Breaking
Home » მთავარი » თამაშები » რეცენზია: Firewatch

რეცენზია: Firewatch

– რაც არ უნდა იყოს, ისევ კოშკში ხარ. იქნებ, შენც დაგელია რამე?
– მე კოშკში არა ვარ.
– ჭოგვრიტში მამაკაცს ვხედავ საგუშაგოში და ის შენ არა ხარ?
– არა… ის მე არა ვარ.
– ღმერთო ჩემო, გაიქეცი!

უცნაურია, არა? თამაშის რეცენზიის დაწყება დიალოგით? გასამართლებლათ ვიტყვი, რომ თავად Firewatch უცნაური გამოცდილებაა და უმეტეს შემთხვევაში სრულადაც უარყოფს თამაშის სტატუსს. ის საავტორო პროექტია და ზუსტად ის იქნება, რაც ავტორს სურს. ზოგჯერ კი ისე გამოდის, რომ ავტორს სულაც არ უნდოდა თამაშის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში, არა ისეთის როგორსაც ჩვენ ვართ მიჩვეულები.

თამაში იწყება იმით, რომ არ იწყება. თავიდან თქვენ პერსონაჟის შექმნას მოგთხოვენ, მაგრამ არა ისეთი გაგებით როგორც სხვა პროექტებში. სახელი, გარეგნობა და ყველაფერი მსგავსი პროტოგონისტს უკვე აქვს. მას ჰენრი ჰქვია. თქვენ გევალებათ მისი ცხოვრებისეული გზა ჩამოაყალიბოთ: რა უთხრა თავის მომავალ ცოლს პირველად შეხვედრისას; რა სახელი მისცა ძაღლს; როდესაც ცოლს სხვა ქალაქში სამსახური შემოსთავაზეს, მხარი დაუჭირა თუ შეეწინააღმდეგა; პირველი წუთები პრეისტორია ტექსტურ რეჟიმში მიმდინარეობს, როგორც კლასიკური სათავგადასავლო თამაშებში იყო. პარალელურად გვიჩევენებენ თუ როგორ მივიდა ჰენრი ვაიომინგის ტყემდე, მაგრამ რატომ მივიდა, ამის შესახებ უკვე წაკითხვა მოგიწევთ.

სიუჟეტური ბიძგი არც ისე კომპლექსურია. ჰენრის პირადული პრობლემები აქვს, ამიტომ ისეთ სამსახურს ეძებს, სადაც ქალაქისგან და საერთოდ ნებისმიერი ნაცნობი რაღაცისგან შორს იქნება. განმარტოვების საშუალება, საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენა, ორმოცზე მეტი ზამთრის მნახველი ადამიანისთვის უჩვეულო მდგომარეობა არ არის. ჰენრიმ შესანიშნავი ვაკანსია ნახა, ვაიომინგის ნაციონალურ პარკში გუშაგი სჭირდებოდათ. მთელი დღე იჯექი კოშკში და თუ ზაფხულის პაპანაქებამ ცეცხლი მოსდო მცენარეულობას, რადიომიმღებით დროულად შეატყობინე საჭირო პირებს. ჰენრის ბევრი ფიქრი არც დასჭირვებია სამუშაო აპლიკაციის შესავსებად.

საგუშაგო მაღალი ხის კოშკი აღმოჩნდა. ჰენრის მეთვალყურეობის ზონაში დარჩენილი ტყე არც ისე დიდია, ხოლო სადღაც მთებში უფროსის, დელაილას კოშკურაც მოჩანს. ამ უკანასკნელის ხმა მხოლოდ რადიომიმღებიდან მოდის. ეს იდეალური ვარიანტია ჰენრის მსგავსად, ცხოვრებაში დაკარგული ადამიანისთვის.

თავად ვაიმონგის ტყე, მხატვრების ზღაპრული ნამუშევრის წყალობით, სუნთქვის შემკვრელად გამოიყურება. Firewatch ბევრისთვის გამაღიზიანებელ ჟანრს, ,,სიარულის სიმულატორს’’ მიეკუთვნება. მაგრამ საბედნიეროდ, ეს პროექტი იმ გამონაკლისთა სიაში შედის, სადაც სიარული არასდროს მოგწყინდებათ. შემოთავაზებული ტერიტორია ფართობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ თვალწარმტაცი ხედების გენერირება ყოველ ნაბიჯზე ხდება.

ხეების ფოთლებზე მოფენილი ნაზი მზის სხივები; ბალახის შრიალი ნიავის ნებაზე; ტბის ზედაპირზე არეკლილი კიდოვანი ზოლები; მდუმარე, მასიური კლდეები თავისი გამოკვეთილი გეომეტრიული ფორმებით; მთებით შეჭრილი ჰორიზონტი; ბუჩქებით შეკაზმული დერეფნები. ბუნების ეს მშვენიერი შვილები თითქოსდა ათიოდე მეტრის სიხშირით იცვლებიან, მაგრამ რუკა იმდენად ლოგიკურად არის აგებული, რომ გადაადგილებას მშვიდი წყლის დინებასავით სასიამოვნო ტემპი აქვს.

დასაწყისში დაგპირდით რომ Firewatch უცნაური თამაშია და ახლა დროა აგიხსნათ რატომაც. საქმე იმაშია, რომ კლასიფიკაციის მიხედვით ლოკაცია ღია სამყაროს წარმოადგენს. ტექნიკურად, თქვენ სურვილისამებრ სადაც გინდათ იქ წახვალთ. რას მივეჩვიეთ ჩვენ ღია სამყაროს შემცველ პროექტებში? გვერდითი მისიები, შესაგროვებელი მასალა, ექსპლორინგი, პერსონაჟის განვითარება და ასე შემდეგ. Firewatch ასეთს არაფერს გთავაზობთ. არა იმიტომ რომ არ გამოსდის. უბრალოდ იმიტომ, რომ მას ეს არ უნდა.

Firewatch-ის დაპირისპირება თანამედროვე ტრენდებისაგან, იდეალურად ჯდება თამაშის ფილოსოფიაში. მას პირველ რიგში სურს იყოს ხელოვნების ნიმუში და არ შემოისაზღვროს გარკვეული ჩარჩოებით. პროექტი თამაშის მექანიკას არა ძირითად გამოცდილების ელემენტად იყენებს, არამედ დამხმარეთ. სცენაზე წამოწეულია დიალოგები და აქვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ Firewatch პირველ რიგში სალაპარაკო დრამაა.

დიალოგები ჰენრისა და დელაილას შორის არის საუკეთესო რასაც თამაშში იპოვით. აშკარაა რომ თამაშის შემქმნელებს ასეც ჰქონდათ ჩაფიქრებული. რადიომიმღების გადაცემები განსჭვალულია საზრიანი ფრაზებით, ხუმრობებით, საინტერესო ისტორიებით, ცხოვრებისეული თავგადასავლებით და უბრალოდ ორი ცოცხალი ადამიანის ინტერაქციით. პერსონაჟების რეალურობაში ერთი წამითაც არ შეგეპარებათ ეჭვი. სიმართლე გითხრათ, შეიძლება საერთოდ ეს ხმის ფაილები თამაშის დისტრიბუტივიდან ამოვიღო და ცალკე აუდიოწიგნად გამოაქვეყნო. ორჯერ რომ არ ავდგეთ, Firewatch-ის ლიტერატურასთან კავშირზეც ვილაპარაკოთ.

თამაშებში სიუჟეტის მოწოდების, განვითარების და დასასრულის გარკვეულ მანერას მივეჩვიეთ (გარკვეულწილად ეს ფილმებსაც ეხება). ბოლოში აუცილებლად უნდა იყოს გრანდიოზული ფინალი, სადაც სიუჟეტური დაძაბულობის პიკი მექანიკურად იქნება ხაზგასმული. მთავარ ბოსსთან შერკინება, პატარა ჰოლოგრამულ ბიჭთან ლა… კარგით, ცუდს ნუ გავიხსენებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, თამაშის ბოლოს მომხმარებელმა თავი დაჯილდოვებულად უნდა იგრძნოს. ის უნდა იყოს კმაყოფილი, რომ მისი დახარჯული საათები გრანდიოზულ ფინალამდე მივიდა. Firewatch-ს ჰკიდია თქვენი დაჯილდოვება. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

234

Firewatch-ს სიუჟეტს ლიტერატურული ბუნება აქვს. მოვლენები იძაბება, ვითარდება, თავის დასასრულამდე მიდის. თითქოსდა რუტინულად, პიკი არა დასასრულშია, არამედ თამაშის მსვლელობის დროს. ბევრს სულაც არ მოეწონება ასეთი დასასრული და თამაშზე გაბრაზებული დარჩება, მაგრამ დეველოპერი, Campo Santo, გეტყვით რომ ეს თქვენი პრობლემაა.

 თამაშის ტექნიკურ დეტალებზეც უნდა ვილაპარაკო, მაგრამ რომ არ მოგატყუოთ, სულაც არ მინდა ამის გაკეთება. Firewatch მულტიპლიკაციური სტილისკენ იხრება, მაგრამ ბუნება ასე ცოცხლად არც Frostbite-ზე და არც Cryengine-ზე გამოიყურება. ჩამთრევი ტყის ხმა სოფელში გატარებულ ბავშვობის წლებს მოგაგონებთ, ხოლო ამბიენტური მუსიკა სიუჟეტთან ხელჩაკიდებული სასიამოვნო გასეირნებას შემოგთავაზებთ.

შედეგად ვიღებთ რომ Firewatch-ის რეკომენდაცია ვინმესთვის საკმაოდ ძნელია. თამაშები მოგწონთ? ეს სრულად თამაში არაა. წიგნები მოგწონთ? ეს წიგნი არაა. ფილმები მოგწონთ? ფილმიც არ არის. Firewatch-ის ბუნება თავისივე პროტოგონისტში ირეკლება, მას ეგზისტენციალური კრიზისი აქვს. შეიძლება ვთქვას, რომ თამაშმა თავის დროს გაუსწრო. ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვით, მაგრამ ერთი რამ ეჭვგარეშეა, თუ თამაშს საშუალეაბს მისცემთ, ის შესანიშნავ თავგადასავალს გაჩუქებთ. ერთადერთი რასაც ის ითხოვს, ერთი საღამოა ვაიომინგის ტყეში გასატარებლად.

x

Check Also

ABZU – რეცენზია

ავტორი: მევლუდ საბაშვილი ABZU ისეთ თამაშებს მიეკუთვნება, რომლებზეც ამბობენ ეს არა მხოლოდ თამაშია, არამედ მხატვრული ...