Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: Avengers: Age of Ultron

რეცენზია: Avengers: Age of Ultron

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

პირველ ”ევენჯერებში” კულმინაციური და ბავშვური აღფრთოვანების გამომწვევი სცენა გვხვდება ბოლოსკენ, როდესაც გრანდიოზული ექშენი შუაგულ მანჰეტენზე ლოკალიზდება ერთ ადგილას და კამერა ჯადოსნური ეფექტურობით ბრუნავს წრეზე შეკრული მთავარი გმირების ირგვლივ, რომლებიც უცხოპლანეტელ დამპყრობლებს ეომებიან. ამ დროს პირველად განიცდი იმას, რომ ”დედამიწის ძლევამოსლ გმირებს” უყურებ, აღიქვამ მათ ერთობლიობას და ხვდები, რომ არ არსებობს ბრძოლა, რომელშიც ისინი დამარცხდებიან.

მეორე ”ევენჯერები თითქმის ანალოგიური სცენით იწყება – ჯოს უიდონი თითქოს მაყურებელს მიანიშნებს, რომ წინ ამაზე გაცილებით მაგარი სანახაობა ელის. ამიტომ ნუ წამოეგებით ამ მახეს, წინ მხოლოდ სიუჟეტისგან დაცლილი ფილმი გელით. ჯერ ვის გაუგია პირველივე 5 წუთში მასშტაბური ექშენით ფილმის დაწყება? მაყურებელს ჯერ პერლუდია ჭირდება, მოფერება, საუბარი, ეგზალტაცია, როგორც ჩანს ჯოს უიდონს არავინ აუხსნა, რომ პირდაპირ მშრალზე შეყოფა საოცრად უსიამოვნო პროცესია.

აი ასე, ყოველგვარი რომანტიკის გარეშე რეჟისორი თავზე გაყრის აურაცხელ ორთაბრძოლებს, რომელსაც ქრონომეტრაჟის იმხელა მონაკვეთი აქვს დათმობილი, რომ საბოლოოდ მოქმედებისგან იღლები და გინდება რამე სუფთა ადამიანური სიტუაცია განვითარდეს. ფილმს არ გააჩნია სიუჟტური განვითარება, ის შეიცავს მხოლოდ ორ კომპონენტს – ექშენი და ექშენ სცენასა და მორიგ უფრო ხანგრძლივ ექშენ სცენას შორის დროის შესავსები ეპიზოდი. და რითი ცდილობენ ცარიელი სივრცის შევსებას? ბრიუს ბენერის და ნატაშა რომანოვის პლატონური სიყვარულის ისტორიით, რომელიც იმაზე გაუმართავი და სასაცილოა ვიდრე ცნობილი ისტორია ბრჭყვიალა ვამპირსა და უემოციო სახის მქონე გოგონაზე.

ფაშისტური ორგანიზაცია ჰიდრა, რომელიც აქამდე ძლიერი ანტაგონისტური მედიუმი იყო, აქ გამოყვანილია ლუბრიკანტის როლში. მას მხოლოდ იმიტომ გვიჩვენებენ, რომ შემდგომი ანტაგონისტი უფრო რბილად შემოვიდეს. პარალელურად გვიმტკიცებენ, რომ ”კაგებეს” სისხლისმსმელი ხელმძღვანელობა თინეიჯერი გოგონების სტერილიზაციით არის დაკავებული, რომ მათგან უკეთესი აგენტები შექმნას, რომლებიც შემდეგ დეპრესიაში ჩავარდებიან, რადგან მწვანე გიგანტისგან ბავშვის გაჩენას ვერ შეძლებენ. არადა გვერდით ოთახში აზიელი მეცნიერი ადამიანის ორგანიზმს ქმნის და მასში ცნობიერს ტვირთავს, ერთი საშვილოსნოს აღდგენა არ იქნებოდა დიდი პრობლემა მისთვის.

რატომღაც წინა პლანზე გადმოდის და მთავარ გმირად იქცევა აქამდე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ”ჰოუკაი”. თუმცა ეს ტრანსოფრმაციაც მხოლოდ შემდეგი ფორმულირებით შეიძლება დახასიათდეს: ”აი ის მასტი მშვილდისრით” გახდა ”აი ის მასტი მშვილდისრით და დიდი ყვერებით”. მას დააკისრეს შემქმნელებმა ოჯახური ფასეულობების მნიშვნელობაზე აქცენტის დასმა და გმირული სულისკვეთების შემოტანა.

ძალიან სასაცილო პოლიტიკური ალუზიები გვხვდება გამოგონილი ქვეყნის სახით, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელს წააგავს და სადაც საბჭოთა ესთეტიკა იგრძნობა. იქ ჯერ კიდევ არ ჩაუღწევია გლობალიზაციის სიამეებს, თუმცა ქუჩებში აუდის და მერსედესის მარკის მანქანები ამაყად მოძრაობენ (მადლობა ”ფროდაქთ ფლეისმენთის” დეპარტამენტს), ხოლო მათი კულტურის გადამრჩენად რასაკვირველია ამერიკელი მებრძოლები გვევლინებიან.

ახალი მუტანტები ძალიან ზედაპირული/ბანალური მოტივებით მოქმედებენ. თავიდან აცხადებენ, რომ ომის შვილები არიან, მთელი ცხოვრება ევენჯერებთან ბრძოლაში უნდათ გაატარონ და თავიანთი მუტანტური სისხლის ბოლო წვეთამდე მათთან დაპირისპირებაში დახარჯონ. თუმცა არა. უცებ ისინი გადაიფიქრებენ და გადაწყვეტენ, რომ ევენჯერობა ასწორებს.

თორი (რომელიც ისე გამოიყურება ეკრანიდან რომ გადმოვიდეს, შენ სიყვარულის ობიექტთან მივიდეს, ხელი გაუწოდოს და ასგარდში წაყოლა თხოვოს, ადგები და დიდსულოვნად შეთავაზებ ბარგს მე წამოგიღებთო) ფილმის უმეტესი ნაწილი სადღაც მიდის, ჰალუცინაციები აქვს, რაღაც მღვიმეში ბანაობს და ამასთან საერთოდ არც წუხდებიან შემქმნელები, რომ აგვიხსნან რა ჯანდაბა ხდება. როგორც ჩანს ”თორის” მესამე ნაწილამდე ეს ამბავი გაურკვეველი დარჩება.

და აი მივედით ალბათ მთავარ პრობლემაზე, რამაც მარველის სამყაროში წესით ყველაზე ამაღელვებელი ივენთი ყველაზე მოსაწყენი გახადა. ”ულტრონის ერა” კონტექსტიდან ამოგლეჯილ ნაწარმოებს ჰგავს და არა დასრულებულ, დამოუკიდებელ ფილმს. თუ ”ევენჯერების” პირველ სერიაში არ არსებობდა აუცილებლობა ყველა მანამდე გამოსული მარველის ფილმის ნახვის, რადგან უიდონმა იზრუნა, რომ ყოველი ახალი დეტალი მარტივად აღსაქმელი, პერსონაჟების მოტივები კი გასაგები ყოფილიყო, აქ ყველაფერი მაყურებელზეა მიშვებული: თუ მარველის სამყაროში გათვიცნობიერებული პირი არ ხარ, ვერც გაიგებ რა ჯანდაბა ხდება, ვინ ვის და რისთვის ებრძვის ან ეს სტეროიდებზე მყოფი ტერმინატორი ვინ ოხერია.

ულტრონი, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომ საოცრად ქარიზმატული და ინტელექტუალური, ღირსეული მტერი უნდა ყოფილიყო ჩვენი გმირებისთვის, აღმოჩნდა რამზან კადიროვის გაქანების ნატურა. მისი შინაგანი კონფლიქტი იწყება და სრულდება ”ვაზროვნებ მაშასადამე ვარსეეეეეეეუუუნდა მოვკლა ყველა ადამიანი. მინდა ადამიანების განადგურება. მინდამინდამინდამინდა”. ულტრონი იმდენად გონებაჩლუნგი არსებაა, რომ ტურინგის ტესტსაც კი ვერ გაივლიდა.

წარმოიდგინეთ, იქმნება ხელოვნური ინტელექტი რომელსაც არანაირი ბარიერი არ გააჩნია. ასეთ მოცემულობაში გამარჯვება გარდაუვალია, მაგრამ ულტრონი გადაწყვეტს დიდი რაოდენობით ჯართის შეგროვებას და ჩინური რობოტების წარმოებას, რომლებიც წკიპურტის დარტყმაზე გამოდიან მწყობრიდან. არანაირი ტაქტიკა, არანაირი სათადარიგო გეგმა. ზუსტად იგივე განმეორდა რაც პირველ სერიაში: ჩიტაურების არმიის მსგავსად, ულტრონის რაზმიც იყო მრავალრიცხოვანი, მაგრად დებილი. და სამწუხაროდ ეს ერთადერთი ნეგატიური მსგავსება არაა პირველ ფილმთან, გამაწყვეტი ბრძოლა ძალიან წააგავს მანჰეტენის საფინალო ორთაბრძოლას, იმ განსხვავებით, რომ აქ ყველაფერი ზედმეტად სენტიმენტალურია და ბრაიან სინგერის ”სუპერმენიდან” ნასესხები სცენაც ერთვის.

სენტიმენტების მხრივ ”ევენჯერებმა” მარველის რეკორდი დაამყარა. აქ იმდენი ზედაპირული და უაზრო პათოსით დაენილი სენტიმენტებია, რომ თეინეიჯერულ რომანტიკულ დრამაში გეგონება თავი. ეგ კი არა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი არა გარემოების ან იდეის, ან ბანალური შეცდომის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ კვდება, რომ ეკრანზე ევენჯერების სევდიანი სახეები გვიჩვენონ.

წესით ტექნოლოგიური სინგულარობა ოცდამეერთე საუკუნის შუაში უნდა დადგეს. ამ ივენთის დროს ტექნოლოგიური პროგრესი იმდენად დაჩქარდება, რომ ადამიანის გონებრივ აღქმის ჩარჩოებს გაცდება. ამის შემდეგ კაცობრიობას როგორც სხვადასხვა გასართობმა ინდუსტრიებმა იწინასწარმეტყველეს (დაწყებული სტრუგაცკებიდან დამთავრებული ტერმინატორით) კარგი არაფერი ელოდება. თუმცა მაინცდამაინც ასარჩევად თუ იქნა საქმე, ჯობს ულტრონი გველოდეს წინ, რომელიც იმდენად უფანტაზიო ინტელექტია, რომ სკაინეტს მასთან ნათესაური კავშირი სირცხვილს მოგვრიდა.

თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფილმში არის რამდენიმე ეპიზოდი, როდესაც ბედნიერი კივილი აღმოხდება თქვენს შინაგან ბავშვს (ან თუ მარველის ფანბოი ხარ გარეგან ბავშვს) და კიდევ უფრო მეტი სასაცილო ეპიზოდი, თუმცა ეს უკანასკნელი მხოლოდ რეპლიკა/დიალოგების ფრონტზე შეინიშნება. მაგალითად როდესაც პროტოკოლი ”ვერონიკა” ამოქმედდება, შეუძლებელია თავი შეიკავო მოწოლილი მღელვარებისგან, რადგან ჰალკის და რკინის კაცის ორთაბრძოლა სიტყვა ”ეპიკურის” განმარტებით ლექსიკონში უნდა დაილინკოს.

პრინციპში სულ ესაა, ლამაზად დადგმული ქორეოგრაფიით გაფორმებული ზედმეტად ბევრი ექშენი, რომელიც კარუსელზე დიდი ხნის ჯდომის ტოლფასია. თავიდან გახარებს, მაგრამ ერთი საათის მერე თავბრუ გეხვევა და გინდა დროზე შეწყვიტოს ბრუნვა. აქ უხვად შეგხვდებათ სასაცილო დიალოგები, რითაც პირველ რიგში გამოირჩევა უიდონი და ასეთ დროს გაგახსენდებათ კიდევაც თუ რატომ გიყვართ (თუ საერთოდ გიყვართ) ის.

ერთ-ერთი ყველაზე მხიარული სცენა სტენ ლის კამეოა, როდესაც თორი და კაპიტან ამერიკა ასგარდული სასმლით დაათრობენ და შემდეგ უგონოდ მყოფს გაიყვანენ ეკრანიდან. აქედან პრინციპში კონკრეტული დასკვნების გაკეთება შეიძლება. პერსონაჟები საკუთარ ავტორს თიშვენ, ტონი სტარკს საკუთარი ქმნილება უპირებს მოკვლას. ჯოს უიდონი კი ისევ და ისევ საკუთარმა პირმშომ – პრიველმა ”ევენჯერებმა” დაღუპა, რადგან თუ პირველ სერიაში იდეალურად მოახდინა რეჟისორმა გმირებზე ფუნქციების გადანაწილება, ექშენის და სიუჟეტის დაბალანსება ისე, რომ ერთი მეორეს დახმარებოდა განვითარებაში და ეპიკური სანახაობის საკმარისად მაღალი დოზა გვიჩვენა, აქ ის ვეღარ გაუმკლავდა სუპერგმირების სიმრავლეს, უფრო მასშტაბური და მეტი ექშენი გასართობიდან დამღლელ მედიუმში გადავიდა, სიუჟეტი ამ ყველაფრის ფონზე გაქრა და ხელში უსიცოცხლო გამოსახულება შეგვრჩა, რომელიც ლამაზად ბრჭყვინავს, მაგრამ შიგნით გატეხილი მექანიზმი უფუნქიოს ხდის მას.

ანუ მოიცა, რა გამოვიდა, ”ულტრონის ერა” ავტორის სიკვდილზე? რა თქმა უნდა არა, ის უფრო დისნეის სიხარბეზეა, რომელსაც ჭირდება უფრო დიდი, უფრო მეტი და უფრო ხმაურიანი, რაც მოიტანს ბევრ ფულს, და მაყურებლის იმედგაცრუებას.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...