Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: სხვისი სახლი

რეცენზია: სხვისი სახლი

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

კინო ენა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც დროის მსვლელობასთან ერთად იცვლება და ევოლუციას განიცდის. არ იცვლება ის ფრაზები, რომლითაც ფილმის პერსონაჟები საუბრობენ. მუნჯური ფილმებიდან დაწყებული დღემდე, ადამიანები ისევ ეუბნებიან ერთმანეთს „მე შენ მიყვარხარ“, ადამიანები ისევ ემუქრებიან ერთმანეთს „არ გაინძრე, თორემ გესვრი“ და ა.შ. კინო ენის გამოყენებით იცვლება აღწერა, იგივე შინაარსს ეძლევა ახლებური თხრობა, ახალი გამოხატვა, იცვლება ის თუ როგორ აგებინებს რეჟისორი მაყურებელს, რომ ეკრანზე მყოფი ადამიანები ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდნენ, ან დაემუქრნენ. მაგალითად ტარანტინოს „კრიმინალურ საკითხავში“ ჯონ ტრავოლტას პერსონაჟი ვინსენტი საკუთარი გრძნობების შესახებ არცერთ სცენაში არ საუბრობს, მაგრამ უმა თურმანის პერსონაჟთან, მიასთან გამომშვიდობებისას, რეჟისორი მას ახლო კადრით იღებს და ჰაეროვან კოცნას აგზავნინებს მიასთვის, ისე, რომ მია კადრში არ ჩანს, ის ამ ჟესტს ვერ ხედავს, ამას ვხედავთ მარტო ჩვენ, მაყურებელი, რომლებიც არაღიარებული სიყვარულის მოწმეები ვხდებით. შევესწარით რა, ორ პერსონაჟს შორის ემოციური კავშირის და მიზიდულობის ჩასახვას, ვაცნობიერებთ რამხელა ტრაგედიაა ამ კადრში, რომელსაც ყველა ხედავს, ადრესატის გარდა. რეჟისორს შეეძლო ეს სცენა ისე გადაეღო, რომ ვინსენტს ჩუმად ჩელაპარაკა „მე შენ მიყვარხარ მია“, ან მსგავსი ბანალური რამ, მაგრამ ტარანტინოს არ დავიწყებია, რომ ფილმს იღებდა და მარტივი და გადაღეჭილი მოცემულობა შეეძლო კინო ენის ინსტრუმენტებით გადმოეცა და არა ლინგვისტურად, რაც საბოლოო შედეგს უფერულს და დავიწყებადს გახდიდა. სამწუხაროდ ეს არ გახსენებია რეჟისორ რუსუდან გლურჯიძეს, როდესაც თბილისის კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელ სურათს – „სხვისი სახლი“ – იღებდა.

ქართულ კინოში უკვე მეორე ათწლეულია 90-ანების შესახებ თხრობა მთავარ მელოდიად რჩება. კარგია ის, რომ უახლეს ისტორიას არ ვივიწყებთ, მაგრამ არც ისე სახარბიელოა ის თუ როგორი სულისკვეთებით ვბრუნდებით იქ. 90-ანებში ტრანსპორტირება ხდება მხოლოდ ორი თემით: ქუჩური ცოვრება/ნარკომანია და აფხაზეთი. პირველ შემთხვევაში რეჟისორები გვეუბნებიან, რომ ამ სუბორდინაციაში მყოფი ადამიანები ტრაგიკული ეპილოგისთვის არიან განწირული, მეორე შემთხვევაში კი თამაშობენ დაკარგული ტერიტორიის სენტიმენტებზე და ცდილობენ შემრიგებლური მესიჯები გაუგზავნონ აფხაზ ხალხს. ეს გასაგები იყო მაშინ, როდესაც ქვეყნის მმართველი პარტია აფხაზეთში დაბრუნების რომანტიკას და ილუზიებს თესავდა, მაგრამ ახლა, დღევანდელ რეალობაში არსებული პრობლემების სათავეში აშკარად არ ფიქსირდება აფხაზებთან დაკარგული „ძმური კავშირი“, დღეს ბევრი სხვა სოციალური პრობლემა აწუხებს საზოგადოებას და ქართველთა და აფხაზთა შერიგებაზე მოთხრობილი ათეულთაგან კიდევ ერთი ახალი ისტორია ნამდვილად არ მოიაზრება მათ რიცხვში. ამ მითიურ „ძმობაზეც“ ისე გვიყვებიან, თითქოს მხოლოდ აფხაზური მხარის კეთილგანწყობა იყოს საჭირო და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღარაფერი შეუშლის ხელს. ცუდი ის არ არის, რომ რეჟისორები ამ ერთი სენტიმენტის ირგვლივ ტრიალებენ, ცუდი ისაა, რომ არაფერ ახალს არ იკვლევენ, არ ცდილობენ კონფლიქტი ახალი რაკურსით წარმოაჩინონ.

არადა თითქოს „სხვისი სახლი“ მსგავსი მცდელობა უნდა ყოფილიყო, ახლებური „თვისთი“, სადაც მთავარი გმირები არა ქართველები, არამედ აფხაზები იქნებოდნენ და ყველაფერი მათი პერსპექტივით დანახული და აღქმული იქნებოდა. მსგავსი რიტორიკა ბრწყინვალედ გამოიყენა კლინტ ისტვუდმა ფილმში „წერილები ივო ძიმადან“, სადაც ამერიკელი მაყურებელი მტრის, იაპონელთა ბანაკში გადაიყვანა, მათი კულტურული და სოციალური მახასიათებლები და როლები უჩვენა, მოტივები დაანახა და შესაბამისად მარტივი „კეთილის და ბროტის“ ბინარობიდან გამოიყვანა და ემპათიის შესაძლებლობა გააჩინა. ჩვენ შემთხვევაში, საკუთარი მიწიდან იძულებით გადაადგილებული აფხაზთა ოჯახი, რომელიც ასევე იძულებით გადაადგილებული ქართველების სახლში შეაფარებს თავს, ყველაზე ნაკლებ აცოცხლებს თანაგრძნობის უნარს, რადგან მათი არც ისტორია, არც ფსიქოლოგია და არც მიზნები ფილმში არ იკვეთება. რთულია რეალური ემპათიის გაჩენა მაშინ, როდესაც ინდივიდს ვერ ხედავ, არ გეძლევა შინაარსი, რის გამოც შეიძლება მასთან სიმპათია გაჩნდეს. მარტივი, ზედაპირული სიბრალულის გაჩენაც ძნელი ხდება, როდესაც დაბინავებულ ოჯახებს უყურებ, მაშინ, როდესაც ათეულობით ათასი ადამიანი აფხაზეთის ომის დროს ქუჩაში აღმოჩნდა, სხვისი მიტოვებული სახლის მოსაპოვებლადაც კი ბრძოლა მოუწია, მარგინალიზებული იქნა და ა.შ.

სიუჟეტის მთავარი დრამა იმ ტერიტორიაზე დგას, სადაც სახლები ზებუნებრივი ფილმების მსგავსად საკუთარი ყოფილი მობინადრეების სულებს ინახავენ. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ასტამური, ოჯახის პატრიარქი, სწორედ ამის გამო კარგავს მოსვენებას და ვერ ახერხებს ახალ ბინაში სიმშვიდის მოპოვებას. ცოლის და ორი შვილის ახალ ტერიტორიაზე ადაპტირების და მცდელობების მიუხედავად, საკუთარ კერად აქციონ შენობა, ასტამური გადაწყვეტს, რომ არ შეუძლია ასეთი ყოფა და ამ არჩევანს მათ მაგივრადაც გააკეთებს. ამასობაში მეორე მხარეს ვაწყდებით სამი ქალისგან დაკომპლექტებულ ოჯახს, სადაც პოლარული სხვაობა ფიქსირდება ზრდასრულ დებს შორის, რომელთაგან ერთი ანდროგინი ირა და მეორე ფემინური აზიდა ამ უკანასკნელის თინეიჯერ შვილთან ერთად ცხოვრობენ. აზიდას ქმარი ომში დაღუპულად ითვლება, ამიტომ ოჯახის უფროსის როლს ირა იღებს საკუთარ თავზე, რომელიც აგრძელებს ამერიკულ მეინსტრიმ ფილმებში გაჩენილი „ძლიერი ქალის“ ტრენდს და ყოველგვარი ფსიქოლოგიური ანატომიის გარეშე, წარმოადგენს იმ კალიბრის სიძლიერეს, რომელიც სტანდარტული მასკულინური მახასიათებლების სესხებას გულისხმობს. ირა სნაიპერია, რომელზეც აფხაზი კაცები შიშით საუბრობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მის იარაღს საკმაო მსხვერპლი ყავს აქტივში. რეჟისორი არაფერს ამატებს ამ მოცემულობას და არ გვიყვება როგორ მივიდა მისი პერსონაჟი იარაღთან და რა ემოციური საფეხურები გამოიარა. ირას იდენტობა არის სნაიპერი, ის არ აფიქსირებს ანტიპათიის გარდა სხვა გრძნობებს. ის მუდამ ავტომატით ხელში დადის, ფალიკური სიმბოლოთი, რომელიც თითქოს რეალური ფალოსის შემცვლელი ხდება, განსაკუთრებით იმ სცენაში, როდესაც ამ უცნობ დასახლებაში ადამიანების სამშვიდობოზე გადმომყვან აფხაზ ”რიჟასთან” იწყებს მის დაზომებას. რიჟას ნაგანი უჭირავს ხელში, ირას კალაშნიკოვი. საბოლოოდ კი რიჟა დანებებული ტოვებს შელაპარაკების ეპიცენტრს.

გენდერული როლების გაცვლის ეს ფასადური აღწერა გრძელდება აზიდას პერსონაჟშიც, რომელიც მკაცრად ფემინური სახეა, ნაზი და სენტიმენტალური, მაგრამ ერთ მომენტში იგივე რიჟასთან დომინანტურ ხასიათს გამოიჩენს და სექსის ინიციატორი თავად გახდება, უემოციოდ ეტყვის ქურთუკი ძირს დააფინეო, დაწვება და კაბას აიწევს. შემდეგ კი აგრეთვე უემოციოდ ეტყვის პირში სიგარეტ გაჩრილ რიჟას საყოველთაო კლიშეს: „დაივიწყე რაც მოხდა, ეს აღარ განმეორდება“. ამ ყველაფრის ფონზე ძალიან საინტერესოდ იკვეთება რუსი პერსონაჟი ლიზა, ლეოს ცოლი, რომელიც ერთადერთი მეოჯახე ქალია, რომელიც არ კარგავს ღირსებას, ემოციურ წონასწორობას, განსჯის უნარს და დღეები შვილებზე ზრუნვაში, სახლის მოწესრიგებაში გაყავს. ერთადერთი პერსონაჟი, რომელშიც სუფთა პროტაგონიზმს ვხვდებით აფხაზეთი – საქართველოს კონფლიქტზე გადაღებულ ფილმში, ეთნიკურად რუსია, რაც საკმაოდ ირონიული სანახაობა ხდება ისტორიული დისკურსის გათვალისწინებით.

საქმე გვაქვს მორიგ ზომიერების დეფიციტთან ქართულ კინოში. თუ მაგალითად ”მანდარინებში” იგივე კონფლიქტის შესახებ თხრობისას რეჟისორის მიერ დეტემრინებულ როლებში უმაღლესი ბოროტების სახე რუსეთზე გადანაწილდა, რომელსაც საქართველოს და ჩეჩნეთის (იდეურად აფხაზეთის) შერიგების პროცესი ბარბაროსულად ჩააშლევინა, რამაც კომპლექსური თემის განხილვის ნაცვლად მარტივი და ბანალური განაცხადის სახე მიიღო, ყველაფერი რუსეთის ბრალიაო, წელს ”სხვის სახლში” რუსეთის მატერიალიზებული პროექცია იმდენად კდემამოსილი და კეთილშობილია, რომ უხერხულობას იწვევს. ალბათ ეს არა რეჟისორის პოლიტიკური შეხედულებებით თუ იდეოლოგიური ხედვით, არამედ იმით აიხსნება, რომ ფილმის დაფინანსების დიდი ნაწილი რუსეთიდან მოვიდა, რასაც შესაძლოა მადლობის გადახდა ასეთი გამოხატვით მოყვა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ კომიკური მოცემულობა მივიღეთ სახეზე.

კომიკურობაზე ჩამოვარდა სიტყვა და აღნიშვნას საჭიროებს ის ფაქტი, რომ სამწუხაროდ ქართულ კინოში გადახმოვანების პრაქტიკა დღემდე გრძელდება. ის რომ მსახიობთა თეათრალური ექსპრესიულობა კვლავაც პრობლემად რჩება, დიალოგები კი ხელოვნური და პროზაიკულია, რაც ფილმის აღქმას ისედაც სერიოზულად აზარალებს, თითქოს ეს არ იყოს საკმარისი ზიანი, დამატებით წარმოთქმული ფრაზების ხმის ჩამწერ ოთახში რეანიმაციის მცდელობები კიდევ უფრო უსიცოცხლო ორგანიზმად გარდაქმნის სურათს.

რაც შეეხება ფილმის ოპერატორულ მხარეს, ბოლო წლების ეროვნული კინემატოგრაფული სტანდარტების ფონზე, ოპერატორის ნამუშევარი საერთო სურათიდან გამოიყოფა, მაგრამ აქაც რეჟისორი აფუჭებს საქმეს. დასაწყისში ტარანტინოსთან გავლებული პარალელი შემთხვევითი არ ყოფილა და ისევ უნდა მოვიხმო მისი მაგალითი სიტუაციის აღსაწერად. ტარანტინო თავის ფილმის ვიზუალურ ნაწილს სხვადასხვა რეჟისორებისგან სეხულობს, მთელ აზიურ კინოს, სპაგეტი ვესტერნს, ამერიკულ გრაინდჰაუსს პარავს სცენებს, მაგრამ საბოლოოდ საკუთარ ნამუშევრად გარდაქმნის, აძლევს რა ახალ შინაარსს, კონტექსტს, მახასიათებლებს და ა.შ. შესაბამისად, ტარანსიტნოსთან ვაწყდებით პასტიშს, თუმცა ”სხვისი სახლი” და მისი მცდელობები დაემსგავსოს ტარკოვსკის ბუნების დეტალებით ისტორიის აღწერას, კიჩი ხდება, რადგან არ გააჩნია არანაირი სუბსტანცია, უბრალოდ იმეორებს თეატრალურ უნივესრიტეტში ნასწავლ ”დიდი კინოს” ვიზუალს, რომელსაც არაფერს არ უმატებს საკუთარს, ვიზუალის დახმარებით არ ანვითარებს ნარატივს. ”სხვისი სახლის” ჩუმი კადრები და ყოველგვარი საჭიროების გარეშე გამოყენებული კომპიუტერულად გენერირებული ჩიტები ცდილობს დანერგოს მისტიკა და მაყურებელს აფიქრებინოს, რომ ამ მომენტში რაღაც მნიშვნელოვანის თქმას ცდილობს რეჟისორი. საქმე კი იმაშია, რომ ფილმი არც არაფერს ამბობს. მისი კადრები იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც საინტრესოა რეპროდუქციების თვალიერება. ლამაზია, მაგრამ ორიგინალისგან ბევრი რამ აშორებს, მათ შორის ნერვული სისტემა და არტერია, რომელის დეფიციტიც უსიცოცხლო მდგომარეობაში ამყოფებს მას.

ერთი სიტყვით, ”სხვისი სახლი” მაქსიმალურად ცდილობს გაფიქრებინოს, რომ რაღაცაზე გესაუბრება, მაგრამ რეალურად მეტყველების უნარი დაბლაგვებული აქვს. კადრები, რომლებიც სიჩუმითაა სავსე, მხოლოდ სიჩუმეა, სცენების ინტერპრეტირების უნარს რეჟისორი არ იძლევა, რადგან მის უკან არანაირი ტექსტი არ იკითხება. აქ არ არის არც შემრიგებლური მოტივები, არც მეგობრობის თხოვნა, რადგან საქართველოს კონტექსტი თითქმის წაშლილია. გაბუნდოვნება, რომელიც ფილმის ყველა ასპექტზე ხდება (პირდაპირ არ სახელდება კონფლიქტი, პერსონაჟების ეთნოსი, ლოკაცია და ა.შ.), ემსახურება არა ლოკალური ტრაგედიის ახალი (თუ ძველი) რაკურსით წარმოჩენას, არამედ უცხოურ ფესტივალებზე, უცხოური ჟიურის აღქმითი რეცეპტორების მისალბუნებას. მათი პერსპექტივიდან სურათი შესაძლოა აღქმული იქნას როგორც რეფლექსია გლობალურ პრობლემაზე, რაც მსოფლიოში ლტოლვილთა კრიზისის სახით არის წამოჭრილი. ზოგგან ეს გაამართლებს, უფრო მეტგან ვერა. ”ოსკარზე” კი ნამდვილად ვერ გათვალეს, რუსეთის პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენით, ამერიკის კინოაკადემიის ტერიტორიაზე ფილმები ვერ ხარობს. ”სხვისი სახლი” არის ფილმი არა ჩვენთვის, არამედ სხვებისთვის. როგორც ჩანს, სათაურში მაინც, სიმბოლიზმი მეტყველი გამოდგა, მართალია შემთხვევითობის პრინციპით, მაგრამ, რას ვიზამთ.

x

Check Also

რას უნდა უყუროთ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ოთხი დეკემბრიდან მეთვრამეტედ გაიმართება თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. კინოთეატრები რუსთაველი და ამირანი ერთი ...