Breaking
Home » მთავარი » ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან გამოკვეთილი თემა სიკვდილი იყო, Neon Bible რელიგიის ირგვლივ სვამდა საყურადღებო აქცენტებს, The Suburbs ინდუსტრიალიზაციის პრობლემებზე საუბრობდა, Reflektor კი თანამედროვე ყოფიერების ტრივიალურობაზე. მუსიკალურად ბენდი იმაზე მეტად მრავალმხრივი და ინტერნაციონალური იყო, ვიდრე დევიდ ბოუის გარდერობი 70-ან წლებში. მათ ჟღერადობაში იგრძნობოდა როგორც ევროპოპი, ისე სპრინგსტინის კალიბრის ამერიკული მითოლოგია, როგორც აფრიკული ინსტრუმენტების კაკაფონია, ისე სტანდარტული ინდი როკის სენტიმენტები. ერთი სიტყვით, კოლექტივი ერთბაშად იყო საკმაოდ მრავალკონტინენტური და ამავდროულად, დაბალი პოპ მგრძნობელობის. გარდა იმისა, რომ ფრონტმენი ვინ ბატლერი და კომპანია პერმანენტულად ზრდიდნენ თავიანთი მუსიკალური ჟღერადობის ანაბარს და ამდიდრებდნენ მას სხვადასხვა კულტურების ჰანგებით (რითაც სულ უფრო გარდაქმნიდნენ საკუთარ თავს კოსმოპოლიტ ორკესტრად), ისინი ყოველთვის აკეთებდნენ საჯარო სოციალურ თუ პოლიტიკურ კომენტარებს, იქნებოდა ეს ლირიკული ალეგორიების სახით (Intervention, I give you power) თუ პირდაპირი განცხადებებით ინტერვიუებიდან და ლაივ შოუებიდან. წელს კი ამ ყელაფერმა კიდევ უფრო მასშტაბური, გამომგონებლური და მხიარული სახე მიიღო, რადგან ბენდმა ახალი ალბომის სარეკლამო კამპანიაც კი სოციოპოლიტიკურ სატირად გადააქცია.

თუ წინა ალბომის პრომოუშენი მისტიკური იეროგლიფებით, ქუჩებში გაჩენილი პიქტოგრამებით და ფიქციური ბენდის შექმნით დაიწყეს, ახალი ჩანაწერისთვის ბენდმა ფსევდო კაპიტალისტური კონგლომერატი დააარსა – Everything Now Corp. რომელიც დაეუფლა მათ სოც. მედიას და დაიწყო იმიჯის განსაზღვრა. გავრცელდა სტატიები იმის შესახებ, რომ ბენდი დილის კვების პროდუქტებს, პრეზერვატივებს და 110 დოლარიან სპინერებს ყიდდა, რაც ფანებმაც კი დაიჯერეს და აღშფოთებულებმა დაიწყეს მათი ლანძღვა. ალბომის გამოსვლამდე უკვე აშკარა იყო, რომ ეს ბენდის ყველაზე მხიარული ჩანაწერი იქნებოდა. სარეკლამო კამპანიაში ჭკვიანური სატირისტული მიგნებებით მათ მოახერხეს გაეკრიტიკებინათ და დაეცინათ პოპულარული მუსიკის მაქსიმალური კომერციალიზაციის კონვეიერი სტუდიები, მომხმარებლის ზრდის დევნაში მყოფი მედია, რომელიც გადაუმოწმებელ ინფორმაციას დიდი ენთუზიაზმით ათავსებს საკუთარ გვერდებზე, კაპიტალისტური ეკონომიკის გაუნელებელი სურვილი – ყველაფერი გარდაქმნას პროდუქტად და მასიური მოხმარების საგნად, საზოგადოების მისწრაფება – შექმნან საკუთარი ციფრული იდენტობის იდეალური იმიჯი და გაუცხოვდნენ რეალური ცხოვრების ვნებებისგან და ა.შ.

I’m in a black again, can’t make it back again – ამ სიტყვებით იწყებს ვინ ბატლერი ახალ ალბომში თხრობას. მისტიკური ლოკაცია “Black” გვაბრუნებს ბენდის მეორე ალბომის, Neon Bible-ის ტრეკთან Black Mirror, რომელიც მასმედიის, ტელევიზიის და თანამედროვე ტექნოლოგიების ნეგატიურ გავლენებზე მედიტირებდა. Black Mirror 2006 წლის სიმღერაა, ბატლერი11 წლის შემდეგ ისევ იგივე კონტროლის მექანიზმების ქვეშ იმყოფება და ციფრული საზოგადოებისგან უკან დასაბრუნებელ გზას ვერ ხედავს. ინტრო Eveying Now (Continued) ელექტრონული ბიტების თანაწყობითაა ნაშენები და ამით კიდევ უფრო აძლიერებს მელანქოლური ჟღერადობით დაწყებულ სენტიმენტს იმის შესახებ, რომ ცოცხალი ინტერაქციები ხელოვნურმა, გაციფრულებულმა ყოფამ ჩაანაცვლა. თუმცა ბატლერი ოპტიმიზმს ინარჩუნებს და 47 წამიანი შესავალის ბოლოს ბავშვების და მოზრდილების გაურჩეველი ხმაური შემოაქვს (ხმაური, როგორც წინააღმდეგობის და ცვლილების სიმბოლო), რაც იდეალურ ლუბრიკანტად ემსახურება მეორე ტრეკის შემოსვლას და უკვე 5 წუთიანი Everything Now პიანინოს ენერგიული აკორდებით, ტომური დასარტყამებით, ვიოლინოს სიმებით, სასულე ინსტრუმენტებით ამყარებს საცეკვაო მხიარულებას.

Every film that you’ve ever seen, fills the spaces up in your dreams – მღერის ბატლერი. სლოვენიელი ფილოსოფოსი, სოციალური კომენტატორი და მნძრეველი სლავოი ჟიჟეკი თავის ვიდეოესეში The pervert’s guide to cinema ამბობს, რომ ფილმები გვკარნახობენ თუ როგორ უნდა გვსურდეს საგნები. ანალოგიურად, ბატლერიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ავთენტური სურვილები და ოცნებები აღარ არსებობს (თუ არსებობდა საერთოდ), რადგან ყველაფერი ნაკარნახებია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც გაუფილტრავი ინფორმაციის განუზომელი წვდომა გვაქვს და ხარბად მოვიხმართ მას ყოველგვარი საჭიროების გარეშე (მაგ. ვიჯერებთ იმას, რომ ბენდი 110 დოლარიან სპინერებს ყიდის იმიტომ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მედიამ გაავრცელა). Every inch of the road got a town, daddy how come you never around, ნოსტალგიური ინტონაციით კითხულობს ბატლერი. მიუხედავად იმისა, რომ კონსუმერიზმი გვაძლევს ყველაფერს (და ითვისებს ყველაფერს – ”გზის ყველა სანტიმეტრზე ქალაქია გაშენებული”), ჩნდება ფუნდამენტური დეფიციტი ადამიანური კავშირების.

2013 წლის მონუმენტური ალბომის, ”რეფლეკტორის” ამავე სახელწოდების ტრეკში ისმის ფრაზა: We are so connected but are we even friends? – რაც კარგად ეხმიანება ზევით წამოჭრილ თეზისს. ჩვენ გვაკავშირებს მრავალი ციფრული პლატფორმა, მაგრამ ამ კავშირის რეალური მიზეზი შეიძლება არც არსებობდეს. შესაბამისად ,ყველაფრისადმი დაუყოვნებელი წვდომა იწვევს მექანიზაციას და ცხოვრების ესენციური ფაქტებისგან გარიდებას. თანამედროვე წარმატებული ცხოვრება გულისხმობს ბევრ ტექნოლოგიას, ამ ტექნოლოგიების საშუალებით ხალხთან გამუდმებულ კავშირს, ისე, რომ შესაძლოა მათთან სასაუბრო სულაც არაფერი გვქონდეს, თავაღებით მუშაობას იმდენი ფულის საშოვნელად, რამდენიც შესაძლებელია და იმის კეთებას, რასაც გვიკარნახებენ. ბატლერი ცდილობს შეგვახსენოს სიმარტივის, ავთენტურობის და დაუმორჩილებლობის მნიშვნელობა.

მესამე ტრეკი Signs of life სირენების ხმებით იწყება, რომელიც რიტმული ტაშისკვრით, ეროტიული ბასის სექციით და დისკო ჟღერადობით ვითარდება. ლირიკა ისევ იმ გრანდ ნარატივს აგრძელებს, რომელიც მთელ ალბომს კონცეპტუალურად დაყვება: უსიცოცხლო ინტერაქციები. გართობის შინაარსის სუბსტანცია დღეს ახალგაზრდებში (და არა მხოლოდ) ბარებში, კლუბებში, ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური თრობის ძიებაში განისაზღვრება, რომლის უმაღლესი მწვერვალიც სექსუალური პენეტრაციაა. ტრეკის ნარატივი ამ მოჯადოებული წრის ირგვლივ იწყობა. ჩვენ ყოველ კვირა ვიმეორებთ ერთსა და იმავეს, ყოველ უიქენდზე ვეძებთ ვნებას ღამის ლოკაციებში და ხშირად მეორე დილით იმედგაცრუებული, მაინც იგივეს ვაკეთებთ შემდეგ კვირას. ბატლერი ირონიულად აღნიშნავს სიყვარული რთულია, სექსი მარტივიაო. ღამის გართობაში არავინ ეძებს ემოციურ კავშირებს და კომპლექსურ ურთიერთობებს, მთავარი მიზანი ლიბიდური ენერგიის დაშრეტაზე დაიყვანება. First kiss tastes like cigarettes, პოეტურად გაისმის ტრეკში. პირველ კოცნას უცნობ ადამიანთან პირველი ნაფაზის არ იყოს, მღელვარება და თავბრუსხვევა მოყვება, მაგრამ თამბაქოსავით მალე იწვის და იფერფლება თუ გამართული კომუნიკაცია და ემოციური კავშირი არ დაემატება. ბენდი სიცოცხლის ნიშნებს ეძებს, ემოციურ პულსირებას, მაგრამ უშედეგოდ, თუმცა ეს საკმარისი მიზეზი არაა დანებებისთვის, ამიტომ, ყველაფერს თავიდან დავიწყებთ.

Signs of life-ში ვინ ბატლერის რეჩიტატივი საკმაოდ ხელოვნურად და ზერელედ ჟღერს, თუმცა ეს უფრო მეტად მატებს ხასიათს კომპოზიციას, რომელიც ისედაც დაბლაგვებული ემოციების და მექანიკური მოქმედებების შესახებ გვიყვება. ნეონის შუქებივით მიმზიდველი და ატმოსფერული სინთეზატორის ფონზე Creature Comfort იგივე თემატურ ტერიტორიაზე მანევრირებს, თუმცა მასში ავთენტური დრამის მძიმე და საინტერესო დეტალები შემოდის. კაპიტალისტურ სამყაროში სილამაზის სტანდარტების, თვითრეალიზების პოპულარობასთან გაიგივების, პიროვნული ვალიდაციის სოც. ქსელებში ძიების, საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნების გარეგნულ იმიჯზე უცნობი ადამიანების რეაქციებით გამოანგარიშების პრაქტიკებს ეხმიანება. ადამიანები, რომლებიც საკუთარ იდენტობას ციფრულ პროფილებს აბამენ და მათში ინვესტირებენ, მოწყვეტილი ხდებიან ცხოვრების შემეცნების სილამაზისგან – Born in a diamond mine, it’s all around you but you can’t see it. თუმცა ეს არის სისტემის და არა ინდივიდუალური კრიტიკა. სიმღერაში შემოდის სუიციდის თემა, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი მის ირგვლივ არსებულ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს და აბსურდულ მოლოდინებთან აცდენაში მოდის. ვინ ბატლერი ზოგად პრობლემაზე საუბრის პარალელურად პირად ისტორიას ყვება She told me she came so close filled up the bathtub and put on our first record. ძირითადად არტისტებს ფანები იმას ეუბნებიან, თქვენმა შემოქმედებამ სიცოცხლის გაგრძელების ძალა მაპოვნინაო, აქ კი პირიქით თამაშდება სურათი და ბატლერს ბენდის პირველ ალბომზე Funeral ეუბნებიან, რომ ლამის საკუთარი სუიციდის საუნდტრეკად გამოიყენეს. ამ მორალური ტვირთით დამძიმებული ბატლერი საპირისპიროდ სიცოცხლის ჰიმნს ქმნის. უმტკივნეულო სიკვდილი არ არსებობს, რადგან ის სიცოცხლეში დარჩენილ ადამიანებზე მოიპოვებს ასახვას – It’s not painless, she was a friend of mine, მეტადრამატულად შენელებული მუსიკის და გამოთქმის ინტონაციით აღნიშნავს ბატლერი. ბექ ვოკალზე რეჟინ შასანი პანიკურ ექოს აძლევს თავისი მეუღლის სიტყვებს, რომელიც ნამღერზე მეტად დახმარების თხოვნით ავსილი შეძახილივით გაისმის. Well if you’re not sure, better safe than sorry – სიცოცხლის არჩევისკენ მოწოდებით ასრულებს მისამღერს ბენდი, რაც წარმოსახვითი ამერიკული კეთილდღეობის ცინიზმით გრძელდება, რომელიც სიმღერის ტექსტში მოყვანილი ადამიანების ძვლებზეა ნაშენები.

ამ ყველაფერს ირონიული სასიყვარულო სიმღერა მოსდევს, რომელიც ამავდროულად იმ ლირიკულ პოპ კლიშეებს დაცინის, რაც მარადიულ ცხოვრებაზე და ახალგაზრდობაში დიდხანს გაჩერებაზე გვსმენია (მადლობა ალფავილს). Be my Wendy, I’ll be your Peter Pan -ეს ფრაზა თუ რომანტიკულად გეჩვენათ, ე.ი. დისნეის ანიმაციაზე ფიქრობთ, ლიტერატურულ პირველწყაროში რომანტიკულ ურთიერთობასთან არანაირი კვეთა არ აქვს პიტერის და ვენდის ისტორიას. დაბ ბიტი, რის ირგვლივაც არტიკულირებს სიმღერის ანატომია ენერგიული და მძლავრია იმდენად, რომ მინიმუმ ქვედა კიდურების დაუმორჩილებლობას იწვევს. დაკარგული ბიჭების ბანდის ლიდერის შემდეგ ალბომის ყველაზე სუსტი წარმომადგენელი, Chemistry იწყება. იამაიკური ჟღერადობის და როკ სენსიტივობის სინთეზი საკმაოდ გრუვი რიტმით, ლირიკულად სადღაც იმ ტერიტორიაზე დგას, სადაც The Police-ის Every breath you take. როგორც სტინგის დაჯგუფების შემთხვევაში, მანიაკური თვალთვალის ისტორია ნაზ რომანტიკად აღიქმება, Chemistry-ც საკმაოდ მხიარული და ანიმაციური მგრძნობელობის ხმებს გამოცემს, მაგრამ სინამდვილეში ინტერნეტ სტალკინგის საკმაოდ უხერხულ ამბავს აღწერს. სოც. მედიაში ადამიანების მიმართ ინტერესის გაჩენა მარტივი საქმეა, რადგან ყველაფერი ხელისგულზეა: ფოტოები, სამეგობრო, ინტერესები, ის ლოკაციები, სადაც ერთობიან: ჭარბი ინფორმაცია იმისთვის, რომ მიუსადაგო საკუთარ სელექციურ კრიტერიუმებს და გადაწყვიტო ერგებიან მას თუ არა. თან ეს ყველაფერი შეგიძლია გააკეთო ისე, რომ არ მოწყდე სმარტფონის ეკრანს. My heart’s a city you’re out to destroy – გვამცნობს სიმღერის პერსონაჟის პერსპექტივას ბატლერი, რაც ერთბაშად არის ძალიან სასაცილო, ნაივური, სატრფიალო სულისკვეთებით სავსე და ძრწოლვის გამომწვევი, რადგან ამ რომანტიკულ პასაჟს მოსდევს პირის მტკიცება უცნობი ადამიანის მიმართ, რომ მათ შორის სერიოზული კავშირი არსებობს და ერთად ყოფნის მიღმა არჩევანს არ უტოვებს.

სიმღერის შუაში მოულოდნელად ბატლერს კონსუმერული სულისკვეთების იდიომა შემოაქვს: Go to the city, go to the store, ask for a loan from another bank. ამის შემდეგ ტრეკის დასასრულს მრავალჯერ გამეორებული ფრაზა, რომელიც ინტერესის ობიექტს უმტკიცებს ჩვენ შორის ქიმია არსებობსო, უკვე აგრესიულ თვითმარკეტინგად გადაიქცევა, რაც სამომხმარებლო ეთიკის პირად ურთიერთობებში დამკვიდრებას ასახავს. იგივე რიტორიკას ატარებს შემდეგი ორი ტრეკი Infinite Content და Infinite_Content, რომელიც ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენენ. პირველი ნაწილი პანკ როკის სტილში გადაწყვეტილი დრაივით სავსე კომპოზიციაა, რომელიც მოულოდნელად პრევალირებს მშვიდ ალტ ქანთრიში. ბატლერი კალამბურით გვამცნობს, Infinite content, we’re infinitely content. პროდუქციის და ინფორმაციის წარმოების ტემპები იმდენად მაღალია, რომ მათი მოხმარებისთვის საჭირო არც დრო რჩება და არც სახსრები. სამომხმარებლო საზოგადოების ენდემური დამოკიდებულება ყველაფრის დაუყოვნებლივ მიღებასა და გადამუშავებაზე მირაჟული ბედნიერების წინაპირობაა, რაც ისევე მალე ქრება, როგორც იმ სამომხმარებლო საგნის ტრენდულობა, რომლის შესაძენადაც გრძელვადიანი სესხის აღება ხდება საჭირო, რადგან მოკლე დროში მისი გაუმჯობესებული ვერსია ჩნდება ბაზარზე. ყველაფერი გამუდმებით იცვლება, მუდამ რაღაც ახალი იქმნება და მიუხედავად ამისა, სიღრმისეულად ყველაფერი უცვლელი რჩება. პირველი ტრეკის დაუშრეტელი ენერგია ის დრაივია, რომელიც თავდაპირველად წარმოიქმნება, როდესაც ახალი სამომხმარებლო მედიუმი გაჩნდება და მისი მოპოვების სურვილი გეუფლება, მეორე ნაწილში კი უკვე დამშვიდებული და მელანქოლური, მიღწეული მიზნით, მაგრამ ემოციური ფრუსტრაციით დარჩენილი მომხმარებელი გვრჩება ხელთ. ტრეკი სალარო აპარატის მუშაობის ხმებით სრულდება, რაც კონსუმერული ციკლის კვლავწარმოებას აღნიშნავს.

აქედან მოყოლებული თითქოს ახალი ათვლის წერტილი იწყება ალბომში, კონტენტის ბუნება იგივე რჩება, მაგრამ იცვლება ხასიათი. ტრეკები უფრო გამოკვეთილ სენტიმენტებს ატარებენ და პირად გამოცდილებებზე რეფლექსირებენ. ელექტრო პანკ ბრწყინვალება Electric Blue ის შემთხვევაა, როდესაც რეჟინ შასანი უდგება შტურვალს სათავეში და ფემინური მშვენიერება შემოაქვს ნარატივში. ლირიკა ურთიერთობის დაკარგვის შიშებზე მოგვითხრობს. რეჟინმა იცის, რომ მსგავს დეპრესიულ მდგომარეობაში უამრავი გოგოა და ირგვლივ უამრავი ბიჭია, ვინც მისი ტრფობის ობიექტს გავს, თუმცა ანარეკლების ხანაში (როდესაც ვინს და რეჟინს ერთმანეთი შეუყვარდათ, იხ. Reflektor), ზედაპირულად ყველაფერი ერთმანეთის იდენტურია, რადგან იგივე რეკლამის, მედიის, კულტურის, გავლენის ქვეშ იმყოფება, ამიტომ მისთვის სუბსტანციაა მნიშვნელოვანი, რომელსაც ვერ პოულობს იმ ”ათასობით ბიჭში, რომელიც შენ გგავს”. I don’t know how to sing your blues – განშორებასთან შეგუების შეუძლებლობას სახავს რეჟინი. ამის საპასუხოდ ვინ ბატლერი კონტრკომპოზიციით ბრუნდება. Put your money on me თითქოს პირდაპირ ეხმიანება Electric Blue-ს პერსპექტივას. ატმოსფერული სინსპოპის ფონზე იშლება ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული, გულახდილი და სევდიანი ტექსტი რაც ბატლერს დაუწერია. If there was a race, a race for your heart, it started before you were born – თეოლოგიურად ხომ სიყვარული ზეციურ კავშირად ითვლება, რომელსაც უმაღლესი ბედისწერა გადაწყვეტს, ამის საპირისპიროდ, ბატლერი კვლავ სამომხმარებლო კულტურას არგებს სიყვარულის იდეას და ფსონების დასადებ ”რბოლად” წარმოაჩენს მას. Put your money on me, if you think I’m losing you, you must be crazy – ვალუტა, როგორც მთავარი ღირებულება წარმოჩნილია უმაღლეს მსაჯულად. მაშინ, როდესაც ხდება ოცნებების, მიზნების, სურვილების, გრძნობების მონეტარიზაცია, ერთადერთ სასიყვარულო დაპირებად კაპიტალის ადამიანში ინვესტირება რჩება. Above the chloroform sky, clouds made of ambien – არსებული რეალობის სედატიურ ველში ყოფნის დროს, სასიყვარულო ურთიერთობის გადარჩენისთვის ბრძოლა სერიოზულ გმირობად შეგვიძლია მივიჩნიოთ, I’m never gonna let you go, even when it’s easy – განსაკუთრებით მსგავს მოცემულობაში. ტრეკის ყოველი მეორე პასაჟი საციტირო ფრაზებითაა სავსე და ამასთან არ წყვეტს საცეკვაო განწყობის შექმნას. სევდიანი მუსიკა, მანკიერი რეალობის ბრუტალური პოეტიკით, რომელზეც ცეკვა შეიძლება, ყოველთვის დიდი ტრიუმფი იყო, ჯერ კიდევ ბითლზიდან მოყოლებული. Arcade Fire წარმატებით აგრძელებს ამ ჩირაღდნის ტარებას.

ზემოთ აღნიშნული რომანტიკული ”შელაპარაკების” შუაში Good God Damn გვხვდება, ორაზროვანი სიტყვათა შეთანხმება, რომელიც სუიციდის და დეპრესიის თემას უბრუნდება და იმ პერსონაჟთან მივყავართ, რომელმაც Creature Comfort-ში Funeral-ის ფონზე თვითმკვლელობა გადაწყვიტა: Put your favourite record on baby and fill the bathtub up. ბატლერი მაცდური და სექსუალური ინტონაციით მღერის და თავის პერსონაჟის ეჭვებს, შიშებს ახმოვანებს, მის შინაგან ხმად იქცევა, რომელიც კარნახობს როგორ უნდა მოიქცეს: When the times get rough, put your favourite record on baby and fill the bathtub up. მაგრამ მისამღერში ფუნდამენტურად მნიშვნელოვან კითხვას სვამს – Maybe there’s a good God, damn. ”კარგი ღმერთი” არ ატარებს მხოლოდ რელიგიურ შინაარსს, ის პოზიტიური ცვლილებების ინდიკატორადაც შეგვიძლია მივიღოთ. სიმღერის ბოლოს ნარატივის პერსპექტივა იცვლება და ბატლერი პირდაპირ ინდივიდუალურ მსმენელს მიმართავს – Maybe there’s a good God if he made you – საკუთარი თავის მნიშვნელობას ახსენებს, რომ მიუხედავად ირგვლივ არსებული აბსურდული რეალობისა, სადაც ყველაფერი ერთმანეთს ემსგავსება, ყველას ცხოვრებისეული გამოცდილება უნიკალურია და მისი დასრულების ნაცვლად, გამოკვლევის აუცილებლობა უნდა დაგვიდგეს. როგორც ალბერ კამიუ ”სიზიფეს მითში” წერს, მისთვის ერთადერთი სერიოზული ფილოსოფიური პრობლემა სუიციდი გახლავთ, რომელიც არ არის პასუხი წამოჭრილი პრობლემების წინაშე, ის ამ პრობლემების უარყოფის მცდელობაა. მისთვის აუცილებელია ადამიანმა ხელი მიჰყოს ქმნადობას და მოახდინოს ადამიანური მდგომარეობის ექსპოზიცია. Arcade Fire არაერთ სიმღერაში მოუწოდებს მსმენელს წინააღმდეგობის შექმნისკენ და თავსმოხვეული წესების და წესრიგის გარდაქმნისკენ. სუიციდი არასოდესაა გამოსავალი, რადგან რამდენადაც არ უნდა გართულდეს მდგომარეობა, ყოველთვის რჩება ცვლილებების იმედი. თუმცა უმჯობესია ცვლილებისადმი ლოდინის ნაცვლად, ცვლილების გამომწვევი თავად გავხდეთ.

საფინალო ტრეკი We don’t deserve love ბენდის დისკოგრაფიის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. 6 წუთიანი ბალადა მთელი ალბომის შემაჯამებელ კომპოზიციად გამოდგება, რადგან თითქოს მანამდე აღწერილ ყველა პრობლემას აერთიანებს და ამ რეალობაში მცხოვრები წყვილის ემოციურ მდგომარეობაზე და მოლოდინებზე გვესაუბრება, რომელთაც ტანჯავთ დეპრესია, სუიციდალური ფიქრები, გაუცხოება და ა.შ. გვესაუბრება ურთიერთობებში არსებული იმედგაცრუებების, ტყუილების და ღალატის ფონზე ერთმანეთთან დაბრუნების სიმძიმეზე, ეგოიზმზე და თავდადებაზე, იმაზე, რომ ძლიერი გრძნობების და კავშირის დროსაც აუცილებლად ფიქსირდება დრამატული გადახვევები რომანტიკული სიყვარულის წინაპირობიდან. You say I can’t see the forest for the trees, so burn it all down, and bring the ashes to me – ბატლერის პოეზიის ოქროს პანთეონში შესატანი სიტყვები იშლება ტრეკში, გაცუდებული ურთიერთობის რეანიმირების მიზნით საუბრიდან მოქმედებაზე გადასვლის მაგიური ალუზია, დანახვიდან შეგრძნების კატეგორიაზე კონვერტირება. სიყვარულის დანახვა არ შეიძლება, ის განცდილი უნდა იყოს და მოქმედებებში უნდა გამოვლინდეს. ტრეკის ბოლოსკენ ბენდისთვის ჩვეული თეოლოგიური პასაჟი შემოდის, The one that you love is gonna leave you alone, particularly the Christ-types, რაც ბრწყინვალე მეტაფორად გარდაიქმნება ურთიერთობებში პარტნიორზე დაკისრებულ მოლოდინებზე და მათ დაპირებებზე მარადიული სიყვარულის და განუყრელობის შესახებ. და თუ ამდენი სიცრუე, შუღლი, გულისტკენა და სასოწარკვეთა არსებობს ადამიანებს შორის, რომლებიც ამბობენ, რომ ერთმანეთი უყვართ, იქნებ მაშინ საერთოდ არ ვიმსახურებთ სიყვარულს?

ამ სულგრძელ ნოტაზე Everything Now (Continued) ირთვება და ტრანსცენდენტური ჟღერადობა 2:23 წუთის მანძილზე გაგრძნობინებს კათარზისს, შემდეგ კი მისი დასასრული წამები პირველ ტრეკს ებმის, რაც უსასრულო ციკლს ქმნის და ალბომის კონცეპტი უმაღლეს ხარისხში აყავს. Arcade Fire-მა შექმნა მუსიკალური ალბომი, რომელსაც საფინალო და საწყისი წერტილები არ გააჩნია და ერთ წრიულ მოძრაობას წარმოადგენს. ”დაუსრულებელი კონტენტი”, როგორც უკვე აღნიშნეს. მართალია მთლიანობაში Everything Now ბენდის ყველაზე ნაკლებ გრანდიოზული ალბომია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ აცემენტებს იმ მოსაზრებას, რომ Arcade Fire პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექტივია. და თუ ამის დანახვა არ შეგვიძლია, იქნებ საერთოდ არ ვიმსახურებთ მათ?

x

Check Also

რეცენზია: Dunkirk

ავტორი: ბაჩო ოდიშარია ”დიუნკერკის” პირველივე კადრში ექვსი ახალგაზრდა ჯარისკაცის ფიგურას ვხედავთ, რომლებიც ძირს დაყრილ პამფლეტებს ...