Breaking
Home » მთავარი » კომიქსები » კუ ნინძების დავიწყებული ფესვები

კუ ნინძების დავიწყებული ფესვები

ავტორი: გიორგი სახვაძე

ყველა ვიცნობთ კუ-ნინძებს. ჩვენ გავიზარდეთ მულტფილმებსა და ფილმებზე მათ შესახებ, სადაც ისინი მხიარულ, პიცის მოყვარულ თინეიჯერებად არიან გამოყვანილნი. თუმცა, კუ-ნინძების შესახებ დაწერილ თავდაპირველ კომიქსებს თუ წაიკითხავთ, მათ სრულად ახლებურად დაინახავთ.

დღეს რთული დასაჯერებელია, რომ კუ-ნინძები ოდესღაც საკუთარ იარაღებს და უნარებს დანიშნულებისამებრ იყენებდნენ და მოწინააღმდეგეს ხშირად კლავდნენ კიდეც. „Mirage Studios“ მიერ გამოცემული კომიქსი სავსე იყო ძალადობით, სისხლით, ხმლის გაყრებით და რიტუალური თვითმკვლელობებით. პიცა მარგარიტას კი სასმელი მარგარიტა ანაცვლებდა. კომიქსში ალკოჰოლი და გინება საკმაო რაოდენობით ფიგურირებდნენ.

კუ-ნინძების იდეა დაიბადა Kevin Eastman-ის ესკიზიდან, რომელიც მან მეგობარ Peter Laird-თან ერთად მორიგი ბრეინსტორმინგის სესიისას დახატა 1983 წელს. ჩანახატზე გამოსახული იყო ნიღბიანი კუ ნუნჩაკებით ხელში. მეგობრებს მოეწონათ ნელი რეპტილიისა და სწრაფი ნინძის იდეური კონტრასტი და 1984 წელს კომიქსის პირველი ნომერი გამოვიდა.

თავიდან კომიქსი ჩაფიქრებული იყო როგორც ადრეული 80-იანების სხვა კომიქსების პაროდია, კონკრეტულად კი Daredevil-ის, Cerebus-ის და Ronin-ის. იგი მხოლოდ მომდევნო წლებში იქცა იმ ფენომენად, რომელზეც ეკრანიზაციების მთელი რიგი შეიქმნა. თვითონ სპლინტერი არის Daredevil-ის მენტორ Stick-ის პირდაპირი პაროდია. “Stick” ნიშნავს ჯოხს, ხოლო “Splinter” ნიშნავს ხის, ჯოხის ნამსხვრევს – ხიჭვს. გარდა ამისა, როგორც Daredevil-ის კომიქსებში არსებობს ნინძების კლანი The Hand, ისევე TMNT-ს კომიქსში ფიგურირებს ნინძების კლანი The Foot.

კომიქსი გვიყვება თუ როგორ დაიწყო კუ-ნინძების ისტორია და გვახედებს სპლინტერსა და შრედერს შორის დაპირისპირების დეტალებში. როგორც ირკვევა, სპლინტერი იაპონიაში ზემოხსენებული ნინძათა კლანის წევრის, ჰამატუ იოშის შინაური ცხოველი იყო და მისგან ნინძიუცუს ხელოვნება შეისწავლა. იოში და მისი კლანის კიდევ ერთი წევრი როკუ ნაგი ორივე ერთ ქალზე, ტენ შენზე იყვნენ შეყვარებულნი. როცა ტენ შენმა იოში არჩია, ნაგიმ ქალი სასტიკად სცემა, შემდეგ კი იოშის შეებრძოლა, მაგრამ გამწარებულმა იოშიმ როკუ ნაგი შიშველი ხელებით მოკლა. იოშიმ იცოდა, რომ კლანის წევრის მკვლელობისთვის მას ან საკუთარი სიცოცხლე უნდა მოესწრაფებინა და სეპპუკუ გაეკეთებინა, ან ქვეყნიდან გაქცეულიყო. იოში და ტენ შენი ამერიკაში გადაიხვეწნენ და თავი ნიუ იორკს შეაფარეს. ნაგის უმცროსმა ძმამ ოროკუ საკიმ ფიცი დადო, რომ იოშიზე შურს იძიებდა. წლების განმავლობაში ვარჯიშის შემდეგ იგი Foot Clan-ის ახალი ლიდერი ხდება, ირქმევს სახელად შრედერს და მისდევს იოშის ნიუ იორკში, სადაც ტენ შენსაც და იოშისაც სასტიკად კლავს. სპლინტერის გალია ბრძოლაში იმსხვრევა და იგი კანალიზაციაში გაიქცევა, სადაც რადიოაქტიულ მუტაგენში ჩავარდნილ კუებს ხვდება და ნელ-ნელა სპლინტერიც და კუებიც ჰუმანოიდურ ფორმას იღებენ.

სპლინტერი ავარჯიშებს, გაწრთვნის კუებს და თავის შავ სამუშაოს ასრულებინებს მათ შრედერთან ბრძოლაში. სპლინტერს მისი მენტორის მოკვლისთვის შრედერზე შურისძიება სურს, ხოლო ამისთვის კუებს იყენებს (რომლებიც, ნუ დაგვავიწყდება, უბრალოდ თინეიჯერები არიან, როცა სპლინტერი მათ ადამიანების მოკვლის და დასახიჩრებისკენ უბიძგებს). ისტორია არის შურისძიების ჩაკეტილი წრე, სადაც ფილმებისგან და მულტფილმებისგან განსხვავებით, სპლინტერი არაა გამოყვანილი როგორც შეუცდომელი, სიკეთის განსახიერება მოხუცი.

საბოლოოდ, კუები კლანსა და შრედერს სახურავზე ებრძვიან. დიალოგი ბევრი არაა, მხოლოდ კარგად დახატული ექშენის გვერდები და გვერდები. კუებს არ შეუძლიათ შრედერის დამარცხება ცალ-ცალკე, ასე რომ ერთდროულად უტევენ (ეს ტაქტიკა ფილმებშიც და მულტფილმებშიც გადმოიტანეს, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ფილმში სპლინტერიც ეხმარება მათ შრედერთან ბრძოლაში, მაშინ როცა კომიქსში იგი კუებს მარტო უშვებს საბრძოლველად.). ძმები შრედერს სასტიკად სცემენ, ლეონარდო მას კატანას გაუყრის მუცელში, შემდეგ კი, სანამ შრედერი ჯერ კიდევ ცოცხალია, ხმალს აწვდის და სთავაზობს, ჰარაკირი გაიკეთოს და ღირსეულად მოკვდეს. ამის მაგივრად, შრედერი ყუმბარას ამოიღებს, რათა კუები თან გაიყოლოს, დონატელო მას ჯოხს ესვრის და შრედერი თავის ყუმბარასთან ერთად სახურავიდან ვარდება და ძირს ეცემა, სადაც ყუმბარა მის უკვე მკვდარ სხეულს ნაფლეთებად აქცევს.

x

Check Also

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული ...