Breaking
Home » მთავარი » ლიტერატურა » აზიმოვის “მე, რობოტი”

აზიმოვის “მე, რობოტი”

ავტორი: დათო სამნიაშვილი

აიზეკ აზიმოვი, პირველი რობოფსიქოლოგი, როგორც მას ხშირად უწოდებენ, 1920 წელს რუსეთში დაიბადა. პროფესიით ბიოქიმიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პროდუქტიულ მწერლად ითვლება. მას ეკუთვნის უამრავი მოთხრობა, რომანი, სამეცნიერო ნაშრომი და ნოვატორული იდეა, მაგრამ პირველ რიგში რაც აზიმოვის ხსენებაზე სამეცნიერო ფანტასტიკის მოყვარულს აგონდება, ეს რობოტებია. რბილად რომ ვთქვათ, უნამუსო, ან სულაც თავად უნდა იყო რობოტი, რობოტებზე რომ საუბრობდე და გონების რომელიმე კუნჭულში, ნეირონების უსასრულოდ გადახლართულ ლაბირინთში, სადღაც აიზეკ აზიმოვი არ ამოგიტივტივდეს.

„მე რობოტი“ ესაა სამეცნიერო ფანტასტიკის მოთხრობების ციკლი. სწორედ აქ აყალიბებს და შლის აზიმოვი რობოტების სამ კანონს, რომელიც მომავალში მხატვრული ლიტერატურიდან მეცნიერებაში, ხოლო მეცნიერებიდან თვით წარმოებაში გადაინაცვლებს.

აზიმოვს ნაწარმოების იდეა ორმოციანი წლების ბოლოსკენ დაებადა. ეს ის დროა, სადაც რობოტების არსებობა სრული ფანტასტიკაა, არ არსებობს კომპიუტერი, მაგრამ ფეხის ადგმას იწყებს ელექტრო-გამომთვლელი მანქანები. სწორედ ეს იყო გამოწვევა ახალგაზრდა ფანტასტი მწერლისთვის. ის აწმყოთი ვერ კმაყოფილდება და მომავალში იხედება, ხვდება, რომ რაღაცა ახალი ახლოვდება, რომელმაც შეიძლება ჰომოსაპიენსი ევოლუციის სულ სხვა საფეხურზე გადაახტუნოს, ან სულაც, ჩაანაცვლოს სხვა სახეობით, რომელიც არა ბუნების, არამედ თავად მისი შექმნილი იქნება.

კონცეფციამ რობოტიკის სამი კანონის შესახებ საოცრად გაამართლა და ფართო დისკურსში რობოტების ბიბლიის სახე მიიღო. აზიმოვმა თავისი რობოტებით ყველა გააჩუმა. ადრე თუ ხშირი იყო რობოტებზე გალაშქრება და მათი როგორც ფრანკენშტეინების წარმოჩენა, ახლა ყველა იძულებული გახდა დადუმებულიყო, კალამი დაედო და აზიმოვის რობოტების თავგადასავალების კითხვა დაეწყო. აზიმოვთან რობოტები სრულიად სხვა დისკურსით არიან წარმოჩინელბული. ესაა ახლო მომავალი, სადაც რობოტები და ადამიანები მშვიდად თანაცხოვრობენ, ხოლო თუ ხდება რაიმე განხეთქილება, ეს ხშირად შემქნელების, თავად ადამიანების ბრალია.

„მე რობოტის“ სიუჟეტი ახალგაზრდა ჟურნალისტის გარშემო ვითარდება, რომელიც მოხუცებულ აღიარებულ რობოფსიქოლოგისგან ინტერვიუს იღებს. მოხუცი რობოფსიქოლოგი, სიუზენ ქელვინი იხსენებს სხვადასხვა ისტორიებს რობოტების შესახებ, რომელებსაც ფსიქოლოგის კარიერასთან გადაკვეთა იქონიეს. რობოფსიქოლოგს ახსოვს პირველი რობოტების გამოჩენა და მათი  არაბუნებრივი ევოლუცია, დაწყებული პირველი რობოტებით, რომლებსაც ლაპარაკიც კი არ შეეძლოთ, დამთავრებული სრულიად ახალი, ხელოვნური ინტელექტით, რომლებსაც ადამიანისგან ვეღარც კი გაარჩევ.

„მე რობოტში“ ავტორი ფანტასტიკის და რობოტების ფონზე ადამიანის ეგზისტენციას უღრმავდება, აფიქრებს მას მომავალზე და მიანიშნებს, რომ პროგრესმა შეიძლება მოიტანოს რეალობა სადაც „შვილი მამას ემჯობინება“.

 „მე რობოტი“ ესა მოთხრობების კრებული, რომელიც დაწერა ადამიანმა ადამიანებისთვის, მაგრამ შეძლო იმდენი, რომ ამავე ადამიანს საკუთარი სახეობის მიმართ უკმაყოფილება გაუჩინა, ხოლო სხვა სახეობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობდა, შეაყვარა და დააფასებინა.

დასრულებისთანავე, მახსოვს დავხურე წიგნი, წამოვწექი და თალწინ დამიდგა მომავალი, სავსებით შესაძლებელი, სადაც პირველი მოაზროვნე რობოტი, წამოწოლილი, წამომჯდარი, ან სულაც ფეხზე მდგომელა, შლის აზიმოვის წიგნს „მე რობოტი“ და პოზიტრონული ტვინის გამოყენებით კითხულობს პირველ წინადადებას – „რობოტების სამი კანონი“.

x

Check Also

რეცენზია: ნისლქმნილი

ავტორი: ფორვე ტოლკინი, მარტინი, როულინგი, გეიმანი. ყოველ მათგანზე გაუთავებლად შეიძლება წერა. მათმა სახელებმა არა მხოლოდ ...