Breaking
Home » მთავარი » ლიტერატურა » რეცენზია: ნისლქმნილი

რეცენზია: ნისლქმნილი

ავტორი: ფორვე

ტოლკინი, მარტინი, როულინგი, გეიმანი. ყოველ მათგანზე გაუთავებლად შეიძლება წერა. მათმა სახელებმა არა მხოლოდ ფენტეზის მკითხველთა წრეში მოიკიდეს ფეხი, არამედ თანამედროვე პოპ-კულტურაშიც იმდენად გაიდგეს ფესვები, რომ საკუთარ ჟანრსაც და ლიტერატურის მედიუმსაც გაცდნენ. თითქმის ყველას, ვინც ამ სტატიას კითხულობს, რომელიმე მათგანის ან საერთოად ოთხივეს წიგნები ექნება წაკითხული. სტატია იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც გაეცნენ აისბერგის ზედაპირს და თავისი წყურვილი ვერ დაიკმაყოფილეს. სტატიების ეს სერია მიეძღვნება ფენტეზის ჟანრის იმ ავტორებს, რომლებსაც თავის სეგმენტში პოპულარობა არ აკლია, მაგრამ საქართველოში ჯერ არ დამკვიდრებულან. რადგან რამდენიმე დღეში გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ზუსტად ერთ-ერთ ასეთ ავტორს გამოსცემს, გადავწყვიტე სერია ბრენდონ სანდერსონის „ნისლქმნილის“ ტრილოგიის პირველი ნაწილით – „უკანასკნელი იმპერიით“ დავიწყო.

ფენტეზი უზარმაზარი ჟანრია. მისი სპექტრი იმდენად დიდია, რომ ამ ჟანრის ორი სხვა და სხვა ავტორი შეიძლება იმდენდავე განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, როგორც სხვა და სხვა ენები. ორივე კომუნიკაციისთვის გამოიყენება, მაგრამ თავის მიზანს აბსოლუტურად სხვა და სხვა მეთოდებით აღწევენ. ამის გამო მისი ქვეჟანრები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ზოგჯერ გამოცდილ მკითხველსაც აბნევს, მითუმეტეს რომ მათი დეფინიციები მაინც და მაინც კანონიკური არ არის. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ წიგნების ნაწილი ერთ კატეგორიაში არ ეტევა და ერთდროულად რამდენიმე მახასიათებელი აქვს. შესაბამისად, ისინი უფრო სარეკომენდაციო ხასიათს ატარებენ და ჩემი გამოცდილებით, დიდწილად გასართობი დატვირთვა აქვთ. ყველა ქვეჟანრს თავისი თაყვანისმცემლები ყავს და მათი დაპირისპირება საკმაოდ სახალისო სანახაობას წარმოადგენს.

სანდერსონის „ნისლქმნილის“ ტრილოგია დიდწილად ეპიკური ფენტეზის ჟანრს მიეკუთვნება. ამ კატეგორიისთვის ერთდროულად დამახასიათებელია გამოუცდელი მთავარი გმირი, რომელიც მისთვის უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდება და ისტორიის განმავლობაში ყველა ის მნიშვნელოვანი კვესტი [„დავალება“] უნდა შეასრულოს, რომლებიც მას გმირისთვის აუცილებელ თვისებებს მიანიჭებენ: გამბედაობა, სიმამაცე, მეგობრები, თავგანწირვა, ერთგულება. ამავე დროს, ეპიკური ფენტეზი იშვიათად კონცენტრიდება მხოლოდ ერთ პერსონაჟზე, მისთვის აუცილებელია პერსონაჟთა დიდი ჯგუფი, რომლებიც საერთო საქმისთვის იბრძვიან. ამის გამო ეპიკური ფენტეზი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და წარმატებული ქვეჟანრია. ერთის ან ორის მაგივრად, ერთდროულად რამდენიმე საინტერესო პერსონაჟის განვითარება, მხოლოდ გამოცდილ ავტორს თუ შეუძლია, მაგრამ შედეგი ამად ყოველთვის ღირს. ეპიკური ფენტეზის წარმომადგენელია „ბეჭდების მბრძანებელი“, რომელსაც ზოგადად ჟანრის განვითარებაში შეტანილი წვლილის სიდიდით კონკურენტი არ გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ თხრობა „ბეჭდის საძმოზეა“, ისტორიის მთავარი პერსონაჟი მაინც ფროდოა, რომელიც თავმდაბალი საწყისებიდან მოდის და თავის გზას სამყაროს გადარჩენით ასრულებს.

„უკანასკნელი იმპერია“ ეპიკური ფენტეზის ყველა საჭიროებას წარმატებულად ასრულებს. მთავარი გმირი, ვინი, ქუჩაში გაზრდილი ქურდია, რომლის პრეისტორია, მკითხველს მისდამი ემპათიის განცდის ყველა მიზეზს აძლევს, მაგრამ ამავდროულად, იმ სამყაროს რეალობიდან გამომდინარე, სადაც ის ცხოვრობს, გადაჭარბებულ ტრაგიკულობას თავიდან აცილებს. „საძმოს“ მსგავსად, ვინს გარშემო ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანებული თანამებრძოლების წრე ახლავს. თუმცა, ეს კეთილშობილთაგან შემდგარი დაჯგუფება არ არის, რომელთაც გმირული მიზნები ამოძრავებთ. ვინის მსგავსად ისინიც ქურდები არიან, მაგრამ ამ პროფესიის ელიტას წარმოადგენენ. „ვართმევთ მდიდარს, ვაძლევთ ღარიბს“ – კრედოდან ისინი მხოლოდ პირველ ნაწილს ასრულებენ. თითოეული მათგანი კონკრეტულ არქეტიპს წარმოადგენს, მაგრამ ამავდროულად საკმარისად დამაჯერებლად არიან აღწერილნი იმისთვის, რომ მკითხველმა მათში არა კლიშეები, არამედ ნამდვილი ადამიანები დაინახოს. ჯგუფის და ვინის ურთიერთობა თემატურად წიგნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს სიუჟეტური ხაზი ცდილობს მკითხველს დაანახოს თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მთავარ გმირს ადამიანებისადმი რწმენა და ნდობა გაუჩნდეს, მიუხედავად იმისა რომ ცხოვრებისეული გამოცდილება ზოგიერთ შემთხვევაში საწინააღმდეგოსკენ მიგითითებს. ამ თვისებების გარეშე არა მხოლოდ მტრის დაძლევაა შეუძლებალი არამედ სრულფასოვანი ცხოვრების წარმოებაც.

„ნისლშობილის“ ტრილოგიას სხვა ფენტეზის სამყაროებისგან ხშირად მისი კარგად განვითარებული მაგიური სისტემის გამო გამოარჩევენ. პირველ წიგნში ორი მაგიური სისტემა არის წარმოდგენილი: ალომანტია და ფერუქიმია. ორივე მათგანი სხვა და სხვა ლითონების მეშვეობით ადამიანს განსხვავებულ ზებუნებრივ შესაძლებლობებს ანიჭებს. ლითონის მანიპულაცია, ზებუნებრივი ფიზიკური ძალა, ემოციებზე გავლენის მოხდენა და ა.შ. „უკანასკნელ იმპერიაში“ აქცენტი ალომანტიაზე არის გაკეთებული. ამ ძალების გამოყენება მხოლოდ კეთილშობილთა ნაწილს ან მათთან სისხლით დაკავშირებულ ადამიანებს შეუძლიათ. იმ ადამიანებს, რომლებსაც ლითონებისგან რომელიმე ერთი კონკრეტული ძალის გამოყენება შეუძლიათ, ნისლელებს ეძახიან. იმ იშვიათ შემთხვევაში კი, როდესაც ადამიანს ყველა ლითონის გამოყენება შეუძლია, შესაბამისად ერთდროულად უამრავი ზებუნებრივ ძალაზე მიუწვდებათ ხელი, ნისლქმნილებს.

საინტერესოა, რომ სანდერსონს მაგიასთან მიმართების საკუთარი სამი წესი აქვს ჩამოყალიბებული. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით უნარის ძალაზე უფრო მნიშველოვანი მისი შეზღუდვებია. პერსონაჟის მიერ ზებუნებრივი ძალების გამოყენება და მათი მეშვეობით სამყაროსთან ინტერაქცია უდავოდ ერთ-ერთი მთავარი მიმზიდველი ფაქტორია ამ ჟანრის მკითხველებისთვის. მაგრამ როდესაც პერსონაჟი თავისი ძალების გამო თითქმის უძლეველი ხდება, მაშინ მისი სიცოცხლე ნაკლებად სავარაუდოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს (თუ რა თქმა უნდა წინასწარ არ გაქვს განსაზღვრული, რომ ყველა შენი პერსონაჟი გადარჩება და წიგნის დასრულების შემდეგ ბედნიერ ცხოვრებას განაგრძობს. საბედნიეროდ, სანდერსონი ასეთი ავტორი არ არის). ალომანტიის მთავარი შეზღუდვა მის წყაროში მდგომარეობს. მის მიერ ბოძებული ძალების გამოსაყენებლად აუცილებელია იმ ლითონის გადაყლაპვა, რომლის ზებუნებრივი ფუნქციების გამოყენებაც გსურს. გამოყენება კი მათი „დაწვის“ მეშვეობით ხდება. რაც უფრო ხშირად და აქტიურად იყენებ ამ ძალას, მით უფრო სწრაფად გეწურება მარაგი. მარაგის ამოწურვის შემდეგ კი ისევ ჩვეულებრივ ადამიანად იქცევი. ამიტომ, ნებისმიერი დაპირისპირების დროს მის მომხარებელს განსაზღვრული უნდა ქონდეს რამდენ ხანში ამოიწურება წყარო და იმაზე ლოცულობდეს, რომ ეს მის მოწინააღმდეგეზე ადრე არ დაემართოს.

ნისლქმნილის სამყარო და საზოგადოების იერარქიული წყობა მაგიურ სისტემაზე არანაკლებ საინტერესოა. უკანასკნელ იმპერიაში მკაცრად ჩამოყალიბებული კლასობრივი სისტემაა, რომელიც ადამიანის წარმოშობის მიხედვით არის განპირობებული. ყველაზე დაბალ საფეხურზე მყოფი „სკაას ტომი“ ფაქტიურად მონებს წარმოადგენენ, მათი უმეტესობა ან პლანტაციებში მუშაობენ ან ქალაქებში კეთილშობილებს ემსახურებიან. ეს უკანასკნელნი პოლიტიკურ ინტრიგებში გახვეული დიდებულთა სახლებია. მათ ზემოთ კი იმპერატორი (“მბრძანებელი”) დგას, რომელიც ერთდროულად მიწიერ და ღვთაებრივ ძალაუფლებას წარმოადგენს და წიგნის ყველაზე ენიგმატური პერსონაჟია. მისი ნების უშუალო შემსრულებლები კი რკინის მსჯავრმდებლები, ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი, სასტიკი და მისტიური არსებები არიან, რომელთა შესახებაც წამიკითხავს.

პირადად ჩემთვის, ამ კლასთა შორის დაპირისპირება, ისტორია იმისა თუ როგორ ჩამოყალიბდა და შეიქმნა მსგავსი იერარქია და ალუზიები რეალურ სამყაროსთან, ბევრად უფრო საინტერესო იყო, ვიდრე თავად მაგიური სისტემა. იშვიათია შემთხვევა, როდესაც ტრილოგიის პირველი ნაწილი ერთდროულად ახერხებს ცნობისმოყვრეობაც დაგიკმაყოფილოს და ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე არ გაწყვიტოს თხრობა და ამავდროულად სურვილს გაგიჩინოს შეიცნო უფრო მეტი მისი სამაყროს შესახებ: გაიგო თუ რატომ ფარავს ყველაფერს ფერფლი, რას წარმოადგენს ნისლი, რომელიც ყოველ ღამით მთელ სამყაროს ედება, რამ გამოიწვია ის კატასტროფული ცვლილებები სამყაროში, რომელიც პირველ წიგნში უბრალო ფონს წარმოადგენს. ავტორი მთავარი პერსონაჟის ისტორიის პირველ ნაწილს ისე ასრულებს, რომ თავს მოტყუებულად არ გრძნობ, რადგან ეს ისტორია თვითმყოფადია, მაგრამ ამავე დროს იცი, რომ ამის გარდა, წინ ბევრად უფრო მეტი გელის.

x

Check Also

რეცენზია: პიკნიკი გზის პირას

ავტორი: დავით სამნიაშვილი ბევრისთვის მეოცე საუკუნე პრომეთეა, რომელმაც ადამიანებისთვის ცეცხლი მოიპოვა, თავად კი ამისთვის სასტიკად ...