Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: Ant-Man

რეცენზია: Ant-Man

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

ზომას არ აქვს მნიშვნელობა – ეს ის დამამშვიდებელი ფრაზაა, რომელსაც იმ მამაკაცებს ეუბნებიან, რომლეთა გაბარიტებსაც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებში სანტიმეტრები აკლია (მაგალითად სიმაღლეში). სტუდია ”მარველმა” ეს თეზისი აიღო და თავისი ახალი ფილმისთვის სულ სხვაგვარად გარდაქმნა. შედეგად აღმოჩნდა, რომ ზოგჯერ მცირე მოცულობას, საოცარი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია.

”ენთ მენი”(ადამიანი ჭიანჭველა იმდენად ცუდად ხვდება ყურს, რომ ჯობია თარგმანის გარეშე დავტოვოთ სათაური) ”მარველის” ყველაზე უჩვეულო ფილმი გამოდგა. მასში უხვადაა ექსპერიმენტები, კადრები, რომლებიც დისნეის მფლობელობაში მყოფი პროდუქციისგან სრულიად მოულოდნელი სანახავია და რაც ყველაზე მთავარია, სიტყვა ეპიკურის ეტიმოლოგიის ცვლილება. საშინელი ”ულტრონის” შემდეგ (თუ რატომ არის საშინელი ახსნა-განმარტებითი ტექსტი შეგიძლიათ აქ მოიძიოთ) სტუდიამ მოახდინა საკუთარი თავის რეაბილიტაცია და როგორც ძირითადად ჩვევია, შექმნა იდეალური საზაფხულო ბლოკბასტერი. თუმცა რადიკალურად განსხვავებული ყველა მისი წინამორბედი სურათისგან.

თუ აბსოლუტურად ყველა მსხვილბიუჯეტიანი კომიქსის ადაპტაცია თავის თავში მოიცავს ბევრ და მასშტაბურ ექშენს, საკვანძო სცენებისგან ეპიკურობას და ძლიერ პათოსს, ”ენთ მენი” ამ ფაქტორებს გვერდს უვლის და სრულიად ახალ კონსტრუქციას აგებს სუპერგმირულ სამყაროში. რა თქმა უნდა ექშენი აქ არის, მაგრამ ის არის იმდენად ლოკალური, რომ შეიძლება კლაუსტროფობია აგკიდოთ. თუ ”თორის” პირველ ნაწილს მაყურებელი აკრიტიკებდა იმ კუთხით, რომ მასში მოქმედება ძირითადად პატარა მივარდნილ ქალაქში ხდებოდა, ”ენთ მენში” პირველი ექშენ სცენა აბაზანაში ვითარდება, მთავარ პერსონაჟსა და ონკანიდან მოშვებულ წყალს შორის. და ეს ერთ-ერთი საუკეთესო ექშენ სცენაა რაც ”მარველს” შეუქმნია. ერთდროულად ის არის სასაცილო, მასშტაბური, დიდი დრაივის შემცველობით და საოცრად სანახაობრივი.

წარმოიდგინეთ ბიბლიური მასშტაბების სცენა, სადაც გიგანტური ტალღა მოსდევს ადამიანს და უცებ გარე კადრი, სადაც ონკანიდან სუსტი წნევით მოშვებული წყალი ავსებს აბაზანას. მიკროსკოპული გადაღების ტექნიკა იმდენად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, რომ რამდენჯერმე გამეორებული მსგავსი ტექნიკით ნაჩვენები სცენა, ყოველ ჯერზე მხიარული და ემოციურია. თეორიულად ძნელია ამას უწოდო ეპიკური სანახაობა, მაგრამ ის გაცილებით უფრო სანახაობრივია ვიდრე ”ულტრონის” მრავალიცხოვანი შეტაკებები (ნუ, ჰალკბასტერის სცენის გამოკლებით).

რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს, ყველაზე აბსურდული სიუჟეტის მქონე ”მარველის” ფილმი, ყველაზე ლოგიკური სურათია მათ სამყაროში. ის საუკეთესოდ ხსნის ”ევენჯერების” არყოფნას (თუმცა ფალკონის კამეო მაინც ამშვენებს ფილმს), მარტივად გვიშლის პერსონაჟების ხასიათს და გვაცნობს მათ მოტივებს. და ემპათიის გამოწვევა სწორედ სკოტ ლენგისადმია ყველაზე მარტივი, მუშათა კლასის წარმომადგენელი გმირისადმი, რომელიც ყველა შესაძლო ხერხით ცდილობს ალიმენტები იხადოს კაბალურ სოციალურ პირობებში.

მთავარი პერსონაჟი ყველაზე ახლოს დგას აუდიტორიასთან, ის არც მილიარდერი ნარცისია, არც პარალელური სამყაროს ღმერთი, არც პატრიოტული იდეალებით ნაკვები ასი წლის სუპერჯარისკაცი. ის დიპლომირებული ელექტრო ინჟინერია, რომელმაც ვერ მოახერხა ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფა და რობინჰუდური ენთუზიაზმისთვის აღმოჩნდა ციხეში. სრულიად მოულოდნელად და სასიამოვნოდ, ფილმი სწორ აქცენტებს სვამს და ღიად აკრიტიკებს პენიტენციალური სისტემის უუნარობას, ყოფილი პატიმრის სოციალური რეაბილიტაციის არ არსებობას, მსხვილი მწარმოებლების დოვლათის დაგროვების და ძალაუფლებისთვის უპირობო ბრძოლას და ფინანსური თუ მეცნიერული რესურსის არასწორ მართვას. და ამ ყველაფერს აკეთებს ძალიან ჭკვიანურად და სახალისოდ.

ეგ კი არა, ”ფროდაქთ ფლეისმენთის” მხრივაც, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ღია სარეკლამო სცენას პატიობ კი არა, დიდი სიხარულით ესალმები. თქვენ იხილავთ ძალიან სასაცილო სცენას, რომელიც ”ბაკსინ რობინსს” უკავშირდება და ერთ-ერთი ყველაზე კარგ მუსიკალურ/ექშენ სცენას ”აიფონის” თანხლებით არა მხოლოდ ”მარველის”, არამედ ზოგადად მეინსტრიმ ფილმების ისტორიაში.

”ენთ მენს” ბევრ ასპექტში ეტყობა ედგარ რაიტის ხელწერა, რომელმაც რვა წელი იმუშავა პროექტზე და ბოლოს სტუდიასთან იდეური ხედვების კონფლიქტის გამო რეჟისორის პოზიციიდან, პროდუსერის სავარძელზე გადაინაცვლა. და ეს საუკეთესოდ აისახა ფილმზე. იმაზე ფიქრი თუ რამდენად უკეთესი იქნებოდა ”ენთ მენი” რაიტი რომ ყოფილიყო რეჟისორის შტურვალთან, ისეთივე დორბლისდენას იწვევს, როგორც ჰომერ სიმფსონისთვის დონატის დანახვა. მოკლედ, რაიტს ბევრგან იცნობთ. პირველ რიგში მისი საფირმო დინამიური მონტაჟით, რომელიც ვიზუალურ კომედიას ქმნის. ”ენთ მენში” არის ნარატივის ”ინსეფშენი”, როდესაც სცენა იწყობა მონათხრობის მონათხრობი ისტორიის თხრობის თხრობით. ხო, ძნელია ამის ვერბალურად გადმოცემა, მაგრამ წელს ამაზე სასაცილო სცენას ძნელად თუ აღმოაჩენთ სხვაგან. აგრეთვე აქა-იქ არის გაფანტული რაიტისეული ხმის ეფექტები, რომლებიც ერთი შეხედვით სრულიად უადგილოა, მაგრამ საბოლოოდ იდეალურად გათვლილ იუმორისტულ კონსტრუქციას წარმოადგენს. და კიდევ რამდენიმე ფსიქოდელური ხასიათის კომიკური სცენა, ტანკით, გიგანტური ჭიანჭველით და სათამაშო მატარებლით სახელად ტომასი, რომელიც ანა კარენინას უკანასკნელ მოგონებას ემსგავსება.

ფილმის მესამე აქტში ფსიქოდელურობა საერთოდ სხვა საფეხურზე ადის და ”ინტერსტელარის” ვიზუალურ ველზე გადადის. იმასთან ერთად, რომ ”ენთ მენი” ერთ-ერთი ყველაზე სარისკო პროექტი იყო ”მარველის” ორივე ფაზაში, ის ყველაზე გაბედული გამოდგა და ამ გამბედაობამ გაამართლა, რადგან დასამახსოვრებელი სცენები იქმნება არა მაღალბიუჯეტიანი ვიზუალური ეფექტების ხარჯზე როდესაც ირგვლივ ყველაფერი ინგრევა, არამედ ექსპერიმენტული ვიზუალის, ჭკვიანურად დაგეგმილი კომიკური მიზანსცენების და ლამაზად აწყობილი მიკროსკოპული გადაღბის ხარჯზე.

იქიდან გამომდინარე, რომ რეჟისორ პეიტონ რიდს ექშენის გადაღებაში გამოცდილება არ ჰქონდა, ეს მცირედით მაინც აისახება ფილმზე. როდესაც დაპატარავებული მთავარი გმირი სტანდარტული ზომის ადამიანებს ებრძვის, რიგი სცენები გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლებოდა გამოსულიყო. თუმცა ეს ალბათ ისევ იმ ფაქტორის ბრალია, რომელსაც ”ედგარ რაიტი რომ ყოფილიყო” ჰქვია. მაინცდამაინც არ ბრწყინავს არც დრამატული პათოსი, თუმცა ეს არც არასოდეს ყოფილა ”მარველის” ძლიერი მხარე. სამაგიეროდ მკაფიოდ ანათებენ მეორეხარისხოვანი პერსონაჟები.

სკოტ ლენგის ძმაკაცი მაიკლ პენიას შესრულებით სთარლორდის კალიბრის (თუ უფრო მსხვილი არა) ”საიდქიქია”, რომელიც აბსოლუტურად ყველა სცენაში მასზე გადაგატანინებს ყურადღებას იმხელა დოზით შემოაქვს კადრში მხიარულება. მაიკლ დუგლასი ადვილად იწვევს სიმპათიებს მენტორული როლით, ევანჯელინ ლილი სტანდარტულად კარგად გამოიყურება და როგორც ახალი ტრენდი მოითხოვს, ძლიერი ქალის როლს თამაშობს, კორი სტოლი კი ბრწყინვალედ აგრძელებს მელოტი სუპერვილანების ისტორიის ოქროს ფურცლებს. ხოლო რაც შეეხება ჭიანჭველებს, მათ გრუტისებური ფუნქცია აკისრიათ – არ შეუძლიათ საუბარი, მაგრამ შეუძლიათ კომუნიკაცია, არიან გამოასადეგი და რამდენადაც საკვირველი არ უნდა იყოს, თანაგრძნობასაც აჩენენ. ნუ, მინიმუმ ორი დღე მაინც მათი მოკვლისგან თავს ნამდვილად შეიკავებთ. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც მთავარი გმირი ჭიანჭველაზე ამხედრებული მიფრინავს, ისეთივე ფეერიული სანახაობა იქმნება, როგორც ჰიპოგრიფზე მჯდარი ჰარი პოტერის სცენა იყო “აზკაბანში”.

რაც შეეხება ტიტულოვანი პერსონაჟის ეკრანულ სახეს, ”მარველის” კასტინგის რეჟისორს ტრაკში მესამე თვალი აქვს მგონი გახსნილი და მომავალს ხედავს, თორემ როგორ უნდა აიხსნას აბა ის ფაქტი, რომ სტუდია იდეალურად არჩევს მთავარ როლზე იმ მსახიობებს, რომელთა პოტენციალისადმი რწმენაც არავის გააჩნდა და გარდაქმნის მათ გაქირავებაში ფულის მოსახვეჭ დანადგარად. თავიდან “მარველმა” ოლიმპზე აიყვანა ყოფილი ნარკომანი და ნაციხარი რობერტ დაუნი უმცროსი, რომლის გამოსწორების დედასაც არ ჯეროდა, შემდეგ იგივე გაიმეორეს ოდესღაც უსახლკარო და გასიებული კრის პრეტის შემთხვევაში, რომელსაც დედაც კი არ ატყუებდა დიდი მომავალი გელის კინოშიო. ახლა კი ჯეკპოტი გადასცეს ჯუდ აპათოუს ფილმების მთავარი პერსონაჟების ძმაკაცების როლებისთვის განწირულ პოლ რადს, რომელსაც დედა ბავშვობაშიც კი არ ეძახდა სუპერგმირს. საბოლოოდ სამივე ეს შემთხვევა იმით დასრულდა, რომ ზემოთხსენებული პირები იდეალური სახეები გამოდგნენ თავიანთი პერსონაჟებისთვის და იმედია დედასთანაც მოაგვარეს ურთიერთობა. ამიტომ, აწი მარველმა შავი პანტერის როლზე სულ ჯონა ჰილი რომ დაამტკიცოს, მხრებს ავიჩეჩავ და პრემიერას დაველოდები. ”მარველმა” აშკარად უკეთ იცის ვის რისი ტრაკი აქვს.

ასე რომ, მეორე ფაზა ”ენთ მენმა” პომპეზურ ნოტაზე დაასრულა. ის მძიმე კონსტრუქცია კი რასაც ”მარველის” კინოსამყარო ქვია გრძელდება და კიდევ უფრო ფართოვდება. ამ ფილმების კერძო არსებობა უკვე ძნელი აღსაქმელია, რადგან ყოველი მათგანი იქმნება იმისთვის, რომ შემდეგ შეიქმნას მომდევნო სურათი. მოხდეს პროდუქციით პროდუქციის პროდუქცია. ფრანგი ფილოსოფოსები ჟილ დელუზი და ფელიქს გატარი ყველა ნივთის ერთობლიობას, წარმოების ურთიერთდამაკავშირებელ პროცესს ”შიზოფრენიას” უწოდებენ. შიზოფრენია ვეღარ ასხვავებს ადამიანს და ბუნებას ან ადამიანს და მანქანას ან ბუნებას და მანქანას. დელუზი და გატარი თვლიან, რომ არ არსებობს არც ადამიანი და არც ბუნება, არსებობს მხოლოდ პროცესი, რომელიც აწარმოებს ერთს, მეორეს საშუალებით და აერთებს მანქანებს ერთმანეთთან. ეს არის საწარმო მანქანები, სურვილების გამჩენი მანქანები, შიზოფრენული მანქანები. ეს უუნარობა კი, რომ გავარჩიოთ ფორმები ერთმანეთისგან და დავინახოთ მხოლოდ პროცესი, რომელიც აწარმოებს ამავე ფორმებს გახლავთ ჩვენი კორელაცია ”მარველის” ფილმებთან. მართალია გატარი და დელუზი ასე პრუსტის ტექსტს განიხილავდნენ, თუმცა ეს დისკურსი იდეალურად ერგება თანამედროვე კინოსაც. მოკლედ, რისი თქმა მინდოდა, სანამ შეიქმნება ისეთი ფილმები, როგორიც ”ენთ მენია”, მე პირადად წინააღმდეგი არ ვიქნები ცოტა ხნით დავხუჭო თვალები “შიზოფრენიაზე”.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...