Breaking
Home » მთავარი » სერიალები » რეცენზია: Luke Cage

რეცენზია: Luke Cage

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი

”ნეტფლიქსის” ტრანსლირებად ”მარველის” სამყაროს მესამე დამატებას, ”ლუკ ქეიჯს” წინამორბედ შოუებთან შედარებით ძალიან მცირე მასშტაბიანი მარკეტინგი ქონდა, მაგრამ გამოსვლიდან მეორე დღეს მაყურებელთა დიდი რაოდენობის გამო მაინც მოახერხა ”ნეტფლიქსის” გადატვირთვა. მთავარი პერსონაჟი მაყურებელს ”ჯესიკა ჯონსის” სერიალიდან გაეცნო, ამან რეჟისორებს საშუალება მისცა სხვა პერსონაჟებისთვის მეტი დრო დაეთმოთ, რამაც საბოლოო შედეგში ძალიან რეალისტური და კარგი ატმოსფერო შექმნა.

ატმოსფერო ალბათ ის ფაქტორია, რითიც ”ლუკ ქეიჯზე” ლაპარაკი უნდა დავიწყოთ. სერიალის დაანონსების შემდეგ, შემქმნელებიც და ფანებიც ხუმრობდნენ, რომ ამერიკის პოლიტიკური ვითარება – შავკანიანთა და პოლიციის მუდმივი დაპირისპირებების ფონი, საუკეთესო საფუძველს ყრიდა ”ლუკ ქეიჯის” სამყაროსთვის. ეს სერიალმა განსაკუთრებით კარგად გამოიყენა. შავკანიანთა საზოგადოებაში ურთიერთდაპირისპირების, გარე ძალებთან შებრძოლების, ამ კონფლიქტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის კადრები ”ლუკ ქეიჯში” უხვადაა. ამის ფონზე კი სერიალი მუდმივად გვახსენებს ვინ იყვნენ მალკოლმ იქსი და კრისპუს ატუქსი, როგორი მუსიკალური შედევრები აქვთ შექმნილი ჰარლემის საზოგადოებას და რამხელაა წარსულის გმირების ღვაწლი იმ საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რომელიც ახლა ასე იგლიჯება განგსტერების და პოლიტიკოსების მიერ.

ჰარლემის ატმოსფერო ყველანაირად განსხვავდება “ჰელს კიჩენისგან”, რომელიც წინა ორ სერიალში ვნახეთ. ქუჩაში გადაღებულ ნებისმიერ სცენაში იგრძნობა, რომ ამ უბანში ერთდროულად დიდი საფრთხე და დიდი პოტენციალია. იმის ფონზე, რომ უილსონ ფისკი “ჰელს ქიჩენში” ფაქტიურად მისტიკური არსებაა, ჰარლემში არავის უკვირს, თუ შემთხვევით რომელიმე მოსახვევში განგსტერს დაეჯახება. ლიმუზინით და დაცვით მოსიარულე ბანდის ლიდერი კორნელ სტოკსიც კი ხშირად ჩნდება ქუჩებში ყველას დასანახად. ჰარლემის საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენასაც კი ადგილობრივების მიმართ უდიდესი პატივისცემა გააჩნია, თუმცა ამ წრეში პატივისცემის მოპოვება დამსახურებით ხდება და არა ასაკით, სქესით ან თუნდაც სუპერძალებით. ამიტომაცაა, რომ ყოფილი განგსტერის სიკვდილზე ისინიც კი ვერ იკავებენ ცრემლებს, ვინც მისი მოშორებით სარგებელს ნახულობს.

”ლუკ ქეიჯის” ვილანების უმეტესობა ამ გარემოს პირმშოა, მასშია გამოწრთობილი და მისი წესებით თამაშობს. ძალაუფლება ჰარლემში ყველაფერს ნიშნავს, ამიტომაც იწყება პირველ სერიაში ვილანების გაცნობა B.I.G.-ის გვირგვინიანი სურათის ფონზე „Everybody wants to be a king”. ძალაუფლების საუკეთესოდ გამოსაჩენად საჭიროა ის სხვა და სხვა ადამიანების ხელში გადადიოდეს, ამიტომაც სერიალმა საუკეთესო ფორმულა შეიმუშავა და ერთის ნაცვლად ოთხი მთავარი ვილანი შემოგვთავაზა, მათ გარდა კი ე.წ. ”ჰენჩმენები”, რომლებიც ისევე იბრძვიან უფრო მაღალი ადგილის დასაკავებლად, როგორც ყველა სხვა. როგორც კი მაყურებელი იფიქრებს, რომ იერარქიის სათავეში მდგარი განგსტერი გაიცნო, მაშინვე ჰარლემ პარადაისის ოთახში (რომელსაც სერიალი ძალაუფლების სიმბოლოდ აქცევს) სხვა ფიგურა შემოდის და მას ამცირებს, ამასხარავებს, ისე უბედავს დალაპარაკებას, როგორც წესით არ უნდა შეეძლოს და საბოლოოდ მის ადგილს იკავებს. შემდეგ კიდევ უფრო ძლევამოსილი განგსტერი ჩნდება და ართმევს რამდენიმე წუთის წინ გაცხადებულ ავტორიტეტს პერსონაჟს, დამარცხებული განგსტერი კი ძალებს იკრებს და ისევ იბრძვის უმაღლესი ადგილისთვის. ეს ჯაჭვი დაუსრულებლად გრძელდება, სანამ სუპერგმირისგან დაშინებულ და გაკონტროლებულ უბანში აღარაფერი დარება განგსტერებისთვის და ვხედავთ სცენას, როგორ გადაყურებს ფულის, ხალხის და მიმდევრების გარეშე დარჩენილი კრიმინალური ჯგუფი დაცლილ ბარს.

ჰარლემის გარდა ერთადერთი ადგილი რომელსაც ვხედავთ, ჯორჯიის შტატია. რასიზმის საუკეთესოდ საჩვენებლად შემქმნელებმა რამდენიმე ლოკაციის სამხრეთში გადატანა გადაწყვიტეს, მაგრამ ამას ”ლუკ ქეიჯის რამდენიმე თვისება შეეწირა. კომიქსებისგან განსხვავებით, ლუკი ქუჩაში არ გაზრდილა, ის მღვდლის შვილია, რითაც რეჟისორები ცდილობენ ახსნან რატომ აქვს ასეთი წყნარი და ლოიალური ბუნება მაშინ, როდესაც კომიქსებში ფეთქებადი ხასიათით გამოირჩევა. ლუკის და მისი მთავარი მოწინააღმდეგის – უილის სტრაიკერის ჯორჯიაში გატარებული ბავშვობა მთავარი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ასევე ბავშვობის კადრებს ვხედავთ სხვა ვილანების შემთხვევაშიც, რითაც შექმნელებს იმის ჩვენება სურთ, რომ მათი ვილანები არ არიან ბოროტები, ისინი ჩვეულებრივი ბავშვები იყვნენ ჩვეულებრივი ოცნებებით და სურვილებით, რომლებიც ქუჩამ ჩაყლაპა და თავის გადარჩენისთვის პრინციპებსა და მიზნებზე უარის თქმა აიძულა. ამას ყველა აანალიზებს და ნანობს, ცრემლების გარეშე ეკრანული დრო არცერთ ვილანს დაუტოვებია.

რაც შეეხება დანარჩენ ”მარველის” სამყაროსთან კონტაქტს, ეს პირველივე სერიაში ძალიან თვალსაჩინო ხდება, როდესაც ვიგებთ რომ სტარკის მთავარი ბიზნეს კონკურენტი ჰამერის ინდუსტრია ძალას ხელახლა იკრებს და განგსტერების მომარაგებაზე ზრუნავს. აქედან მოყოლებული ”ისთერ-ეგები” და მინიშნებები უამრავია, რაზე შეჩერებაც დიდ დროს წაიღებს. ამას გარდა სერიალი კარგად იყენებს ”მარველის” სამეცნიერო ფანტასტიკის ფორმულას – როგორც კი ჩნდება ტრანსჰუმანიზმის მიღწევა – გაუმჯობესებული ადამიანი, სუპერძალებით, მაშინვე ჩნდება მასთან საბრძოლო იარაღიც. სერიალის დასასრული ძალიან არატრადიციული და არაპირდაპირია. მოსაყოლი ამბავი უამრავი რჩება, ინტრიგა ჩაგდებულია და ძალაუფლებაც არსად გამქრალა, ამიტომ ”დეფენდერებში” და მეორე სეზონში მოსაყოლი ამბავი უფრო მეტია, ვიდრე ამ 13 სერიაში მოვასწარით რომ გვენახა.

x

Check Also

მიმოხილვა: Game of Thrones 7.5

ავტორი: ფორვე იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე ეპიზოდი სეზონში ექშენით ყველაზე დატვირთული იყო, გასაკვირი არ არის რომ ...