Breaking
Home » მთავარი » თამაშები » რეცენზია: Call of Duty: Infinite Warfare

რეცენზია: Call of Duty: Infinite Warfare

   Infinity Ward არის ჯგუფი რომელმაც 2003-ში გამოიგონა Call of Duty. ოთხი წლის შემდეგ მათ არამარტო ახალი სიცოცხლე აჩუქეს სერიას, არამედ ჩამოაყალიბეს თამაშების ინდუსტრიის თანამედროვე სახე, Modern Warfare-ს რელიზით. შემდეგ მოხდა დიდი კონფლიქტი, COD-ის მამებმა Infinity Ward დატოვეს Titanfall-ის გასაკეთებლად, ხოლო მათი შექმნილი სერიის ფლაგმენობა უკვე სხვა დეველოპერებმა ჩაიბარეს. ,,მამების’’ გარეშე IW-მ ორი თამაში გამოუშვა და რბილად რომ ვთქვათ, ორივე საშუალოზე დაბალი დონის შუტერი გამოდგა, განსჭვალული დეველოპერების სახვითი იმპოტენციით.

   ახალი თაობის კონსოლების გაზრდილი სიმძლავრე, უკეთესი გამოსახულების და მდიდარი კონტენტის შექმნის საშუალებას იძლევა. ეს კი უფრო მეტ დროს და რესურსებს მოითხოვს, ამიტომ Activision-მა COD სამწლიანი მომზადების ციკლზე გადაიყვანა და გამოთვლებში მესამე სტუდიაც ჩართო. სტრატეგიამ გაამართლა, Advanced Warfare და Black Ops III ამ გეგმის შვილები იყვნენ და საკმაოდ კარგი შუტერები გამოვიდნენ, რომლებსაც სერიის ფორმულაში ახალი ელემენტები შემოჰქონდათ და ფუტურისტული სეტინგის დამკვიდრებას უწყობდნენ ხელს. 2016 წელს დრო მოვიდა Infinity Ward-ს ეჩვენებინა თავისი სამწლიანი მუშაობის შედეგი. სტუდია განახლებული შემადგენლობით შეუდგა საქმეს. მას ახალი სისხლი ჰქონდა ისეთი ნიჭიერი ხალხის სახით, რომელთა პორტფოლიოში Tomb Raider, Uncharted და Last of Us იყო, ამის გარდა გამომცემლის სრული მხარდაჭერა და პრაქტიკულად უსაზღვრო ბიუჯეტი. ეტყობოდა, რომ Infinity Ward მზად იყო თავისი სახელი დაებრუნებინა.

   Infinite Warfare მოთამაშეებს კოსმოსში ეპატიჟება. იმ ეპოქაში სადაც კოსმოსის კოლონიზაცია უკვე რამოდენიმე ათწლეულის წინ მოხდა. უკანასკნელი ფრონტირის ათვისებამ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში ცვლილებები შეიტანა. ჩამოყალიბდა საერთაშორისო გაერთიანება კოსმოსური რეგულაციებისთვის, United Nations Space Alliance, თავისი სამხედრო ერთეულით Solar Associated Treaty Organization. რესურსების მოპოვება ციდან დედამიწის უზრუნველყოფისათვის საკმაოდ კარგი იდეაა, მაგრამ მალე გაჩნდა ხალხი რომელიც ჩვენს მშობლიურ პლანეტაზე საერთოდ არ დაბადებულა. მათ კი არც ისე მოეწონათ დედამიწის კეთილდღეობისათვის მუშაობის იდეა. ჩამოყალიბდა Settlement Defense Front, რომელმაც განიზრახა ძალაუფლების ბალანსის გადაწევა კოსმოსური კოლონიების მხარეზე. ათწლეულების მანძილზე SATO და SDF ცივი ომის სტადიაში იყვნენ, მაგრამ დღე როდესაც ეს ყველაფერი ფართომაშტაბიან დაპირისპირებაში გადაიზრდებოდა, მხოლოდ თარიღის საკითხი იყო.

   იმის მიუხედავად, რომ სამყარო Infinite Warfare-ში საკმაოდ გროტესკულია, მისი სტრუქტურა რეალისტურად წარმოსდგება. კოსმოსის კოლონიზაციის თემა ახლა არა ფანტასტიკური მონაგონი, არამედ აქტუალურად მოსალოდნელი მომავალია. თანამედროვე წყობას ცვლილება მოუწევს, საჭირო გახდება ახალი კანონების ჩამოყალიბება, ვინ გააკეთებს ამას? ვის ეკუთვნის სივრცე დედამიწის გარეთ? ეს კომპლექსური კითხვებია და თავის დროზე დიდი დისკუსიები მოეწყობა ამ თემაზე, მაგრამ Call of Duty ამ საკითხს იმაზე უფრო დიდად უღრმავდება ვიდრე ამას ბლოქბასტერიდან არის მოსათხოვი. კომპანიები, ხელშეკრულებები, კანონები, ყველაფერი ეს თანამედროვე ტენდენციების მიხედვით არის გათვალისწინებული, რაც დადებითად მუშაობს თამაშის სამყაროს რეალისტურად აღქმაზე.

   კიდევ ერთი კითხვა რომელსაც Infinite Warfare სვამს (თავისთავად ეს ინდივიდუალური ინტერპრეტაციაა), როგორი იდეოლოგია ექნება ხალხს რომლებიც დედამიწაზე არ დაიბადნენ? SDF თავისი ბუნებით ძალიან ჰგავს ბევრ ტოტალიტალური რეჟიმის გამოვლენას ჩვენს ისტორიაში. ერთი შეხედვით ისინი წარმოსდგებიან როგორც ,,სუფთა სიბოროტე,’’ მათი გამონათქვამები, იდეალები სრულ წინააღმდეგობაში მოდიან იმ თავისუფალი სამყაროს სურათთან რომელსაც ჩვენ დედამიწაზე მივეჩვიეთ. მაგრამ, განა შორსაა ეს იმისგან რაც თუნდაც ჩვენს პლანეტაზე მოხდა? საკუთარი ერის მიმართ ფანატიკური თავდადება? ისლამური სახელმწიფეობი. მკაცრი კანონები რომლებიც პრაქტიკულად უარყოფენ თავისუფლებას? ნაცისტური გერმანია. საკუთარი მოქალაქეებისთვის კლასიფიცირება რეჟიმისადმი ერთგულებით? ჩრდილოეთ კორეა. მარსის უსასრულობის რწმენა? რომაული იმპერია. ზედმეტად მკაცრად მიგაჩნიათ ასეთი წყობის არსებობის მიქსი? ტყუილად.

   SDF-ისთვის ჩვენი პლანეტა ,,სახლს’’ არ წარმოადგენს. მთელი ცივილიზებული სამყაროს ისტორია სადღაც შორს მომხდარი მოვლენებია, რატომ უნდა მისდიონ ან აღიარონ ის მორალური კოდექსი, საზოგადოებრივი წყობა, რწმენა, რომლებიც დედამიწელებს აქვთ? ფიზიკური გარემო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ აყალიბებს მასში არსებული სოციუმის თვისებებს. სწორედ ამან გამოიწვია ის განსხვავება რომელიც დედამიწაზე მცხოვრებ ,,ხალხებს’’ გააჩნია. ის თუ როგორ აყალიბებს ტერიტორია სოციალურ გარემოს, არა აბსტრაქტული თეორიაა, არამედ კროსკულტურული ფსიქოლოგიის დამტკიცებული ფაქტია. მაშინ, თუ ადამიანების გონება მათ ყოფაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება მარსზე მცხოვრები ხალხის გონება?  აქ ვუბრუნდებით იმ საკითხს რომ ტერიტორია სოციუმს აყალიბებს. მკაცრი რეჟიმის არსებობა აქ მკაცრი საარსებო გარემოთი არის განპირობებული. კოსმოსი არც ისე სტუმართმოყვარე ადგილია და ადამიანისათვის უსაზღვროდ სახიფათო. ასე გამოდის, რომ ერთი შეხედვით კარიკატურული SDF, არც ისე შორსაა შესაძლო მომავალისგან.

   კარგად გაწერილი სამყარო Infinite Warfare-ს ძლიერი მხარეა, მაგრამ არა მისი მთავარი ფოკუსი. მიუხედავად იმისა, რომ სეტინგი ყველაზე შორს წავიდა მომავალში, ნარატიული კუთხიდან ის უბრუნდება იმ იდეალებს რომლებიც სერიის პირველ თამაშებში იყო წარმოდგენილი. ჯარისკაცები და მათი განწირული ცხოვრება ომში. სწორედ ამ ინიციატივით დაერქვა სერიას Call of Duty (სამშობლოს ვალი). თავიდან ეს იყო ისტორია ჯარისკაცებზე, მათ გმირობაზე და თავგანწირვაზე, ცხოვრებაზე და სიკვდილზე. დროთა განმავლობაში სერიამ დაკარგა ეს ღირსება. სულ უფრო და უფრო გვიყვებოდნენ ისტორიებს კორპორაციებზე, შეშლილი ხალხის ვენდეტებზე. ახალ თამაშებში სულ იყო იმის გრძნობა, რომ სამყარო რამოდენიმე ადამიანის გარშემო ტრიალებს და 5 კაცი წყვეტს დედამიწის ბედს.

x

Check Also

კრისტოფერ ნოლანის და ტომ ჰარდის სატელეფონო საუბარი

წარმოგიდგენთ ფიქტიურ დიალოგს, რომელიც რეჟისორ კრისტოფერ ნოლანსა და მსახიობ ტომ ჰარდის შორის გაიმართა, სანამ ფილმ ”დიუნკერკის” ...