Breaking
Home » მთავარი » კინო » რას უნდა უყუროთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

რას უნდა უყუროთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

ოთხი დეკემბრიდან მეთვრამეტედ გაიმართება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. კინოთეატრები რუსთაველი და ამირანი ერთი კვირით განსაკუთრებული სიმყუდროვის და მომხიბვლელობის სივრცეებად იქცევიან და სინეფლებისთვის სახლის მაგივრობას გაწევენ. წარმოგიდგენთ საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამიდან საუკეთესო ფილმების ჩამონათვალს, რომელებსაც ვფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა დაესწროთ.

ბილეთის ფასები

12:00 – 14:00 – 3 ლარი
16:00 – 4 ლარი
19:00 – 21:00 – 5 ლარი

აბონიმენტი – 50 ლარი

სამშაბათი, 5 დეკემბერი

14:00

On Body and Soul (ამირანი, პირველი დარბაზი)

უნგრელი რეჟისორი და სცენარისტი ინიედის პირველი ფილმი თვრამეტი წლის მანძილზე და წინა ფილმის მსგავსად, კვლავ სურეალისტური სანახაობა, წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე უმაღლესი პრიზით, ოქროს დათვით, აღინიშნა. სიზმრების და ცხადი სამყაროს გასაყარზე მოყოლილი სასიყვარულო ისტორია როგორც ტრეილერშივე ჩანს, ვიზუალურად გამყინავი სილამაზის იქნება, ხოლო ემოციური დიაპაზონი სავარაუდოდ რეჟისორი ქალის წინა ორი ფილმის მსგავსად მაღალი და მძლავრი დაგვხვდება.

16:00

Paris, Texas (ამირანი, მეორე დარბაზი)

ვიმ ვენდერსის საკულტო ფილმი აუცილებელი სანახავია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საშუალება გვეძლევა დიდ ეკრანზე ვიხილოთ. უდაბნოს ჰიპნოტური ლანდშაფტები და საოცარი სტილის გრძნობით გაჯერებული სედატიური სცენები ნასტასია კინსკის საოცარი მომხიბვლელობით და ჰარი დინ სტენტონის ქარიზმით იდეალური კინოსეანსის საწინდარია.

16:00

Spoor (რუსთაველი, მეხუთე დარბაზი)

აგნეშკა ჰოლანდის ახალი ფილმიკრიმინალური დრამაა მისტიკის ელემენტებით. მომენტებში სტილისტურად ტრიერის „ანტიქრისტეს“ წააგავს, მაგრამ თემატურად ენვირომენტალისტური მესიჯებით დატვირთული ფილმის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. სურათს „ბერლინალეზე“ ვერცხლის დათვი გადაეცა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მისდამი ინტერესს.

19:00

Let The Sun Shine In (ამირანი, პირველი დარბაზი)

კლერ დენი შეუძლებელ საქმეს შეეჭიდა და განიზრახა როლან ბარტის ფილოსოფიური ნაშრომის, ”შეყვარებულების დისკურსის”, კინო ადაპტაცია გადაიღოს. შეუძლებლობა პირველ რიგში იქიდან გამომდინარეობს, რომ ბარტის ტექსტს თანმიმდევრული ნარატივი არ გააჩნია, ის არ ყვება ისტორიას, არამედ აღწერს პირად განცდებს და აანალიზებს ფრაგმენტებს სხვა ავტორების (ბალზაკი, ნიცშე, პლატონი და ა.შ.) ამურულ პასაჟებს. ბარტი სიყვარულის ენაზე საუბრობს, რაც ძალიან რთული იქნება ვიზუალურად გადმოსაცემად. თუმცა თუ ვინმე შეძლებს პირველწყაროს ესთეტურ და იდეურ ეკრენიზაციას, ეს შეიძლება სწორედ კლერ დენის ჰიპნოტურმა და ეპილეპტიკურმა ვიზუალმა მოახერხოს.

19:00

The Cabinet of Dr. Caligari (სამეფო უბნის თეატრი)

მუნჯი კინოს და გერმანული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, „ექიმი კალიარის კაბინეტი“, დიდ ეკრანზე ყველა კინომოყვარულისთვის უდიდესი საჩუქარი უნდა იყოს, ამიტომ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ფილმი არ გაქვთ ნანახი, ყველა საქმე გადადეთ და სამეფო უბნის თეატრში გაეშურეთ.

ოთხშაბათი, 6 დეკემბერი

14:00

8 წუთი (ამირანი, პირველი დარბაზი)

ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც მოკლემეტრაჟიანი და მითუმეტს ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი რეალურად არის საინტერესო, მხიარული, ამბიციური და ყვება ერთ კონკრეტულ ისტორიას (და არა აბსტრაქტული ჩანახატების ნაკრებს, გაუანალიზებელ სოციალურ ტრაგიზმებს ან ქსენოფობურ კულტურულ შეპირისპირებებს), რომელიც ერთბაშად არის მასშტაბური და ზოგასაკაცობრიო და ამასთან ძალიან ინტიმური და ლოკალური. და ამასთან „რვა წუთი“ კარგია არა როგორც გვჩვევია ხოლმე, „ქართული პროდუქციისთვის“, არამედ ზოგადად არის კარგი, ნებისმიერი გეოგრაფიული მდებარეობისათვის.

14:00

The Day After (რუსთაველი, მეხუთე დარბაზი)

სამხრეთ კორეული კინოს კოლოსალური ფიგურის, ჰონგ სანგსუს ფილმი ჩემი პირადი ფავორიტი იყო „კანის კინოფესტივალზე“. სტანდარტულად მინიმალისტური და ლირიული პასაჟებით, რეჟისორი ფილოსოფიურ ნარატივებს ანვითარებს რომანტიკულ ურთიერთობებზე, რწმენის მნიშვნელობაზე, კულტურის შემეცნების როლზე ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში და სხვა მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე და რაც მთავარია ამას აკეთებს ვიზუალური კონცეპტით, სადაც სტატიკაში გაცილებით მეტ მოქმედებას ატევს, ვიდრე მოძრავ კამერაში.

21:00

Nosferatu

მურნაუს ხატმწერი ნაწარმოები დიდ ეკრანზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ განსაკუთრებულ მდგომარეობას ის ფაქტი ქმნის, რომ სურათი ცოცხალი მუსიკით იქნება გაფორმებული, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ისედაც შემაძრწუნებელ ატმოსფეროს და შთაბეჭდილების ეფექტს.

ხუთშაბათი, 7 დეკემბერი

14:00

The Blue Angel (ამირანი, მეორე დარბაზი)

შტერნბერგის კლასიკა ერთ-ერთი საუკეთესო ვიზუალური ნააზრევია სიყვარულის კონცეპტზე და გრძნობის მიერ ნაწარმოებ ქმედებებზე. სავსე ემპათიით და საოცარი მუსიკალური აკომპანიმენტით. ხო, და მარლენ დიტრიხი თავის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პერფორმანსს და იმიჯს ქმნის ფილმში.

19:00

დიდი მწვანე ველი (ამირანი, პირველი დარბაზი)

მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი ქართული კინოს ოქროს ფონდის უპირობო წარმომადგენელია. ამასთან იშვიათად თუ გვეძლევა შესაძლებლობა ძველი ქართული ფილმები მაღალი რეზოლუციით და თან დიდ ეკრანზე ვიხილოთ, ამიტომ, აგრეთვე არ გირჩევთ სეანსის გამოტოვებას.

პარასკევი, 8 დეკემბერი

14:00

The Square (რუსთაველი, მეხუთე დარბაზი)

რუბენ ოსტლუნდი მსოფლიო კინო რადარებზე 2014 წელს გამოიკვეთა, როდესაც ბრწყინვალე ფილმი გადაიღო, ”ფორს მაჟორი”, რომელიც ოჯახური ინსტიტუტის, საზოგადოებრივი ნორმების, გენდერული როლების და იმის შესახებ საუბრობდა, რომ პირადი და საჯარო თანაბრად პოლიტიკურია. ახალ ფილმში რეჟისორი კიდევ უფრო ბევრ თემაზე ირონიზირებს: თანამედროვე ხელოვნებაზე, მაღალი სოციალური კლასის წარმომადგენლებზე, ლიბერალურ ფასეულობებზე, ინდივიდუალიზმზე, საზოგადოებაში ნდობის ლიკვიდაციაზე და ა.შ. „კვადრატი“ წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია და მისი ნახვაც თბილისის კინოფესტივალზე აუცილებელ აქტიობაში შედის.

21:00

დაწესებულება #16 (რუსთაველი, მეოთხე დარბაზი)

დოკუმენტური ფილმი რუსთავში გახსნილი ახალი ციხის შესახებაა, რომელიც პოსტ საბჭოთა ქვეყნებში საუკეთესო პენიტენციალურ დაწესებულებად ითვლება. საინტერესოა როგორ წარმოაჩენს რეჟისორი პატიმრების ყოფას, ძლადობრივი ინსტიტუტის ხასიათს, შიგნით არსებულ იერარქიებს, სახელმწიფო სისტემის მოქმედების მოდელს და ა.შ.

21:00

The Forbidden Room (ამირანი, პირველი დარბაზი)

გაი მედინის საფირმო სურეალისტური ვიზუალის, აბსურდული მოქმედებების და ექსპერიმენტული ფორმის ბრწყინვალე სინთეზი ერთმანეთში აერთიანებს თითქმის ყველა კინემატოგრაფულ ჟანრს. რეჟისორი სიუჟეტს (რთულია სიუჟეტი უწოდო იმ ფრაგმენტულ მიზანსცენებს რაც ფილმში თამაშდება, მაგრამ მაინც) აგებს დაკარგული ფილმების ირგვლივ, რომლებიც ან შემქმნელებმა გაანადგურეს, ან კლიმატმა ან ფირის შენახვის არასწორმა ინსტრუქტაჟმა. ერთი სიტყვით მედინმა გადაიღო იმ ფილმების ნაკრები, რომლებსაც ვერასოდეს ვიხილავთ და რომელთა შესახებაც მხოლოდ ისტორიული ცნობები არსებობს. ანუ რეალურად შექმნა ყველა კინოს ისტორიის მოყვარული ადამიანის ოცნების ნამუშევარი. ხოდა, თუ მათ რიცხვში წერიხართ, „აკრძალულ ოთახში“ უნდა შეაბიჯოთ.

შაბათი, 9 დეკემბერი

12:00

The Other Side of Hope (ამირანი, პირველი დარბაზი)

ფინელი გიგანტის, აკი კაურისმიაკის ახალი ფილმი სირიელი ლტოლვილების მსოფლიო კრიზისს ეხმიანება და პირდაპირ ასახავს მას. რეჟისორისთვის ჩვეული მშრალი იუმორი, ჰუმანისტური ისტორია და ძლიერი პოლიტიკური სარჩული გარანტირებულია.

14:00

სევდის ანგელოზები (ამირანი, მეორე დარბაზი)

დოკუმენტური ფილმი გია ყანჩელის შემოქმედებასა და პერსონაზე თავისთავად საინტერესოა, რადგან ჩვენი კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმომადგენელზე მოგვაწვდის ცნობებს. ყანჩელის ფიგურა ქართული კინომუსიკის სარბიელზე გიგანტური მნიშვნელობისაა, თუ რეჟისორმა მოახერხა ტრივიალურობისა და პათეტიკის ავლით შემოქმედის პორტრეტის წარმოჩენა, დიდი შანსია საკმაოდ საყურადღებო სურათი შეგვრჩეს ხელთ.

21:00

ნამე (ამირანი, პირველი დარბაზი)

დავიწყებ მით, რომ ზაზა ხალვაშის „ნამე“ ერთ-ერთი (თუ არა ერთადერთი) საუკეთესო ფილმია, რაც ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში შექმნილა. ვიზუალური ესთეტიკა საოცარი სტერილურობით და რამდენად მოულოდნელიც არ უნდა იყოს, იაპონური სახვითი ხელოვნების სიმბოლოებით და მგრძნობელობითაა ნაშენები. სიუჟეტურად ფილმი ინდუსტრიალიზაციის და ბუნებრივი გარემოს, რიტუალების და მოდერნული ჩვეულებების, თეოლოგიის და მისტიციზმის, ვალდებულების და პირადი არჩევანის დიქოტომიებზე კომენტირებს და ამას აკეთებს მარტივი და სუფთა თხრობის მანერით. „ნამე“ ის მოვლენაა, რომელიც სასუნთქ აპარატზე შეერთებულ ქართულ კინოს სუფთა ჟანგბადს აწვდის სიცოცხლის გასაგრძელებლად.

კვირა, 10 დეკემბერი

12:00

Happy End (ამირანი, პირველი დარბაზი)

ჰანეკეს ახალ ფილმზე რატომ უნდა წახვიდეთ ჭირდება ვითომ მაგას ახსნა?! თემატურად რეჟისორს არაფერი შეუცვლია, ისევ ბურჟუაზიული ვნებების კრიტიკა, ახალი თაობის ნიჰილისტური განწყობები, ემიგრანტების პრობლემა კლასობრივ კონტექსტში და ა.შ. ბონუსად, ჟან ლუი ტრენტინიანი სიბერის ალბათ საუკეთესო როლს ასრულებს და მომენტებში საყვარელი მოხუცია, მომენტებში დრაკულას კალიბრის შემზარავი მრავალწლიანი არსება. ნუ, იზაბელ იუპერი სტაბილურად კარგია. თუმცა მთავარი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ამაზე საინტერესო, ირონიული, ტრაგიკული და საგანგაშო დასასრულის სცენა ჰანეკეს აქამდე არ გადაუღია.

16:00

Afterimage (რუსთაველი, მეხუთე დარბაზი)

პოლონური კინოს პარტიზანის, ანჯეი ვაიდას უკანასკნელი ფილმი თავის თანამემამულის, მხატვარ ვლადისლავ სჩემინსკის შესახებ მოგვითხრობს და აღწერს მის პირად ცხოვრებას, ხელოვნებასთან დამოკიდებულებას, პოლიტიკურ კუთვნილებას, რეჟიმთან დაპირისპირებას და ალბათ (იმედია) სოც. რეალიზმის მნიშვნელობას ხელოვნების სხვადასხვა სფეროებში. რასაკვირველია იმის მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ „ფოლადის ადამიანის“ ან „ფერფლი და ბრილიანტების“ კალიბრის სურათს ვიხილავთ, მაგრამ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორის საბოლოო ნამუშევარი მაინც არ გამოიტოვება.

19:00

Call Me by Your Name (ამირანი, პირველი დარბაზი)

ლუკა გუადანინოს ფილმზე დასავლური კრიტიკა ერთხმად შეთანხმდა, რომ Queer კინოს ახალი შედევრის დაბადების შემსწრენი გავხდითო. იმედია ეს იგივე კალიბრის პოლიტკორექტული პანიკა არაა, რაც შარშან „მთვარის შუქს“ მოყვა და რეალურად საინტერესო ფილმი გადაიღო რეჟისორმა სექსუალობაზე როგორც პირად, ისე პოლიტიკურ ჭრილში, სოციალური პრაქტიკების გააზრებით, კულტურული კონტექსტის გამოყენებით და კლასობრივი ურთიერთობების აღწერით.

21:00

The Shape of Water (ამირანი, პირველი დარბაზი)

ისტორიული კონფლიქტების პერიოდზე გილერმო დელ ტოროს საოცარი ფილმები გამოსდის, ამის მაგალითად შეგვიძლია ავიღოთ ”ეშმაკის ხერხემალი” და ”ფავნის ლაბირინთი”, ესპანეთის სამოქლაქო ომის და პოსტ სამოქალაქო ომის პერიოდზე მოთხრობილი ზღაპრული ისტორიები მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ჰუმანისტური გზავნილებით. ამჟამად დელ ტორო ამერიკაში, ცივი ომის პერიოდში ტრანსპორტირდება და არაამქვეყნიურ არსებებზე სახელმწიფო კვლევით განყოფილებას გაგვაცნობს და ამის პარალელურად სასიყვარულო ისტორიას მოგვიყვება. გადავიჯვარედინოთ თითები, რომ ეს ფილმი უფრო მეტად გავდეს დასაწყისში ნახსენებ ორ სურათს და უფრო ნაკლებად რეჟისორის ბოლო ორ ფილმს. და რაც აგრეთვე აღსანიშნავია, ფილმმა „ვენეციის კინოფესტივალზე“ ოქროს ლომი მოიგო, რითაც პირველი ფენტეზი ჟანრის წარმომადგენელი გახდა, რომელმაც მსგავი მნიშვნელობის საფესტივალო გრან პრი მოიპოვა.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...