Breaking
Home » მთავარი » სერიალები » მიმოხილვა: Game of Thrones 7.7

მიმოხილვა: Game of Thrones 7.7

ავტორი: ფორვე

ფინალური ეპიზოდისთვის საათი და ოცი წუთიანი ქრონომეტრაჟის მინიჭება კარგი იდეა ჩანდა, მაგრამ საბოლოო ჯამში აზრს მოკლებული გამოდგა. სანსას და არიას გარდა, კინგს ლენდინგში თავი ყველა მნიშვნელოვანმა პერსონაჟმა მოიყარა. მათ შორის ინტერაქციები დიდწილად მინიმუმამდე იყო დაყვანილი, სავარაუდოდ დროის ეკონომიის მიზნით, მაგრამ ამავე დროს, შოურანერებმა გადაწყვიტეს თეონსა და ჯონ სნოუს შორის ყველაზე ბანალური და პათეთიკური დიალოგისთვის მიექციათ ყურადღება, რაც მხოლოდ მათი არასწორი პრიორიტეტებით აიხსნება. ქრონომეტრაჟიდან გამომდინარე, იქმნებოდა მოლოდინი, რომ სერია მხოლოდ დიალოგებით არ უნდა ყოფილიყო შემოფარგლული და ეპიზოდების მცირე რაოდენობით დაზოგილი ფულით, ბოლოში კიდევ ერთ ბატალურ სცენას ვიხილავდით, რამაც დამატებითი იმედგაცრურება გამოიწვია.

ამ სეზონის გამარჯვებულად შეგვიძლია სერსეი ლანისტერი დავასახელოთ, თუმცა იდიოტიზმის დონე ამ შემთხვევაშიც მაღალი რჩება. ზომბის პირველივე დანახვაზე ეურონის გადაწყვეტილება აბარგულიყო და კუნძულებზე გამოეზამთრებინა, ფსკერზე მყოფი პერსონაჟის მიერ ახალი სიღრმეების დაპყრობა მეგონა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს სერსეის ჭკვიანური ჩანაფიქრი იყო. ჭკვიანური იმ შემთხვევაში თუ სერსეიმ წინასწარ იცოდა, რა საჩუქარი მოჰქონდათ მისთვის ჩრდილოეთიდან და მის დანახვაზე შიში და გაკვირვება გაათამაშა [თუმცა, დრაკონების დანახვისას საკუთარ ემოციებზე სრული კონტროლის შენარჩუნებისთვის და დაგვიანებისთვის დეინერისისთვის საყვედურის თქმისთვის მას აპლოდისმენტები მაინც ეკუთვნის]. ჯეიმისთვის თავისი გეგმის გამხელის დროს, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი თუ რამდენად სულელური იყო ტირიონის გეგმა, შემოერიგებინა თავისი და. ამ გეგმის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, როიალისტები მაქსიმუმ დასუსტებულ მტერს ჩამოიშორებდნენ. ახლა კი იმ ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ერთი დრაკონი ფაქტობრივად არაფრის გამო დაკარგეს და კედლის ჩამონგრევაც მათ სინდისზეა. სერსეის გეგმაში მხოლოდ ერთი ნაკლია, [იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩრდილოეთში თეთრი მოხეტიალეების გამარჯვების შემთხვევაში მას არაფერი უშველის] ჯეიმი, რომელიც ეპიზოდის ბოლოს თავისი დის გეგმებთან ერთად ჩრდილოეთით გაემგზავრა. სერიაში ყველაზე დაძაბული სცენაც ლანისტერებს ეკუთვნით, რამდენიმე წამის განმავლობაში ყველას გვეგონა, რომ ჯეიმის სიცოცხლეს გამოასალმებდნენ. ეს რამდენიმე წამი ბევრად უფრო ემოციური იყო, ვიდრე ამ სეზონის მთავარი სიკვდილი.

მაყურებელთა ნაწილი (მათ შორის მეც) შოურანერებს დიდი ხნის განმავლობაში ვერ პატიობდა იმ ცვლილებებს, რომლებიც სტანისის მიმართ განახორციელეს (მაგ. საკუთარი შვილის დაწვა), მაგრამ ბეილიშთან შედარებით, ის კიდევ მარტივად გამოძვრა. ”სამეფო კარის თამაშის” მთავარი მაქინატორი და სავარაუდოდ ყველაზე ჭკვიანი ადამიანი, დამამცირებლად გამოასალმეს სიცოცხლეს, თან ისე, რომ მის სიკვდილს განსაკუთრებულად შოკისმომგვრელი ეფექტი არ ჰქონია. ამის მიზეზი კი მარტივია. წიგნებში ამჟამინდელი ვითარებით სანსა სტარკი ბეილიშთან ერთად მის მშობლიურ კუთხეში (ღმერთისგან მივიწყებულ ღარიბ კუნძულებზე) იმყოფება და ბოლტონზე მითხოვების არანაირი სურვილი არ აქვს. მკითხველმა დღემდე არ იცის წესიერად, თუ რა საბოლოო მიზანი ამოძრავებს მას, რაც ბეილიშს ერთ-ერთ ყველაზე ენიგმატურ პერსონაჟად აქცევს. მეშვიდე სეზონის განმავლობაში მის პერსონაჟს ფუნქცია ჰქონდა დაკარგული, მის არსებობას აზრი არ გააჩნდა. სცენარისტებმა საკუთარი თავი მახეში მოაქციეს და მისი მაქინაციებისთვის შემდეგ სეზონში ადგილი არ დატოვეს. შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილი ამ გზააბნეული პერსონაჟისთვის ერთადერთი გამოსავალი იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ბეილიშის მუხლებზე დაცემა და თვალაცრემლებული ხვეწნა სიცოცხლის შენარჩუნებისთვის უადგილო იყო. იმ ადამიანისთვის, რომელმაც ხუთი მეფის ომი დაიწყო ვესტეროსში, ასეთი უაზრო დასასრული, მარტივად რომ ვთქვათ, შეურაცხმყოფელია.

თუ ვინმეს ჯონ სენდის წარმომავლობის შესახებ კიდევ ღრღნიდა ეჭვები, მაშინ, განსაკუთრებულად დებილებისთვის, ამ ეპიზოდში ყველაფერი ნათელი გახდა. ზუსტად როდის შეიტყო სემმა ეს ინფორმაცია უცნობია, რადგანაც როდესაც ჯილიმ ჩანაწერებიდან შესაბამისი ნაწყვეტი ამოიკითხა, სემს მისთვის ყური არ დაუგდია და მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, რომ ჯონის წარმომავლობის შესახებ მთავარი მტკიცებულება ყურაღდღების მიღმა ჩაივლიდა. საინტერესოა, რომ ბრანმა, რომელმაც ამ დროისთვის ყველაფერი უნდა იცოდეს, ჯონის მშობლების ქორწინების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა და მხოლოდ კიდევ ერთი დაგუგლვის შემდეგ შეძლო ვიზერისის პარიკში მყოფი რაეგარის და ლიანა სტარკის ქორწინების ნახვა. ამ ინფორმაციის მიწოდება, ჯონისა და დეინერისის ინცესტის და რომანტიკული მუსიკის ფონზე კი ნამდვილად გენიალური კომედიური ჩანაფიქრი იყო. კითხვის ნიშანს მხოლოდ დაბღვერილი ტირიონის სახე იწვევდა, რომელსაც ბოლო წუთამდე ჰქონდა იმედი, რომ რომელიმე დრაკონზე მაინც ამხედრდებოდა.

სხვა:

  • სანათესაოში ყველაზე კარგი ტრაკის მფლობელი ჯონი გამოდგა
  • ვესტეროსში ყველა მნიშვნელოვანი ურთიერთობა ინცესტს ემყარება
  • ბრონს და ჯეიმის ეგზისტენციალური კრიზისი დაეწყოთ

 

x

Check Also

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული ...