Breaking
Home » მთავარი » კინო » რეცენზია: Dunkirk

რეცენზია: Dunkirk

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

”დიუნკერკის” პირველივე კადრში ექვსი ახალგაზრდა ჯარისკაცის ფიგურას ვხედავთ, რომლებიც ძირს დაყრილ პამფლეტებს კითხულობენ, სადაც წერია, რომ თუ სიცოცხლის შენარჩუნება სურთ, უნდა დანებდნენ. ძალიან მალე მეტარეალისტური ხმოვანი ეფექტებით ყურთასმენამდე გასროლის ხმები მოაღწევს, ჯარისკაცები კი როგორც ტირში დაწყობილი სამიზნეები, სათითაოდ დაიწყებენ ვარდნას, ისე, რომ მათი არც გარეგნობა დაგვამახსოვრდება და არც სახელი. კრისტოფერ ნოლანი პირველივე სცენაში გამცნობს, რომ ცხელ წერტილში მოხვდი და პოპკორნის ნაცვლად, უმჯობესი იყო დარბაზში ჯავშანჟილეტი და ტომფსონის ტყვიამფრქვევი შეგეტანა.

ომის თემატიკაზე გადაღებულ ჟანრულ ფილმებში, მათ შორის საუკეთესო წარმომადგენლებშიც, მუდმივად ვხვდებით მთავარ გმირს ან პერსონაჟების ჯგუფს, რომელთა წარსულსაც ნელ-ნელა გვაცნობს რეჟისორი, მათ გადარჩენისთვის ბრძოლას სენტიმენტალურს ხდის თანაგრძნობის გაჩენით, გვასმენინებს ისტორიებს მათი პირით ან მათ შესახებ, რომლებიც საბოლოოდ ისევ მათდამი მაყურებლის მიმღებლობას აყალიბებს და ა.შ. ნოლანმა გადაწყვიტა მსგავსი კონცეფციისთვის გვერდი აევლო და გადაეღო ფილმი, რომელის კონცენტრაციის მთავარი წილი მოვიდოდა სიტუაციაზე, ვიდრე პერსონაჟებზე. ნოლანი თავის პერსონაჟებს არ აძლევს ბიოგრაფიას, არც წარსულს, არც მომავლის გეგმებს, აქ არ საუბრობენ სახლში დაბრუნების და დედის გაკეთებული ვაშლის ღვეზელის გასინჯვის ნოსტალგიაზე, არავინ ათვალიერებს თავის ტრფობის ობიექტის ფოტოებს, სიკვდილითაც არავინ კვდება ისე, რომ კონკრეტული ადამიანის გარდაცვალება განიცადო. და ეს ერთი მხრივ არის სურათის დიდი უპირატესობა და მეორე მხრივ ძლიერი დანაკლისი.

თუ მაგალითად სპილბერგი ”რიგით რაიანში” ჯოვანი რიბიზის პერსონაჟის სიკვდილის სცენით ემოციურ აპარატს ტოტალურად ანადგურებს, ამას ახერხებს იმით, რომ ნორმანდიის პლაჟიდან მოყოლებული, გაცნობს მთავარ გმირებს, გიჩვენებს მათ ინტერაქციებს, გაწვდის ინფორმაციას მათი ომამდელი ცხოვრების შესახებ, გვიყვება მათი იმედების და ვნებების შესახებ, აღწერს მათ თავდადებას, მეგობრობას, გმირობას ბრძოლის ველზე, შემდეგ კი როდესაც მტრის ხელით ხდება მათი ლიკვიდაცია, რა თქმა უნდა უდიდესი ფრუსტრაცია მოყვება მაყურებელში ამ ფაქტს. იმიტომ, რომ ასეთ დროს შენ სხვაზე ნერვიულობ, ეკრანულ სახეზე, რომლის მიმართაც სიმპათიების კონსტრუირებას ერთი საათი მოანდომა რეჟისორმა. ნოლანი პერსონაჟების განვითარების და მათი ფსიქოლოგიის წარმოჩენის ნაცვლად მაქსიმალურად ცდილობს ის სიტუაციები აღწეროს, რომელშიც უწევთ ყოფნა მის გმირებს და ამისთვის ყველა შესაძლო კინემატოგრაფულ ილეთს იყენებს.

სამონტაჟო ჭრები აქ ისეთივე სწრაფი და დინამიურია, როგორც მიმდინარე მოვლენები, კადრის სტრუქტურა სპონტანურად იცვლება და ნარატივის სხვადასხვა წერტილს წარმოაჩენს. ფერთა პალიტრა ცივი და მოჟამულია, ზღვა ქლოროფორმით სავსეს გავს, ციდან მზე არ აღწევს, პლაჟის ქვიშა ჭაობივით ექჩება ახალგაზრდებს ნიადაგზე. როგორც ნამდვილ ბრძოლის ველზე, აქ არ გეძლევა საშუალება, რომ მოდუნდე. თხრობა კი სამი სხვადასხვა პერსპექტივით მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო მეტად იძლევა კოგნიტური იმერსიის საშუალებას და კინოთეატრის მყუდრო დარბაზში რბილ სავარძელზე მოთავსებული მაყურებლისთვის პირდაპირი თანამონაწილეობის განცდის გაჩენას. ”აიმაქსის” კამერების მასიური გაფართოება კიდევ უფრო მასშტაბურად და დიდი ინტენსივობით წარმოაჩენს საომარ პერიპეტიებს, ოპერატორი ჰოიტე ვან ჰოიტემა ყველანაირი შესაძლო რაკურსით იღებს, იქნება ეს ავიაგამანადგურებლის ფრთა, ცეცხლმმოკიდებული ზღვის ქვეშ ჩაყვინთვა თუ მის ზედაპირზე ამოსვლა (რომელიც ორივე შემთხვევაში ასფიქსიას იწვევს), შორეული კადრები, სადაც სტატისტიკურ ჯგუფებად წარმოჩნდებიან ჯარისკაცები თუ ინტიმური ახლო ხედები, სადაც პირადი განცდების ვიზუალიზაცია ხდება. კომპოზიტორი ჰანს ციმერი თავის ერთ-ერთ ყველაზე გამომგონებლურ კომპოზიციებს ქმნის, თუმცა რთულია მუსიკალური გაფორმება უწოდო იმას, რასაც ციმერი და ნოლანი აკეთებენ, ეს უფრო განგაშის შეგრძნების აუდიოთარგმანია, რომელიც მთელი ფილმი არ წყდება. არც ერთი წუთით უსაფრთხოების განცდა არ დგება, მაშინაც, როდესაც პერსონაჟები გემზე ავლენ და მშვიდად გრძნობენ თავს, ციმერი აგრძელებს მაყურებელში პანიკური ბომბების დეტონაციას, რომ მთელი ქრონომეტრაჟი გრძნობდე საფრთხის მოახლოებას.

საათის გამუდმებული წიკწიკი (რის ირგვლივაცა აწყობილი მუსიკალური გაფორმება) მტრის და შესაბამისად სიკვდილის მოახლოებას განგაცდევინებს. იქიდან გამომდინარე, რომ ფილმში არ არსებობს მტრის მატერიალიზებული სახე (ნოლანი არ გვიჩვენებს არცერთ გერმანელ ჯარისკაცს და საერთოდ გერმანელებადაც არავინ მოიხსენიებს მეტოქეს), დანახვის კატეგორიიდან განცდის განზომილებაში გადადის მუდმივად მოახლოებადი ფატალური საფრთხე. და ეს ძალიან სწორი აქცენტია რეჟისორის მხრიდან, როდესაც მტრის მოცემულობას გეოგრაფიულ კუთვნილებას არ ანიჭებს. ასე მარტივად იწყობა ვექტორები და ანტაგონიზმი ფაშისტურ წყობილებასთან ჩნდება და არა კონკრეტულ ერებთან. ამის გამო მეორე მსოფლიო ომის რეალური ამბავის მონათხრობი მოულოდნელად საკმაოდ რელევანტური ხდება დღევანდელ გლობალურ პოლიტიკურ კლიმატთან. ომი წარმოჩნდება, როგორც აბსოლუტური ბოროტება, რომელსაც იწვევს მანკიერი იდეოლოგიები, ნოლანი მტრის ხატის აღმართვის და დაპირისპირებულ მხარეებში არჩევანის გაკეთების ნაცვლად მაყურებელს სიტუაციის ბუნებას აღუწერს, რომლის დადგომის არიდებაც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შემდეგ არჩევანის გაკეთება.

ამასთან ნოლანი არც პოლიტიკურ ფიგურებს გვიჩვენებს, არც ბრძოლის ველს გარეთ, შტაბში მყოფ მაღალჩინოსნებს, რომლებიც მაგიდაზე გაშლილ რუკაზე ჩამოყრდნობილი გეგმავენ მანევრებს. სიტუაციები საბრძოლო ტერიტორიას არ ცილდება. ხმელეთზე ქვეითები ერთი კვირის მანძილზე იბრძვიან გადარჩენისთვის, ზღვაში ერთი დღის განმავლობაში უამრავი გემი იძირება, ცაში კი ერთი საათი ეძლევა ორ მფრინავს, რომ მტრის დაბომბვისგან ჯარისკაცების უსაფრთხოება უზრუნველყოს. შესაბამისად მაყურებელი ყველა შესაძლო პრიზმიდან იყურება, რაც ყველაზე მეტად იძლევა სიტუაციასთან დაახლოების საშუალებას. იგივე ტიპის მეინსტრიმული ფილმებიდან ”დიუნკერკს” კიდევ ის განასხვავებს, რომ ის არ ყვება თავდადებული გმირების შესახებ, არც პატრიოტული სულისკვეთებით ცდილობს საკუთარი ქვეყნის წარმოჩენას, ნოლანი ქვეყნის დიდების შესახებ არ ცდილობს ისტორიის მოყოლას, ის გვიჩვენებს სახელმწიფოს მიერ გაწირულ 400 000 ჯარისკაცს, რომელთა დასახმარებლად ხალხი ერთიანდება. ინდივიდუალური გმირობის ნაცვლად, ჩვენ ვხედავ კოლექტიურ გმირობას, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება ერთიანდება საკუთარი მილიტარისტული სექტორის გადასარჩენად. ინდივიდუალიზმზე კოლექტიური თვითშეგნების ტრიუმფი საბოლოოდ სტრატეგიულად დამარცხებული და უკუგდებული ჯარის სირცხვილს ფარავს.

საუკეთესო ილეთი, რომლის განხორციელებასაც ნოლანი ახერხებს (გარდა საოცარი ტექნიკური მანევრებისა), არის ემპათიის წარმოჩენა ისე, რომ პერსონაჟების და საგნების დრამატული ფუნქცია მინიმუმამდე დაიყვანოს. ის მარტივი დრამატული მოქმედებების ნაცვლად, პრიორიტეტს ფორმას ანიჭებს, ”დიუნკერკში” კადრის კომპოზიცია იქამდე იწყებს მეტყველებას, სანამ მასში მოძრავი ადამიანები ამოიღებენ ხმას. შესაბამისად ნოლანი ახერხებს ღირებულება შესძინოს და იდეურად დატვირთოს სცენა ისე, რომ ამისთვის ვერბალური აპარატი არ დაიხმაროს. თუმცა რამდენადაც შთამბეჭდავია მომენტებში ამ გამოცდილების მიღება ფილმისგან, საბოლოოდ ნოლანი მაინც ვერ ახერხებს გაექცეს პათეტიკას. დასასრულს, როდესაც მისი პერსონაჟები ”საუბარს იწყებენ”, ”დიუნკერკი” ისევ სენტიმენტალური ომის თემატიკის ფილმების კატეგორიაში ინაცვლებს, სადაც პათოსით სავსე სიტყვებით ხდება ჟრუანტელის გამოწვევის მცდელობა. ძალიან დიდი სურვილი მაქ ოდესმე ნოლანმა ისეთი ფილმი გადაიღოს, სადაც საერთოდ არავინ  ილაპარაკებს, რადგან დიალოგების წერა მისი ძლიერი მხარე ნამდვილად არაა.

შთამბეჭდავი სცენები ფილმში მაშინ დგება, როდესაც რეჟისორი ნაკლებს გვიყვება და მეტს გვიჩვენებს. ამის საუკეთესო მაგალითია კილიან მერფის უსახელო პერსონაჟის ექსპოზიცია, რომელსაც ვეცნობით ტრანსფორმაცია გამოვლილს, საომარი შოკის, ფსიქიკური აშლილობის დროს, შემდეგ კი ეპიზოდურად ვნახულობთ მის თავდაპირველ იდენტობას, აუღელვებელს, რომელიც მშვიდად უხსნის ახალგაზრდა ჯარისკაცებს ნავში ვერ დაეტევით, მაგრამ ნუ ღელავთ, მშვიდი ტალღებია და ნაპირამდე გაცურვას შეძლებთო. დეტალურად აღარ გვიჩვენებენ რა მოხდა შუალედში და კონკრეტულად რა გამოიარა მერფის პერსონაჟმა, მაგრამ ვიღებთ სასტარტო და საფინალო ნიშნულებს და მათ შორის არსებული სივრცის შევსება უკვე პირადი ინტერპრეტაციის საგანი ხდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მისდამი ეპმათიის გაჩენის შესაძლებლობას, რადგან საკუთარი წარმოდგენით ახდენ ტრაგიკული მოვლენების რეკონსტრუქციას.

სასპენსი, რომლითაც ფილმის ყოველი მოლეკულაა გაჟღენთილი, საუკეთესოდ ახერხებს იმ ფსიქოპორტრეტის მაყურებლის ფსიქიკაზე მორგებას, რომელიც ბრძოლის ველზე მყოფ ადამიანებს გააჩნიათ. როგორც მაგალითად ჰიჩკოკის ”საბოტაჟში”, მაყურებელმა იცის, რომ ბავშვის ამანათში ბომბია, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს, დაძბულობა კი საათის ისრის ყოველ მოძრაობაზე უფრო მეტად მატულობს, ანალოგიურად ხდება ”დიუნკერკშიც”, რომლის სეანსზეც დროის სასიცოცხლო მნიშვნელობას ყველაფრით ესმევა ხაზი, დაწყებული მუსიკით, დამთავრებული ნარატიული სტრუქტურით. როგორც ანრი ჟორჟ კლუზოს ”შიშის საფასურში” გზის ყოველი მოსახვევი ნიტროგლიცერინის აფეთქების საშიშროებას შეიცავს, ისე ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯარისკაცები იღებენ, პოტენციურ სიკვდილთან აახლოებს მათ. ამ ყველაფრის გათავისებას და განცდას კი ავთენტურად შეუძლია თავი გაგრძნობინოს დიუნკერკის სანაპიროზე, სადაც გადარჩენა უკვე საკმარისი გამარჯვებაა იმისთვის, რომ გმირობად შეირაცხოს.

მთავარი პრობლემა, რაც შესაძლოა მაყურებლისთვის ფილმში იდგეს, არის თანაგრძნობის გაჩენის შეუძლებლობა, რადგან აქ არ არსებობს პროტაგონისტი, კონკრეტულად ვერ ეცნობი ვერავის საკმარისად იმისთვის, რომ მათ ბედზე აღელდე. ეპოქების დამახასიათებელი საომარი ფილმები, იქნება ეს ”დიდი ილუზია”, ”აპოკალიფსი დღეს” თუ Full Metal Jacket-ი პირველ რიგში თავის პერსონაჟებზე და მათ ინტერაქციებზე დგას. ”დიუნკერკს” შეეძლო მათ რიცხვში ჩაწერა თავის მთავარ პერსონაჟად ბოლომდე რომ შეენარჩუნებინა სიტუაცია და მესამე აქტში ლინგვისტურად არ გადაეწყვიტა პათოსის შემოტანა. რეჟისურის მხრივ ”დიუნკერკი” ნოლანის ყველაზე დაღვინებული და მნიშვნელოვანი სურათია, მაგრამ ლირიკულად ის ისევ ”ინტერსტელარის” ტერიტორიაზე დაფრინავს. არადა შესაძლებელი იყო ბოლო ორი ათწლეულის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საომარი მხატვრული ფილმი მიგვეღო, თუმცა იმისთვისაც, რომ საველე პირობებში მყოფ საომარ ჟურნალისტად გვაგრძნობინა თავი, ნოლანს მაინც მადლობის წერილი ეკუთვნის.

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...