Breaking
Home » მთავარი » სერიალები » მიმოხილვა: Game of Thrones 7.6

მიმოხილვა: Game of Thrones 7.6

ავტორი: ფორვე

მეექვსე სერია ამ სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი და სანახაობრივი გამოდგა. ნაით კინგის გამოჩენამ უამრავი ახალი თეორიის შექმნის და უკვე არსებული თეორიების გამყარების საფუძველი მოგვცა. შოუს მთავარი ანტაგონისტის და მისი გეგმების, მოტივაციის და ძალის შესახებ იმდენად ცოტა ვიცით, რომ მისი ნებისმიერი ქმედება სპეკულაციების საშუალებას იძლევა და მაყურებლის ფსიქიკის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

დავიწყოთ ჩრდილოეთით, სადაც შოუს რამდენიმე მნიშვნელოვანი პერსონაჟი სუიციდალურ მისიაზე იმყოფება. ახლად ჩამოყალიბებულ ჯგუფში ყინულის გატეხვის და სოციალიზაციის ოსტატი ტორმუნდი გამოდგა, რომელმაც ჯგუფს ჩრდილოეთში გადარჩენის სამი მთავარი პოსტულატი აცნობა: 1. სიარული 2. ბრძოლა 3. ტყნაური ყველაფერთან, რაც თბილია. ბრიენასთან დაკავშირებული მისი ოცნებები კი, საკმარისი აღმოჩნდა რომ ჰაუნდის თვალშიც კი გაუწონასწორებული ადამიანის იარლიყი აეკიდებინა.

რეანიმირებულ თეთრ დათვთან შებრძოლება ჯერჯერობით ყველაზე სანახაობრივი და მოულოდნელი დაპირისპირება აღმოჩნდა. თოროსის და ბერიკის აალებული ხმლების წყალობით, ცეცხლისა და ყინულის, სიკვდილის და სიცოცხლის დაპირისპირების თვალწარმტაცი ილუსტრაცია ვიხილეთ. ალბათ მნიშვნელოვანი იყო ჰაუნდის ჩართულობა, უფრო სწორად კი, მისი ჩართულობის ნაკლებობა, რომლის გამოც სამყაროში ყველაზე მამაცი ლოთი დაიღუპა. სანდორის ცეცლისადმი შიშზე აქცენტის გაკეთება პირველივე სეზონიდან ხდებოდა, ამას დამატებული ცეცხლში დანახული ხილვები და ბერიკთან ახლო ურთიერთობა, მხოლოდ იმაზე მიანიშნებს რომ პერსონაჟის კათარზისს მალე ვიხილავთ და ეს სანახაობა ღვთაბერივი იქნება, სხვაგვარად მისთვის ამდენი ყურადღების დათმობა უაზრო იქნებოდა.

ეპიზოდში აღმოვაჩინეთ თეთრი მოხეტიალეების სისუსტე. თეთრი მოსიარულეს მოკვლის შემდეგ, მის მიერ ანიმირებული ზომბები ნადგურდებიან. ჯონს და კომპანიას უზომოდ „გაუმართლათ“ თავის მისიაში. იმ ჯგუფში, რომელსაც ისინი შეებრძოლნენ, ზუსტად ერთი, სხვა მოსიარულეს მიერ გაცოცხლებული ზომბი აღმოჩნდა. ამ სისუტის აღმოჩენამ ახალი თეორია წარმოშვა. თუ მოსიარულეების მოკვლით მათი გაცოცხლებული არსებები ნადგურდებიან, ესეიგი ნაით კინგის მოკვლის შემთხვევაში, მოსიარულეებიც უნდა დაიღუპონ და მათ მიერ შექმნილი ყველა ზომბი.

სისუსტესთან ერთად ნაით კინგის [სავარაუდო] სიძლიერეც აღმოვაჩინეთ. როდესც ჯონის რაზმს ზომბები მისდევენ, მათ მოძრაობაში ვხედავთ რომ პრიორიტეტი არა რაზმის შეპყრობა, რამედ მათ გარშემო წრის შეკვრა და ერთ ადგილში გამოკეტვაა, რასაც წარმატებულად ახერხებენ კიდევაც. ამის შემდეგ დეინერისის მოლოდინის რეჟიმში გადავდივართ. ზომბები ერთ ადგილზე დგანან და მანამდე არ იწყებენ მოძრაობას, სანამ დეინერისი საკმარისად ახლოს არ აღმოჩნდება, რომ ჯგუფი გადაარჩინოს. ყველაფერი იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ეს კარგად დაგებული მახე იყო, რომლის მიზანი, ერთი ან რამდენიმე დრაკონის მოკვლა და ბნელ მხარეზე გადაყვანა იყო. შესაძლოა ნაით ქინგი Greenseer იყოს და მომავლის ხილვები ქონდეს. ეს ამავდროულად მცირე ლეგიტიმაციას აძლევს თეორიას იმის შესახებ რომ ნაით ქინგი წარსულში გაჭედილი ბრანია. და აქ იწყება ჩემი თავის ტკივილი. თუ ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო, იმისთვის რომ დრაკონები თავიდან მოეშორებინათ [ ამის კიდევ ერთი დასტურია არსაიდან გაჩენილი უზარმაზარი ჯაჭვები, რომელსაც დრაკონის ტბიდან ამოსაყვანად იყენებენ], მაშინ რატომ არ უმიზნებს ნაით ქინგი თავის შუბს ერთ ადგილას მდგომ დროგონს, რომელზეც დრაკონების დედა ზის და მის მაგივრად მოძრავ მიზანს ირჩევს? შეიძლება იმიტომ, რომ დენი ჯერჯერობით ცოცხალი ჭირდება თავისი გეგმისთვის, მაგრამ ეს თეორიაც რამდენიმე წამში კვდება, როდესაც მეორე შუბს უკვე ჰაერში მყოფ დროგონს ესვრის და აცილებს. სერიის ბოლოს ემოციურად გამოფიტული ვიყავი, ვეღარ ვხვდებოდი ჭკვიანურ ჩანაფიქრს ჰქონდა ადგილი თუ სრულ იდიოტიზმს. ბოლოს იმ დაკსვნამდე მივედი, რომ ორივეს ნაზავთან გვაქვს საქმე.

თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ წიგნში მარტინი სხვა მიმართულებით წავა და „მოკალი ვირუსის წყარო და ყველაფერი მოგვარდება“ კლიშეს თავს აარიდებს. რაც უფრო უახლოვდება შოუ დასასრულს, მით უფრო მინდა გავიგო თუ როგორ მოხდება ყველაფერი წიგნებში და აქ კიდევ ერთ თეორიას ვეჯახები: „ჯორჯ მარტინს წიგნები უკვე დამთავრებული აქვს, მაგრამ მათ გამოსაცემად შოუს დასრულებას ელოდება.“ მეხუთე წიგნსა და მეხუთე სეზონს შორის უკვე იმხელა სხვაობები იგრძნობოდა, რომ არ გამიკვირდება შოურანერებმა თეთრი მოსიარულეების მითოსიც მთლიანად შეცვალონ და გაამარტივონ. ჯერჯერობით კი, მე მაინც ჯიუტად ვაცხადებ უარს იმის დაჯერებაზე, რომ ისინი უბრალოდ ბოროტი არსებები არიან, რომელთა ერთადერთი მამოძრავებელი ძალა კაცობრიობისადმი ზიზღია. ეს ყველაფერი ხომ უკვე ათასჯერ არის გადაღეჭილი და გულისამრევად ნაცნობია.

 

სხვა:

  • არია ყველა იმ მიზეზს უხსენებს საკუთარ დას, რის გამოც პირველ რამდენიმე სეზონში სანსა მაყურებელს ეზიზღებოდა. დაჭკვიანებული სანსა პირველ პრობლემასთან შეჯახებისთანავე, იმისთვის, რომ გვანახოს როგორი დაბრძენებული და გაზრდილია, სატირლად ბეილიშთან გარბის.
  • ჯონსა და დენის შორის ეპიზოდის ბოლოს გამართული დიალოგი იმდენად ბანალური და პათეთიკურია, რომ მის ყურებას ჯობდა რომელიმე საყვარელი პერსონაჟის სიკვდილი მენახა.
  • შოურანერებმა საბოლოოდ დაიკიდეს შოუს ქრონოლოგია: დაენერისისადმი გაგზავნილმა ყორანმა, შემდეგ კი თვითონ დრაკონების დედამ საერთო ჯამში 4 ათასი კილომეტრი სადღაც 2-3 დღეში გადალახეს.
x

Check Also

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული ...