Breaking
Home » მთავარი » კინო » ვის მხარეს უნდა იყოთ “Civil War-ში”

ვის მხარეს უნდა იყოთ “Civil War-ში”

ავტორი: Berckley

ბოლო რამდენიმე კვირაა ინტერნეტ სივრცეში მთავარი სალაპარაკო თემა “მარველის სამოქალაქო ომია”, რაც ერთის მხრივ მოსალოდნელი იყო, მეორეს მხრივ კი გასაკვირიც, რადგან ტრენდებში აშშ-ს არჩევნების დაჩრდილვა არც ისეთი მარტივი საქმეა. ეს დღეებია მსოფლიო უფრო მეტად მარველის პოლიტიკაში პოზიციის დაფიქსირებაზე ფიქრობს, ვიდრე რეალურში, მაგრამ სიტუაცია აქაც იგივეა და უმეტესობა არჩევანს უფრო ქარიზმატული პიროვნებების მიხედვით აკეთებს და არა იმ პოზიციის, რასაც ისინი წარმოადგენენ. სანამ განხილვას დავიწყებთ პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაფერი განხილული იქნება MCU-ს ფარგლებში და არ ვითვალისწინებთ არაფერს, რაც კომიქსებში მოხდა.

როჯერსის და სტარკის პიროვნებების შედარება

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Age of Ultron-ის საუკეთესო კადრები ვანდა მაქსიმოვის მიერ ნაჩვენები კოშმარები იყო. დიდ ეკრანზე საყვარელი შურისმაძიებლების შიშების ხილვამ, მათი პიროვნებების უკეთ გაგების საშუალება მოგვცა. სტარკის შიში ისედაც ცნობილი იყო მესამე სოლო ფილმიდან, რომელშიც კოსმიურ ძალებზე გაფიქრებაც კი, მას ინსომნიას მართებს. აქაც კიდევ ერთხელ გავიგეთ, რომ ყველაზე მეტად მას საკუთარი უმწეობის ეშინია კოსმიური სიდიადის ფონზე. სტარკმა სუპერგმირობა უდიდესი თავდაჯერებულობით დაიწყო. იმაზე ფიქრით, რომ დედამიწაზე მასზე ძლიერი და ჭკვიანი არავინაა, მაგრამ ერთ დღესაც ნიუ-იორკში ცა იხსნება და გენეტიკურად უფრო განვითარებულ რასებს ხედავს, რომლებსაც ისეთი იარაღები აქვთ, სტარკის რეალობიდან წაშლა რომ შეუძლია. სტარკს ეშინია, რომ მისი ტექნოლოგია საკმარისი არ იქნება მისი საყვარელი ადამიანების დასაცავად და ის უფრო მოტივირებული ხდება. მან დაახლოებით 6 თვეში 30-ზე მეტი კოსტუმი შექმნა.

როჯერსის კოშმარი შეიძლება ერთი შეხედვით ძალიან მოულოდნელი ჩანდეს, მაგრამ თუ მის პერსონაჟს კარგად შეისწავლი ყველაფერი მარტივი ხდება. მაშინ, როდესაც თორი რაგნაროკს ხედავს, ნატაშა თავის წარსულს და ჰალკი ღმერთმა იცის რას, როჯერსის კოშმარი უბრალოდ პეგი კარტერთან ცეკვაა. მასში ყველაზე მეტად შიშს ის ფრაზა ამძაფრებს, რომ ომი დამთავრდა. როჯერსი ჯარისკაცია, მას არ აქვს განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობები (სტარკთან შედარებით) და წარმოდგენა არ აქვს როგორ იცხოვროს ომის გარეშე, ის მისთვის ერთადერთი გარემოა სადაც თავს მნიშვნელოვნად გრძნობს. ეს ჩვეული მდგომარეობაა ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცებისთვის და როჯერსის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა, რადგან ის ომიდან პირდაპირი მნიშვნელობით სხვა დროში და სხვა მსოფლიოში დაბრუნდა.

დაპირისპირებული მხარეების მორალი

სტარკის ეგოისტობა სიახლე არავისთვის არაა, მისი მორალიც აქედან მომდინარეობს და შეიძლება ის შიშებიც, რაზეც ზევით ვილაპარაკეთ, მაგრამ რეალობა გვაჩვენებს, რომ მისი ეგოიზმი მუშაობს. ამიტომაც მთავრობა თვალს ხუჭავს იმაზე თუ ვის ეკუთვნის ტონი სტარკის კოსტუმი მანამ, სანამ ის მსოფლიოს იცავს და ისეთ ტექნოლოგიას ქმნის, რომელიც უცხოპლანეტელების შემოტევას უძლებს. ამ შემთხვევაში სიტუაცია მთლიანად სტარკზეა დამოკიდებული, სტარკი თავად წყვეტს რა არის კარგი და რა ცუდი, მთავრობა კი იძულებულია მის კეთილ ნებას დაემორჩილოს (ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ის მათ სურვილებს ემხრობა). როჯერსი, მეორეს მხრივ, ჩვეულებრივი ჯარისკაცია, რომელიც ბრძანებებს ასრულებს, მაგრამ ის უფრო მეტადაა მიჩვეული ბრძანებებს დაუმორჩილებლობას, ვიდრე სტარკი. მისი პირველი მოქმედება სუპერ-ჯარისკაცად ყოფნის დროს ბრძანების უგულვებელყოფა და ამერიკელი მებრძოლების “ჰაიდრასგან” განთავისუფლება იყო. ის წინ წავიდა თავდაცვის მინისტრის და შილდის წინააღმდეგ, ისევე, როგორც ახლა მიდის გაეროს გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ.

ის, რომ მთავრობა კაპიტანს იყენებს, მხოლოდ ილუზიაა, რომლითაც კოსტუმიანები თავის ეგოს იკმაყოფილებენ. ისევე როგორც სტარკი, როჯერსიც მთლიანად თავის მორალს მიყვება. საკითხავი ახლა ის არის, რამდენად სწორია ეს მორალი. სტარკი ფუტურისტია და ყველაფერში შესაძლებლობას ხედავს, მას შეუძლია აიღოს ექსტრემისტი, რომელმაც ათობით ადამიანი შეიწირა, მაგრამ მისგან რაიმე სასარგებლო შექმნას. შეუძლია AI-ს სხეული მისცეს, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ამან არ გაამართლა და ხალხი დაიღუპა. ის მუდამ რისკზე მიდის, ბევრ ცუდსაც აკეთებს პროგრესამდე მისასვლელად. “მიზანი ამართლებს საშუალებას” კარგად მიესადაგება სტარკს, რომელსაც შეუძლია კაცობრიობის დიდი ნაწილი შეწიროს პროგრესს, რათა ბოლოს ოდნავ უკეთესი საბრძოლო კოსტუმი ქონდეს მომავალი საფრთხისათვის. როჯერსი მსგავს გადაწყვეტილებას არასოდეს იღებს. მას უბრალოდ არ უყვარს მჩაგვრელი მოცემულობა და მას ფიზიკურად უსწორდება. საინტერესოა განვიხილოთ მისი გადაწყვეტილება Winter Soldier-ში “ჰაიდრასთან” ერთად შილდის განადგურების შესახებ. როჯერსმა დაინახა რაღაც გახრწნილი და მისი თავიდან მოშორება გადაწყვიტა, მაშინ, როდესაც სტარკი მის გაუმჯობესებას შეეცდებოდა. მივიღეთ ორი უკიდურესობა. ერთი მხარე მზადაა მსხვერპლად ყველაფერი გაიღოს, თუკი უკეთესი მომავლის გარანტია ექნება, მეორეს კი მსხვერპლად მხოლოდ საკუთარი თავის შეწირვა შეუძლია, რადგან სჯერა, რომ სხვისი სიცოცხლე მისი განსაკარგავი არაა.

სტარკი რეალისტია და გარკვეულ წილად უტოპისტიც, როჯერსი კი იდეალისტია. მისთვის კარგ სამყაროს წარმოადგენს ის, რომელშიც არავის უფლებები არ ირღვევა. ამიტომაც მისი მორალი ძალიან მარტივია – ცუდია ის, ვინც სხვის უფლებებს არღვევს. სტარკის კარგის და ცუდის აღქმა კი ბევრად რთულია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი იქნებოდა მსოფლიო, სტარკს რომ შილდი არ გენადგურებინა და მხოლოდ “ჰაიდრა” ამოეძირკვა? ერთის მხრივ შიგნით მუდამ დარჩებოდა “ჰაიდრას” ხელახლა აღორძინების საფრთხე, მეორეს მხრივ კი ის შექმნიდა უკეთეს აგენტურას, რომელიც მსოფლიოს დაიცავდა. ერთადერთი მიზეზი, რატომაც დაუცველი მსოფლიო “ჰაიდრას” ხელში არ ჩაუვარდა ისაა, რომ კოულსონმა მიწისქვეშეთში Secret Warriors ჩამოაყალიბა. როჯერსმა ყველაფერი მარტივად აღიქვა – “ჰაიდრა” ცუდია და უნდა განადგურდეს, მაგრამ ამით მან მსოფლიოს თავდაცვის უდიდესი საშუალება წაართვა, შურისმაძიებლებზე ბევრად დიდი.

რეგისტრაციის აქტი

ტრეილერში ნაჩვენები სურათის მიხედვით რეგისტრაციის აქტი ერთადერთ მოთხოვნას უყენებს შურისმაძიებლებს – მათი ყველა ქმედება შეთანხმებული იყოს მთავრობასთან და დაემორჩილონ მის ბრძანებებს. ის არ მოიცავს იდენტობის საჯაროდ გამხელას და ა.შ. ერთის მხრივ როჯერსს აქამდეც მიუღია ბრძანებები და მისთვის კიდევ ერთი სამხედრო კონტრაქტი პრობლემა არ უნდა იყოს, მეორეს მხრივ, როგორც ვთქვით, ბრძანებების არდამორჩილება მისი სტილია. ის რამდენიმე მიზეზის გამო არ აწერს ხელს კონტრაქტს: პირველი – მას არ შეუძლია თავად მიიღოს გადაწყვეტილება სხვა შურისმაძიებლების სახელით, მიუხედავად იმისა, რომ მათი ლიდერია. ის პატივს სცემს მათ უფლებებს. მეორე – შურისმაძიებლები იარაღად იქცევიან. ბრძანებების გაცემა გაეროს დაევალება, რომელსაც სავარაუდოდ როჯერსი არ ენდობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მთელი მსოფლიოს წარმომადგენლების მიერ შეთანხმებული გადაწყვეტილება იქნება, არსებობს საფრთხე, რომ ისინი შეიძლება პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის იყვნენ გამოყენებულნი. ან შეიძლება მხოლოდ იმიტომ არ აწერს ხელს, რომ კიდევ ერთი ომი უნდა. სტარკის თანხმობა კი არც ისეთი დიდი სიურპრიზია, როგორც ამას აღიქვამენ. მას შეუძლია თვალის დაუხამხამებლად შეწიროს ყველა შურისმაძიებლის დამოუკიდებლობის უფლება იმას, რომ კოსტუმებისთვის ვიბრანიუმი მისცენ, რაც მისი გაგებით უფრო უსაფრთხო მომავლის გარანტია იქნება.

აქედან ყველაფერი უფრო მარტივი გასაგები ჩანს თუ შენ ემხრობი, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, სტარკის მხარეს ხარ, თუ თვლი, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება დამოუკიდებლად მიიღოს არჩევანი, გინდაც ეს ცუდი არჩევანი იყოს, მაშინ კაპიტანის, მაგრამ კინო სამყარო ყველაფერს უფრო ართულებს, ვიდრე ეს კომიქსებში იყო. ამას ემატება ორი ფაქტორი:

1. ფილმის მარკეტინგისთვის შექმნილ ფიქციურ ტელევიზია WHiH-ში ბოლო დღეებია მთავარი კითხვა ისმის – ვინ არის პასუხისმგებელი იმ მასიურ ნგრევაზე, რაც “ევენჯერების” ქმედებებს მოაქვთ, ვინ უნდა გადაიხადოს რეკონსტრუქციის ფული, რომელიც ტრილიონ დოლარს ცდება. გაერო ამ ვალდებულებას შურისმაძიებლებს აკისრებს და რადგანაც მათ ამის გადახდა არ შეუძლიათ, ავალდებულებს რომ ჯარიმა „საზოგადოებრივი საქმიანობით“ ჩაანაცვლონ და ბრძანებებით იმოქმედონ. კაპიტნის მხარდამჭერები კი ყველაფერს შედარებით მარტივად აღიქვამენ. პირველ რიგში ეს ნგრევა არა შურისმაძიებლების, არამედ გარე ძალების მოწყობილია (თუ არ ჩავთვლით ულტრონს, რომელიც გაეროს შეხედულებით შურისმაძიებლებმა ერთობლივად შექმნეს, რაც ყველაფერს ართულებს). ამასთან ერთად, სუპერგმირებს არანაირი ვალდებულება არ ქონდათ სამყარო დაეცვათ, მათ ეს თავისი ნებით გააკეთეს და თავის ვალსაც იხდიან რეკონსტრუქციაში გადასახადების პატიოსნად გადახდით, ამიტომაც მათი კიდევ უფრო ვალდებულებებით დატვირთვა არასწორია, როდესაც ისინი უკვე იმაზე მეტს აკეთებენ, ვიდრე სხვა მოქალაქეები.

2. კომიქსებმა არჩევანის გაკეთება ბევრად გაამარტივა, როდესაც სტარკი გააბოროტა და ვილანებთან ამუშავა. კაპიტანი კი წმინდანად გამოიყვანა. ფილმში სტარკი ისევ იგივე მეთოდს მიმართავს და (ჩემი აზრით) ბარონ ზიმოსთან (ან როგორც ფილმში მოიხსენებენ, კოლონელ ზიმოსთან) თანამშრომლობს, მაგრამ აქ კაპიტანსაც აქვს ომში მონაწილეობის ერთი პირადი მიზეზი, რატომაც მზადაა ყველას გადაუაროს და ეს მისი მეგობარი ბაკია. ზამთრის ჯარისკაცი ინტერპოლის ძებნილი დამნაშავეა, რომელსაც არაერთი ისტორიული ფიგურის სიკვდილი ბრალდება და გაერო მის დასჯას ითხოვს, კაპიტანი კი მას იცავს იმ მიზეზით, რომ მან ეს შეგნებულად არ გააკეთა, მას ტვინი ჰქონდა გამორეცხილი. რამდენად არის ეს სწორი ქმედება, თავად განსაჯეთ, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ როჯერსი არ არის მზად თავისი საუკეთესო მეგობარი გაიღოს მსხვერპლად, ამიტომ თანახმაა თავის გუნდელებს და თავის ქვეყანასაც კი დაუპირისპირდეს, რაც მის პერსონაჟზე ბევრ რამეს ამბობს.

აქედან უკვე არჩევანის გაკეთება თქვენზეა დამოკიდებული. ყველაფერი იმაზე დაფიქრებით უნდა დაიწყოთ, რამდენად განსხვავდებიან სუპერგმირები ჩვეულებრივი ადამიანებისგან, სჭირდებათ თუ არა მათ რეგულაციები, იმსახურებენ თუ არა მათ. არიან თუ არა ისინი ვალდებული ვინმეს ან რაიმეს წინაშე, აქვთ თუ არა პასუხისმგებლობა უდანაშაულო ხალხის მიმართ.

x

Check Also

რეცენზია: Dunkirk

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ”დიუნკერკის” პირველივე კადრში ექვსი ახალგაზრდა ჯარისკაცის ფიგურას ვხედავთ, რომლებიც ძირს დაყრილ პამფლეტებს ...