Breaking
Home » მთავარი » ლიტერატურა » რეცენზია: პიკნიკი გზის პირას

რეცენზია: პიკნიკი გზის პირას

ავტორი: დავით სამნიაშვილი

ბევრისთვის მეოცე საუკუნე პრომეთეა, რომელმაც ადამიანებისთვის ცეცხლი მოიპოვა, თავად კი ამისთვის სასტიკად დაისაჯა. სულ ცოტა ხნის წინ ჩამოტოვებულ საუკუნეში იყო რიგი უმნიშვნელოვანესი ტექნლოგიური ძვრები, სამყაროს აღქმის ფუნდამენტური გადაფასება (ფარდობითობის თეორია, კვანტური მექანიკა), ევოლუცია, ფსიქოანალიზი, პირველი ადამიანი კოსმოსში, ციფრული სამყარო, ფაშიზმი, სოციალიზმი, კაპიტალიზმი და რა თქმა უნდა, ხსენებული სამი იდეოლოგიის ჯახი – მეორე მსოფლიო ომი.

გარდა ამისა, გავლილ საუკუნეს კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, თუ გარდამტეხი მოვლენა ახსოვს. სამწუხაროდ ყოველ მათგანს ვერ შევეხები, ამიტომ ამოვარჩევ ერთს – სამეცნიერო ფანტასტიკას. თავად ამ ჟანრზე ბევრს არ ვილაპარაკებ და პირდაპირ საქმეს შევუდგები…

მაშინ, როდესაც ზემოთ ხსენებულმა მოვლენებმა ჩაიარა, სამყარო თითქოს გაიყინა, ის ჯერ კიდევ შოკში იყო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლანეტა თითქმის ორად გაიყო, სოციალიზმი და კაპიტალიზმი. სოციალიზმი, რომელიც თავისი კონცეფციით კონკურენციას ეწინააღმდეგებოდა თავად აღმოჩნდა კონკურენციაში ჩართული. კონკურენციამ მოიცვა ყველაფერი. ორი მხარე ცივი ომის ფონზე ცდილობდა რაც შეიძლება მეტი ბენეფიტი თავისკენ გადაექაჩა.

1968 წელს ამერიკელი კუბრიკის და ბრიტანელი კლარკის ერთობლივი ნამუშევარი ხორცს ისხამს – „2001 წლის კოსმოსური ოდისეა“ ეკრანებზე გამოდის. სულ რამდენიმე წელიწადში საბჭოთა კავშირის ბუმბერაზები სტანისლავ ლემი და ტარკოვსკი გამოდიან ასპარეზზე, რასაც 1972 „სოლარისის“ ეკრანიზააცია მოჰყვა. როგორც „სოლარისი“, ისე „ოდისეა“ ნამდვილი გარღვევა იყო იმდროინდელი სამეცნიერო ფანტასტიკისთვის. ეს იყო ჟანრული რევოლუცია. აქ საბოლოოდ სრულდება „ბავშვობა“, რაც ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკას ახასიათებდა და ახასიათებს, სადაც „უცხო“ აპრიორი კეთილთან, ან ბოროტთან ასოცირდება.  ეს ყველაფერი კი, ორი ძირითადი პოლიტიკური იდეოლოგიის გაცხოველებული დაპირისპირების ფონზე.

სწორედ მათი გზის გამგრძელებელი, ეგრეთ წოდებული მემკვიდრეა ძმები სტრუგაცკების „პიკნიკი გზის პირას“, ხოლო შემდეგ მისი ეკრანიზაცია „სტალკერი“, რომელიც კიდევ უფრო აღრმავებს წიგნში წამოწეულ ეგზისტენციალურ კრიზისს. აღსანიშნავია, რომ სტრუგაცკები რომანის პირველივე გვერდზე გვაფრთხილებენ – „სიკეთე უნდა გააკეთო ბოროტებისგან, რადგან მის გასაკეთებლად სხვა არც არაფერი გვაქვს.“ შეიძლება ითქვას, ეს წიგნის დევიზია, რაც ცდილობს შექმნას განწყობა, რომ ყველაფერი ერთმანეთშია ახლართული, უნდა დასრულდეს ეპოქა, სადაც უცხო მტერია, ან მოყვარე – საქმე ბევრად რთულად არის.

„პიკნიკი გზის პირას“ ეს არის გასეირნება, მართლაც, რომ ერთგვარი პიკნიკი, სადაც არ არსებობენ მეგობრული და მტრული პერსონაჟები, მათი კოლექტიური და ინდივიდუალური ურთიერთობები კომპლექსურ შრეებს მოიცავს და მათი მარტივ კატეგორიებად დაყვანა შეუძლებელია.

წიგნში მოვლენები ზონის გარეთ და ზონის შიგნით ვითარდება. ზონა ეს ეგრეთ წოდებული „ნაპიკნიკარია“, სადაც უცხოპლანეტელები იყვნენ. „მოილხინეს“ და ადგილი „დაბინძურებული“ დატოვეს. „ნარჩენები“ ჩვენი ცივილიზაციისთვის გარღვევაა, ის სამყაროს ჩვენებურ აღქმას სცდება, თერმოდინამიკის პირველ და მეორე კანონსაც კი არღვევს. ნებისმიერი ასეთი მონაპოვარით კერძო პირს თუ სახელმწიფოს ტექნოლოგიური რევოლუციის მოხდენა შეუძლია. სწორედ ამისთვის არსებობენ სტალკერები, ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ზონაში იპარებენ და იქიდან „მომავლის ტექნოლოგიები“ გამოაქვთ.

„პიკნიკში“, ისევე როგორც „სოლარისში“ და კლარკის „ოდისეაში“ უცხო ცივილიზაციების ურთიერთობა, გასულია დაპირისპირების სწორხაზოვანი ველიდან. სტრუგაცკებთან უცხო ცივილიზაციამ მოინახულა დედამიწა და ყველანაირი „კონფლიქტის“ გარეშე დატოვა პლანეტა.

მნიშვნელოვანია თავად ზონის ფენომენი და ერთ-ერთი სტალკერის (მთავარი პერსონაჟის) სიტყვები: „ზონა მახეებიის რთული სისტემაა. ყოველი მათგანი მომაკვდინებელია. არ ვიცი, რა ხდება, როდესაც აქ ადამიანები არ არიან, მაგრამ როგორც კი ვინმე გამოჩნდება, ყველაფერი მოძრაობას იწყებს.“ –  რაც ყველაზე მნიშვნელვანია, ეს მოძრაობა დამოკიდებულია სტუმარზე, თუ ვინ მოინახულებს მას. ზონა ერთგვარი ინდივიდუალური „თრიფია“, სადაც ყოველ სტუმარს თავისი შიშების თუ სურვილების გადააზრება უწევს.

როგორც სტანისლავ ლემმა (სოლარისის ავტორმა) სტრუგაცლკების ნაშრომზე აღნიშნა, „პიკნიკში“ – „ცივილიზაცია არ არის ცივილიზაციისთვის მგელი.“ „სოლარისის“ ოკეანის მსგავსად, ზონაში არის მითიური „ოქროს სფერო“, რომელიც სურვილებს ასრულებს, მაგრამ როგორც თავად წიგნის კონცეფცია, სფეროც სიკეთის და ბოროტების მიღმაა. სფერო მხოლოდ სანუკვარ სურვილებს ასრულებს, რაც ხშირ შემთხვევაში ადამიანის ცნობიერს ნაკლებად აქვს გააზრებული.

ესეც, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწყვეტი წიგნიდან –  „გონი არის რთული ინსტინქტი, რომლის ფორმირება ჯერ არ დასრულებულა. იგულისხმება, რომ ინსტინქტური მოქმედება ყოველთვის მიზანშეწნილია და ბუნებრივია. გაივლის მილიონი წელი, ჩამოყალიბდება ინსტინქტი და ჩვენც შევწყვეტთ შეცდომების დაშვებას, რომლებიც, ალბათ, გონის განუყოფელი თვისებაა, და მაშინ, თუკი სამყაროში რამე შეიცვლება, ჩვენ ბედნიერად და მშვიდად ამოვწყდებით, – ისევ და ისევ იმის გამო, რომ გადავეჩვიეთ შეცდომების დაშვებას, ესე იგი, განსხვავებული, მკაცრად განსაზღვრული პროგრამებით გაუთვალისწინებელი ვარიანტების მოსინჯვას…

როგორღაც ეს ყველაფერი დამაცირებლად გამოგდით“ – აწყვეტინებს პირველ პერსონაჟს მეორე…

და მართლაც, ჩვენ, ადამიანებს სრული უფლება გვაქვს, ყველაფერი ეს, უსასრულო და ამოუცნობი სამყარო დამამცირებლად, დაცინვად აღვიქვათ. მაგრამ თუ ჩვენ ვეძებთ „ხსნას“, სირაქლემას საქციელი და მიწაში თავის ჩარგვა არ გამოგვადგება, გონის არსებობისთვის ამოუცნობში შესვლაა საჭირო, სადაც ადამიანური დეფინიციები „კეთილი“ და „ბოროტი“ ვერ გამოგვადგება.

პირადად ჩემთვის „პიკნიკი“ მეოცე საუკუნის შვილია, ეს გადააზრების მცდელობაა, რომ ყველაფერი ასე მარტივად არ არის; ფაშიზმი, კომუნიზმი, კაპიტალიზმი, ეს ყველაფერი ადამიანს ვერ იხსნის. „ხსნა“ მშრალ დაპირისპირებაში და სისტემებში არ არის. „ხსნა“ უსასრულო პროცესია, ის შეგვიძლია საკუთარ თავში, საკუთარ ბუნებაში ვიკვლიოთ, მაგრამ მისი საბოლოო აღმოჩენა შეიძლება შეუძლებელიც იყოს.

დასასრულს, შემიძლია ვთქვა, რომ წიგნი, ისევე როგორც ტარკოვსკის თავისებური ეკრანიზაცია, მართლაც რომ თრიფია. თრიფი საკუთარ არსებაში, ჩვენს ქვეცნობიერში. ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი სხეულში და თავგადასავლი საკუთარ ქვეცნობიერში იწყება. ოღონდ არ დაგავიწყდეთ, ეს თრიფი პოზიტივით და ფერადი ცისარტყელით არ შემოიფარგლება, თქვენ „ბედ თრიფი“ გაქვთ. გამოსავალი? საბოლოო გამოსავალი, ალბათ, მაინც ირონიულია, ისევე როგორც წიგნის ბოლო სიტყვები – „ბედნიერება ყველასთვის, დაე არავინ წავიდეს გულდაწყვეტილი!“

სტრუგაცკებმა, ისევე როგორც ცოტათი ადრე ლემმა და კლარკმა, თავისი ლსდ გამოიგონეს და ეს ყველაფერი მხატვრული ლიტერატურით ჩაგვაწვეთეს.

 

x

Check Also

რეცენზია: ნისლქმნილი

ავტორი: ფორვე ტოლკინი, მარტინი, როულინგი, გეიმანი. ყოველ მათგანზე გაუთავებლად შეიძლება წერა. მათმა სახელებმა არა მხოლოდ ...