Breaking
Home » მთავარი » სხვა » რეცენზია: The Last Guardian

რეცენზია: The Last Guardian

ავტორი: ია ვეკუა

人喰いの大鷲トリコ (ჰიტოკუი ნო ოვაში ტორიკო) ანუ „ადამიანის მჭამელი გიგანტური არწივი“ – სწორედ ასეთი გახლავთ იმ თამაშის ორიგინალური სახელწოდება, რომელსაც გეიმერთა ყველა ბანაკი მთელი ცხრა წლის განმავლობაში, მოუთმენლად, იმედით, ეჭვით, სკეპტიციზმითა და ზოგჯერ ლოდინისგან მოგვრილი სიბრაზითაც ელოდა. ამ ცხრა წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ორი გრძნობა ჭარბობდა: ინტერესი და იმედგაცრუება. ინტერესი იმის მიმართ, თუ როგორი ხარისხის შედევრს შექმნიდა თანამედროვე სათამაშო ბიზნესის კიდევ ერთი გენიოსი ფუმიტო უედა, ხოლო იმედგაცრუებას ის იწვევდა, რომ თამაშის რელიზი არაერთხელ გადასწიეს.

მეტიც, ვიდრე მომხმარებელი The Last Guardian-ს მიიღებდა, გეიმინდუსტრიამ მთელი ერთი თაობის კონსოლის მონელება მოასწრო. თამაში პირველად ბაზარზე Playstation 3-ის გამოჩენის პერიოდში დააანონსეს და იმთავითვე ცხადი გახდა, რომ უედას სრულიად გენალური ICO-სა და Shadow of the Colossus-ის „მესამე ძმა“ სწორედ მისთვის მზადდებოდა.

ასე არ მოხდა. მეტიც, ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე პროექტის დახურვის შესახებაც გაჩნდა ჭორები, რომელთა დაჯერებაც მას შემდეგ დავიწყეთ, რაც რამდენიმე ძალიან მსხვილმა გეიმინგ გამოფენამ უედასა და კომპანიის გარეშე ჩაიარა, თავად დეველოპერი კი „სონიდან“ წავიდა. ამასობაში მომხმარებელმა მერვე თაობის კონსოლი, Playstation 4 მიიღო, ინტერნეტში კი ნელ-ნელა The Last Guardian-ის ახალი სქრინშოტები და სიუჟეტის მცირე დეტალებიც გამოჩნდა.

ოდისევსისა და პენელოპეს კიდევ ერთი თანამედროვე ინტერპრეტაცია მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდა, როდესაც ოქტომბერში დაგეგმილი რელიზის გადადების შემდეგ თამაში ბოლოს და ბოლოს მაინც გამოჩნდა დახლებზე.

ადამიანისთვის, ვისთვისაც ერთ-ერთი პირველი თამაში სწორედ ხსენებული ICO გახლდათ და რომელმაც ამ სამყაროში დარჩენა სწორედ უედას მსგავსთა სიგიჟეების გამო მოინდომა, The Last Guardian-ის ობიექტურად შეფასება ალბათ რთული იქნება. თუმცა ცივი გონებითა და მაქსიმალური ობიექტურობით მსგავსი მოვლენები ალბათ არც უნდა განიხილო. უდავოა, რომ The Last Guardian ემოციურობის მხრივ იმდენად ეშმაკურადაა დახვეწილი, იმდენად ბრმად მიმზიდველია, რომ მისი ობიექტური რევიუს დაწერა მაქსიმალურად პრაგმატულ და მიწიერ ადამიანს უნდა მივანდოთ, თუმცა ტრიკოს სასოწარკვეთილი ყმუილის გაგონებისა და ბიჭუნას დამფრთხალი სირბილის ნახვის შემდეგ, ალბათ ყველაზე გაწონასწორებულ ადამიანსაც კი აუჩქარდება გული. ალბათ არა – ნამდვილად ასე იქნება!

პირდაპირ გეტყვით – The Last Guardian შედევრი არ გახლავთ. ეს არ არის თამაში, რომელსაც ICO-სა და Shadow of the Colossus-ის სამყარო უნდა გაეგრძელებინა. მეტიც, ის, უმეტესწილად, ერთფეროვანი (ლოკაციების მრავალფეროვნება ნამდვილად არ ავნებდა. მაგალითად, წყალში ყვინთვის ეპიზოდები ამ მხრივ ცალსახად გამონათება იყო), დუნე, ნაკლებად გამაოცებელი (ბევრი რამ ICO-ში უკვე ნანახი გვაქვს) და ჩვეულებრივია (ეს უკანასკნელი ალბათ ყველაზე მწარე დახასიათებაა). ძალიან დამღლელია ტრიკოსთან ურთიერთობა, მისი სიზანტე, მოუქნელობა, მისი მართვა კი მთელი თავსატეხია…

არა, გატყუებთ, ტრიკოს მართვა მთელი ფილოსოფიაა, ალბათ ყველაზე საინტერესო პროცესია, რაც კი თამაშებში მინახავს. ამ გიგანტური ცხოველისა თუ ფრინველის გაწვრთნა და მოშინაურება მთელი ამბავია, უზარმაზარი გამოცდილებაა და მოთამაშისგან ისევე მოითხოვს მოთმინებასა და სიმშვიდეს, როგორც ძალიან ცელქი და თავნება ლეკვის გაწვრთნისას.

ტრიკო ავი და გაბრაზებული, დატყვევებული და უხილავი ძალის მიერ დამონებული არსებაა. ფრთები შეკვეცილი აქვს, რქები მომტვრეული, ჯაჭვითაა დაბმული და ბნელ გამოქვაბულში სიკვდილისთვისაა განწირული. თამაშის მართულ და, შესაბამისად, მთავარ პერსონაჟს, მისი ეშინია, უფრთხის, მაგრამ ისიც იცის, რომ ამ ურჩხულის გარეშე ვერაფერს გახდება, რომ ქვისა და კლდეების ციხეს თავს ვერ დააღწევს, ამიტომ რადაც უნდა დაუჯდეს, უნდა მიიჩვიოს, დაიმეგობროს და ნდობაც გაუჩინოს. თავის მხრივ, ამას ტრიკოც ხვდება, რადგან იცის, რომ ის მხოლოდ ადამიანის ხელთ არსებული ერთგვარი იარაღია. თავად ძალაა, ეს პატარა კაცუნა – გონება, ორივე ერთად კი ხილულ თუ უჩინარ მტერთან მებრძოლი უკომპრომისო გუნდია.

თამაშის მთავარი ნაკლი, ფაქტობრივად, პირველივე სცენებიდან ხდება ნათელი – ეს გახლავთ კამერა, რომლის არა თუ მართვაა რთული, არამედ თითქოს თავად თამაშიც არ გაძლევს ამის საშუალებას. ეს ნაკლი განსაკუთრებით აუტანელია პატარა სივრცეებში – დერეფნებში, გვირაბებში ან თაღებქვეშ გასვლისას. შეზღუდული არეალი კამერის თითქმის სრულ პარალიზებას იწვევს და ამ ხაფანგიდან თავის დაღწევა მხოლოდ ანალოგების ოსტატურად ამოძრავების შედეგადაა შესაძლებელი.

სხვა მხრივ, თამაშს ტექნიკური ხარვეზი ფაქტობრივად არ აქვს, თუ არ ჩავთვლით წინა ორი თამაშისთვის ისედაც დამახასიათებელ პერსონაჟის მოძრაობის თავისებურებებებს. მაგალითად, როდესაც კენჭზე ფეხის წამოკვრის გამოც კი გმირი მიწაზე ხოხავს, რთულად ახერხებს კონკრეტულ წერტილზე კონცენტრაციას, ანაც სიმაღლეზე ახტომა-ჩამოხტომის ბრძანების მიცემისას ამის გარდა ყველაფერს აკეთებს. ეს ხარვეზი The Last Guardian-ში განსაკუთრებით გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რადგან ბიჭუნას გამუდმებით უწევს ტრიკოს სხეულზე აცოცება, მის თავზე მოსახვედრად კი, რატომღაც, დამატებითი ნახტომის შესრულებაა საჭირო. ჩამოსვლა კი გაცილებით მეტი მოქმედების განხორციელებას მოითხოვს, რის დროსაც ტრიკოს ბუმბულზე ზოგჯერ ძალიან უხეიროდ და უხერხულად კონწიალობს.

ვისაც ფუმიტო უედას წინა ნამუშევრები არ უთამაშია და თანამედროვე თამაშების გრაფიკულ სიმდიდრესაა მიჩვეული, უდავოდ გააღიზიანებს The Last Guardian-ის ვიზუალური ნაწილი, რომელიც ფაქტობრივად არ განსხვავდება ICO-სა და Shadow of the Colossus-ის, ანუ Playstation 2-ის ხანის გრაფიკისგან. ეს ნუ გაგაბრაზებთ, რამეთუ ამდაგვარი არს სამყარო უედასი – ნაივური, ზღაპრული, ბავშვური, იდუმალი და რაღაცნაირად უშუალო…

ცხადია, თამაშის ერთ-ერთი მთავარი დეტალი სიუჟეტია – ამბავი, რომელმაც ორი სრულიად განსხვავეული არსება შეახვედრა და ვიდეოთამაშების ისტორიაში ალბათ ყველაზე ემოციურ მეგობრობას დაუდო სათავე. უედა აქაც აგრძელებს დიდ სამყაროში აღმოჩენილი პატარა ადამიანების, ტოტალიტარიზმის, ტირანიის, იდუმალი ბოროტებისა და მასთან დაპირისპირების, ბრძოლის, შეუპოვრობის, დაუნებებლობისა და თავისუფლების თემას. როგორც წინა თამაშებში, ამბავი აქაც იდუმალებითაა მოცული, არ იცი სად იმალება სინამდვილე და შესაძლო რეალობასთან კავშირს მხოლოდ თამაშის შუაში, ბიჭუნას ფლეშბექით ამყარებ. სწორედ ამ მომენტიდან იცვლება თამაშის განწყობა, იცვლებიან პერსონაჟებიც და იცვლება მოთამაშეც, რომელიც თუ მანამდე მხოლოდ ერთობოდა, ახლა უკვე თვითგადარჩენისთვის იწყებს ბრძოლას.

The Last Guardian-ის უდავო ვარსკვლავი ტრიკოა. ეს პრეისტორიული, არარსებული ცხოველი ფრინველის მსგავსი ანატომიით, ალბათ უფრო გრიფონი ან რაღაც სხვა, რომლის რეალისტური ფიზიკაც ზოგჯერ მართლაც გამაოგნებელია. კარგი იქნება, თუ მოთამაშე არ დაივიწყებს, რომ საქმე არაგონიერ არსებასთან აქვს, გაიხსენებს თავის ურთიერთობას შინაურ ცხოველებთან და ამის შემდეგ არც ტრიკოს სიჯიუტე გააღიზიანებს და არც შიში, ხოლო მის მიერ გამოვლენილი ერთგულება და სიყვარული გააბედნიერებს.

The Last Guardian-ის მთავარი პლუსი სწორედ ეს გახლავთ – ეს არის თამაში, რომელსაც აქვს უნარი გაგაბედნიეროთ, გაგაღიმოთ, გაგამხიარულოთ, გული ამოგიგდოთ, აგაცრემლიანოთ, ემოციის ბურანში გაგხვიოთ. ეს არის თამაში, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ვიდეოთამაშები ცალსახად გახლავთ ხელოვნება, ცოცხალი ორგანიზმი, რეალური ემოცია და რომ მას ნამდვილად აქვს ძალა, სულ ცოტა ხნით მაინც, თავი უძველესი, არარსებული, ოდესღაც დაკარგული და მივიწყებული სამყაროს ნაწილად გაგრძნობინოთ.

x

Check Also

რეცენზია: პიკნიკი გზის პირას

ავტორი: დავით სამნიაშვილი ბევრისთვის მეოცე საუკუნე პრომეთეა, რომელმაც ადამიანებისთვის ცეცხლი მოიპოვა, თავად კი ამისთვის სასტიკად ...