Breaking
Home » მთავარი » თამაშები » რეცენზია: Mafia III

რეცენზია: Mafia III

Mafia III კარგი თამაშია. დიახ, რეცენზიას მისივე სპოილერით ვიწყებთ, მაგრამ ამისთვის გარკვეული მიზეზები არსებობს. ოდესმე გქონიათ შეგრძნება, როდესაც სხვა ხალხით დაკავებულ სივრცეში შედიხართ და თავს სტუმრად გრძნობთ? არადა მოცემული სივრცე კონკრეტულად არავის ეკუთვნის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ იყო პირველი. დანარჩენები ინერციულად შეჰყურებენ პიონერს. დღეს, ეს თემა მნიშნელოვანია იმიტომ, რომ როდესაც ინტერნეტში  პირველი რეცენზიები ჩნდება გარკვეულ პროექტზე, იქნება ეს თამაში თუ ფილმი, ისინი განსაზღვრავენ ძირითადად რა ხასიათის რეაქცია ექნება საზოგადოებას მოცემული პროექტისადმი.

ძნელია იპოვო ის გამოცემა, რომელამც პირველმა თქვა Mafia III ცუდი თამაშიაო. უკვე ყველა ამას ამბობს. როდესაც თამაში დავიწყე, მის შესახებ არანაირი რეცენზია არ მქონდა წაკითხული (გაურკვეულწილად იმიტომ, რომ გამომცემელმა პრევიუ ვერსიები ჟურნალისტებს არ დაურიგა), ამიტომ, როგორც იტყვიან, ცივი გონებით შევუდექი. რამოდენიმე საათის შემდეგ უკვე მისი შეფასებები ვნახე ინტერნეტში და სიმართლე გითხრათ, იმ ბებიას დავემსგავსე, ცნობილ მემში WUT-ს რომ იძახის.

კიდევ ერთი უცნაური მომენტი ამ სიტუაციაში ის არის, რომ რეცენზიებში აღწერილი თამაშის პრობლემების უმრავლესობას ვეთანხმები, მაგრამ რამდენად ადეკვატურია ამ ხარვეზების მნიშვმელობა იმისთვის, რომ მთელი პროექტი დაძირო?! მოდი, ჯერ-ჯერობით ინტერნეტის რეაქციას თავი დავანებოთ და თამაშს მივხედოთ.

Mafia III მოთამაშეებს მეოცე საუკუნის ამერიკაში ეპატიჟება. ვიეტნამთან ომში ამერიკა წაგებას იწყებს, ქუჩებში მეფობს რასობრივი დისკრიმინაცია, მაგნიტოფონებიდან The Animals ისმის, ხოლო ქალაქგარეთ, ჭაობში ნიანგების თავები დაცურავენ. რასაც ვერ წაართმევ ამ თამაშს, ეს მისი ატმოსფეროა. სამოაციანი წლების ატრიბუტიკა, თავისი დიზაინით და სოციალური პრობლემებით, შესანიშნავად გამოიყურება ეკრანზე. მართალია სამყარო თითქმის არ რეაგირებს მოთამაშის მოქმედებებზე, მაგრამ შესახედად ის მართლაც ძალიან შთამბეჭდავია.

მოთამაშეებს ლინკოლნ კლეის როლი ერგოთ, დევისებური შავკანიანი ვეტერანის. ვიეტნამის ომში კოშმარების შეგროვების შემდეგ, ის სახლში, ნიუ ბორდოს გეტოში ბრუნდება, სადაც თავის აღმზრდელებს ხვდება. მშობლები ლინკოლნმა ბავშობაში დაკარგა, ამიტომ უბნის ავტორიტეტმა შეიკედლა. სწორედ ლინკოლნის შეძენილ ოჯახზე შურისძიება არის ბიძგი თამაშის სიუჟეტისათვის.

მოცემული ისტორია განგსტერულ ბოევიკს წარმოადგენს. ლინკოლნი ქალაქის ფორმალურ მეპატრონეზე შურს იძიებს თავისი საყვარელი ხალხის მკლელობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ისტორია მარტივია, გასართობად ის საკმარისია, თანაც რამოდენიმე საინტერესო თვისთსაც გადაეყრებით. მაგრამ Mafia III-ს ნარატიული ღირსებები არა მის ისტორიაში, არამედ ამ ისტორიის თხრობის მანერაში მდგომარეობს.

მონათხრობი შეიცავს როგორც კლასიკურ სწორხაზოვან ელემენტებს, შესანიშნავად დადგმული ”ქათსცენებით”, ასევე ჩანამატებს უფრო გვიანდელი პერიოდიდან, სადაც ლინკოლნთან პირდაპირ ან ირიბ ურთიერთობაში მყოფი ხალხი ინტერვიუს აძლევს დოკუმენტალისტებს. ეს ილეთი თამაშებში საკმაოდ ახალია და ძალიან კარგად გამოიყურება. დროთა განმავლობაში გულითადი ინტერვიუები იცვლება საკმაოდ მოსაწყენი CIA-ს ჩანაწერებით, მაგრამ პირველი სამი საათის პიკანტური გემო მაინც არ ქრება.

ასე შეგვიძლია ვისაუბროთ მთელ თამაშთან მიმართებაში. პირველი სამი საათი მართლაც ფანტასტიურია. თვითონ ისტორია დამაინტრიგებელია, გეიმფლეიც მრავალფეროვანია, ინტერვიუები სავსეა ქარიზმატული პერსონაჟებით, მაგრამ სამი საათის შემდეგ, თამაშის ძირითადი ნაწილი იწყება იმის მიუხედავად, რომ ისტრიის მოყოლის მხრივ არაფერი იცვლება, თვითონ ”გეიმფლეი” კი უკვე რუტინად იქცევა.

აქვე დაისმის ასეთი კითხვა – იქცევა თუ არა ის მოსაბეზრებელ რუტინად? ძნელია ამაზე პასუხის გაცემა. თავად განსაჯეთ. ნიუ ბორდო ეკუთვნის სელ მარკანოს, რომელსაც ჩვენ უნდა წავართვათ ეს ქალაქი. ამისათვის გვჭირდება 9 უბნის დაპყრობა. თითოეულს მარკანოს ადამიანი მართავს. უკანასკნელებს ამ უბანში ძირითადად 2 რეკეტ ჯგუფი ყავს თავისი მეთაურებით. სოციალურ იერარქიას ქვემოდან მივუყვებით. უბანში ვიპყრობთ ორივე რეკეტს, ვკლავთ უბნის უფროს. ასე ცხრაჯერ და მარკანოსთანაც შეგვიძლია მისვლა.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...