Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: Joy

რეცენზია: Joy

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

რეჟისორმა დევიდ ო რასელმა შექმნა გიგანტური კომბაინი, რომელშიც თავის გონებაში რეგისტრირებული დისფუნქციური ოჯახების მრავალფეროვან სახეობებს აწარმოებს. საინტერესოა როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მის ბავშვობაში მომავალი რეჟისორის ოჯახის წევრებს, რომ მის ცნობიერში კლასიკური ოჯახის გაგება სრულიად ჩამოიშალა. ან შეიძლება რასელზე მარქსის და ენგელსის “ოჯახის, კერძო საკუთრების და სახელმწიფოს შექმნა”-მ იქონია გავლენა, რადგან რეალურად “მებრძოლიდან” მოყოლებული (როდესაც მან საკუთარი კარიერა გადატვირთა), ის მუშათა კლასის ოჯახებს გვიჩვენებს, რომლებიც წარმატების მისაღწევად იბრძვიან. რომ არა მის მიერ აღწერილი ოჯახების ეკონომიკური სიდუხჭირე და კლასობრივი ბრძოლა, პრობლემები სრულიად სხვა ჭრილში იქნებოდა ნაწარმოები, ინდივიდუალურ და არა კოლექტიურ დონეზე.

რასელის ახალი ფილმი “ჯოი” მრავალ ფენას მოიცავს, რომელთაგან ყველაზე მსხვილი წილი პატრიარქალურ კულტურაში ქალის ჩაგვრაზე მოდის. “ჯოი” ფიქციური საპნის ოპერის სცენით იწყება, სადაც ერთი ქალი მეორეს ქონების მოპოვებას მეუღლის მოკვლის გზით ურჩევს. როგორც მარქსი და ენგელსი ამბობენ პატრიარქალური ოჯახი კერძო საკუთრებასთან და სახელმწიფოსთან ერთად წარმოიშვა. შესაბამისად საპნის ოპერის შავთეთრი პრიზმიდან დომინანტი მამაკაცის მიერ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების ერთადერთი გზა მისი განადგურებაა. მარქსთან და ენგელსთან პატრიარქატი დაკავშირებულია კერძო საკუთრებასა და სახელმწიფოს სახელით დომინაციასთან. ერთის განადგურებით, საფუძველი ეყრება დანარჩენი ორის განადგურებასაც.

მარტივად რომ ვთქვათ, “ჯოი” არის ისტორია ქალებზე, ზოგადად და კონკრეტულად. ანუ ის ყვება ყველა ქალის ისტორიას ერთი კონკრეტული მაგალითის მეშვეობით. ფილმის ნარატორი მთავარი გმირის ბებიაა, ზღაპრისეული ინტროთი ის გვაცნობს ჯოის, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვური უმანკოებით უყურებს მომავალს და სამყაროს ჯადოსნურ ლოკაციად აღიქვამს. ის აპირებს სახლიდან გავიდეს ფართო მწვანე ველზე, სადაც ბევრი წინაღობა და მგლები დახვდებიან, მაგრამ მათ გამო უკან არ დაიხევს. ამ დროს მას საკუთარი და ეუბნება, რომ “ლამაზი პრინცი” ჭირდება და სხვა არაფერი, მაგრამ ჯოიმ იცის, რომ პრინცის დეფიციტი არ გააჩნია. მას ბავშვობიდანვე უნერგავდნენ ილუზიას, რომ გათხოვების და ქმრის გარეშე, აზრი არ ჰქონდა საკუთარი ოცნებების მატერიალიზაციის მცდელობებს.

საბოლოოდ კულტურულმა წნეხმა შედეგი გამოიღო და თხრობის მეორე ეტაპზე ჯოი უკვე ქმარს გაშორებული ორშვილიანი დედაა, რომელმაც სწავლაზე უარი თქვა, რომ მშობლებს დახმარებოდა. მარტივად, ჯოი ვერ რეალიზდა. დევიდ ო რასელი მთელ ფილმს მეტაფორებით ალაპარაკებს და მისი კადრების სტრუქტურა ყოველთვის ცალკე ისტორიას ყვება. ვიზუალური ნარატივის ბრწყინვალე ნიმუშში რასელი შემდეგნაირ სცენას აწყობს. ჯოი მუხლმოყრილი იატაკს წმენდს, დედამისი საწოლზე წევს, ბებიას კი საკუჭნაოდან აქვს თავი გამოყოფილი. სამივე ტელევიზორში საპნის ოპერას მიაშტერდება. ბებიას მხოლოდ თავი ჩანს, რაც გვეუბნება, რომ ის უკვე ჩავლილი სიცოცხლეა, დედა საწოლზეა მთელი სხეულით მისვენებული, რაც მის უუნარობას გვიჩვენებს, ჯოის კი ორი გზა აქვს, ან გააგრძელებს იატაკის წმენდას ან ფეხზე წამოდგება და საკუთარი ადგილისთვის იბრძოლებს.

Dj0y.2015.L2.DVDScr.745MB.avi_000450200

მსგავსი ოსტატური კადრების წყობით და განლაგებით რასელი ორ ისტორიას ყვება, ერთს, რომელსაც მოსმენა, მეორე, რომელსაც დანახვა ჭირდება. ჯოის დედა კოლექტიური დიასახლისის სახეა, რომელიც შეგუებულია თავის ფუნქციას არსებულ სუბორდინაციაში. მას არ გააჩნია პირადი გამოცდილებები და ცხოვრებას საპნის ოპერების მაგალითზე აღიქვამს. ჯოის მამა, რომელიც ქალთან ურთიერთობას ისე ვერ იწყებს თუ არ შეუყვარდა შეუმდგარი ბიზნესმენია, რომელიც მხოლოდ მის ირგვლივ არსებული ქალებთან ბინარობაში ფუნქციონირებს. ჯოის ყოფილი ქმარი, წარუმატებელი მუსიკოსი კი მისი სახლის სარდაფში ცხოვრობს. რასელის შექმნილ სამყაროში ის ცინიკურად აღწერს მამაკაცის მხოლოდ სამ ნაირსახეობას: ისინი ემსახურებიან ან კომედიური ფონის შექმნას, ან მჩაგვრელები არიან, ან ერთი შეხედვით კარგი ადამიანები, რომლებიც ნებაყოფლობით ემორჩილებიან სისტემას და რაზეც მწუხარებას გამოთქვამენ, იმაზე ხუჭავენ თვალს.

ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება ბრედლი კუპერის პერსონაჟი ნილ უოკერი, რომელიც ჯერ ამერიკის სიდიადეეზე საუბრობს, სადაც ყველა კლასობრივი თუ რასული კუთვნილების ადამიანს თანაბარი შანსი ეძლევა წარმატებისათვის, შემდეგ კი მარტივად ივიწყებს საკუთარ ფსევდო იდეალებს. იქიდან გამომდინარე, რომ ჯოის ცხოვრება ლაქებით, არაულობით და ჭუჭყითაა სავსე, ყველაზე ლოგიკურია, რომ ყველაფრის მოსაწესრიგებლად ის უნიკალურ იატაკის საწმენდს გამოიგონებს. და ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ პირველად სატელევიზიო სივრცეში მისი გამოგონების დემონსტრირებისას გაყიდვების ოსტატი მამაკაცი არც შეეცდება, რომ პროდუქცია გააცნოს მაყურებელს.

რასელი ყოველ მეორე სცენაში დამატებით სარჩულს აკერებს. როდესაც ჯოი თავის შვილს სასკოლო სახელმძღვანელოს უკითხავს, წიგნში ხოჭოების ნაირსახეობაზეა მოთხრობილი, რომლებიც 17 წლის მანძილზე მიწის ქვეშ ცხოვრობენ. აქ რეჟისორი იდეალურ პარალელს ავლებს იმ წლებზე, რომელიც ჯოიმ დაასამარა საკუთარი ოცნებების უკუგდების გამო.

მაშინ როდესაც სტანდარტული ფილმი მრავალჭირვარამგადანახად ქალზე თხრობის ცენტრში გამოიყვანდა მამაკაცს, რომელიც სიყვარულის და ბედნიერების შემომტანი გახდებოდა, აქ მსგავსი კლიშური გადაწყვეტები არ მნიშვნელობენ. რასელის ფილმი მთლიანად ქალებზეა ორიენტირებული. იმდენად, რომ ჯოის მამრობითი სქესის წამრომადგენელი შვილი საერთოდ მიკროსკოპულ სივრცეს იკავებს ნარატივში და ერთ-ერთ სცენაში, როდესაც ჯოი მის მოსანახულებლად შედის ოთახში, რეჟისორი ცინიკურად ოთახის კარს ნახევრად დახურულს ტოვებს და მხოლოდ ჯოის გვიჩვენებს, ბიჭს კი კარი ეფარება.

Dj0y.2015.L2.DVDScr.745MB.avi_002854677

ჯოის ცხოვრებაში როდესაც რაიმე მის წინაარმდეგ იწყებს მოქმედებას, ირგვლივ ამაში მხოლოდ მას ადანაშაულებენ. მამამისი აღნიშნავს, რომ ყველაფერი მისი ბრალია, რადგან შვილს ფუჭი იმედი მისცა, რომ განსაკუთრებული იყო. რეალურად ჯოი არცაა განსაკუთრებული, ის უბრალოდ ჭკვიანი და ამბიციური ქალია, რომელიც დანებებას არჩევს, რომ იბრძოლოს. მისი საბოლოო გამარჯვება მიიღწევა არა იმით, რომ მას სხვებისგან რაიმე მნიშვნელოვანი გამოარჩევს, არამედ იმით, რომ ის ნაკარნახები ქალის როლის ნაცვლად, საკუთარი სცენარით გადაწყვეტს განავითაროს ცხოვრება.

სცენაში, როდესაც ჯოი მის მიერ გამოგონილი ხელსაწყოს ნაწილების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელ მამაკაცთან მოლაპარაკებაზე მიდის, დევიდ ო რასელი კომიკურობის იდეალურ ეფექტს აღწევს. როდესაც კოვბოის ქუდში გამოწყობილი, მასკულინური ჰეგემონიის ყველა ნიშნის მატარებელი მამაკაცი ჯოისთან მოლაპარაკებას ცდილობს, სცენა იქცევა სარკისებრ ანარეკლად “ნათლიის” მეორე ნაწილიდან, სადაც ვიტო კორლეონესთან მისული მეიჯარე უთანხმდება მას თუ რამდენს გადაუხდის ზარალის ასანაზღაურებლად. ამსთან ჯენიფერ ლოურენსი რობერტ დენიროს პერფორმანსის ქალურ ასლს ქმნის და განგსტერულ პოზას ირგებს.

ახლა კი რაც შეეხება კონკრეტულად ჯენიფერ ლოურენსს. მისი და დევიდ ო რასელის უკვე რიგით მესამე თანამშრომლობა მათ იდეალურ კოლაბორატორებად აფუძნებს. საუკეთესო შედარება იქნებოდა ალბათ ჯონ კასავეტესი და ჯინა როულენდსი, რადგან ორივე შემთხვევაში რეჟისორები ახერხებენ მოლეკულურ დონემდე წარმოაჩინონ თავიანთი მსახიობი ქალის შესაძლებლობები. ჯენიფერ ლოურენსი ჯოის როლში იმდენად გრანდიოზულია, მისი ყოველი წარმოთქმული ფრაზის ფონზე სისხლის ცირკულაციის დონესაც გადმოსცემს. ლოურენსი იმდენად აცოცხლებს საკუთარ პერსონაჟს, რომ მისი ყოველი წარმატება და წარუმატებლობა მაყურებლის სხეულზე აისახება. დროა ამ ორს სასამართლო წესით მიესაჯოს ცხოვრების ბოლომდე თანამშრომლობა.

როგორც ფრიდრიხ ენგელსი “ოჯახის საწყისებში” წერს: “საზოგადოება, რომელიც წარმოების რეორგანიზებას მოახდენს მწარმოებელთან თავისუფალი და თანასწორი ურთიერთობით, მთელ სახელმწიფო აპარატს განათავსებს იქ, სადაც მისი ადგილია: ძველმანების მუზეუმში”. მანამდე კი, სანამ ამ იდილიური წესრიგის მნიშვნელობას გავითავისებთ და ქალის შიდა მეურნეობაში გაწეული შრომა კვლავ არაღიარებული იქნება, ისეთი რეჟისორები, როგორიც დევიდ ო რასელია დაგვეხმარებიან გზის გაკვალვაში. “ჯოი” არის ფილმი იმ ქალებზე, რომელთაც იშვიათად ეძლევათ მეინსტრიმ კინოში სიტყვით გამოსვლის საშუალება. ამიტომ აუცილებლად უყურეთ და მოუსმინეთ მას.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...