Breaking
Home » მთავარი » კომიქსები » რეცენზია: The Defenders

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი

მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული სუპერგმირი პირველად ქმნის ჯგუფს, შურისმაძიებლების ისტორია პატარა ეკრანებზე მეორდება, მაგრამ შოუს არსებობაც კი არაა ბევრისთვის ცნობილი. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ დამცველები არ არის დამოუკიდებელი პროექტი, ის ხუთი 13 სერიიანი სეზონის კულმინაციაა. ადამიანი, რომელსაც ისინი არ უნახავს, 8 საათიან შოუში ერთ სცენასაც ვერ მიხვდება. ამის გამო ნეტფლიქსმა შოუ დაარეკლამა მხოლოდ იმ ხალხისთვის, რვინც ნიუ-იორკელი სუპერგმირების საგას თავიდანვე მოყვებიან. თუ თქვენ მათ შორის არ ხართ, ამ შოუს ნახვას უბრალოდ აზრი არ აქვს.

პირველი 2 სერია სწორედ იმის გადამეორებას ეთმობა რა მოხდა წინა სერიალებში, სად არიან პერსონაჟები ახლა და როგორი გზებით მიდიან ისინი საერთო ფინიშის ხაზთან. ამაზე ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უბრალოდ კარგია, მაგრამ განსაკუთრებით გამოსარჩევია მეთიუ მერდოკი, რომელსაც სპეციალური ”არკა” არ სჭირდება Midland Circle-ის შენობასთან მისასვლელად, რადგან მან თავის შოუში უკვე ბევრი იტრიალა მის გარშემო. თუ ვინმეს კიდევ ეპარებოდა ეჭვი, ამ მომენტში ნათელი ხდება, თუ რამხელა სხვაობაა თავზეხელაღებულსა და სხვა პერსონაჟებს შორის. ეს კონტრასტი ბოლო სცენამდე გრძელდება. ყველა სცენა, რომელშიც მეტი ჩანს, განწირულია რომ უკეთესი იყოს, ვიდრე ისინი, სადაც არ ჩანს. ის სერიალში ადაპტირებამდეც ყველაზე საინტერესო და დიდი წარსულის მქონე პერსონაჟი იყო ოთხეულში, ამიტომაც ეს გასაკვირი არაა, მაგრამ იმის ფონზე თუ რამდენად ჯობნის მისი შოუ სხვებისას, ძნელია არ მოგინდეს ”დამცველების” ნაცვლად ”თავზეხელაღებულის” მესამე სეზონს უყურებდე.

Hand-ის მიზნები და წარმომავლობა ყველაზე დიდი მისტიკა იყო, მის შესახებ ”თავზეხელაღებულის” რეცენზიაში ვერაფერი ვთქვი, Iron Fist-ისაში ამოხსნა ვცადე, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მისი გადახედვა მჭირდება, რადგან ამ შოუმ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ჰენდი, რომელსაც ვხედავთ მერდოკთან და ჰენდი, რომელსაც ვხედავთ დენი რენდთან ორი სრულიად განსხვავებული რამაა. ამის აღმოფხვრა სცენარისტებმა ყველაზე მარტივად გადაწყვიტეს და ის მეთოდი გამოიყენეს, რითაც მარველმა სერიალების და ფილმების ჰაიდრა გააერთიანა. მათ უბრალოდ თქვეს, რომ ისინი ჰენდის სხვადასხვა განყოფილებები არიან და ორგანიზაციას სინამდვილეში ერთზე მეტი მმართველი ყავს. ალოგიკური ამაში არაფერია, მაგრამ ძნელია იმის ხელმეორედ ნახვა, რაც მარველის სხვა პროდუქტებში უკვე ნანახი გაქვს. სხვა მხრივაც ორგანიზაცია ძალიან გავს ჰაიდრას, ელეკტრას, ალექსანდრას და მერდოკის ურთიერთობა კი თითქმის პირდაპირი კოპირებაა Winter Soldier-ის. ჰენდის ლიდერებს შორის მთავარი, სიგურნი უივერის პერსონაჟი ცდილობს გაუტოლდეს კინგფინს, კოტონმაუზს და კილგრეივს – მათ მეთოდებს იყენებს, ცდილობს დინჯი იყოს და კლასიკურ მუსიკას რაც შეიძლება ხშირად უსმინოს, სცენარისტები იმასაც კი ცდილობენ ამ მისტიურ ანტიკურ ქალბატონს ადამიანური მხარეც მისცენ და პირველივე სერიაში ვხედავთ, რომ ის სიკვდილის პირასაა. იქიდან გამომდინარე, რომ სერიალის მთავარი თემა უკვდავებაა, ეს ტვისტი ძალიან კარგ მოლოდინებს აჩენდა. სერიალს შეეძლო ღრმა ფილოსოფიური თემები გაეშალა უკვდავების და სიკვდილის გარშემო, ადამიანობას და ღმერთობას შერკინებოდა, მაგრამ ამის ნაცვლად მის დაავადებას უბრალოდ ივიწყებენ და რამდენიმეჯერ წამლის დალევის სცენითღა გვახსენებენ.

ჰენდის მეთოდები ჰაიდრას გარდა კიდევ ერთ ანტიგმირს გვახსენებს. ჩვენ ვუყურებთ ადამიანებს, რომლებმაც აღმოაჩინეს მკვდრის გაცოცხლების ელექსირი, შექმნეს კულტი და ისტორიაში ყველაზე დიდ ქალაქებს ანგრევენ. თუ ვერ მიხვდით ალექსანდრა რაშ ალ გულობასაც ცდილობს, მაგრამ ქალაქის დანგრევის სურვილი, რაც თითქოს უმთავრესი იყო პირველი სერიების განმავლობაში უცებ ქრება და შოუს მეორე ნახევარში მისი ხსენებაც კი აღარაა. წარმოდგენა არ გვაქვს რატომ უნდოდათ ქალაქის დანგრევა ან საერთოდ რა მიზანს ემსახურებოდა ხელოვნური მიწისძვრები. შოუს პირველი და ბოლო 4-4 სერია თითქოს სხვადასხვა ადამიანის დაწერილია და ერთმანეთს არც ისე კარგად უკავშირდება. ჩვენ კი უნდა გავბედოთ და ეს ყველაფერიც Iron Fist-ს დავაბრალოთ. შოუს ფილოსოფიური სტაგნაცია აშკარად იმის შედეგია, რომ ისტორია უფრო მეტად Iron Fist-ის გაგრძელებაა, ვიდრე სხვა ნებისმიერის. სცენარისტები ცდილობენ ნახსენებ შოუში შექმნილი ქაოსიდან აზრის გამოტანას და მაყურებლისთვის მის გამარტივებას, რაც არც ისე წარმატებით გამოსდით, რადგან დენის პერსონაჟი, ისევე როგორც ყველა ვინც მან მოიყვანა, უბრალოდ დებილია.

ბევრი თეორიის მიუხედავად, ჯერ კიდევ გაურკვეველია როგორ გახდა ეს ადამიანი უკვდავი ცოცხალი იარაღი. ამის გარდა, ის საკუთარ სახელს ვერ ამართლებს, მისი გათიშვა ყველას შეუძლია სურვილისამებრ. თუ მერდოკის გამოჩენა კარგ შედეგს იძლევა, პირიქითაა დენის შემთხვევაში. ის ჯერ კიდევ გაბრაზებული ბავშვია, რომელიც დარბის და არავის უჯერებს. ის იმდენად დებილია, რომ პირდაპირი მნიშვნელობით მისი დაბმა ხდება საჭირო, მეორედ. თავადაც აღიარებს, რომ ტყვიას მისი მოკვლა შეუძლია და უბრალოდ გაურკვეველი ხდება რა საჭიროა ეს პერსონაჟი არსებობდეს ასეთი ფორმით. ყველაზე საინტერესო კი ალბათ ისაა, როგორი იქნებოდა ნეტფლიქსის სამყარო მის ნაცვლად მეოთხე დამცველად სხვა გმირი, მაგალითად მთვარის რაინდი რომ აერჩიათ (P.S. დენის მუშტი ისევ ანთებიდან 20 წამში ქრება).

შოუს ყველაზე მოსაწყენი ნაწილი ალბათ გუნდად ჩამოყალიბების პროცესია. არა იმიტომ, რომ რამე ცუდად ან ალოგიკურად ხდება, უბრალოდ იმიტომ, რომ უკვე ნანახი გვაქვს, თანაც არამარტო შურისმაძიებლებში. ალბათ უკეთესი იქნებოდა შოუს რეჟისორებს წინასწარ გავერთხილებინეთ, რომ ჩვენით გვეგულისხმა ყველა ბანალური მომენტი, რაც გუნდის შეკვრას მოჰყვება და ამაზე საეთერო დრო აღარ დაეხარჯათ. “ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ”, “შენ არ გესმის რის წინაშე ვდგავართ”, “რაც ნაკლები იცი შენთვის უკეთესია”, “რა მაგია, რა სისულელეს ამბობ”, “შენ არ იცი მე რა გამოვიარე”. ეს ფრაზები ძალიან, ძალიან მცირე ჩამონათვალია ყველაფერი ბანალურისა, რაც სერიალში გაჟღერდა. მეორე მხრივ, ამ გუნდის შეკვრით კარგიც ხდება – პერსონაჟები ერთმანეთის დახვეწას იწყებენ. ჯესიკა სხვებს მათი მიზნის მისაღწევი გზების არაეფექტურობას ასწავლის, სხვები კი მას და ლუკს ასწავლიან, რომ ჩხუბის ცოდნა არავის აწყენს. ყველაზე მეტს დენი სწავლობს, რადგან ყველაზე მეტის სწავლა სჭირდება.

კლიშეებით და ტროპებით გამოტენილ სერიალს კიდევ ერთი პრობლემა აქვს – პერსონაჟებს ძალიან სქელი პლოტ არმორები ადევთ. ანტიკური ნინძების ორგანიზაცია ყველა პერსონაჟს თავისი შესაძლებლობების მიხედვით ებრძვის. ჯესიკასთან ბრძოლისას მათ ავიწყდებათ რომ საბრძოლო ხელოვნება იციან, ძალის არ მქონე პერსონაჟებთან საერთოდ კატანები რჩებათ სახლში, ტყვიებს კი მხოლოდ მაშინ ისვრიან თუ სცენაში ლუკ ქეიჯიცაა, რომ სხვებს მოეფაროს. სასიკვდილო და არასასიკვდილო ტრავმას მხოლოდ ორი პერსონაჟი იღებს, ესეც იმიტომ, რომ კომიქსებშიც ასე მოხდა. სრულიად გაურკვეველია რატომ წარმოადგენს ასეთ მნიშვნელოვან ასეტს ელეკტრა, რომელიც უბრალოდ ცოტა მაგიით დაბუსტული ნინძაა. სიბნელეში ხმლის ქნევის სწავლებისას ის დაავიწყდათ, რომ ის ტყვიაგაუმტარიც გაეხადათ. ამ ირონიულ კომენტარში სიმართლეცაა, ჩვენ ვიცით, რომ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც ადამიანის კანს ტყვიაგაუმტარს ხდის, ამიტომა სრულიად გაურკვეველია რატომ არ იყენებს მას არავინ, მითუმეტეს ამხელა რესურსების მქონე ორგანიზაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ვინმე თუ პისტოლეტის ტარებას დაიწყებს კატანის ნაცვლად, ყველა პრობლემა მარტივად მოგვარდება.

პირველ აბზაცში მოთხრობილიდან გამომდინარე შოუს შეფასება ამ კითხვით უნდა მოხდეს – ღირს 65 საათის სერიების ყურება ამ კულმინაციამდე მისასვლელად? ნამდვილად არა. როგორც ვთქვით, სერიალის საუკეთესო ნაწილი მერდოკია და ყველა და ყველაფერი, რაც მისი შოუდანაა გადმოტანილი. სერიალის ფინალიც კი იმაზე მიუთითებს, რომ საოცრად კარგი მესამე სეზონი გველოდება, ამიტომ თუ გსურთ ამ სერიალს იმედგაცრუების გარეშე უყუროთ წარმოიდგინეთ როგორც ტრანზიცია თავზეხელაღებულის მეორე და მესამე სეზონებს შორის, სხვა ყველაფერი კი უბრალოდ დააიგნორეთ.

x

Check Also

მიმოხილვა: Game of Thrones 7.7

ავტორი: ფორვე ფინალური ეპიზოდისთვის საათი და ოცი წუთიანი ქრონომეტრაჟის მინიჭება კარგი იდეა ჩანდა, მაგრამ საბოლოო ...