Breaking
Home » მთავარი » სერიალები » მიმოხილვა: Game of Thrones 7.5

მიმოხილვა: Game of Thrones 7.5

ავტორი: ფორვე

იქიდან გამომდინარე, რომ მეოთხე ეპიზოდი სეზონში ექშენით ყველაზე დატვირთული იყო, გასაკვირი არ არის რომ მეხუთე ეპიზოდი დიდწილად ფილერი გამოდგა და შემდეგი სერიისთვის სამზადისს წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, სერიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი გამოაშკარავდა, მათ შორის კიდევ ერთი და სავარაუდოდ საბოლოო მტკიცებულება იმისა,  რომ ჯონ სნოუ დეინერისის ძმისშვილია.

დავიწყოთ ტირიონით, რომელიც თავისი საგვარეულოს ჯარისკაცებისგან დარჩენილ ფერფლში დასეირნობს და იმაზე ფიქრობს თუ რამდენად უკეთესი იქნებოდა ცხოვრების დარჩენილი დღეები ალკოჰოლის აბაზანების მიღებაში გაეტარებინა. რომ არა ტაივინის სადისტური დამოკიდებულება თავისი შვილის მიმართ, ტირიონი ერთმნიშვნელოვნად ლანისტერების მხარეს დარჩებოდა და დიპლომატიისკენ თავისი მიდრეკილების მიუხედავად, დეინერისისთვის ერთი დიდი თავის ტკივილი იქნებოდა. განსაკუთრებით მარტივი გახდებოდა მისთვის მოკავშირეების მობილიზირება გადამთიელი დედოფლის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც დენიმ თავისი მტრები, მამა-შვილი ტარლები, სამწვადეზე გაუშვა და ახალი ქვეშევრდომები არა უკეთესი ცხოვრების და მართველობის იმედით, არამედ სიკვდილის შიშით შეიძინა. ერთი მხრივ მისი ქმედება იმ ყველაფრის წინააღმდეგ მიდის, რის საფუძველზეც მას თავი უკეთეს მმართველად მოაქვს, მაგრამ მეორე მხრივ მისი არგუმენტი „ხალხის დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვეძლება, თუ ძალაუფლება ჩვენს ხელში იქნება“ საკმაოდ ლოგიკურია და შედავების საფუძველს არ იძლევა. აღსანიშნავია სემის ძმის და მამის სიკვდილი. ამ უკანასკნელისადმი სიმპათიით გაწყობის მიზეზი არასოდეს გვქონია, მაგრამ მისი შვილი დეინერისის ახალი იმპერიისთვის შეწირული უდანაშაულო (რამდენადაც უდანაშაულო შეუძლია ადამიანს იყოს ვესტეროსში) მსხვერპლია, რომელიც მამამისისთვის იმ ყველაფერს წარმოადგენდა, რასაც ვერ წარმოადგენდა სემი (სანამ შავებში არ გაიზმანებოდა) და მისდამი დაუმორჩილებლობის აქტშიც კი იდეალური შვილის სახე შეინარჩუნა.

ქინგს ლენდინგში ოდნავ შეტრუსული ჯეიმის გამოჩენა სერსეისთვის მაინც და მაინც მოულოდნელი არ აღმოჩნდა. თავის ბედთან წინასწარ შეგუებულმა დედოფალმა, ალბათ სეზონში საუკეთესო ფრაზის ავტორობა მიითვისა: “So we fight and die or we submit and die. I know my choice.” ამის მიუხედავად, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა, ტირიონის ახალი გეგმის წყალობით, მისი აღსასრული გაურკვეველი ვადით გადაიდო. თუმცა, სერსეის სუიციდალური შემართებიდან გამომდინარე, როდესაც მისი აღსასრული გარდაუვალი გახდება, დიდი იმედი მაქვს რომ ისეთი დონის ფეირვერკით წავა, რომელიც ბაელორის ტაძრის განადგურებას გაუთანაბრდება.

რაც შეეხება ტირიონის გეგმას კინგს ლენდინგში ზომბის ჩამოყვანასთან დაკავშირებით, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ შემდეგი სერია სეზონში საუკეთესო იქნება, როგორც მინიმუმ ორი პერსონაჟი მოკვდება და სავარაუდოდ სერიოზული კლიფჰენგერით დამთავრდება. მაგრამ თავად გეგმა საკმაოდ იდიოტურად გამოიყურება, რადგან არასაჭირო მიზნის მისაღწევად არაადეკვატურ რისკს მოიცავს და ვიდეო თამაშის მეორეხარისხოვან კვესტს უფრო გავს, ვიდრე სერიოზულ ჩანაფიქრს. სერსეი დამარცხებულია, მისი ჯარის და მარაგების დიდი ნაწილი განადგურებულია. დედაქალაქის აღებისთვის დრაკონების გამოყენება აღარ არის აუცილებელი. იქიდან გამომდინარე თუ რამდენად ადვილად აღმოჩნდა ტირიონი ქალაქის შუაგულში, იგივე გზით მცირე დამრტყმელი ჯგუფის შეგზავნა უფრო ლოგიკური იქნებოდა ვიდრე კედლის იქით ზომბის შემპყრობა და სერსეისთან დაზავება.

მისიისთვის შეკრული თვითმკვლელთა რაზმი ძალიან შთამბეჭდავად გამოიყურება. ტორმუნდს ჯორა ძულს, ჯენდრის ბერიკი და ტოროსი, ჰაუნდს კი ყველა ეზიზღება. მოკლედ, იდეალური კომბინაციაა. ამ სეზონში ორი პერსონაჟის არსებობა მიკვირდა, სასწაულებრივად გადარჩენილი ჯორასი და რობერტის ბასტარდის. მათ არანაირი დანიშნულება და ფუნქცია არ გააჩნიათ. რისთვის უთმობდნენ მათ საეკრანო დროს ჩემთვის ამოუხსნელად რჩებოდა, სანამ შემდეგი სერიის პრომო არ ვნახე. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ორივე პერსონაჟი შოურანერებმა იმისთვის მოიყვანეს აქამდე, რომ შემდეგ სერიაში სიცოცხლეს გამოასალმონ.

სხვა:

  • ბეილიშმა ბოლოს და ბოლოს გაიხსენა რომ საინტერესო პერსონაჟია და არიასა და სანსას შორის “ჩორტების” ჩაგდება დაიწყო
  • სანამ სემი სწავლისთვის თავის დანებებაზე ფიქრობდა, ჯილიმ R+L=John Snow განტოლება ამოხსნა
  • ნაკლებად დაკვირვებული მაყურებლისთვის კი ჯონის წარმომავლობაზე მასსა და დროგონს შორის შემდგარმა ინტიმურმა მომენტმა მიანიშნა
  • “სამეფო კარის თამაშებმა” პირველად პოპ კულტურის ისტორიაში ინცესტის სრული რომანტიზირება მოახდინა
  • თუ ჯეიმის და სერსეის მეოთხე ბავშვიც ფიზიკური ნაკლოვანებების გარეშე გაჩნდება, მაშინ ტირიონისთვის „ჩემი ბედი მოვტყან“ მაისური იქნება გასაგზავნი

 

x

Check Also

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული ...