Breaking
Home » მთავარი » კინო » ერთ ლოკაციაში გადაღებული 10 საუკეთესო ფილმი

ერთ ლოკაციაში გადაღებული 10 საუკეთესო ფილმი

ავტორი: ბაჩო ოდიშარია

ერთი კვირის წინ გაქირავებაში გამოსულმმა ფილმმა High Rise (შეგიძლიათ წაიკითხოთ ფილმის რევიუ), სადაც მოქმედება ძირითადად ერთი შენობის შიგნით ვითარდება და ინტერიერს უჭირავს მთავარი ადგილი, შთაგვაგონა შეგვედგინა იმ საუკეთესო ფილმების სია, რომლებშიც მოქმედება დროის უმეტესი ნაწილი ან საერთოდ მთლიანი ქრონომეტრაჟი ერთ ლოკაციაზე ვითარდება. სიაში შესულია მხოლოდ ამ საუკუნეში გამოსული ფილმები.

pontypool9

10. Pontypool

ერთი შეხედვით „პონტიპული“ შეიძლება ზომბების შესახებ მორიგ საშინელებათა ფილმად აღიქვა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ცოტათი უფრო კომპლექსურ ხასიათს ატარებს. ფილმში ადამიანებს მოძალადე, გონიერებისგან დაცლილ, მხოლოდ სამომხმარებლო მოთხოვნებზე დაყვანილ არსებებად არა რაიმე ეკოლოგიური კატასტროფა ან ქიმიური ცდების არასწორად წარმართვა, არამედ ენა აქცევს. ფილმში მთავარი ვირუსი ლინგვისტიკაა. მოქმედება ზამთრის სუსხიან ღამეს, რადიოსადგურში მიმდინარეობს, გარე სამყაროს შესახებ კი მხოლოდ აუდიო სიხშირეზე მოგვდის ხმები. რეჟისორი მნიშვნელოვანი სოციალური კომენტარის პარალელურად განგაშის განცდას მარტივად ქმნის რაფინირებულ სივრცეში მთავარი პერსონაჟის გამომწყვდევით. აქ ვერ ნახავთ კონკრეტული მონსტრის სახეს, მაგრამ არსებულ საფრთხეს ბოლომდე შეიგრძნობთ.

locke

9. Locke

„ლოკი“ მთელი ქრონომეტრაჟის მანძილზე მანქანის სალონში, საჭესთან მჯდომ, მოძრაობაში მყოფ ივან ლოკს გვიჩვენებს, რომელიც ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძვის: სამსახურში მნიშვნელოვანი მშენებლობა იგეგმება და ყველაფერი დროულად უნდა მოესწროს, სახლში ცოლი და შვილები კითხულობენ რატომ არ ბრუნდება ამდენხანს, საავადმყოფოში ქალს მშობიარობა ეწყება, რომელსაც აუცილებლად უნდა მიუსწროს, იმიტომ, რომ ბავშვის მამაა. მარტივად რომ აღვწერო, მთელი ფილმი ტომ ჰარდი საჭესთან ზის, მანქანას მართავს და ძალიან ბევრ სატელეფონო ზარს ანხორციელებს. მთავარი აქ ის მორალური დილემაა, რომელიც მთავარმა პერსონაჟმა უნდა გადაჭრას სწორი არჩევანის გაკეთებით და დაირღვიოს დიდი ძალისხმევით ნაშენები კომფორტის ზონა. ტომ ჰარდი კარიერის საუკეთესო პერფორმანსს გვთავაზობს როლში და ემოციათა ფართო სპექტრს გვიშლის მონოტონური და მჭიდრო სივრცის ფონზე. რაც მთავარია, ყველაფერი ავთენტურია დიალოგებიდან ვიდრე ემოციებამდე და მარტივად აჩენს ჩართულობას. ის რაც ბოლომდე ვერ განახორციელა დევიდ კრონენბერგმა „კოსმოპოლისში“, მოახერხა ბრიტანელმა რეჟისორმა სტივენ ნაითმა – შექმნა ადამიანის მიკრო სამყარო ავტომობილის სალონში, რომლიდან გაუსვლელადაც წარმოაჩინა თავის პერსონაჟის ყველა პრობლემა, განცდა და მოტივაცია.

buried

8. Buried

რეჟისორმა როდრიგო კორტესმა მოახერხა და შექმნა დაძბული, საინტერესო და ემოციური  სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელშიც მოქმედება პირველიდან ბოლო წამამდე კუბოში ვითარდება. რაიან რეინოლდსი მოულოდნელად კუბოში ახელს თვალს და ის სასოწარკვეთა, პანიკური შეტევა და სიტუაციის ტრაგიკულობის რეალიზაცია, რომელიც მალევე აღიბეჭდება მის სახეზე, მაყურებელშიც პოვებს რეზონანსს. მობილური ტელეფონის ეკრანით და ზიპოს განათებით, ყველაზე კლაუსტროფობიულ სივრცეში რაც ეკრანზე გინახავთ, რეჟისორი კორტესი სატირულ სურათს აღმართავს ამერიკის ერაყში ინტერვენციაზე. ამასთან ფილმში უხვადაა ჰორორის ელემენტები, გულის გამგმირავი საუბრები და საფინალო თვისთი, რომელის შემდეგაც თქვენი ნერვული დაბოლოებები ერთდროულად გაიკეთებენ ჰარაკირს.

the-mist-original

7. The Mist

ფრენკ დარაბონტს სასამართლო წესით უნდა მიუსაჯონ სტივენ კინგის ყველა მნიშვნელოვანი ნაწარმოების კინოადაპტაციის შექმნა, რადგან საუკეთესოდ კინგის დიდ ეკრანზე განვრცობა მხოლოდ მას შეუძლია (”მწვანე მილი”, ”გაქცევა შოუშენკიდან”). „ნისლი“ საუკუნის ერთ-ერთი სუკეთესო ჰორორია, რომელიც თანაბრად ცდილობს მოყვეს საინტერესო ისტორია, გააკეთოს სოციალური კომენტარები და გამოიწვიოს ძრწოლვა. კინგის საყვარელი საკითხი, აქციოს ადამიანი მონსტრზე საშიშ არსებად, იდეალურ ხორცშესხმას პოვებს დარაბონტის პრიზმაში და სუპერმარკეტში გამოკეტილ ხალხს/მაყურებელს წამით არ აძლევს უსაფრთხოების განცდას. რელიგიური ფუნდამენტალიზმის საშიშროებაზე კინგის ვიზუალურ თარგმანს ვულგარულობის და შიზოფრენიის გარეშე ახდენს დარაბონტი. დასასრულს კი თავისებურ კლიმაქსს და ანტიკლიმაქსს გვთავაზობს ერთდროულად, რაც წიგნისგან განსხვავებულ, მაგრამ დაუვიწყარ ემოციურ გამოცდილებას იძლევა.

moon2

6. Moon

იზოლაცია და გაუცხოება ის მთავარი თემებია, რომელსაც დანკან ჯონსი თავის ფილმში „მთვარე“ ეხება. 60-70 წლების კლასიკური სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისადმი მიძღვნილ სასიყვარულო წერილში რეჟისორი იკვლევს საკითხს თუ რისგან იქმნება ადამიანის იდენტობა, რამდენად მყარია და როგორ ვლინდება ის. ამ ყველაფრის დემონსტრირებისათვის იდეალური ლოკაციაა მთვარე, სადაც მთავარი პერსონაჟი სემი სრულ მარტოობაში იმყოფება თუ არ ჩავთვლით ხელოვნურ ინტელექტს. შუაში, როდესაც მთავარი გმირის რეალობა ფალსიფიკაცია აღმოჩნდება, ვიგებთ, რომ მისთვის იდენტობის წართმევის და გაუცხოების შემოქმედი ის კორპორაციაა, რომელიც ხელმძღვანელობს კოსმოსურ მისიას. სემმა არ იცის, რომ ის სხვისი ასლია, ამის შესახებ არც საზოგადოებამ იცის და ალბათ არც სურს რომ იცოდეს, რადგან სემი მასების კომფორტისთვის გაღებული მსხვერპლია. ფილმში წამოჭრილ საყურადღებო თემებს ემატება კლინტ მანსელის სტანდარტულად გრანდიოზული მუსიკალური გაფორმება და სემ როკველის შთამბეჭდავი პერფორმანსი, სადაც ის ზედმეტი ექსპრესიის გარეშე, ისეთივე ენერგიისგან დაცლილ ადამიანს გვიჩვენებს, როგორიც ფილმის ატმოსფერო და თავად მთვარეა.

 

x

Check Also

ანალიზი: Arcade Fire – Everything Now

ავტორი: ბაჩო ოდიშარია Arcade Fire ყოველთვის რეფლექსირებდა ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხებზე: პირველი ალბომის, Funeral, შემთხვევაში, მრავალთაგან ...