Breaking
Home » მთავარი » სერიალები » რეცენზია: შერლოკი (IV სეზონი)

რეცენზია: შერლოკი (IV სეზონი)

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი

The Abominable Bride, შერლოკის თითქოსდა განსხვავებული და სიუჟეტიდან ამოვარდნილი სერია, შოუს გეზს უცვლის და ახალ კურსს მეოთხე სეზონი შესანიშნავად მიყვება. წლების წინ დაპირებული მორიარტი, რომელიც სერიალის კულმინაციის (?) მთავარი სანახაობა უნდა ყოფილიყო, ოფიციალურად გარდაცვლილად გამოცხადდა და სერია ფემინისტური თემების გარკვევას დაეთმო. მსგავსი ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში იმედგაცრუებას გამოიწვევდა, საქმე რომ შერლოკთან არ გვქონდეს. გატისმა და მოფატმა სერიალის მთავარი კოზირის გამოყენებაზე უარი თქვეს, რაც ავტომატურად იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ამ ორს უკეთესი კარტის კომბინაცია, ანდაც სრულიად ახალი დასტა ქონდათ.

საახალწლო ეპიზოდში დაწყებული შესამჩნევი ტენდენცია, რომელიც ქალი პერსონაჟების წინ წამოწევას ემსახურებოდა სამივე სერიის ლაიტმოტივია. დაწყებული მისის ჰადსონიდან, რომელიც დიასახლისიდან მრბოლელად გადაიქცა და ყველაზე დიდი მოულოდნელობით – შერლოკის დით დამთავრებული, ყველაფერი იმას გვიყვებოდა, რომ ორი ექსცენტრიული მამაკაცის და მათი თავგადასავლების უკან მთელი სამყაროა, სრულიად უცხო, რომლის არსებობა თავად ამ ორისთვისაც კი უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ამ სამყაროს ერთ-ერთი წევრი მათ ქვედა სართულზე ცხოვრობს. ამ სამყაროში ქალები თავიანთ თავგადასავლებს თამაშობენ და თავიანთი უნიკალური პრობლემები აქვთ, რომლებიც მერის დამსახურებით შერლოკის და ჯონის ცხოვრებაში იხლართება.

შედარებით სუსტი პირველი სერია, რომელიც ბურუსით მოცული მერის წარსულის გარკვევას ემსახურებოდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბოლო ხუთ წუთში გახდა. გარდა იმისა, რომ მერი ყველაზე კლიშე მეთოდით გამოესალმა სიცოცხლეს, გავიგეთ რომ ყველაფრის უკან მოხუცი გადამწერი ქალი იდგა, ხოლო მერის დატოვებული ვიდეო ჩანაწერი უკანასკნელი ძალა აღმოჩნდა, რამაც ჯონს და განსაკუთრებით შერლოკს, სიცოცხლის სურვილი შეუნარჩუნა.

ჯონის და შერლოკის ურთიერთობა, რომელიც ასე კარგად ვითარდებოდა სამი სეზონის მანძილზე, თითქოს წყალში იყრება, როდესაც ჯონი მერის სიკვდილს შერლოკს აბრალებს, შერლოკი კი ნარკოტიკებს უბრუნდება, მაგრამ ისევ მერის დატოვებული ბოლო მითითება ხდება ის პოზიტიური ძალა, რომელიც მორიარტის დატოვებულ ჩანაწერებთან ბრძოლის მოტივაციას აძლევს გმირებს. კონტრასტი მერის თეთრ ვიდეოს და მორიარტის წითელს შორის მარტივი შესამჩნევია. ერთი შეხედვით ბანალური დაპირისპირება კეთილს და ბოროტს შორის ამჯერად არა გარე სამყაროში, არამედ კოგნიტურ სივრცეში მიმდინარეობს. შერლოკიც და ჯონიც ეგზისტენციალური კრიზისის პირას არიან, ერთს ცოლი მოუკვდა, მეორეს კი ჯანმრთელობის პრობლემები კარგს არაფერს უქადის. მათი ერთადერთი ხსნა მათი პერსონალური ესკაპიზმის საშუალება – გამოძიებაა.

პირველი საქმე კულვერტონ სმიტის გახლავთ, რომელიც არავისთვისაა ძნელი მისახვედრი, რომ დონალდ ტრამპის მიხედვითაა შექმნილი. სერიალის შემქმნელები არცერთ ინტერვიუში არ მალავენ ანტიპატიას ნახსენები ბიზნესმენი/პოლიტიკოსის მიმართ და მის არჩევნებში გამარჯვებას კაცობრიობის უდიდესი შეცდომაც უწოდეს, მაგრამ ამჯერად ტრამპის შარჟით არამარტო ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი იმ სისტემის კრიტიკას ახდენენ, რომელმაც საშუალება მისცა მსგავს ადამიანებს დანაშაულებრივი საქმიანობები დაუფარავად, ტელეეკრანზევე ჩაედინათ. მე-19 საუკუნის სერიული მკვლელი, გვარად ჰოლმსი, და კულვერტონი კაპიტალისტები არიან, რომლებიც თავისივე კონსტრუირებულ მინი-სამყაროში ცხოვრობენ და ხალხსაც მის შიგნით მოქცევას აიძულებენ, ბადეში გაბმის შემდეგ კი ისინი გზებით, რომლების შესახებაც მხოლოდ მათ იციან, სიცოცხლეს ასალმებენ, რათა თავიანთი კონსუმერული მოთხოვნილებები, რომლებიც ვერანაირ საზღვრებში ვეღარ ეტევა, დაიკმაყოფილონ. როგორც თავად ტობი ჯონსის პერსონაჟი ამბობს, მისი ინტერესი ადამიანების ნივთებად გარდაქმნა და შემდეგ მათი პირად საკუთრებაში მოქცევაა, ამიტომაც მისი საყვარელი ოთახი მორგია – სადაც არავინ ამჟღავნებს არაფერს ინდივიდუალურს ან ჰუმანურს, სადაც ყველას მისაკუთრება შეიძლება, მათთვის მხოლოდ იარლიყების ჩამოკიდებით.

სანამ შერლოკი და უოთსონი სერიულ მკვლელთან დაპირისპირებაში და ერთმანეთზე ზრუნვაში ხელახლა მეგობრდებიან, პარალელურად უფრო დიდი საფრთხე ახლოვდება. ეურუს ჰოლმსი ოსტატურად ახერხებს ორივე პერსონაჟით ერთდროულად მანიპულირებას, თუმცა მისი მიზანი არაა ვინმეს განადგურება. ამ მცირე დადგმებმა ყველაფერი იდეალურად უნდა გაამზადოს ფინალური აქტისთვის, რომელიც მორიარტიმ დაგეგმა. მას შემდეგ რაც ის ოფიციალურად გააგზავნის მოსაწვევს უოთსონისთვის ტრანკვილიზატორის სროლით, ის თავის მოჩვენებით გალიას უბრუნდება (Glass Ceiling) და ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი თამაშის სათამაშოდ ემზადება.

ფინალური სერია რომ ჰორორის ახალი ჟანრის დაბადება იქნება ამაზე პირველივე წუთები მიგვანიშნებს, როდესაც შერლოკი ჰორორის თითქმის ყველა კლიშეს ერთდროულად იყენებს და თავადვე ამსხვრევს, როდესაც საჭირო ინფორმაციას მიიღებს, მაგრამ ეს ალბათ ერთადერთი კომიკური მომენტია, რომელსაც ამ სერიაში გადაეყრებით. ეურუსი ციხეს, რომელიც მის გამომწყვდევას უნდა ემსახურებოდეს, სათამაშო არენად აქცევს (თუმცა რთული გასაგებია როგორ ახერხებს ამას, ადამიანების ნების დამორჩილების უნარის ასახსნელად ჰოლმსების გენეტიკა არგუმენტად ვერ გამოგვადგება). თუ ოდესმე გიფიქრიათ როგორი იქნებოდა გენიალური თამაში პორტალი იმ შემთხვევაში, გლადოსი გამომცდელი ტესტების ნაცვლად ფსიქოლოგიური თრილერის სტილის მორალურ თამაშებს რომ გეთამაშებოდეს, რომლის ფონზეც პოპულარული „ტრამვაის დილემა“ ბავშვური გასართობა, ეს სერია კითხვაზე ზუსტ პასუხს გაგცემთ.

ზემოთ ნახსენები მორიარტის სისხლისფერი ჩანაწერები ეურუსის ცივ და ნაცრისფერ სამყაროს საოცარ დრამატულ ეფექტს მატებს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ისეთივე უსიამოვნოს ხდის, როგორც ჯოკერის „ხუმრობები“ The Dark Knight ან Arkham თამაშების სერიაში. ეურუსის დავალებები ერთის მხრივ მის სათქმელს ამბობს, მეორეს მხრივ კი შერლოკში არსებული, მინიმალური მორალური კანონის მოშლას ემსახურება. ის აიძულებს შერლოკს გაანადგუროს ადამიანები ემოციურად და ფიზიკურად, შემდეგ კი ცდილობს ზღვარი წაშალოს ადამიანის ამ ორ მდგომარეობას შორის, თუმცა ყველაზე მთავარი, რაც ამ თამაშებში იკითხება, დახმარების თხოვნაა.

შერლოკს რამდენიმე საათიანი შუალედით ჯერ ბავშვობაში მიღებული ტრავმის გახსენება უწევს, რომელიც სრულიად შეგნებულად დაივიწყა, შემდეგ კი მისი დეკონსტრუირება, ახლიდან დანახვა და მასში მიზეზების ძიება. ეურუსის ფსიქიკური აშლილობის, ან გნებავთ გაბოროტების მოტივები შოუს ბოლო წუთებამდე გაურკვეველია, თუმცა ის გარემო, რომელშიც მას უწევს ცხოვრება, იძლევა ამის შესახებ მინიშნებებს. ეურუსი, რომელიც გონებრივი შესაძლებლობებით ორივე ძმას აღემატება, სრულ იზოლაციაშია მოქცეული, მის შავ-თეთრ სამყოფეფლში ფანჯრების არ არსებობა ამ ორის გარდა ნებისმიერი ფერის შეღწევის შანსს გამორიცხავს. მაიკროფტის მოთხოვნით საკანში შუშის კედელი უნდა იყოს, რათა მიკროფონების გარეშე შიგნით ხმამაც არ შეაღწიოს. ერთადერთი განსხვავებული, ლამაზი ფერის და ჟღერადობის მისი ვიოლიონოა, რომელიც თავად „გამოიმუშავა“ ბრიტანეტის მთავრობასთან თანამშრომლობით. ის ოჯახის წევრებმაც გარიყეს, ამიტომ გონებრივი შესაძლებლობებით საპირწონე ურთიერთობის საწარმოებლად ერთადერთი გზა მორიარტის გამოძახება დარჩა. ეურუსის მარტოობა არ იწყება მისი ციხეში ჩასმით, მისი იზოლაცია ბავშვობიდანვე მოდის. იმავე სცენაში, რომელშიც შერლოკი მის მეგობართან ერთად დარბის, მაიკროფტი კი მათი ბულინგითაა დაკავებული, ვხედავთ პატარა გოგონას, რომელიც განუწყვეტლივ ითხოვს მასაც ეთამაშონ სათამაშო მანქანით.

ვირჯინია ვულფი წიგნში „საკუთარი ოთახი“ განიხილავს შესაძლებლობას – რა მოხდებოდა, თუ შექსპირს და ეყოლებოდა, რომელსაც თანაბარი გონებრივი შესაძლებლობები ექნებოდა. მისი აზრით, ქალს ბავშვობიდანვე გარიყავდნენ სეგრეგაციული აღზრდის გზით და ე.წ. „ქალური საქმიანობებით“ დააკავებდნენ, ამიტომ ზრდასრულობაში გენიის გამოვლენის საშუალება არ მიეცემოდა, უფრო სწორედ თავადაც აღარ ექნებოდა ამის საშუალება. მესამე სერიაში გატისი და მოფატი ამ იდეის ახალ ვარიანტს გვთავაზობენ – რა მოხდებოდა, თუ შერლოკს და ეყოლებოდა. მათ ვერსიაში ქალის „განორმალურების“ ნაცვლად მისი უფრო მეტად დასუსტება ხდება. ერთის მხრივ ეურუსი კარგავს შესაძლებლობას ზღვარი გაავლოს კარგს და ცუდს შორის, რაც მორალურად გაუმართლებელი საქციელებისკენ უბიძგებს მიზნების მისაღწევად. მეორეს მხრივ კი ის ჭკვიანი ადამიანისთვის მარტივი გამოსაყენებელი ხდება – ამ შემთხვევაში მორიარტისთვის. ყველაფერმა ერთად ეურუსს სიცოცხლის ბოლომდე გარანტირებული დაღი დაასვა. უპატიებელი დანაშაულით მან გააუარესა ის მდგომარეობა, რომლის გამოსწორებასაც ცდილობდა.

როგორც ბოლოს ვიგებთ, ეურუსი არ არის ბოროტი, ის უბრალოდ მარტოსულია, რომელიც ვეღარ ახერხებს გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარებას და გარდაუვალი ავარიისკენ მიექანება. შერლოკის უკანასკნელი ქმედება სერიალში, რომ დაუკრას თავის დასთან ერთად „შერლოკის კომპოზიცია“ (რომელიც შერლოკის და ეურუსის გახდა) კარგად აჩვენებს თუ როგორ დალაგდა The Abominable Bride-ში თავდაყირა დაყენებული შერლოკის წარმოდგენები ქალების შესახებ. შერლოკი, როგორც ადამიანი სამუდამოდ შეიცვალა, მასში უფრო მეტმა ემპათიამ გაიღვიძა და ლესტრეიჯსაც კი სახელით მიმართვა დაუწყო. ეპიზოდის დასასრულს, გაღიმებული მოლი ჰუპერის შერლოკის ბინაში გამოჩენა საუკეთესო მეთოდი იყო იმის მისანიშნებლად, რომ ყველაფერი ისევ კარგადაა.

 

x

Check Also

რეცენზია: The Defenders

ავტორი: ნიკა ქუცნიაშვილი მარველის “დამცველები” ერთი შეხედვით უდიდესი პროექტი ჩანს, წლების მანძილზე ოთხი კარგად განვითარებული ...