Breaking
Home » მთავარი » კინო » 2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

2017 წლის 50 აუცილებლად სანახავი ფილმი

the snowman

  1. The Snowman

რეჟისორი: ტომას ალფრედსონი

მსახიობები: მაიკლ ფასბენდერი, ჯეი ქეი სიმონსი, შარლოტა გინსბურგი

თანამედროვე შვედური კინოს ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა, ტომას ალფრედსონმა, უკვე მოახერხა ინგლისურენოვან თხრობასთან ადაპტირებაც, როდესაც ატმოსფერული დეტექტივი Tinker, Taylor, Soldier, Spy გადაიღო. წელს მისი ახალი ფილმი იგივე ჟანრულ ტერიტორიაზე იტრიალებს, მაგრამ უფრო მეტ სიმძაფრეს შემოიტანს. ”თოვლის კაცი” გაუჩინარებული ქალის საპოვნელად აღძრულ გამოძიებას ეხება, რომელსაც მაიკლ ფასბენდერის პერსონაჟი დეტექტივი ჩუდგება სათავეში.

3978181D00000578-3845848-image-m-15_1476746159698

  1. Suburbicon

რეჟისორი: ჯორჯ ქლუნი

მსახიობები: მეთ დეიმონი, ჯულიან მური, ჯოშ ბროლინი, ოსკარ აიზეკი

პროექტის მთავარი მომხიბვლელობა ის გახლავთ, რომ ქლუნი ძმები კოენების სცენარის მიხედვით იღებს თავის ახალ ფილმს. სიუჟეტი ძმების საფირმო კრიმინალური კომედიაა, რომელიც საზოგადოებრივ მანკიერებებზე უხერხული იუმორისტული სცენებით იქნება ნაკვები. თუ რა თქმა უნდა ქლუნიმ არ გააფუჭა საქმე.

diaz-web

  1. When The Waves Are Gone

რეჟისორი: ლავ დიაზი

ფილიპინელი კოლოსის ახალი ფილმი შურისძიების ისტორიაა, რომელიც მოგვითხრობს 29 წლის პატიმრობის შემდეგ მანილას ციხიდან გათავისუფლებულ კაცზე, რომლის მიზანსაც საკუთარი ქონების, სახლის და საყვარელი ქალის დაბრუნება წარმოადგენს, რომელიც საკუთარმა მეგობარმა წაართვა. მოკლე სინოფსისით სურათი ძალიან წააგავს დიაზის წინა ფილმს ”ქალი, რომელიც წავიდა”, მხოლოდ მასკულინური პერსპექტივით. თუმცა დიდი ალბათობით მსგავსება მარტო შავ-თეთრ ფერებში და სტატიკურ კამერაში იქნება, რაც შეეხება შინაარსს და კომენტარებს, დიაზს არ გაუჭირდება ახალი და სოლიდური განცხადებების გაკეთება.

Screen-Shot-2017-03-07-at-11.08.11-AM

  1. War Machine

რეჟისორი: დევიდ მიშო

მსახიობები: ბრედ პიტი, ტილდა სუინტონი, ბენ კინგსლი

დევიდ მიშო საკმაოდ საინტერესოდ მოიწევს ფართო აუდიტორიისკენ არამეინსტრიმული ისტორიებითა და ნარატივის სტილით. ბრუტალური ”მადირთა სამეფოს” და ”მოხეტიალეს” შემდეგ, მისი ახალი ფილმი ამერიკის ავღანეთთან ომის თემაზე იქნება, ოღონდ ბანალური საომარი პერიპეტიების ნაცვლად, თხრობა მოხდება დაპირისპირების კამპანიის ირგვლივ, რაც ძალიან დიდ სარბიელს მიცემს სცენარისტ/რეჟისორს სატირისათვის. ბრედ პიტი პირველად თავის კარიერაში, გვევლინება ასაკის შესაფერისად, მხცოვანი კაცის ამპლუაში.

mar

  1. Mary Magdalene

რეჟისორი: გარტ დევისი

მსახიობები: ხოაკინ ფენიქსი, რუნი მარა, ჩიუეტელ ეჯიოფორი

საღმრთო ისტორია საღმრთო წერილის გვერდის ავლით, ორიგინალური სცენარის მიხედვით იქნება გადაღებული და მთლიანად მარიამ მაგდალინელზე იქნება კონცენტრირებული. ამ უკანასკნელის როლში რუნი მარას ვიხილავთ, თუმცა ფილმის მთავარი მომხიბვლელობა მაინც ხოაკინ ფენიქსი გახლავთ, რომელიც ქრისტეს როლში მოგვევლინება. სწორედ ამიტომ, გარტ დევისის ფილმის გამოტოვებას ნამდვილად არ გირჩევდით.

il

  1. On Body and Soul

რეჟისორი: ილდიკო ინიედი

უნგრელი რეჟისორი და სცენარისტი ინიედის პირველი ფილმი თვრამეტი წლის მანძილზე და წინა ფილმის მსგავსად, კვლავ სურეალისტური სანახაობა, წლევანდელ ბერლინის კინოფესტივალზე უმაღლესი პრიზით, ოქროს დათვით, აღინიშნა. სიზმრების და ცხადი სამყაროს გასაყარზე მოყოლილი სასიყვარულო ისტორია როგორც ტრეილერშივე ჩანს, ვიზუალურად გამყინავი სილამაზის იქნება, ხოლო ემოციური დიაპაზონი სავარაუდოდ რეჟისორი ქალის წინა ორი ფილმის მსგავსად მაღალი და მძლავრი დაგვხვდება.

jk

  1. Stronger

რეჟისორი: დევიდ გორდონ გრინი

მსახიობები: ჯეიკ ჯილენჰოლი, ტატიანა მასლანი

დევიდ გორდონ გრინი ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფილმოგრაფიის მქონე კაცია ამერიკულ დამოუკიდებელ კინოში. ბრწყინვალე დებიუტის შემდეგ, ძირითადად ან ძალიან ცუდ ფილმებს იღებს, ან ძალიან კარგს. სტატისტიკურად რომ დავთვალოთ, ყოველი კარგი ორი ფილმის შემდეგ, ორ ცუდ ფილმს აყოლებს. ამჯერად კარგი ფილმის დროა, რადგან ბოლო ორი არაფრად ვარგოდა. Stronger ბოსტონის მარათონზე ტერორისტული აქტის შედეგად გადარჩენილი ნამდვილი ადამიანის ისტორიას ყვება, რომელიც ექსტრემისტი ტერორისტების დაჭერაში ეხმარება პოლიციას და პირად ტრავმასთან ცდილობს გამკლავებას. სწორად გადანაწილებული პოლიტიკური აქცენტები და ჯეიკ ჯილენჰოლის ძლიერი პერფორმანსია მთავარი ელემენტები, რის გამოც ფილმისადმი მაღალი ინტერესი გაგვაჩნია.

1247884_Thelma

  1. Thelma

რეჟისორი: იოახიმ ტრიერი

ნორვეგიაში მოღვაწე დანიელი რეჟისორის, იოახიმ ტრიერის, აქტივში მშობლიურ მიწაზე გადაღებული ორი ბრწყინვალე ფილმი (Reprise, Oslo, August 31st) ინახება. ამიტომ სასიხარულოა, რომ ის კვლავ ნაცნობ ტერიტორიაზე იღებს ახალ სურათს, რადგან ბოლო ნამუშევარი ამერიკის საზღვრებში საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა მის წინა ფილმებს. ინდივიდუალურ განცდებთან, ტრაგიზმებთან და სოციალურ პრობლემებთან რეფლექსირებადი ტრიერი ამჟამად სასიყვარულო ისტორიას იღებს სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით, რაც იმედს აჩენს, რომ მეტაფორებით დახუნძლულ, ესთეტურად მომხიბვლელ და ემოციურ ნამუშევარს მივიღებთ.

sc-song-to-song-mov-rev-0321-20170321

  1. Song to Song

რეჟისორი: ტერენს მალიკი

მსახიობები: მაიკლ ფასბენდერი, ნატალი პორტმანი, რაიან გოსლინგი, რუნი მარა

მართალია ”სიცოცხლის ხიდან” მოყოლებული ტერენს მალიკი სულ უფრო რეგრესირებს და მხატვრული ნაწარმოების ნაცვლად წიგნაკში ჩაწერილი დაულაგებელი აზრების ლამაზ ვიზუალზე განლაგებას იღებს, მაგრამ მისი ახალი ფილმი ოსტინის მუსიკალურ სცენაზე მაინც რთულია გამოსატოვებლად. ლუბეცკის სტანდარტულად გრანდიოზული კადრების და ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობების გარდა, ფილმში დაგვხვდება კეიტ ბლანშეტი, პატი სმიტი, იგი პოპი, ფლორენს უელში, ლიკი ლი, რედ ჰოთ ჩილი პეპერსი და სხვა წარმოსადეგი არტისტები. ბონუსად იმასაც გეტყვით, რომ ფილმში კრისტიან ბეილიც მონაწილეობდა, უბრალოდ მონტაჟის დროს რეჟისორს აღარ მოეწონა მისი პერსონაჟი და მთლიანად ამოჭრა.

dunkirk-movie-preview-01_feature

  1. Dunkirk

რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი

მსახიობები: ტომ ჰარდი, მარკ რაილენსი, კილიან მერფი, კენეტ ბრანა

მართალია ბეტმენის მესამე სერიის და ”ინტერსტელარის” შემდეგ ნოლანისადმი რწმენა საგრძნობლადაა შერყეული, მაგრამ ეს პროექტი ზუსტად ის შანსია, რომელიც ცხადს გახდის, სტუდიურმა ფილმებმა შეიწირა ნოლანი, როგორც ავტორი, თუ მასში კვლავ არის დარჩენილი ძლიერი დრამატული ისტორიების არაფორმალურად თხრობის ოსტატი. თან მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე კაი ხანია ღირსეული ნამუშევარი აღარ გვინახავს.

x

Check Also

სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სტივენ სპილბერგის ”მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში” მეცნიერების ჯგუფი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო ხელმძღვანელობს, ცდილობს უცხო ცივილიზაციასთან ...