Breaking
Home » მთავარი » სერიალები » რეცენზია: Iron Fist

რეცენზია: Iron Fist

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი

Iron Fist-ის გადაღება ნეტფლიქსის პირველი ფაზის ბოლო სერიალად მისი სირთულის გამო გადაწყდა. ჯერ კიდევ ”ჯესიკა ჯონსის” გამოსვლისას, ”მარველის” წარმომადგენლები აღიარებდნენ, რომ კომპანიას ჩამოყალიბებული ხედვა არ ქონდა იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებოდნენ ამ მეტად რთულ მასალას. დენი რენდის ისტორია ერთის მხრივ ძალიან ბანალურია და ჟანრის ყველა კლიშეს იტევს – მილიარდერი სუპერგმირი, წვრთნები უცხო გარემოში, შურისძიება მშობლების სიკვდილისთვის, კომპანიის მანკიერებისგან გაწმენდა და ა.შ. (Iron Man, Green Arrow, Batman…) სერიალს თუ სურდა ორიგინალურობაზე პრეტენზია გამოეთქვა, პირველ რიგში ისტორიის გადაკეთება უნდა დაეწყოთ. მეორეს მხრივ კან-ლანის მითოსი ყველაზე რთულად გადმოსაცემია მარველის სამყაროდან. მისი თანმიმდევრული და ჩამოყალიბებული ახსნა არც კომიქსებში მოიძებნება. MCU-ში უკვე არსებობენ პარალელური რეალობები, მაგია და უცხო პლანეტები, მაგრამ არცერთი ზუსტად არ ასახავს იმას რაც კან-ლანია თავისი დრაკონიანად.

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ალბათ კან-ლანის და „ჰენდის“ გადამტერება იყო, რამაც პერსონაჟს უდიდესი გასაქანი მისცა, მაგრამ მისი რეალიზებისას ”მარველი” არაერთ შეცდომას უშვებს. პირველად, ”ჯესიკა ჯონსის” შემდეგ გაჩნდა კითხვა, ზედმეტად დიდი ხომ არ იყო 13 ეპიზოდი თითო პერსონაჟისთვის. ამხელა საეკრანო დროის შესავსებად საკმარისი მასალა მხოლოდ დეარდევილს აღმოაჩნდა. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ბიუჯეტი უფრო და უფრო მცირდება (რაც დაკავშირებულია ”შურისმაძიებლების” მომავალი ფილმების მილიარდიან ბიუჯეტთან), ხომ არ აჯობებდა სოლო სერიალები 8 ეპიზოდიანი, Defenders კი 13-იანი ყოფილიყო? ამ სერიალმა ხომ წესით ყველაზე მეტი პერიპეტიები უნდა დაიტიოს. მიუხედავად ამისა, დენის ისტორია ალბათ ყველაზე დიდია და წესით საეკრანო დრო უნდა შეევსო კიდეც, მაგრამ რასაც სერიალში ვხედავთ, ყველაზე ნაკლებადაა დენი რენდი, ის უფრო დეარდევილის მესამე, ან Defenders-ის შესავალი სეზონია.

მარველს რომ ყველაფრის დაკავშირება და ინტრიგების ჩაგდება უყვარს ამას სერიალიც გვახსენებს MCU-ის საფირმო ფრაზით „It’s all connected”, მაგრამ როდესაც 13-დან 8 ეპიზოდში მთავარი პერსონაჟის ისტორიაზე მხოლოდ რამდენიმე წამიანი ფლეშბექები მიანიშნებს, მგონი ცოტა ზედმეტია. დარჩენილ სერიებშიც დენი რენდის ისტორია ძალიან ჩამოუყალიბებლად და დაუსრულებლად მოგვეწოდება. ეს ინტრიგას ტოვებს მეორე სეზონისთვის, მაგრამ ყურებისას შეიძლება ეჭვიც გაგიჩნდეს, რომ მარველმა უბრალოდ ჯერ კიდევ არ იცის როგორ გადმოსცეს ეს მითოსი სწორად. Iron Fist-ის პირველი სეზონი ”დეარდევილს” არამარტო ბრძოლის სტილით, ახლა უკვე მთავარი მეტოქითაც გავს. სერიალში იმ გამოძიების გაგრძელებას ვეცნობით, რომელიც დეარდევილის მეორე სეზონში დაიწყო და წესით Defenders-ში უნდა დამთავრდეს. რამდენადაც საინტერესო და ხარისხიანად გადმოცემულიცაა ეს პროცესი, ყურებისას მაინც გიჩნდება სურვილი ცოტა ხნით ხაზს გადაუხვიონ და მთავარ პერსონაჟს დაუბრუნდნენ.

როგორც ვახსენეთ, დენის ისტორია ორიგინალურობით არ გამოირჩევა, მაგრამ მაინც იყო მასში ის, რაც მას უნიკალურს ხდიდა. ეს მამის – ვენდელ რენდის და კან-ლანის საზოგადოების კავშირია, რომელიც ძალიან კარგ ვილანს – დავოსს გვაძლევს და ამ ბურუსით მოცული სამყაროს შესახებ უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის. იმის ნაცვლად, რომ ეს ხაზი რაც შეიძლება უფრო დახვეწილიყო და მაყურებლისთვის ჯერ კინოში და ტელევიზიაში არ არსებული ისტორია ეჩვენებინათ, პროდიუსერებმა გადაწყვიტეს დენის მშობლების სიკვდილი უბრალოდ გადმოეკოპირებინათ The Amazing Spider-Man-იდან და ჟანრის ყველაზე დიდი კლიშეთი ჩაენაცვლებინათ. რაც შეეხება დავოსს, მისი ახალი რეინკარნაცია განსხვავდება კომიქსების დავოსისგან და ნაკლებად ჩახლართული ისტორია აქვს, მაგრამ იგი მაინც საინტერესოდ გამოიყურება და კარგი სცენარის პირობებში კარგ ვილანად ჩამოყალიბებაც შეუძლია. სხვათაშორის, მისი ბოროტების გზაზე დადგომა ძალიან გავს ბარონ მორდოსას განვლილ გზას.

რაც შეეხებათ სხვა ვილანებს: „ჰენდის“ შესახებ დიდი ინფორმაცია დეარდევილიდანაც მივიღეთ, მაგრამ ამ სერიალში მას არამარტო მათი მტრების გადმოსახედიდან, არამედ თავად შიგნიდანაც ვეცნობით. წარმოდგენა გვექმნება მის სტრუქტურასა და საქმიანობაზე, რაც გარკვეულწილად ”ჰიდრასას” გავს, მაგრამ მაინც საკმაოდ გასხვავდება მისგან. ორგანიზაცია თავდაპირველად ფეოდალურ იაპონიაში შეიქმნა გლეხების მიერ, დამყარებული რეჟიმის დასამხობად და ამისათვის ყველაზე ბინძური გზებით ბრძოლა აირჩია. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ თავად ”ჰენდშიც” რევოლუცია ხდება და თაობათა ცვლასთან ერთად ბრძოლის მიზანიც იცვლება. ამჯერად, უკვე მულტინაციონალური ორგანიზაცია კაპიტალიზმთან ბრძოლითაა დაკავებული, მისი პირველი რეინკარნაციის წარმომადგენლები კი იმათ რიგებში მოექცევიან, ვისაც ახალი თაობა უპირისპირდება. თუმცა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ჩახლართულია და Defenders-ში კვანძის გახსნას ელოდება.

მასთან დაპირისპირებული ორი კეთილი ძალა – კან-ლანი და “ჩესტი” უფრო მეტად გავს ანაქრონიზმს, ვიდრე “ჰენდია” და ეს “ნეტფლიქსის” სამყაროს საუკეთესო მიღწევაა. თავის მხრივ გარდატეხა ხდება კან-ლანშიც, როდესაც მისი დამცველი პირველად ისტორიაში უცხოელი ხდება და საუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელების ნაცვლად პირადი მიზნებისთვის ბრძოლას და მეტოქის განადგურების უფრო პირდაპირ მეთოდს ირჩევს. დენი რენდი და კოლინ ვინგი ორი ინსტიტუტის ახალი თაობა არიან, რომლებიც მათი წინაპრებისგან და მენტორებისგან განსხვავებით მზად არიან მტრის პოზიციას მოუსმინონ და საბოლოოდ “მარველის” რომეო და ჯულიეტად ყალიბდებიან. სერიალში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მსოფლმხედველობის მნიშვნელობას. ორივე ინსტიტუტი სამყაროს თავისი თვალით უყურებს და თავისი წარმოდგენა აქვს იმაზე თუ რა არის ნორმალური და რა მიუღებელი. ეს თემა კი დედამიწაზეც გრძელდება ლიტერატურის კლასიკური თემის – სიგიჟის და საგიჟეთის დახმარებით.

რაც შეეხებათ დამხმარე პერსონაჟებს, მიჩუმების ოჯახს, ისინი ორგანულად ერწყმიან სერიალის მთავარ იდეას – თაობათა შორის დაპირისპირებას, მაგრამ ამას უფრო თანამედროვე გარემოში წარმოაჩენენ. „წარმატების“ და „ძალაუფლების“ იდეით შეპყრობილი ოჯახი, რომელიც სამყაროს მხოლოდ სინათლეზე დაჭერილი ბანკნოტებისგან უყურებს, ყველაზე მეტადაა ტრავმირებული. ერთის მხრივ ჩვენ გვყავს დენი რენდი – ობოლი ბიჭი, რომელიც გაურბის თავის აღმზრდელ მამას, მაგრამ ამასთანავე ახდენს ბიოლოგიური მამის რომანტიზირებას. მის წარმოდგენაში ის არსებობს როგორც კარგი და მზრუნველი, ის მას ჯერ კიდევ იმ ასაკამდე იცნობდა, სანამ მისი ცუდი მხარის დანახვის საშუალება მიეცემოდა. ვორდ მიჩუმს კი მთელი ცხოვრების მამის ჩრდილში გატარება მოუწია. თუ მთავარი პერსონაჟი ბიოლოგიურ მამასთან დაახლოებას ცდილობს, ვორდი მისგან გაქცევისკენაა მიმართული, მაგრამ შედეგს ვერ აღწევს. სერიალის ყველა პერსონაჟში ძლიერი მამის ფიგურა იმდენადაა გაბატონებული, მისგან გაქცევას ვერავინ ახერხებს და რამდენადაც არ უნდა შეეწინააღმდეგონ მათ და საკუთარ თავებს, მაინც ყველაფერს ურჩევნით მამის სიამაყის მოპოვება.

მთავარი პერსონაჟი თავადაც ბევრ კითხვას აჩენს. ძნელი დასაჯერებელია ეს მტირალა ბიჭი, რომელსაც ყველა მეგობარი თუ მეტოქე ჯობია ემოციების კონტროლში, ან ბერების რჩეული ყოფილიყო, ან დრაკონზე გამარჯვებული. სერიალის უდიდესი ნაწილი, მას მუშტის გამოყენებაც კი არ შეუძლია თავისი სისუსტის გამო, ან იმიტომ, რომ რაიმე უბრალო დამაწყნარებელი აქვს მიღებული. სინამდვილეში ეს იმითაა გამოწვეული, რომ მარველის გამოყოფილი ბიუჯეტი ეპიზოდში რამდენჯერმე მუშტის გაფერადებას და ერთი-ორი კედლის განგრევასაც არ ყოფნის, მაგრამ მაინც ჩნდება განცდა, რომ დენი რენდი არამხოლოდ არ იმსახურებს თავისი ტიტულს, არამედ მისი დამარცხებაც საკმაოდ მარტივი საქმეა. მოკლედ რომ ვთქვათ, წარმოიდგინეთ ”თორის” პირველი ფილმი რომ 13 სერიაზე ყოფილიყო გაწელილი და მიიღებთ ”რკინის მუშტს”.

თუ სერიალის კრიტიკულ გამოხმაურებას გაეცნობით, ნახავთ, რომ ყველაზე ხშირად რის გამოც მას იწუნებენ, ესაა მთავარი პერსონაჟის რასის შეცვლაზე უარის თქმა, არადა შეიძლებოდა ამით ბანალური ისტორია უკეთესი გამხდარიყო. ამასთან, ისინი ამერიკული და აზიური კულტურების დაპირისპირებას ელოდნენ, რაც შესაძლოა აზიელ პერსონაჟს უკეთ გადმოეცა, მაგრამ სერიალმა სხვა გზა აირჩია და კულტურათა კონფლიქტის ნაცვლად, თაობათა კონფლიქტი გადმოსცა. რამდენად კარგი გადაწყვეტილება იყო ეს, თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. სერიალის ხარისხი, ბიუჯეტის გათვალისწინებით ძალიან კარგია და ჩხუბის ქორეოგრაფიაც საკმაოდ სასიამოვნო საყურებელი. სერიალი ნამდვილად არ არის ის, რისი მოლოდინიც მაყურებელში იყო, მაგრამ მისი ყურება ნამდვილად არ იქნება დროის დაკარგვა. სავარაუდოდ, Iron Fist-ში ბევრს ვერაფერს ნახავთ ისეთს, რაც გაგაოცებთ და რაც აქამდე არ გინახავთ, ის გავს ყველაფერს რაც მარველს აქამდე შეუქმნია, მაგრამ თუ იდეის კარგი გადმოცემა, ხარისხიანი სერიალი, ინტრიგები, კარგი ვილანები და ნეტფლიქსის სამყაროს უკეთ გაცნობა გსურთ Iron Fist-ს აუცილებლად უნდა უყუროთ.

x

Check Also

მიმოხილვა: Game of Thrones 7.7

ავტორი: ფორვე ფინალური ეპიზოდისთვის საათი და ოცი წუთიანი ქრონომეტრაჟის მინიჭება კარგი იდეა ჩანდა, მაგრამ საბოლოო ...