Breaking
Home » მთავარი » მუსიკალურ-პოლიტიკური ოდისეა: The Radio Dept. თბილისში

მუსიკალურ-პოლიტიკური ოდისეა: The Radio Dept. თბილისში

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

1942 წელს, მაშინდელ იუგოსლავიაში კომუნისტი და ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონის მეთაური სტეპან ფილიპოვიჩი საჯაროდ დასაჯეს სიკვდილით, მაგრამ სანამ ჩამოახრჩობდნენ, მან მოახერხა შეკრებილი ხალხის წინ ტაბურეტზე შემდგარმა და კისერზე დეტონირებული ბაწრისგან სიკვდილთან მიახლოებულმა წითელი არმიის გარდაუვალი გამარჯვების შესახებ ესაუბრა და სანამ ამ „კომუნისტური პროპაგანდის“ გამო 15 წუთით ადრე გამოწევდნენ მისი ფეხებიდან საყრდენ ტაბურეტს, სტეპანმა ხელები აღმართა და „სიკვდილი ფაშიზმს, თავისუხლება ხალხს“-ო დაიყვირა. 14 დეკემბერს ეს სიტყვები თბილისში შვედური ბენდის The Radio Dept.-ს ლაივზე, პირველივე ტრეკის დროს გაჟღერდა კომპოზიციაში Sloboda Narodu. ახალი ვენიუს, „სფეისჰოლის“ ბეტონის კედლებში გაჟღერებულმა მოწოდებამ რეპრესიებისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლისკენ, დიდი რეზონანსი იქონია შეკრებილი მსმენელის კოლექტიურ ცნობიერზე და მიცა საშუალება მოეხდინათ გააზრება მათი ოპრესორის ძალადობის ბუნების და დევნის ხასიათის და მიწისქვეშეთიდან ზევით ამოსულებს, პარტიზანული წინააღდეგობის სულისკვეთება გაუღვივა. არა, რა თქმა უნდა ასე არ ყოფილა, ტექსტის მხატვრული გაფორმებისთვისაც კი ზედმეტად ყალბი იქნებოდა ამ რიტორიკით და პათოსით ნაკვები პასაჟების წარმოება, ამიტომ ზედმეტი მაღალფარდოვანების გარეშე, მარტივად მიმოვიხილავ როგორი ლაივი ქონდა ბენდს.

გადავახტები „ვორმ აფზე“ მყოფი ქართული ბენდის 45 წუთიან აკუსტიკურ ლაივს, მაგრამ სანამ პირდაპირ მთავარ მოვლენაზე გადავალ, აუცილებელია აღინიშნოს, რომ დევიდ ბოუის ამდენად ცუდი ქავერი, როგორც მეგობარმა აღნიშნა, მხოლოდ თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილ დეკანს ქონდა აქამდე შესრულებული. მცირე დაგვიანებით, მაგრამ The Radio Dept. სამ კაციანი და ერთ ქალიანი შემადგენლობით ავიდა სცენაზე და როგორც უკვე ზევით აღვნიშნე, ახალი ალბომიდან Running out of love, ტრეკით „სლობოდა ნაროდუ“ გახსნა კონცერტი. ბენდის ფრონტმენის იოჰან დანკანსონის ვოკალი როგორც სტუდიურ ჩანაწერებში, დისტანცირებული ექოსავით გაისმოდა და მიუხედავად იმისა, რომ ვისაც სიმღერის ტექსტი არ ახსოვდა, ძნელად თუ გაარჩევდა ლირიკას, მისი ხმის ტემბრი საკმაოდ ატარებდა თბილი ემოციური ტალღების გავრცელების უნარს, რომელიც ლინგვისტურ ბარიერს ბოლომდე აქრობდა და გაგებიდან, შეგრძნების კატეგორიაში გადადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალურად დრიმ/ინდი პოპ სენტიმენტებში შექმნილი კომპოზიციები ენერგიულობის ეტალონად არ გამოდგება ხოლმე, ბენდმა მოახერხა თავის ყველაზე მინორული ტრეკებიც სიცოცხლისკენ და მოძრაობისკენ მიმართული გაეხადა.

jer-es

© სოფო ყიფიანი

ახალი კომპოზიციებით აღებული ტემპი მალევე უფრო ატმოსფერული და ფეთქებადი გახადა მათი საუკეთესო ალბომის Clinging to a Scheme-ს ტრეკებმა. ოღონდ ეს არ ყოფილა ისეთი ფეთქებადი, თითქოს სცენიდან მოლოტოვის კოქტეილი უსვრიათო, უფრო „დიმავუშკას“ კალიბრის ბომბარდირებაზეა საუბარი, როდესაც აუდიოსიხშირეზე გავრცელებულ ბგერებს გაბუნდოვნებული ვიზუალური მხარე ემატება. ბენდის ბრწყინვალე კომპოზიცია David ”დრამ მეშინის” წერტილოვანი დარტყმებით მოწვდა ყურთასმენას, ბასის დაჭიმული სიმების რითმული ჟღერადობა გაფიქრებინებდა, რომ ამ სიმებზე რეზინობანას თამაშობდნენ, სინთეზატორის კლავიშები მუშტის რბილ ქსოვილზე მოხვედრის მსგავსად გაისმოდა და ეს ყველაფერი ლოუფაი ფენებს შორის ჩაკარგული ვოკალის ფონზე იდეალურ საუნდტრეკს ქმნიდა იმ სიზმრებისთვის, რომელიც ღამით ჩაძინებულ აუდიტორიას დაატყდებოდა თავს.

ლაივის დაწყებიდან ქრონომეტრაჟის ცენტრალურ ნაწილში ბენდის ყველაზე ცნობილი და ჰიტად მოხსენიებასთან ყველაზე ახლოს მდგომი ტრეკი Heaven’s on Fire დაიწყო, ოღონდ სერსტონ მურის იმ სემპლის გარეშე, სადაც „სონიქ იუსის“ ფრონტმენი კულტურის დამანგრეველ კაპიტალისტურ მანქანაზე საუბრობს, რომელსაც მსხვილი კორპორაციები წარმოადგენენ. ამან ალბათ კიდევ უფრო გამოაცალა სიმღერას პოლიტიკური სარჩული და უფრო მეტად გადააქცია რომანტიკულ ფლირტად, რადგან ცელქური მელოდიის ფონზე ძალიან მშვიდი ვოკალი, რომელიც გამცნობს „როდესაც შენ გიყურებ, სამოთხეს ცეცხლი ედებაო“, რთულია წარმოიდგინო როგორც გაბრაზებული რემარკა საზოგადოებასა და სახელმწიფო წყობილებაზე, რომელთა სოლიდარობისა და ემპათიის მოშლილი აპარატი მათი ლიკვიდირების სურვილს უჩენს ფრონტმენს. The Radio Dept.-ს სიმღერები ყოველთვის რეფლექსირებდა მისი წევრების ირგვლივ არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე, სოციალურ პრობლემებზე და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოადგენდა პოპ ბრწყინვალებას. თუმცა ამის აღქმა თითქმის შეუძლებელია ლაივის დროს, რადგან გასართობად შეკრებილი მსმენელი, რომელიც კარგად არ იცნობს ბენდის შემოქმედებას, ბუნდოვანი ვოკალის ფონზე, როდესაც ვიზუალური თხრობა არ ერთვის ვერბალურს, ვერანაირ ონტოლოგიურ დასკვნას ვერ გამოიტანს.

სამაგიეროდ ვინც სახლში დაბრუნებული განაგრძობს შვედური ტრიოს ალბომების მოსმენას და არ დაიზარებს მისი ლირიკული მხარის კონტექსტის ჩაძიებას, იმასაც აღმოაჩენს, რომ გარდა საოცარი ჟღერადობისა, ბიჭები სოციალურ კომენტირებაშიც მნიშვნელოვან კუნთოვან მასას ფლობენ. თუნდაც ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკი ახალი ალბომიდან, რომლითაც ლაივი გრანდიოზულად დაასრულეს, სახელწოდებით Swedish Guns (შვედური იარაღები) პირდაპირი და სწორხაზოვანი კრიტიკაა შვედეთის იარაღის მასიური წარმოების ინდუსტრიის შესახებ. ქვეყანა, რომელიც გარეგნულად ლამის ლიბერალურ უტოპიად გამოიყურება, რუსეთის და ისრაელის შემდეგ, მსოფლიო მასშტაბით რიგით მესამე უმსხვილესი იარაღის ექსპორტიორია. შვედეთი ამარაგებდა იარაღით დიქტატორებს და დაჯგუფებებს, რომლებიც ღიად არღვევდნენ ადამიანთა უფლებებს, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პაკისტანი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საემიროები. ამიტომ კარგი იქნება მათ, ვინც ლაივზე დააპურეს სხეული, სახლშიც განაგრძონ ბენდის მოსმენა და გამოკვლევა და გაიგონ რა პოლიტიკური გზავნილებისთვის შექმნილ მუსიკაზე ამოძრავებდნენ ენერგიულად სხეულს.

mere

© მარი ლისენკო

ბენდის ლაივი სულ რაღაც ერთ საათს გაგრძელდა, თუმცა იმის გამო, რომ ეს ერთი საათი თითქმის იდეალური მუსიკალური გამოცდილება გამოდგა, სცენიდან ჩასული წევრები იძულებული გახდნენ 5 წუთიანი უწყვეტი ოვაციების შემდეგ ბისზე დაბრუებულიყვნენ და სწორედ აქ გაჩნდა მთავარი ჯადოსნობა, როდესაც სადებიუტო ალბომიდან Lesser Matters აკუსტიკური მელანქოლურობის საბადო, ”1995” დაუკრეს. როდესაც ერთ საათიანი შოუ ძლიერ ენერგიულ ნოტაზე, უხილავი ფოიერვერკების ფონზე დასრულდა, ტაშით მობრუნებული ბენდის ატმოსფერული, მშვიდი კომპოზიცია ყველაზე ახლოს ურტყამდა სიამოვნების ცენტრს რომანტიკული მელოდიით და ტექსტით, კოლეჯის პერიოდისა და პირველი სიყვარულის სენტიმენტებზე. ეს ერთგვარი ემოციური პორტალი გამოდგა წარსულის მოგონებებში და იდეალური გვირგვინი ხანმოკლე სონიკური მოგზაურობის, რომელიც წესით ხანგრძლივ კვალს დატოვებს მსმენელის მეხსიერებაში.

სამწუხარო იყო ის ფაქტი, რომ ევროპული ინდი სცენის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენლის კონცერტზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა საუკეთესო შემთხვევაში ხუთას კაცს თუ უტოლდებოდა. საგანგაშო განცხადება გააკეთა ფრონტმენმა ტრეკიდან ტრეკამდე არსებულ შუალედში, როდესაც აღნიშნა, რომ ასეთი ენთუზიაზმით აღსავსე პუბლიკა კარგა ხანია არ გვყოლიაო, რაც უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მათი მოსმენა სამომხმარებლო კუთხით უფრო ხდება, ვიდრე კომპოზიციებში ნაწარმოები დისკურსების გაგებით, მხარდაჭერით თუ სულისკვეთებით. რაც შეეხება ვენიუს და იმას თუ რა არის გამოსასწორებელი, პირველ რიგში ეს ალბათ ბარში მხოლოდ ერთი მარკის ექვს ლარიანი ლუდის გაყიდვას ეხება, რაც საკმაოდ არასახარბიელო უალტერნატივობას ქმნის თრობას მოწყურებული ახალგაზრდობისათვის. მოკლედ, პროექტი ”მუზამე” მოზარდი ორგანიზმია, რომელიც იმედია შემდეგი წლიდან კიდევ უფრო გამართულ ივენთებს და მნიშვნელოვან არტისტებს წარმოგვიდგენს, მანამდე კი The Radio Dept. წლის ერთ-ერთ ჰაილაითად დარჩება ქართულ კულტურულ სივრცეში.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...