Breaking
Home » მთავარი » კინო » “სიჩუმე”: იაპონიის შეუღწევადობის იდეა

“სიჩუმე”: იაპონიის შეუღწევადობის იდეა

ავტორი: გური სულთანიშვილი

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმი „სიჩუმე“ მოგვითხრობს ქრისტიან მისიონერებზე და იმაზე თუ რატომ ვერ დაფუძნდა იაპონიაში ქრისტიანობა. მოკლედ, ერთი მხრივ მეოცნებე ხალხზე, მეორე მხრივ კი, კომუნიკაციის პრობლემაზე. სწორედ ამ უკანასკნელ თემაზე ვეცდები გავშალო საუბარი, რადგან ჩემთვის  ყველაზე საინტერესო და მიმზიდველი ნარატივში სწორედ ეს ხაზი აღმოჩნდა.

პირველი, რაც მოგზაურ, ქრისტიანობის გამავრცელებლებზე მახსენდება, არის ერთი მისიონერის სტუმრობა უცხო ტომში, სადაც არ არსებობდა ისტორია, მათი ენობრივი სტრუქტურა მხოლოდ იმ ამბის მოყოლის საშუალებას იძლეოდა, რაც მათ ნახეს, ან ვინმემ ნახა, ვინც ცოცხალია და მან მოუყვა. როდესაც მისიონერმა იესოზე ქადაგება დაიწყო, დამხვდურები ინტერესით უსმენდნენ და ბოლოს ჩაეკითხნენ, ყავდათ თუ არა ქრისტე მას ან მის წინაპარებს ნანახი. როდესაც მისიონერმა უარყოფითი პასუხი გასცა, ისინი დაიბნენ და ვერ მიხვდნენ, რა საჭირო იყო ეს ცოდნა.

მისიონერების ისტორიაც ამას ყვება, კომუნიკაციის პრობლემას, ცნებების საერთო აღქმაში ვერ თარგმნას, თავგადასავლების სიყვარულს და მეოცნებეობას. მე ამ ყველაფერს არა როგორც მხოლოდ რელიგიურ მისიებს, არამედ როგორც პოეზიას, ისე ვუყურებ. ჩემთვის ყველაზე დიდი პოეტები და ბედისწერის რაინდები იყვნენ მეკობრეები, მისიონერები, მარკო პოლო, იური გაგარინი და ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრება მოძრაობაში იყო და თუ წინ არ მიდიოდნენ, კვდებოდნენ. მისიონერების ისტორია სხვადასხვაგვარია იმიტომ, რომ კულტურებია განსხვავებული, ხოლო იაპონია კიდევ უფრო განსხვავებულია. ასეა მისიონერების ისტორიაც იაპონიაში – განსაკუთრებით გამორჩეული.

სკორსეზეს ფილმი „სიჩუმე“ დაფუძნებულია სიუსაკუ ენდოს ამავე სახელწოდების მქონე ისტორიულ ნოველაზე, სადაც მოყოლილია პორტუგალიელი მღვდლების მიერ იაპონიის გაქრისტიანების წარუმატებელი მცდელობა. ვატიკანი აგზავნის ორ იეზუიტ მღვდელს იაპონიაში თავიანთი სულიერი მამის მოსაძებნად, რომელზეც ხმა გავრცელდა, რომ უარყო ქრისტიანობა და იქაური ცხოვრების წესი მიიღო.

მე ამ ფილმს ორი ისტორიის, ორი ძალის და ორი სიმართლის დაპირისპირებად აღვიქვამ, იმად, რასაც ჰეგელი კოლიზიის ცნებას უწოდებდა. ჰეგელი ამბობდა, რომ იდეალის მშვენიერება მის აუმღვრეველ ერთიანობასა და სიმშვიდეშია, კოლიზია კი არღვევს ამ ერთიანობას, ჰარმონიას. მას ერთიანი იდეალი მოჰყავს დისონანსისა და დაპირისპირების მდგომარეობაში და ამ ჰარმონიის დარღვევა მისი თქმით, ორი სიმართლის შეჯახებას იწვევს. ხელოვნების ცნების თანახმად, ჭეშმარიტ მშვენიერში კონფლიქტებად გაშლილი დაპირისპირების თითოეული მხარე თავის სიმართლეს და იდეალის მიზნებს მაინც უნდა ატარებდეს. აუცილებელია იდეალური ხასიათის ინტერესებმა იბრძოლონ ერთმანეთში. ასე რომ, ძალა გამოდის ძალის წინააღმდეგ…

ერთი სიმართლე იმაშია, რომ იაპონია ქრისტიანობას უპირისპირებს და ახვედრებს საკუთარ ცოდნას, გამოცდილებას და სოციალურ პრაქტიკას. ევროპელი მისიონერი როდესაც უყვებოდა იაპონელს იესოს ფიგურაზე, იმაზე, რომ ის ჩვენ გამო ეცვა ჯვარს და მისი კულმინაცია არის ჩვენ გამო სიკვდილი, იაპონელებს უკვირდათ, ასე ხომ თითოეული იაპონელი იქცევა ყოველდღიურადო. მათთვის სიკვდილი არ არის ისეთი ფატალური შეხვედრის ადგილი როგორიც ესაა ჩვენთვის, ისინი მეგობრობენ მასთან, მეტიც, იქაური ფეოდალური წესრიგი და სამურაის კოდექსი ქმნიდა აბსოლუტური ეთიკის მქონე იაპონელს, სადაც სიცოცხლის შენარჩუნება სირცხვილადაც კი ითვლებოდა. სამურაი იზრდებოდა იმ ლეგენდაზე, სადაც მას ხვდება რვა ყაჩაღი, აქედან შვიდს მოკლავს და მერვეს ეუბნება მომკალი, თორემ იფიქრებენ, როგორ ყვარებია სიცოცხლე, რომ რვავეს მოერიაო. ამიტომაც ეუბნება უკვე ქრისტიანობისგან განმდგარი ფერეირა როდრიგესს, იაპონელთა რელიგია მზე არის, რომელიც ყოველდღე ამოდისო, მათი თავგანწირვა ყოველდღიურია და არა გამონაკლისიო.

იაპონიამ დაამტკიცა, რომ კაპიტალიზმს შეუძლია ჰუმანური სახე მიიღოს და იყოს დამყნობილი კოლექტიურ ცხოვრების სტრუქტურაზე. იაპონიამ დაანგრია ვებერის გაბატონებული თეორია, სადაც კაპიტალიზმს აუცილებლად სჭირდებოდა პროტესტანტული ეთიკა, რათა ჯერ თანასწორობა აღექვათ სწორად და შემდეგ გადასულიყვნენ კანონის წინაშე თანასწორობაზე. იქ სხვა ცნებებია, სხვანაირად ხედავენ სამყაროს და ჩვენი პერსპექტივიდან შეფასება არასწორია.

გადამერი ჰერმენევტიკული წრის მთავარ საკითხად სვამდა გაგების საკითხს, ანუ ერთგვარ წინასწარ ცოდნას, იმას, რომ ისტორიის ან უცხოს შეფასება არა ჩვენი პერსპექტივიდან, არამედ იმ ისტორიის ნაწილად ქცევის შემდეგ უნდა მოვახდინოთ. მისიონერების დამოკიდებულება დაახლოებით იგივეა, რაც თანამედროვე დასავლეთის მიმართება აღმოსავლეთისადმი – რომანტიკული. ამიტომაც იძახდა კოჟევი და სხვა დასავლელი ინტელექტუალებიც იმას, რომ მე არა ცოდნა, არამედ მითები მაქვს იაპონიზეო. დასავლური რელიგიური ტექსტები მარადიულობაზეა, აღმოსავლური მუდმივ ცვლილებებზე, დასავლეთში ინდივიდები არიან, იქ სისტემები, დასავლეთს უყვარს სიცოცხლე და დისტანცირებულია სიკვდილთან, იქ მეგობრობენ სიკვდილთან. ფილმში ერთი სცენაა, სადაც იაპონელი ინკვიზიტორი ესაუბრება ევროპელ მღვდელს და იქმნება საოცარი სუბორდინაცია, რომელიც გამოხატულია მიმიკებსა და ხასიათში. იაპონელი მშვიდი, სარკასტულად განწყობილი, თავდაჯერებულია, მღვდელი როდრიგესი კი აღელვებული, მაგრამამ პარტავნულად მედიდური. ინკვიზიტორი ეუბნება რომ შევისწავლეთ ჩვენ ქრისტიანობა და არ გვარგებსო, უარყავი და მოვრჩეთ ყველაფერსო. როდესაც მისიონერი უარს ეტყვის, ინკვიზიტორი ეუბნება შენი დიდების საფასური ხალხის ტანჯვაა და ამპარტავნულია შენი რელიგიაც, რომელიც თვლის რომ ყველგან ის უნდა იყოს ერთადერთი და უპირობოო.

მეორე სიმართლე მისიონერებშია, რომლებსაც ჯერათ რასაც აკეთებენ, ჯერათ, რომ ჭეშმარიტებას ისინი ფლობენ და სურთ ყველა აზიარონ მას. ერთ-ერთი მღვდელი, როდრიგესი, რომელიც დიდი რეპრესიების შემდეგ უარს იტყვის ქრისტიანობაზე, დაოჯახდება იქ, ჰყავს ცოლი და შვილები, გახდება იაპონელი მესაზღვრე, სადაც მისი დანიშნულებაა ამოიცნოს შემოპარული ქრისტიანები, სიკვდილის შემდეგ ბოლო კადრში გვევლინება ჯვრით ხელში. იგი მთელი დარჩენილი სიცოცხლე იყო ქრისტიანი, მაგრამ მხოლოდ საკუთარ გულში და არა გავრცელების, თავს მოხვევის სურვილით. სკორსეზეს ბავშვობიდანვე უნდოდა ყოფილიყო მღვდელი, რამდენადაც მას განგსტერულ რეჟისორად ვიცნობთ, იმდენად ის ყველგან იყენებს რელიგიურ სიმბოლურ ინტერაქციებს. ამ კადრითაც და სათმქელითაც სკორსეზე გლობალურ სეკულარულ კულტურას ეხმიანება, სადაც რელიგიური ატრიბუტები უკანა პლანზე იწევს, გადის საჯარო სივრციდან და ხდება ინტიმური, შინაგანი რწმენის ნაწილი, ჭეშმარიტი ქრისტიანი საკუთარ გულშია ქრისტიანი, ყოველგვარი ატრიბუტებისა და სიმბოლოების გარეშე.

ფილმის პერფორმატიულ ნაწილსაც რომ შევეხოთ, აუცილებელია აღინიშნოს მთავარი გმირის როლში მყოფი ენდრიუ გარფილდის საკმაოდ ხელოვნური და არადამაჯერებელი სამსახიობო შესრულება. საბოლოო ჯამში ფილმი ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო თემაზეა მოგვითხრობს, თუმცა თავისი უზადო ტექნიკური შესრულებითაც კი, სკორსეზეს საუკეთესო ნამუშევრებთან საკმაო მანძილითაა დისტანცირებული.

x

Check Also

სიცოცხლის ახალი ფორმები და სიკვდილზე რეფლექსია ”სოუ ფესტივალზე”

სტივენ სპილბერგის ”მესამე ხარისხის ახლო კონტაქტებში” მეცნიერების ჯგუფი, რომელსაც ფრანსუა ტრიუფო ხელმძღვანელობს, ცდილობს უცხო ცივილიზაციასთან ...