ.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ახლდეს მსგავსი ხასიათის სურათებს – შთამბეჭდავი მონტაჟი ვარჯიშის სცენების, რომელიც შთაგაგონებს უახლოესი რინგი მონახო და აბონიმენტი შეიძინო და კულმინაციური ორთაბრძოლა, რომლის შემხედვარეც ძარღვებ დაბერილი იჯდები და კლიმაქსის მოლოდინში მთავარ გმირებთან ერთად დაგასხავს დაძბულობის ოფლი, ხოლო ბოლო გამარჯვების მომტან დარტყმას ინსტინქტურად საკუთარ მუშტსაც გააყოლებ და პატარა ბავშვივით გაგიხარდება შენი ფავორიტის გამარჯვება – აქ არ არსებობს. ამის ბრალი კი პირველ რიგში საოცრად ბანალური სცენარია, რომელიც არა სრულფასოვანი ნამუშევარი, არამედ სხვადასხვა იგივე თემატიკის ფილმებიდან ამოჭრილი სურათების კოლაჟია.

გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც სავსე უნდა იყოს ადრენალინით, არის უბრალოდ ლამაზად დადგმული ჩხუბი, რადგან მთავარი პერსონაჟის მოტივები გაურკვეველია. მთავარი რის გამოც უნდა თანაგრძნობა და ჩართულობა გამოიწვიოს ფილმმა – გაჩვენოს თუ რის გამო, რა მოტივებით, რის მოსაპოებლად იბრძვის მთავარი გმირი აქ ძალიან ბუნდოვანია. ბილი ჰოუპს არ ამოძავებს მოკლული ცოლის გამო შურისძიების გრძნობა, ეს ბრძოლა მას არ უწყვეტს შვილთან ურთიერთობას, არც სხვა რაიმე ემოციური ზურგი გააჩნია მატჩს, ის უბრალოდ ტარდება იმისთვის, რომ ვინმეს გადაეცეს ჩემპიონის ტიტული და მორჩა. ამისთვის კი ისედაც არსებობს რეალური სპორტული ორთაბრძოლები, მხატვრული ფილმის მოვალეობა კი დრამატურგიის შემოტანაა, რასაც რეჟისორი ანტუან ფუკუა ფიზიკურად ვერ ახერხებს ჟღვინტლიანი სცენარის გამო.

ის რომ ფუკუას შემორჩენილი აქვს მნიშვნელოვანი რეჟისორული უნარებ, ამას მარტივად დაინახავთ ჩხუბის სცენებში. ალბათ არასოდეს ყოფილა ასეთი რეალისტური ჩხუბი რინგზე. ყოველი მოქნეული მუშტი ისეთ შეგრძნებას გიტოვებს, თითქოს შენს გვერდით აუბედურებენ ვიღაცას ცემაში. ყოველი მოხვედრილი მუშტი ჯილენჰოლის სახეზე იგრძნობა მთელი სხეულით. ამისთვის კი განსაკუთრებული მადლობა რეჟისორს, რომელმაც მოახერხა მაქსიმალური რეალიზმი შეექმნა საკმაოდ რთული სცენების ირგვლივ.

აგრეთვე შთამბეჭდავია დრამა რომელიც რეიჩელ მაკადამსის სიკვდილის სცენას ახლავს. არადა თითქოს ტრეილერიდან ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ პირდაპირ ამის ყურება, საოცარი პერფორმანსები და მაქსიმალურად ლოკალური სცენა, რომელიც უშუალო თანამონაწილეს გხდის მომხდარი ტრაგედიის, ავტომატურად იწვევს ძლიერ განცდებს. ამიტომ აუცილებლად იქონიეთ ჯიბეში სელპაკი. მაკადამსის გარდაცვალების სცენა ერთ-ერთი ყველაზე დამთრგუნველი სცენაა რაც ”რიგითი რაიანიდან” ჯოვანი რიბისის სიკვდილის შემდეგ შექმნილა.

სხვა მხრივ კი Southpaw მისი სიუჟეტის ირგვლივ ბევრ კითხვას აჩენს, რომელზეც ლოგიკური პასუხები არ გააჩნია. თუმცა ჯილენჰოლის პერფორმანსი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ფილმი ნახოთ. სამწუხროდ სცენარისტმა მაყურებელში თანაგრძნობის გამოსაწვევად გადაწყვიტა ყველა შესაძლო ტრაგედია ერთბაშად მიეყარა მთავარი გმირისთვის, რის გამოც მძიმე ისტორიის მაგივრად აბსურდისკენ გადაუხვია. დიდი დოზით სენტიმენტები კი საბოლოოდ ყველასთვის მოსაბეზრებელი ხდება, თუ რა თქმა უნდა იმდენად ემოციურად მოწყვლადი არ ხართ, რომ მზის ჩასვლაზეც ტირით.

ერთი სიტყვით Southpaw მარტივად პროგნოზირებადი, ზედაპირული ფილმია, რომელშიც არ არსებობს მოულოდნელობის ეფექტი და ინტრიგა, პერსონაჟების განვითარება ან ყურადსაღბი სიუჟეტური წიაღსვლები. თუმცა მისდამი თვალის მოწყვეტა შეუძლებელია, როდესაც ჯეიკ ჯილენჰოლი ჩნდება კადრში. მისი პერფორმანსი იდეალურად აბალანსებს ფიზიკურ მრისხანებას და ავთენტურ გულახდილობას. სამსახიობო ილეთებით ასეთი ჟონგლირება კი გაცილებით დიდ აღტაცებას იწვევს, ვიდრე მდარე სცენარი და გაუმართავი რეჟისურა. იმედია წლის ბოლოს აკადემიის წევრებს კიდევ არ ”დაავიწყდებათ”, რომ დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობი, სამი წელია ნომინაციის გარეშე რჩება.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...